წითელი ქვები

(მეუფე იაკობის მონოლოგი)

სიღრმიდან მომავალი, მუქი წითელი შუქით განათებული სცენა შუაში უზარმაზარი კუნძით და კუნძზე მოთავსებული მასიური, სქელპირიანი, სისხლში მოსვრილი ნაჯახით, გარშემო ცხოველების სისხლიანი განავალით, ნაწლავებით და ფაშვებით (რეჟისორმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ნაჯახი იყოს რაც შეიძლება მძიმე და ფართეპირიანი). კუნძთან, ძელზე სიგრძივ ფეხებით ჰკიდია რამდენიმე გატყავებული, უთავო ცხვარი, მსგავსად იმისა, ყასბები რომ ჰკიდებენ ხორცის მაღაზიებში. მეუფე იაკობის ფიგურაც ასევე სისხლიანი უნდა იყოს, განსაკუთრებით ხელები და ანაფორაზე შემორტყმული სელის სქელი გვარლი, და საერთოდაც, ის მაყურებელზე განსაკუთრებით აუტანელ, სულელურ და გულისამრევ შთაბეჭდილებას უნდა ტოვებდეს.

როდესაც ადის-აბებაში ჩავედი, პირველი წუთიდანვე თავი ისე ვიგრძენი, როგორც საკუთარ სახლში. ვხედავ, დღისით-მზისით მორწმუნე ქრისტიანების ჯგუფი სულით მეძავ ქალს ლინჩის წესით ასამართლებს. ქალს აღმოუჩინეს 80-იან წლებში, დასავლეთ ბერლინში გამოცემული პორნოჟურნალის ყდა. პორნოჟურნალის ყდა იპოვა მეზობელმა ქალმა, რომელიც ხალხის სამართლიანი რისხვის მსხვერპლის ქოხში ხის გობით ცოტაოდენი მანიოკის და ბატატის სასესხებლად შევიდა და ძებნა-ძებნაში საწოლი გადაქექა. ჟურნალის ყდაზე გამოსახული იყო ორი მამაკაცი და ერთი ქალი ერთობ ამაზრზენ ფორმაში. ეს მე გადმოცემით ვიცი, რადგან ყდა ვერავინ ნახა მღვდლის გარდა, რომელიც მეზობელმა ამ გარყვნილი სულით მეძავის ქოხში მაშინვე მიიყვანა. მართლმადიდებლებმა ყდა სასწრაფოდ დაწვეს (ზუსტად ისევე, როგორც ბათუმში წვავენ ეროტიკულ წიგნებს), ხოლო ქალი სახალხო სასამართლოს გზას გაუყენეს. განრისხებული ადამიანების ჯგუფი ქალს სახეში ესროდა ქვას და ტალახს. მსხვერპლს სახე ჭუჭყიანი და დასისხლიანებული ჰქონდა, ის კვნესოდა, სლოკინებდა და ტკივილისაგან გველთევზასავით იკლაკნებოდა, რამაც შვება მომგვარა. დიდება უფალს! სულით მეძავის კვნესის გაგონებისას მე გამახსენდა წმინდა ილია მართლის სიტყვები:

ღმერთო, ღმერთო, ეს ხმა ტკბილი, გამაგონე ჩემს მამულში...

ოღონდაც რა! ნეტავ, ამ ტკბილ ხმას ჩემს მამულში როდის გავიგონებ?! ეს ხმა საკმარისად არ ისმოდა 2013 წლის 17 მაისს. გახრწნილია დასავლეთი, გახრწნის გზას ადგას რუსეთიც და მეორედ მოსვლის ჟამის წინ მხოლოდ ივერია გაბრწყინდება. რუსეთიც გახრწნილია, აბა მაშ რა! რუსეთში ხომ ახლახანს ორალური სექსის სწავლების კურსი შემოიღეს ქალებისათვის. იმედია, ჩვენი მესიის მახვილი, დიდი და მრისხანე ვლადიმერ პუტინი (იესომ ადიდოს მისი სახელი), ამ საზარელ მოვლენას შესაფერის გზას მოუნახავს და ორალური სექსის მოყვარულებს უმკაცრესად დასჯის, რათა რუსებს სპერმა მამაპაპურად სასუნთ გზებში გადასცდეთ, დაიხოცონ და გარყვნილი ადამიანების რაოდენობა შემცირდეს (ცნობილი რუსული გამოთქმაც ხომ ზუსტად იგივეს ამბობს: "რაც უფრო ნაკლებია ხალხი, მით მეტია ჟანგბადი"), მაგრამ ფაქტია, რომ ბოროტის თესლი რუსეთში უკვე ჩათესილია. ის ოდესმე ამოვა და გაიხარებს. სიმდიდრე ხომ თავისთავად ბოროტებაა. განა უფალი ჩვენი იესო ქრისტეც იგივეს არ ამბობს? "უფრო აქლემი გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა სამოთხეში," ამბობს ის. სიმდიდრე მხოლოდ მღვდლის ხელში არ არის ბოროტება, სიმდიდრე მხოლოდ ერისკაცს რყვნის და ამდაბლებს. ერისკაცთათვის მხოლოდ სიღატაკე და პირველქმნილი უვიცობაა სამოთხეში შესვლის გარანტია, მშვენიერი, დიდებული სიღატაკე და სამოთხისებური უვიცობა, ის უვიცობა, რომელიც ადამს გააჩნდა, სანამ ცოდნის ხეზე ვაშლს მოწყვეტდა და შეჭამდა, ის უვიცობა, რომელიც ასე უხვად აქვთ მომადლებული ქართველებივით უძველეს ეთიოპიელ ქრისტიანებს. მართალია, ისინი შავები არიან, ღმერთმა ისინი ცოდვებისათვის გააშავა და გააზანგა, მაგრამ მაინც ქრისტიანები არიან, ხოლო ჩვენ უფრო უკეთესი ქრისტიანები შეგვიძლია ვიყოთ, რადგან ჩვენ არ ვართ შავები, როგორც ეთიოპიელები და რუსეთისგან განსხვავებით ჩვენში არც ორალური სექსი იცის ვინმემ რა არის. დასანანი მხოლოდ ისაა, რომ ქართველები ეთიოპიელებივით ღატაკები და გაუნათლებლები არ არიან, მაგრამ ამასაც ეშველება, მაინცდამაინც დიდი განსხვავება არ არის ჩვენს შორის და ყველაფერი იქეთ მიდის, რომ ქართველები კიდევ უფრო ღატაკები და ბნელები გახდნენ, რაც განსაკუთრებით სასიამოვნოა. ჩვენ ვხედავთ ათ სტიქაროსან იაკობინელს, რომლებმაც არაფერი იციან ლოცვების და ფსალმუნების ზუთხვის გარდა. თექვსმეტი წლის ასაკში მათ წარმოდგენაც კი არ გააჩნიათ სექსის და ხორციელი ალერსის ფუჭი სამყაროს შესახებ, სამაგიეროდ იციან, რომ უფალმა სამყარო ექვს დღეში შექმნა, იციან, როგორ აგინონ გეი სოციალურ ქსელში და როგორ მოიწონონ და გააზიარონ პატრიარქის თბილ-თბილი ფოტოები.

იაკობინელი სტიქაროსნები (ერთხმად):

დიდება იესოს!

დიდება მეუფე იაკობს!

დიდება ქალიშვილობის ინსტიტუტს!

ძირს გეი!

ძირს კლიტორი!

ძირს ქალი!

ძირს ორალური სექსი!

ძირს ანალური სექსი!

ძირს პოლიამორია!

ძირს დარვინი!

ძირს ფროიდი!

ძირს გარყვნილი ქართველი მწერლები!

გაუმარჯოს თავისუფლებას!

გაუმარჯოს ხვნა-გარჯას და ტანჯვა-წამებას!

გაუმარჯოს უვიცობას!

გაუმარჯოს ხალხის სიღატაკეს!

გაუმარჯოს გაბრწყინებულ ივერიას!

მადლობა შვილნო ჩემნო. მეუფე იაკობი მუდამ თქვენთან არის. ის თქვენთანაა მუდამ, გასაჭირში არ მოგატოვებთ და ბოლო ჟამის გზაზე ერთგულად გაუძღვება წინ ქრისტეს ნათლით სხივმოსილ მხედრობას. მხოლოდ მშიერი და ტანჯული ხედავს უფალს, მხოლოდ მშიერს და ტანჯულს ძალუძს ქრისტეს დიდებულების ხილვა, როგორც იმ ქალის ქმარმა იხილა, რომელიც ჩემი ეთიოპიაში ჩასვლის პირველ დღეს იქაურმა წმინდა მამებმა ჩაქოლეს.

მაშინ ის კაცი უაზროდ უყურებდა მისი ცოლის ჯერ კიდევ თბილ სხეულზე აღმართული წითელი ქვების გროვას. ჩვენ ვერ მივხვდით იმ ზანგის გარინდების მიზეზს, მაგრამ შემდეგ, როცა ის საკუთარ ქოხში დავაბრუნეთ, საკუთარი სახლის მიწაყრილ ზღურბლთან მჯდომი გამოგვიტყდა, რომ მან გროვაზე მდგომი ხელებდასახიჩრებული უცნობი იხილა და ვარდის არაჩვეულებრივი სურნელი იყნოსა. ზანგი ოთხი-ხუთი დღის მშიერი და ნაყროვანებისგან განწმენდილი რომ არ ყოფილიყო, ვერასოდეს ნახავდა ღმერთს საკუთარი თვალით. მან მადლობა გადაგვიხადა ყველას, რომ ის საკუთარ გარყვნილ ცოლს განვარიდეთ და მოწიწებით გვეამბორა მკერდსა და ხელის მტევნებზე, თუმცა ეშინოდა, რომ გარდაცვლილი ცოლი ეშმას სახით დაუბრუნდებოდა მის ქოხს. და ამ დროს მეუფე დავითმა უთხრა მას: "დაწყნარდი, კეთილო კაცო. შენი ცოლის სული უკვე ჯოჯოხეთშია. ვეებერთელა მატლები სჭამენ და მრისხანე ცეცხლის ჩაუქრობელი და მოგიზგიზე ენები ემსჭვალვიან მას. ის შენ ვეღარასოდეს დაგიბრუნდება, რადგან მკვდრებს არ ძალუძთ ამქვეყნად დაბრუნება." კაცი ჩვენს სიტყვებზე საბოლოოდ დამშვიდდა, მეუფე დავითს მკერდზე მიეყრდნო და ქვითინი ამოუშვა.

ჩვენ ქრისტიანული მოწყალების ნიშნად ნახევარი ტომარა სიმინდის ბურღული დავუტოვეთ მას და მისი სოფელი შეღამებამდე დავტოვეთ. საოცარია ეთიოპიის ღამეები. აფთრები ხანგამოშვებით დაეხეტებიან ქოხების ირგვლივ და ბავშვებს და საქონელს იტაცებენ. ჩვენ ჩვენი ჯიპების მაგარმა კედლებმა დაგვიცვა მათი ყბებისაგან. როცა ისინი ჯგროდ შეკრებილები შორიახლოს მოჰყვებოდნენ ჩვენს ავტომობილებს, შიში ოდნავაც არ გვიგრძვნია, რადგან კეთილი საქმე შევასრულეთ იმ დღეს და მრუში დიაცი ქვებით ჩავქოლეთ, ხოლო ღირსეულ ქრისტიანს დავეხმარეთ. ჯიპში მე ძმურად გადავხვიე ხელი მამა დავითს, რომელიც იტალიელია და ჩემსავით თეთრკანიანი. მსურდა, მისთვის რამე საალერსო მეთქვა, მსურდა, ნეტარად (ნეტა რად?) მოვფერებოდი იქ, სადაც ღირსეულ და წესიერ მამაკაცებს ჩახმახიანი ცალპირი თოფები გვაქვს, მაგრამ თავი შევიკავე. სექსის დროს გონებას ხორციელი სიამოვნება ახშობს და შენც უკვე ვეღარ ფიქრობ ბრძოლის და განადგურების მუდმივ კეთილშობილურ მისიაზე, ქრისტიანულ მისიაზე. ამიტომ თუმცა ძალიან მინდოდა, მამა დავითთან სექსზე მაშინაც არ მიფიქრია, როცა ადის-აბებაში, მის წყნარ ვილაში დავბრუნდით და სახლის მკვიდრი ვეებერთელა პითონები დავაპურეთ ბაჭიებით. როცა აფრიკაში ცხოვრობ, პითონების ყოლა საჭიროა. პითონები აფრიკაში საცხოვრებელი სახლების ირგვლივ დაძრწიან და პატარა და შხამიან გველებს ადამიანებთან სიახლოვეს არ აჭაჭანებენ.

ომი იყო იმ წლებში. ეთიოპია ერიტრეას ეომებოდა და ადის-აბებას სამთავრობო გვარდია იცავდა გაძლიერებული ქვედანაყოფებით. ათიოდე გვარდიელი მეუფე დავითის სახლსაც ჰყავდა მიმაგრებული მისივე დაცვის მიზნით, ყველა ძლიერი და მკაცრი გამომეტყველების ზანგები. საშინლად მომინდა სექსი, და რადგან ცოდვილი ფიქრების თავიდან მოშორება მსურდა, მეუფე დავითს ვკითხე, "ჰომოსექსუალს როდის ვამათრახებთ-მეთქი?" ომი იყო, არასამთავრობოები და სხვა ძუკნა დედაკაცები თუ მამაკაცები სრულებით არ ჭაჭანებდნენ ადის-აბებაში, ჯარისკაცები ხალხს პანტაპუნტით ხოცავდნენ და ჩვენც ამ პირობებში მშვიდად შეგვეძლო ჩვენი წმინდა საქმეების აღსრულება. ომი თანამედროვე სამყაროში არავისთვისაა ისე ხელსაყრელი, როგორც ეკლესიისთვის. ის სულს წმენდს, სინდისს აცოცხლებს და გვამზადებს მეორედ მოსვლის საშინელებებისათვის.

დილა როგორც გათენდა, დილეგიდან გეი გამოვათრიეთ. სინათლის სხივმა მასზე ცუდად იმოქმედა. მან წამოარწყია და გავარვარებულ მიწაზე ღონემიხდილი მიწვა. ჩვენ ვუბრძანეთ ჯარისკაცებს და მათ მათრახის ცემით ზეზე წამოაგდეს ის. საშინლად ცხელი დღე იყო, ასეთ დღეს კონდიციონერით აღჭურვილ ოთახში ჯდომას და ფსალმუნების კითხვას არაფერი სჯობს, არაფერი... ჰომოსექსუალის გამათრახების გარდა. ჯარისკაცებმა გეი იქვე, ორმაგ ძელზე მიაბეს და მოსახლეობის დასაძახებლად გაიფანტნენ. ხალხი ნელ-ნელა შეგროვდა. როგორც უკვე ვთქვი, ცხუნვარე დღე იყო, სოდომის ცოდვის შვილს ოფლი წურწურით ეღვრებოდა მხრებსა და ბარძაყებზე, ხოლო ჭუჭყიან წვერზე გროვებად ეხვეოდნენ ვეება აფრიკული მწვანე ბუზები. ის ზანგი იყო და როგორც მეუფე დავითს აუხსნეს, გასულ კვირას ერთ-ერთ ადგილობრივთან, მასსავით ზანგთან შესცოდა, რომელსაც ყოველ დილა-საღამოს დანჯღრეული ფურგონით ალოე ჩამოჰქონდა დედაქალაქში, ხოლო შემდეგ საფრანგეთის ლეგიონის ჯარისკაცებს სიმინდის ფქვილსა და წაბლში უცვლიდა. ალოეს ნაყენით და არყით (არაყსაც ფრანგი ჯარისკაცები აძლევდნენ), ხანდახან ის კოქტეილს ამზადებდა და თავის ქოხში უზნეო წვეულებებს მართავდა, სადაც ყველანი უგონოდ თვრებოდნენ. ერთ-ერთ ასეთ წვეულებაზე დაინახეს ეს ორი ზანგი უგონოდ მთვრალები როგორ ჰკოცნიდნენ ერთმანეთს. ფურგონის მეპატრონე კანონის დამცველებს ხელიდან დაუსხლტა, მისი საყვარელი კი შეიპყრეს და ის ახლა უკვე ჩვენს წინაშე გმინავდა. წარმოუდგენლად ბევრი ხალხი შეიკრიბა, ქალები ჩემთვის გაუგებარ ენაზე რაღაცას გაჰყვიროდნენ და ხელებს ჰომოსექსუალისკენ იშვერდნენ, მეუფე დავითის სახლთან შეჯგუფული ზანგები ღრიალებდნენ და უმძიმესი ცოდვის ჩამდენის საარაკოდ დასჯას მოითხოვდნენ ჩვენგან. ასობით ჯარისკაცი თავდაპირველად ძლივს აკავებდა აღელვებულ ბრბოს, მაგრამ მაშინ, როცა კაპელანმა ოფიციალური განაჩენი წაიკითხა, ხალხის შეჩერება და განაჩენის აღსრულება შეუძლებელი შეიქმნა...

რამდენიმე წამში მიწა სისხლით მოითხვარა, ხოლო ორკაპ ძელზე აღარაფერი დარჩა ხორცის მცირე ნაფლეთების გარდა. ბრბომ ჰომოსექსუალის სხეულის მფეთქავი ნარჩენებიც წითელ სალაფავს დაამსგავსა, რამაც კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა ამქვეყნიური ყოფიერების წარმავლობასა ყოფელივე ხორციელის ფუჭ, თვალთმაქც და მაცდუნებელ ბუნებაზე. სისხლმა რატომღაც ცუდ ხასიათზე დამაყენა და ერიტრეის რამდენიმე აგენტის სიკვდილით დასჯისთვის აღარც კი მიყურებია, ეპისკოპოსის სახლში ისე შევბრუნდი. უგუნებობა და გამოუცნობი წუხილი მტანჯავდა, რამეთუ საქართველო გამახსენდა, გამახსენდა ჩვენი მამაპაპისეული მთები, მინდორ-ველები, მოჩუხჩუხე წყაროები და სახლში დაბრუნება აუწერლად მომინდა. როცა ჩემი სურვილი მეუფე დავითს გავუმხილე, ის ხელზე მეამბორა და შემპირდა, რომ ხვალვე გამაცილებდა ერთადერთი სპორტული თვითმფრინავის ტრაპამდე, რომელიც მაშინ ადის-აბებაში მოიძევებოდა. მე მენატრებოდა საქართველო და ვფიქრობდი იმ გარყვნილებაზე, რაც ჩვენს სამშობლოში სუფევს. ვფიქრობდი იმ უთვალავ მკერდმოღეღილ და ლაჯებამოწუთხულ ქალზე, ცოცხალ საცთუნებლებად და ეშმაკის მსახურებად რომ ქცეულან, ვფიქრობდი ასევე წმინდა და უმანკო ეთიოპიელ ხალხზე, ცოდვა რომ ასერიგად ეზიზღებათ, და მე მაშინ ერთი ისტორია გამახსენდა:

მაშინ ჯერ კიდევ უბრალო მღვდელი ვიყავი, ყოველ დილა-საღამოს თბილისის ერთ-ერთ ბაღში დავსეირნობდი და კრიალოსნის მარცვლით ვირთობდი თავს. წყნარი ბაღი იყო, სამლოცველო ეკვდერის გვერდით, სიბილწის კეთებას მის შიგნით ვერავინ ბედავდა. ერთხელაც, ჩამოვჯექი ძელსკამზე და ვხედავ, მოკლეკაბიანი, ქერა ქალი მიახლოვდება. მას იმდენად მოკლე კაბა ეცვა, რომ ბრაზისაგან გული ამოჩქროლდა, ხოლო როცა ის ამ თავისი მოკლე კაბით ჩემს გვერდით, ძელსკამზე ჩამოჯდა, პირჯვარი გადავიწერე და თვალებზე ავიფარე ცოდვილი ხელი. ვიფიქრე და დღემდე არ მასვენებს ეს განცდა, რომ ის ქალი ჩემს საცთუნებლად თავად ლუციფერმა გამოგზავნა, თორემ აბა, რა უნდოდა ასეთ ქალს მიტოვებულ, საეკლესიო ბაღში სადაც უზნეო ბიჭბუჭებიც კი ვერ ბედავენ სიგარეტის მოწევას?! სწორედ ამაზე ვესაუბრე მეუფე დავითს და მანაც მრავლად გაიხსენა შემთხვევები, როცა სატანა თავად მასაც ქალის მეშვეობით ებრძოდა. ჩვენ შუაღამემდე ვისხედით, ვჭამდით შემწვარი ბატკნის ბარკლებს, ვსაუბრობდით ქალების, ჰომოსექსუალების და ეშმაკების სხვა მოციქულთა შესახებ, ბოლოს კი დავდეთ ფიცი, რომ ჩვენს ქვეყნებში ერთობლივად ვიბრძოლებდით მოსახლეობის გასპეტაკების და ხალხის გულებიდან ყოველივე მანკიერის და ბილწის განწმენდის მიზნით. ადის-აბებაში ჩემი ჩასვლის მიზანიც სწორედ ეს იყო: ყოველთა ჭეშმარიტ ქრისტიანთა სრული მხარდაჭერის და სოლიდარობის მოპოვება იმ ურთულეს გზაზე, რასაც ჩვენი ერის მორალური ამაღლება და ივერიის გაბრწყინება ჰქვია. მასონები მთელს მსოფლიოში ერთიანდებიან და ერთ მუშტად ირაზმებიან წმინდა კაცების პირისპირ. ჩვენც იგივე უნდა გავაკეთოთ. მეუფე დავითს კარგად ესმოდა ეს და სრული ძმური მხარდაჭერა გამომიცხადა, ხოლო დილით საკუთარი ღვიძლი ახლობელივით მიმაცილა ჯიბუტიში მიმავალი თვითმფრინავის ტრაპთან.

როცა თვითმფრინავი ჰაერში აიჭრა, მე ვუყურებდი გველის ენებივით მოცახცახე მტვრის ვეება გორგლებს თვითმფრინავის ფრთის დაბლა და ვაკვირდებოდი მეუფე დავითის უსაყვარლეს ფიგურას, შავი წერტილივით თანდათან რომ პატარავდებოდა და იკარგებოდა აფრიკული მოვარდისფრო ცის უკიდეგანო კამარასთან. ვფიქრობდი ჩემს მისიაზე საქართველოში და როგორც ყოველთვის, ჩვენი უბედური ხალხის ხსნის და გადარჩენის გეგმებს ვსახავდი.

ვიცი, ოდესმე საქართველო აუცილებლად სამარადჟამოდ დაემსგავსება ეთიოპიას, როგორიც ის იყო მაშინ, როცა მე მეუფე დავითს ვსტუმრობდი, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ უკვე მოვხუცდი, მეც მინდა, ამ მსგავსების და გაბრწყინების თანამომსწრე გავხდე. უფალო, შემეწიე და მაცოცხლე მანამდე!

იაკობინელი სტიქაროსნები (ერთხმად):

ამინ!

დიდება იესოს!

დიდება მეუფე იაკობს!

დიდება ქალიშვილობის ინსტიტუტს!

ძირს გეი!

ძირს ქალი!

ძირს კლიტორი!

ძირს სექსი!

ძირს სიამოვნება!

ძირს პოლიამორია!

ძირს დარვინი!

ძირს ფროიდი!

ძირს გარყვნილი ქართველი მწერლები და ბლოგერები!

გაუმარჯოს თავისუფლებას!

გაუმარჯოს ხვნა-გარჯას და ტანჯვა-წამებას!

გაუმარჯოს უვიცობას!

გაუმარჯოს სიღატაკეს!

გაუმარჯოს ივერიის გაბრწყინებას!



<< | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | >>

ფოტო: forum.ge

17.09.2013

 

 

 

მთავარი

ბიოგრაფია

ნაწარმოებები

დაკავშირება

 

 

შეიძინეთ რომანი "ჭენება" საქართველოს მაღაზიებში

 
 
Copyright © David Chutlashvili. Alle Rechte vorbehalten