თავისუფლების გზა

მე ჩემს ერთ-ერთ ნარკვევში უკვე ვთქვი, ბრმად არ უნდა ვენდოთ-მეთქი ლამაზ ფრაზებზე ჩამოკონწიალებულ ხალხს. ამ წერილში მსურს ეს აზრი კიდევ უფრო განვავრცო იმიტომ, რომ როგორც ვხედავ, მეოცე საუკუნის კოშმარებმა ბევრი ვერაფერი გვასწავლა და ამიტომაცაა, რომ მიწყივ დაბრუნება გვიწევს წარსულის ლანდებთან. დღეს, როცა ტრადიციულად კონსერვატიულ და ახალი იდეების მიმართ ეჭვითა და უნდობლობით განწყობილ საქართველოში საკმაოდ მომრავლდნენ ისეთები, ვინც სხვადასხვა მემარცხენე თუ ლიბერალურ იდეებს ავრცელებენ, ეს პროცესი ძალიან ჰგავს მეოცე საუკუნის დასაწყისის ძვრებს, როცა საქართველოში ადამიანების ოცნება, აეშენებინათ სამართლიანი საზოგადოება, მთელი მსოფლიოსათვის უსაზარლესი ტირანიითა და სისხლიანი იმპერიების შექმნით დამთავრდა; დღესაც ძალიან მომრავლდნენ ისეთები, ვინც ძალაუფლების მოპოვებას საუკეთესო ადამიანურ ფასეულობებს ამოფარებული ცდილობს.

თავისთავად ადამიანურ ფასეულობებზე დაყრდნობითა და მათი პოპულარიზაციით ძალაუფლების მოპოვების სურვილში ცუდი არაფერია, პირიქით, ეს არის ძალიან მისასალმებელი პროცესი. მაგრამ რამდენად სანდოა საქართველოში ის ხალხი, ვინც იდეალიზმს (სულერთია, მემარცხენეს, ლიბერალურს თუ ორივეს ერთად), გავლენის მოსახვეჭად იყენებს? მე უამრავი მათგანი გავიცანი, უამრავ მათგანს დღემდე ინტენსიურად ვაკვირდები და ვსწავლობ, და მინდა გითხრათ, რომ უმცირესი გამონაკლისების გარდა ისინი წმინდა წყლის დემაგოგები არიან, რომლებიც ტანჯული ადამიანების (ქალები, სხვა სექსუალური უმცირესობები, ღარიბები და ა. შ.) ფაქტორს პოპულისტური მიზნებით წარმართავენ და იყენებენ. რასაკვირველია ამ ხალხს შეუძლია ზუსტად იგივე თქვას პირადად ჩემზე, მაგრამ მათი აზრი ჩემთვის არაფერს ნიშნავს. მათი აზრი და მათი "იდეალიზმი" ძალიან ჰგავს ცარიელ ჩენჩოს, რომელსაც გამოარიდეს მთელი გული და ნაგვით ამოავსეს ის, ხოლო გულუბრყვილო ხალხს სჯერა, რომ სწორედ ეს ჩენჩოა სავსე. ისინი, ეს "იდეალისტები," ძალიან ვერაგები და გაიძვერები არიან, ზუსტად ისეთივე გაიძვერები და თაღლითები, როგორებიც ლენინი და სტალინი იყვნენ, რომლებიც ზუსტად იგივე ხერხებს მიმართავდნენ მეოცე საუკუნის დასაწყისში. მოგეხსენებათ, ცხოვრება ძალიან რთულია, რთული და წინააღმდეგობრივია ასევე ადამიანის შინაგანი ბუნება და ხშირად ისეც ხდება, რომ ლამაზი ფრაზების ერთი შეხედვით აბსოლუტურად ლოგიკური და სამართლიანი წყობის მიღმა დიდი ალოგიკურობა და შემზარავი უსამართლობა იმალება, ხოლო მეორეს მხრივ, ასევე ერთი შეხედვით "ალოგიკური" და "უსამართლო" აზრები სინამდვილეში სამართლიანობასა და ჭეშმარიტებას ემსახურება.

მაგალითისათვის განვიხილოთ ფემინიზმის ერთ-ერთი მიმდინარეობა, კერძოდ, ლესბიური ფემინიზმი, რომელიც საქართველოში გარკვეულ წრეებში საოცარი სისწრაფით ხდება პოპულარული. ფემინიზმის ამ მიმდინარეობის მხარდამჭერები ფალოსს ჩაგვრის სიმბოლოდ აცხადებენ, ხოლო ფალოსის მეშვეობით დამყარებულ სექსუალურ აქტს ქალის წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობად ნათლავენ. მართლაც, გულუბრყვილო ადამიანმა, რომლემაც ეს-ესაა გამოიღვიძა საუკუნოვანი, რელიგიურ-კონსერვატიული ნარკოტიკების მეშვეობით დამყარებული თრობისაგან და ადამიანური სექსი ცხოვრებაში არ ჰქონია, ძალიან ადვილი შესაძლებელია სურათები, სადაც ასახულია, თუ როგორ "ანადგურებს" იატაკზე დამხობილ ქალს მამაკაცი, ეს ამ ქალის მიმართ "ძალადობად" მიიჩნიოს და სურვილი გაუჩნდეს, გააპროტესტოს მსგავსი ტიპის სექსუალური აქტები. მითუმეტეს, რომ მთელი ამ ქართველი "იდეალისტების" მსჯელობა სექსზე უკიდურესად ზოგადი და ბუნდოვანი ფრაზეოლოგიით შემოიფარგლება, ეს "იდეალისტები" ყოველთვის ერიდებიან კონკრეტიკას, მითუმეტეს, საჯარო განხილვებისა და დებატების დროს, სექსი მათთვის ჯერ კიდევ არ გასცდენია ცნება "ვულგარულის" ფარგლებს, მათ ძირითადად პატივმოყვარული ზრახვები ამოძრავებთ და სურთ, რომ საზოგადოებამ დიად ინტელექტუალებად მიიჩნიოს ისინი, და კარგად იციან რა, რომ სტერეოტიპები "ინტელექტუალი სექსზე არასოდეს ლაპარაკობს და ვინც სექსზე ლაპარაკობს ის დიადი არ არის," მყარად არის გამჯდარი ბრბოს ცნობიერებაში, სიტყვასაც არ ძრავენ სექსუალურ თემატიკაზე, ხოლო თუ მაინც ძრავენ, რაც უკიდურესად იშვიათად ხდება, საკითხის მიმართ საოცრად უვიც, ცალსახა და სწორხაზოვან დამოკიდებულებას ამჟღავნებენ და ეს დასავლეთის უძვირეს უნივერსიტეტებში ნასწავლი ხალხი პრაქტიკაში რეალურად იმაზე გაცილებით უფრო მეტად არის გაუთვითცნობიერებელი ელემენტარულ ცხოვრებისეულ საკითხებში, ვიდრე რომელიმე საშუალო ნიჭისა და შეძლების მქონე გერმანელი ან ფრანგი სკოლის მოსწავლე გოგო, რომელსაც ცოდნა არა, მაგრამ უდავოდ მეტი გამოცდილება აქვს. მათ, თითქმის უკლებლივ ყველა ამ "ინტელექტუალს" მე არანაკლებ ვძულვარ, ვიდრე რომელიმე ფანატიკოს მღვდელს და მე თუ მკითხავთ, უფრო მეტადაც კი. მე მესმის, რომ ადამიანი შეიძლება ლესბოსელი იყოს და სულაც არ მოვწონდეთ ჩვენ, მამაკაცები ჩვენი მამაკაცური სექსუალობიანად, მაგრამ მას არ აქვს უფლება, დათესოს სიძულვილი ჩვენს მიმართ და ჩვენს მიერ გამხორციელებული სექსუალური აქტი a priori ჩაგვრად და ძალადობად მონათლოს (ვიცი ახლა გამომედავებიან, Pussy Riot-ის პრეცენდენტს მოიშველიებენ და იტყვიან, რომ მე, როგორც სექსუალური უმრავლესობის წარმომადგენელს მეტი სულგრძელობა მმართებს და რომ უმცირესობის მხრიდან სიძულვილისა და შუღლის გაღვივება ჩვენი, ანუ უმრავლესობის მისამართით დევიაცია სულაც არ არის, მაგრამ როცა საკითხი ისეთ უფაქიზეს თემას ეხება, როგორიც სექსი და ადამიანის სექსუალობაა, ეს მოტივი ამ უიშვიათეს შემთხვევაში არ მუშაობს. სექსი რელიგიასა და პოლიტიკაზე გაცილებით უფრო ფაქიზი და ამავე დროს ინდივიდუალური თემაა და თუ რელიგიასა და პოლიტიკაში აშკარად შედარებით უფრო ძლიერი რელიგიის ან/და პოლიტიკური იდეოლოგიის წარმომადგენელი/აღმსარებელი ვალდებული უნდა იყოს, აიტანოს მისი რელიგიის/პოლიტიკური იდეოლოგიის ან მათი წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული სიტყვიერი შეურაცხყოფა, ამ კონკრეტულ სექსუალურ თემატიკასთან მიმართებით იგივეს გაკეთება არავის მართებს). მოკლედ, საქართველოში მცხოვრები ეს მოდური ტიპის მემარცხენე თუ ლიბერალური ორიენტაციის "იდელისტები" და "ინტელექტუალები" გამაბრუებლად ბევრი უცხო სიტყვისა და ასევე ბევრი ბრჭყვიალა სახელის მოშველიებით მსჯელობენ (ეს მოდაშია!) და აშკარად თუ შეფარვით მეტ ყურადღებას მოითხოვენ ჩემგან, ვიდრე მე ვუთმობ რომელიმე ბნელი ფანატიკოსი ორთოდოქსი მღვდლის გამოსვლებს (რაც მე ასევე ძალიან ხშირად იოტისოდენა ყურადღების ღირსადაც არ მიმაჩნია) მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ბედავენ და ხმას იმაღლებენ ქალების, სხვა სექსუალური უმცირესობებისა და ღარიბების დასაცავად. რასაკვირველია, თავისთავად ის ფაქტი, რომ ვიღაც ფემინისტი, ლგბტქ-აქტივისტი ან/და ღარიბების უფლებებისათვის მებრძოლია, განსაკუთრებით იქ, სადაც უკიდურესად ჭარბობს ფაშისტოიდური განწყობები, მამონას კულტი და სიძულვილის ენა, ძალიან მისასალმებელია, ხშირად სამოქალაქო გმირობის ტოლფასიც, მაგრამ მე მაქვს უფლება, ვიცოდე, ემსახურება თუ არა ჭეშმარიტი იდეალები ამ "ინტელექტუალების" ხელში ამ იდეალებისავე ჭეშმარიტი არსის გაუკუღმართება-გამრუდებისა და შესაბამისად კონსერვატიზმის განმტკიცების მიზანს? ხომ არ არის ეს ხალხი განზრახ თუ უნებლიედ კონსერვატიზმის ფარული აგენტურა? უმრავლეს შემთხვევაში ჩემი პასუხი ამ კითხვებზე დადებითია. ქართველი მემარცხენე და ლიბერალი იდეალისტები ძირითადად სამ კატეგორიად იყოფიან. პირველები გაცნობიერებული და ვერაგი ფარული აგენტურაა კონსერვატიული ძალებისა, მეორე ნაწილი: გულუბრყვილო ხალხია, რომელიც აყოლილია კონსერვატიზმისა და მისი აგენტურის აგიტაცია-პროპაგანდას, ხოლო მესამე ნაწილი: შერეული ტიპის განწყობების ხალხია (ყველაზე რიცხვმრავალი სწორედ ეს უკანასკნელი კატეგორიაა). მცდარია შეხედულება, რომ ჩვენ ერთიანი ფრონტით უნდა დავუპირისპირდეთ კონსერვატიზმსა და ფაშიზმს და მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს ჭეშმარიტების დათრგუნვის ხარჯზე. ყოველ შემთხვევაში პირადად მე არავის მივცემ შესაძლებლობას, თავისიანად მიგულოს და საკუთარი მცდარი აზრები მომახვიოს თავს. ძალიან ცდება ვინც ფიქრობს, რომ შეძლებს ჩემს გამოყენებას. მე არც ლიბერალი ვარ, არც კონსერვატორი, არც მემარცხენე და ნურავინ ეცდება ჩემთვის მსგავსი იარლიყების მოწებებას. მე სურვილი მაქვს, ჭეშმარიტებას ვემსახურო, ჭეშმარიტება კი ძალიან ბევრ შემთხვევაში არც კონსერვატორების მხარესაა, არც ლიბერალების და არც მემარცხენეების, ის სადღაც შუაშია. ამიტომ ყველა მე მიპირისპირდება: რეაქციულ-შავრაზმული პრესა, კონსერვატიულ-ფაშისტური ძალები, ლიბერალები, მემარცხენეები, მემარჯვენეები, ცენტრისტები, ათეისტები, მორწმუნეები, ყველა მიპირისპირდება მე, გარდა ჩემი მკითხველებისა და მხარდამჭერებისა.

მე კარგად მესმის, რატომაც მიპირისპირდებიან. მათ სურთ ჩემი დამოუკიდებლობის მოსპობა, მათ სურთ, მომსპონ როგორც დამოუკიდებელი ხელოვანი და მოაზროვნე, რათა რომელიმე ძალის ნაჭუჭს შეფარებული "გადავრჩე" სიმართლეზე თვალის დახუჭვისა და შემგუებლობის ხარჯზე. საქართველოს უბედურება დღეს იმაში მდგომარეობს, რომ აქ არ არსებობს კრიტიკისა და თვითკრიტიკის კულტურა, დებატების კულტურა, ვინმეს ოდნავ გააკრიტიკებ და მას უკვე მოსისხლე მტრად მიაჩნიხარ, როგორც არ უნდა ეცადოს, პროგრესული განწყობების მატარებლად წარმოჩინდეს სხვების თვალში. ყველა ამ ჯგუფს, როგორც ლიბერალებს, ასევე კონსერვატორებს და ა. შ. არ ჰყავთ ლიდერები, მათ ჰყავთ ბელადები, ისინი ერთმანეთში კი არ კამათობენ (ყოველ შემთხვევაში კამათს მათ შორის არასოდეს აქვს სიღმისეული ხასიათი), არამედ უსმენენ ამ ბელადებს და უსიტყვოდ ასრულებენ მათ ბრძანებებს, ხოლო საკუთარი მშობლიური პარტიებისა თუ არასამთავრობოების დასცავად მზად არიან, უღალატონ ჭეშმარიტებას და ამ ბოლო დროს ეს ღალატი კი არ მოისპო, არამედ კიდევ უფრო შეფარული და ვერაგი გახდა. ისინი ღირსეულ ადამიანებს კი არ უჭერენ მხარს განურჩევლად ამ ღირსეული ადამიანების სქესისა, აღმსარებლობისა, სექსუალური ორიენტაციისა თუ პოლიტიკური პარტიის კუთვნილებისა, არამედ "ძლიერს," საკუთარ ეგოს, ნათესავს, მეგობარს ან/და ახლობელს, ხოლო გასაკვირი იმაში არაფერია, რომ ჩემნაირი ადამიანი მათ არ მოსწონდეს. მე შეიძლება მოვტყუვდე, შეცდომა დავუშვა, მაგრამ გაცნობიერებულად არასოდეს ვუღალატებ სიმართლეს და თეთრზე არასოდეს ვიტყვი, შავია-მეთქი, ეს კი, როგორც ეტყობა, მათთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელი და მიუღებელია. და ასე იქნება მანამ, სანამ ჩვენ, ქართველები ხანჯლაობის ნაცვლად საფუძვლიან, სამართლიან და შინაარსიან კამათსა და დებატებს არ ვისწავლით, ფეოდალურ-მონათმფლობელური ტიპის პატრიმონული ურთიერთობების ნაცვლად არ ვისწავლით პარტნიორული ტიპის ურთიერთობებს (როგორც საქმეში, ასევე სექსში), ხოლო ბელადებისა და ტირანების ნაცვლად ლიდერები არ გვეყოლება. ხოლო როცა გვეყოლება და თავად ვიქნებით ლიდერები, გვეყოლება პარტნიორები და გვექნება დებატები და ჭეშმარიტების სიყვარული, მხოლოდ მაშინ გვეშველება და მხოლოდ მაშინ გადავრჩებით.



ფოტო: Fotolia

03.08.2012

 

 

 

მთავარი

ბიოგრაფია

ნაწარმოებები

დაკავშირება

 

 

შეიძინეთ რომანი "ჭენება" საქართველოს მაღაზიებში

 
 
Copyright © David Chutlashvili. Alle Rechte vorbehalten