წარსულის აჩრდილი

ამ მოთხრობას ვუძღვნი გმირ უკრაინელ ხალხს: ყველას, ვინც იბრძოდა ვიქტორ იანუკოვიჩის სისხლიანი, კრემლიდან მართული რეჟიმის წინააღმდეგ, უკრაინის თავისუფლების და ევროატლანტიკური მომავლის გადასარჩენად

"ის კედელთან დგას."

"რას ამბობ, ბებო, აქ ჩვენს მეტი არავინაა."

"არა. ისინი მოვიდნენ... ჩემს წასაყვანად მოვიდნენ... დაანებეთ ბავშვს თავი. ბავშვს ეშინია. მე წამიყვანეთ. ქვაბი ორმოში ჩადე ლუბა. ბოლშევიკები ყველაფერს წაიღებენ. მე ვხედავ მათ. ისინი აქ არიან. ისინი ჩვენს გვერდით არიან. ვგრძნობ მათ სუნთქვას. ისინი ჩვენ გვეძებენ. დაანებეთ თავი ბავშვს და მე წამიყვანეთ," ამბობდა ოთხმოცდაათ წელს გადაცილებული ქალი და მარჯვენა ხელში ფარდას ჭმუჭნიდა. ქალს ნაოჟებით დაღარული, ბრტყელი, ჭორფლებით დაფარული სახე ჰქონდა და თვალის ფოსოები ისე მოუჩანდა, თითქოს მთვარის კრატერებიაო.

"დაწყნარდი, ბებო," ალერსიანად უთხრა ნადეჟდამ და მოხუცი ქალი სკამზე დასვა, "ბოლშევიკები აქ არ არიან. ისინი აღარ არსებობენ. დღეს უკვე 2013 წელია."

"შენ არ გესმის," განაგრძობდა მოხუცი ქალი ლაპარაკს, "ისინი ჩვენს გვერდით არიან. მე მათ სუნთქვას ვგრძნობ ფანჯრის მიღმა. მთელი საკვები წაიღეს. მინდორში ძირხვნა შევაგროვეთ და მოვხარშეთ. ლუბა, ქვაბი გადამალე, თორემ ისევ ეზოში გადაღვრიან. დიდება სტალინს! სტალინი ჩვენი ბელადია. მე ის მიყვარს. მინდა, მის სურათს ვემთხვიო ამხანაგო პოლიტხელო. მომიტანეთ სურათი. მზად ვარ, ყველა თქვენი მოთხოვნა შევასრულო. მზად ვარ, მუშტზე ვაკოცო ამხანაგ ბელადს. ოღონდ ბავშვს ხელი არ ახლოთ. დამრთეთ ნება, ვიცოცხლო სანამ ზღვას არ ვნახავ. ყოველთვის მსურდა ზღვის ნახვა ჩემს ბავშვთან ერთად. მე ერთი სოფლელი, უწიგნური ქალი ვარ. აბა მე რა შემიძლია? ზღვა მინდა ვნახო. ადამიანი არის წყალი, ამხანაგო პოლიტხელო. ყველა ზღვაშია... ადამიანს როცა თავს მოსჭრი და ქვაბში მოხარშავ, როგორც ეს ჩვენმა მეზობელმა მეჩიხოვებმა ქნეს, როცა პატარა იულია შეჭამეს, რჩება წყალი. ყველგან წყალი რჩება მხოლოდ. წყალი. წყალი. წყალი. თქვენ მე სურათი უნდა მომიტანოთ, რათა ბელადს მუშტზე ვაკოცო ჩემი ცოდვილი ტუჩებით. ქალის ტუჩები ხომ ცოდვილია. იქნებ, ამიტომ ბრაზობთ? იქნებ, ქალს არ აქვს უფლება, საკუთარი ცოდვილი ტუჩებით, საკუთარი ვნებიანი ტუჩებით მუშტზე ემთხვიოს პროლეტრიატის ბელადის და ხალხთა მამის გაყინულ სურათს? ამის თქმა გსურთ ამხანაგო? ძალიან ვწუხვარ. მაგრამ ჩემს ტუჩებს მამაკაცი არასოდეს უგემნიათ. ამიტომ ნუ ბრაზობთ ამხანაგო. ქალწული ტუჩები მაქვს. რაო? გინდათ თქვათ, რომ ქალის ტუჩები ცოდვილია მაშინაც, როცა... ეჰ, ამხანაგო პოლიტხელო, ნუ მირტყამთ. წიხლს ნუ მირტყამთ სახეში. იქნებ იმის თქმა გსურთ, რომ თქვენი ჩექმის კოცნის უფლებაც არ მაქვს ამ ჩემი ქალური და მაშასადამე ცოდვილი ტუჩებით? მთავარია, ბავშვს ნუ ჩაარტყამთ წიხლს ძვლებში. ის შიმშილობს ბელადის და პარტიის სადიდებლად. ცარიელი ძვალი და ტყავია დარჩენილი და მიწურ იატაკზე დახოხავს. ამიტომ ყველაფერი სტკივა. ძვალი მტკივნეულია. მტკივნეულია, როცა გამოხრული ძვალივით გრძნობ თავს და საფლავიდან წამომდგარი მიცვალებულების ყიჟინაც კი აღარ გახარებს. ყველაფერი სულერთია შენთვის, როცა ცარიელი ძვალი და ტყავი ხარ და სახეში ჩექმიან წიხლს ჩაგარტყამენ, რათა სული დაკარგო. უფლებას მოგვცემთ, რომ ჩვენს მიერ დახოცილი და მოხარშული ძაღლების ტყავები გადავიფაროთ და თქვენს ეზოში ყეფა და ყმუილი მოვრთოთ ცივ და მთვარიან ღამეებში? ძაღლები არ გჭირდებათ? ნუთუ არ გინდათ, ღამის დარაჯები გყავდეთ? თქვენ ხომ ხორბალი გაქვთ. ეშმაკმა უწყის, ბოლოს როდის შევჭამეთ პური. რაღაც რელიგიური დღესასწაული იყო. მაშინ ღმერთი ჯერ კიდევ ცოცხლობდა ჩვენს გულებში და ალბათ ამიტომაც დავისაჯეთ... მახსენდება ცერცვის წვნიანი პურთან ერთად, ნამდვილ, თეთრ პურთან ერთად, მახსენდება თეთრი პურის სურნელი... ვიცი, რომ თეთრ პურს მხოლოდ ბურჟუები ჭამენ, თეთრი პური არც უნდა მეხსენებინა, საბჭოთა მოქალაქისათვის სამარცხვინოა თეთრი პურის ჭამა, ბურჟუაზიული თეთრი პურის ჭამა და ფილმების ყურება სადღაც არსებულ სამყაროზე, სადაც არის ზღვა, სადაც არ არის რუხი ფერის საპონი, სადაც შეგიძლია აიხედო მაღლა ისე, რომ არავინ ჩაგარტყას უზარმაზარი წიხლი სახეში. მსურდა, მეძავი გავმხდარიყავი და მოსკოვში პარტიულ მუშაკებს მოვმსახურებოდი პურის ტალონების ფასად, მაგრამ სსრკ-ს ხომ არ სჭირდება მეძავები. მეძავები ხომ უწმინდური ხალხია. მაგრამ როგორ უნდა გამოიმუშავო პური არსობისა ამ ცივ ზამთარში? ჩემი სხეული არ გინდათ? მე ბევრი რამ შემიძლია. შემიძლია ვიყეფო, ვიყმუვლო და ოთხზე დავდგე პარტიის და ბელადის სადიდებლად. ვაჰ, რომ არაფერი გინდათ. ბოლშევიკებს ხომ უამრავი ქალი გყავთ, რომლებიც თქვენ ტაშს გიკრავენ, რომლებიც მოდიან თქვენს აღლუმებზე და დროშებს აფრიალებენ, ჰოდა, აბა, რაღა საჭიროა შესვლა მათ ნოტიო სხეულებში? რა საჭიროა, ფეხზე გაკოცოს იმან, ვინც შენს ნატერფალებს კოცნის 200 გრამი შავი პურის ტალონების ფასად? მე მითხრეს, რომ თქვენს უფროსს სასაცილოდაც არ ჰყოფნის ტალონები, რომ ის ყოველ საღამოს შემწვარ ორაგულს და თართის ხიზილალას მიირთმევს და რომ მას 20 ათასი მანეთი აქვს ხელფასი. მამაჩემი და ჩემი მეუღლე უღელში შებმულები დაიხოცნენ შარშან, დიდთოვლობისას. ისინი უღელში შეაბეს ხარების ნაცვლად და დახოცეს. სწორი იყო, უნდა დაეხოცათ, პარტიას ასე სჭირდებოდა, საერთო ბედნიერებისათვის, ჩვენი ბედნიერი მომავლისთვის ასე იყო საჭირო. და ნუ შეწუხდებით, რომ ბავშვს ასლოკინებს. შია და შიმშილმა ასე იცის. მე მზად ვარ, თქვენს ნატერფალებს ვეამბორო. გაიარეთ ნეხვში და ნაფეხურები დამიტოვეთ, რათა სუფთა ტუჩებით მე ისინი არ შევბღალო. ქალის ტუჩები ხომ უწმინდურია, მათ არ აქვთ თქვენი ნაფეხურების კოცნის უფლება..."

"ბებო, რას ლაპარაკობ, არ გადამრიო," გაიცინა ნადეჟდამ, "სანამ დედა მოვა, საწოლში ჩაგაწვენ. დედა შვიდისთვის აქ იქნება, ექვსზე უმთავრდება გაკვეთილები ახალ სკოლაში. უთხარი, რომ სოკოს წვნიანი, ბლინები და არაჟანი მაცივარშია და გაჭამოს. მე ვიტალის უნდა შევხვდე, გუშინ ჩამოვიდა ლვოვიდან. იქ თურმე რაღაც გამოსვლები ყოფილა და მაინტერესებს, რა ხდება. ტელევიზორში ხომ იცი, არაფერს იტყვიან..."

მოხუცმა ქალმა შვილიშვილის ხელი ხეშეშ მარჯვენაში მოიქცია და დიდხანს ეფერებოდა, როცა ის მას აწვენდა და საბანს აფარებდა სიბერისგან გამხდარ მხრებზე. სანამ გავიდოდა, ნადეჟდამ მოხუცს თვალებში შეხედა და ჰკითხა:

"ხომ არ გინდა, რამე დამაბარო, სანამ გარეთ გავალ?"

"ნუ წახვალ იქ," თქვა მოხუცმა ქალმა. ის კანკალებდა და თვალებგაფართოებული შესცქეროდა შვილიშვილს, "ისინი აქ არიან. არსად წასულან. ჩვენს გვერდით არიან. შენ მოგკლავენ. ისინი ყველას დაგვხოცავენ. მე ვხედავ მათ. ისინი კედელთან დგანან. შენ გიყურებენ. ისინი ჩვენ გვიყურებენ. ისინი უკრაინას უყურებენ. მათ სძულთ შენნაირი ახალგაზრდები. ბატონო პოლიტხელო, შეიბრალეთ! ნუ მოკლავთ! მას ხომ თქვენთვის არაფერი დაუშავებია. ნადეჟდა კარგი გოგოა. ამიტომ ნუ მოკლავთ მას. ამუშავეთ. მას სამედიცინო განათლება აქვს. ციმბირში ის გამოგადგებათ. ოღონდ ნუ მოკლავთ. მხოლოდ ნუ მოკლავთ. გთხოვთ, ნუ მოუსპობთ სიცოცხლეს. მე წამიყვანეთ. მე მომკალით. ნუთუ არ გსურთ, უყუროთ, როგორ კვდება მოხუცი უკრაინელი ქალი? ეს ხომ თქვენთვის ძალიან სასაცილო იქნება. ნადეჟდა, არ გახვიდე გარეთ. დარჩი შინ. არ წავიდე. ისინი შენ მოგკლავენ. ისინი უკვე აქ არიან."

შვილიშვილმა ბებიას საძილე აბი მისცა და ვიტალის დაურეკა. მოხუცი ქალი უკვე ძილმორეული ბუტბუტებდა, როცა ნადეჟდამ ოროთახიანი ბინის კარი გამოაღო და გარეთ გავიდა. სადარბაზოში კატის ფსუტის და ნესტის სუნი იდგა. ნესტის სუნი გასასვლელიდან მოდიოდა და სადღაც მაღლა, სახანძრო კიბეებთან უჩინარდებოდა. გასასვლელიდან ქუჩის ლამპიონების მქრქალი სინათლე შემოდიოდა. უცებ სინათლეს ჩრდილი დაეცა და ნადეჟდამ ვიტალი დაინახა. მას ყოველთვის უზომო სიხარული იპყრობდა საყვარელი ადამიანის დანახვისას და ახლაც სითბო ისე ჩაეღვარა მთელ სხეულში, რომ აუტანელ სიცივეს ვეღარც კი გრძნობდა.

"თბილად ჩაგიცვამს," თქვა ვიტალიმ და ტუჩებში აკოცა, "სად წავიდეთ?"

"ჩვენს კაფეში, რა თქმა უნდა," თქვა ნადეჟდამ და შეყვარებულს ხელი გამოსდო, "წავიდეთ და შენი ამბები მომიყევი."

მათ ფეხით გადაიარეს დადუმებული, თოვლიანი პარკი. მძიმე თოვლს უზარმაზარი ნაძვების ტოტები დაბლა დაეზნიქა. პარკში მდგარ საქანელებს ჭირხლი მოსდებოდა. ერთგან ზედ ფეხით მოსიარულეების გასასვლელზე გადმოსულიყო მღვრიე წყალი. წყალი გაყინული იყო. საოცარი სიჩუმე იდგა ირგვლივ. ძეხორციელი არ ჭაჭანებდა, ხოლო ქუჩაში მანქანები მიმოდიოდნენ და კანტიკუნტად აქა-იქ წააწყდებოდით გამვლელების სიცივისგან შეწითლებულ სახეებს და აცრემლებულ თვალებს. ნადეჟდამ და ვიტალიმ ქუჩა გადაკვეთეს და კაფეში შევიდნენ. იქ საკმაოდ თბილოდა. დარბაზის სიღრმეში ეყარა დასარტყამი ინსტრუმენტები, კედელზე კი ყველანაირი წარმომავლობის ვადაგასული ბანკნოტები იყო გაკრული, მეფის რუსეთის დროიდან უკრაინული ფულის რეფორმამდე. კართან წვეროსანი პოლიციელი იჯდა და მჟაუნას სუპს თქვლეფდა. პოლიციელს უზარმაზარი, ბალნიანი თითები და წვრილი, ნაცრისფერი თვალები ჰქონდა.

ნადეჟდა და ვიტალი დარბაზის სიღრმეში შევიდნენ და დასარტყამ ინსტრუმენტებთან მდგარ ხის სკამებზე ჩამოსხდნენ. მუქი ფერის შუქზე, სანახევრო სიბნელეში ნადეჟდას შავი თვალები არაჩვეულებრივად ციმციმებდნენ. ვიტალი ჯერ ხელს უსვამდა ხის მაგიდის გალაქულ ზედაპირს, თითქოს ეფერებაო, ხოლო მერე შეყვარებულს ჰკითხა:

"რამე ახალი ხომ არ მოხდა, სანამ მე აქ არ ვიყავი? საავადმყოფოში რა გითხრეს?"

"ვერ დავიწყე მუშაობა," ამოიოხრა ნადეჟდამ, "მთავარ ექიმს გაუგია, რომ მე ოპოზიციის აქტივისტი ვარ. ამიტომ უარი მითხრა. "ჩვენ ვერ გავრისკავთ, ნადეჟდა ვასილოვნა. ხომ იცით, ახლა რა დროა. ყველას ოჯახები გვყავს სარჩენი," მითხრა მან. აი ასე იყო ეს ამბავი. შენსკენ რა ხდება?"

"დიდი არაფერი. ლვოვში მიტინგს დავესწარი. იქ იყვნენ ევროინტეგრაციის მომხრე ახალგაზრდები. მთელი დღე სიცივეში ვიდექით ლვოვის მერიის წინ ათასზე მეტი ადამიანი და კაციშვილმა არ გამოგვხედა. მხოლოდ დარაჯი გამოვიდა, შეგვათვალიერა და სადღაც დარეკა მობილური ტელეფონით. ბეღურები დავაფრთხეთ მერიის შენობის სახურავიდან, სულ ეს იყო... მერე შემოგვიერთდნენ ვიღაც ჟურნალისტები. ერთმა ინტერვიუ ჩამომართვა, ოღონდ არ უთქვამს, საიდან იყო. მერე ეს ჟურნალისტი მომიტინგეების წინ დადგა და მოხსენება წაიკითხა, თუ როგორი "გარყვნილია" ევროკავშირი და როგორი "უმანკოა" რუსეთი. ის ლაპარაკობდა "ევროკავშირიდან წამოსულ მომაკვდინებელ ჰომოსექსუალურ საფრთხეზე" და ათას სისულელეზე. მიტინგის მონაწილეებიდან რამდენიმემ შეუსტვინა, რის შემდეგაც მან ლაპარაკი შეწყვიტა და სადღაც გაუჩინარდა. სხვათა შორის, შენთვის სამუშაო ვიშოვე ლვოვში. იქაური ბავშვთა კლინიკის მთავარი გამგე ევროინტეგრაციას უჭერს მხარს და უყოყმანოდ დათანხმდა შენს მიღებაზე. ხელფასი თავიდან ექვსიათასი გრივნა გექნება, მერე მოგიმატებენ. აი ასეთი სიახლეებია... წამოხვალ ლვოვში? იცხოვრებ ჩემთან ერთად?"

"წამოვალ," თქვა ნადეჟდამ, "რა თქმა უნდა, წამოვალ! თუნდაც ქვეყნის დასალიერში წამოგყვები. ლვოვი კარგი ქალაქია, ზუსტად საჩვენო. მე და შენ იქ მოგვეწონება. ბავშვობაში ვიყავი ლვოვში, ექსკურსიაზე წაგვიყვანეს სკოლიდან და მახსოვს, როგორ მომეწონა."

ვიტალიმ ნადეჟდას შუბლზე აკოცა და უთხრა:

"ნუ გეშინია, ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით კიევში. აქაც გამოვნახავთ სამსახურს ორივესთვის. მაგრამ ჯერჯერობით სჯობს, ლვოვში გადავიდეთ საცხოვრებლად. ჩემთან ყოველდღე მოდიან კინოცენტრიდან რაღაც კლიპების დასამზადებლად. სამთავრობო შეკვეთები მაქვს და ფულსაც ბლომად ვშოულობ. ამასწინათ "ბერკუტზე" შემიკვეთეს სარეკლამო კლიპი. შევეცადე, ეს კლიპი რაც შეიძლება მდარე და საშინელი გამოსულიყო, თუმცა მას, ვინც ეს კლიპი შემიკვეთა, ის ძალიან მოეწონა. აღფრთოვანებული იყო. იძახდა, "მე სწორედ ასეთი მინდოდაო" და ყველას უჩვენებდა როგორც შედევრს," ვიტალიმ გადაიხარხარა და ნადეჟდას ხელზე მოჰკიდა ხელი, "იცი, რა ლამაზი ხარ? სულ მეშინოდა, რომ მიმატოვებდი. შენნაირი ლამაზი გოგოები სანდოები არ არიან. ისინი ყოველთვის ცდილობენ, საკუთარი სილამაზე გაყიდონ ვიღაც კორუმპირებულ ჩინოვნიკებზე, ქვეყნის ბედით მოვაჭრეებსა და ათასგვარ ნაძირალებზე. ნაძირალებთან სექსი მათ ძალიან მოსწონთ."

"რა ვიცი, მე არ მომწონს და..." თქვა ნადეჟდამ და ქერა თმა შუბლზე შეისწორა, "სულელი ხარ. როგორ იფიქრე, რომ მე შემეძლო, ვინმე მყვარებოდა შენს გარდა?.."

"მოკლედ, გადავდივართ ლვოვში საცხოვრებლად," თქვა ვიტალიმ, "ხვალვე წამოხვალ. ჩემს ბინაში სიმყუდროვეა და ვერც ჩვენს ხმებს გაიგებს ვინმე ოდესმე. გახსოვს, ამასწინათ რომ ვხმაურობდით და სასტუმროდან გამოგვყარეს? რა ამბები იყო! მოხუცი დამლაგებელი პოლიციელს ეუბნებოდა, "ამან უკრაინელი ქალისთვის შეუფერებელი საქციელი ჩაიდინაო." კიდევ კარგი, ფული აიღეს და გაგვიშვეს."

"აქ ერთადერთი, ვისზეც ვწუხვარ, ბებიაა," თქვა ნადეჟდამ, "რა ეშველება უჩემოდ? საბრალოს ბოლო დროს ჰალუცინაციები სტანჯავს. ეჩვენება, რომ ისევ ოცდაათიანი წლებია. შიმშილობის პერიოდი ახსენდება და ჰგონია, ისევ თხუთმეტი წლისაა. ბავშვს ახსენებს, რომელიც მაშინ დაეღუპა. ძალიან მეცოდება. იმედია, მალე დავბრუნდებით კიევში და ხშირად ვნახავ."

"აუცილებლად დავბრუნდებით," თქვა ვიტალიმ, "კიევის გარეშე გაძლება არ შემიძლია..."

მათ შეჭამეს ფუნთუშები, დალიეს ყავა და გასასვლელისკენ გაემართნენ. წვეროსანი პოლიციელი სადღაც გამქრალიყო. კაფეში არავინ იყო ორი ოფიციანტის გარდა. მოილაპარაკეს, რომ დილით, უთენია წავიდოდნენ ლვოვში ნადეჟდას ავტომობილით და ქუჩა გადაკვეთეს. ის იყო, პარკის შუაგულს მიუახლოვდნენ, რომ მათი მიმართულებით ათამდე შავებში ჩაცმული მამაკაცი დაიძრა. ვიტალის და ნადეჟდას სურდათ, უხმაუროდ ჩაევლოთ მათ გვერდით, მაგრამ ერთ-ერთმა მათგანმა, კაპიუშონიანმა, ორ მეტრამდე სიმაღლის წვეროსანმა გზა გადაუჭრა მათ და ვიტალის მხრებში ხელი მოჰკიდა:

"აბა ერთი შუქზე დაგვენახეთ, ვინ ხართ!"

"დამპალი ტიტუშკები," თავში გაუელვა ნადეჟდას და შიშისაგან ძარღვებში სისხლი გაეყინა.

"ნახეთ, საყურე უკეთია. ბიჭებო, საყურიანი მამაკაცი ვიპოვეთ. რა იყო, რა საყურე გიკეთია, "პედერასტი" ხარ?" დამცინავად ჰკითხა ვიტალის მაღალმა.

"შენი საქმე არ არის, მე რას გავკეთებ ყურზე," ხმადაბლა თქვა ვიტალიმ.

"ჩემი საქმე არ არის? როგორ თუ არ არის?!" დაიყვირა მაღალმა, "შენნაირები არიან სწორედ, უკრაინა რომ გარყვნეს და გაათახსირეს. რაო, ევროკავშირი მოგინდა? კარგი ცხოვრება მოგინდა? მე შენ გიჩვენებ კარგ ცხოვრებას. ბიჭებო, ხელები და ფეხები დაუკავეთ, ეს ტიპი უნდა გავჩხრიკო."

სანამ მაღალი ვიტალის ჩხრეკდა, დანარჩენები ქირქილებდნენ და ნადეჟდას აკავებდნენ. ნადეჟდამ დააპირა, დაეყვირა, მაგრამ ერთ-ერთმა, საშუალო სიმაღლის, ჩაფსკვნილმა ტიტუშკამ პირზე ჭუჭყანი ხელი ააფარა და ჯიბიდან სკოჩი ამოიღო. ამასობაში მეორემ ნადეჟდას და ვიტალის სკოჩი პირსა და ხელებზე გადააკრა და დაბლა, თოვლში დაყარა ისინი. მაღალმა ვიტალის ჯიბიდან საბუთები ამოიღო, მათ შორის მისი პარტიული მოწმობაც და უმოწყალოდ დაუწყო ცემა. ის მას წიხლებს სახესა და ყურებში ურტყამდა და აგინებდა. მერე მაღალს ერთმა მისმა ამხანაგმა ხელი მოჰკიდა და განზე გაიყვანა.

"ვიცანი, ვინც არიან ესენი," თქვა მან ხმადაბლა, "ყველაზე აქტიური ხალხია. მიტინგებიდან მახსოვს. ყველა გამოსვლას ესწრებოდნენ. რა ვქნათ ახლა, დავხოცოთ? დიდი ამბებია მოსალოდნელი და ასეთები რაც უფრო ცოტანი იქნებიან, მით უკეთესი."

"დავხოცოთ," თქვა მაღალმა ტიტუშკამ, "გარყვნილების და ჰომოსექსუალების თესლი უნდა მოვაშოროთ უკრაინას. ქვეყანა უნდა გავწმინდოთ ზნედაცემული არსებებისგან. დავხოცოთ ისინი, ოღონდ ბენზინს ნუ გადავასხამთ, როგორც ეს ამასწინათ ვქენით. ვალოდიამ დღეს დილით დამირეკა და მითხრა, "მომავალში ეს საქმე ისე გააკეთეთ, რომ დანაშაულს ძარცვის კვალიფიკაცია მივანიჭოთ, თორემ უსიამოვნებები არ აგვცდებაო. დანა გულში ჩაარტყით ან საძილე არტერიაზე გადაუსვით ორივეს და საფულეები წამოიღეთ. დანარჩენზე განყოფილებაში ვილაპარაკოთ. აბა ჩქარა!"

ერთ-ერთი ტიტუშკა ვიტალისთან მივიდა და მძიმე, საბრძოლო დანა გულში ჩასცა. ნადეჟდა ხედავდა, როგორ იღებებოდა შავი სისხლით მოთეთრო, ჭუჭყიანი თოვლი და როგორ ცახცახებდა მისთვის საყვარელი ადამიანის სხეული. მერე შავი ლანდი მასთანაც მივიდა და დანა საძილე არტერიაზე გადაუსვა. ნადეჟდა გრძნობდა საკუთარი თბილი სისხლის დენას ტანსაცმლის შიგნით და აუტანელ წვას ყელთან. სანამ გონს საბოლოოდ დაკარგავდა, თვალი გაახილა და დაინახა მამაკაცის უზარმაზარი აჩრდილი პარკის შუაგულში. მამაკაცს ხელში წითელარმიელის ხმალი ეჭირა, ზურგზე ხორბლის მომცრო ტომარა ჰქონდა მოგდებული და შუბლთან ჩამოკიდულ ქუდზე წითელი ვარსკვლავი უციმციმებდა. მაგრამ პარკში სინამდვილეში არავინ იყო, ტიტუშკები უკვე გაქცეულიყვნენ და მხარზე ტომარამოგდებული ბოლშევიკიც ნადეჟდას სიკვდილისწინა ზმანება იყო მხოლოდ...

დილით ნადეჟდას და ვიტალის გაყინული, სისხლის ტბაში მცურავი ცხედრები მეეზოვე ქალმა იპოვა და პოლიციას დაურეკა. პოლიციამ დანაშაულს "ძარცვის" კვალიფიკაცია მიანიჭა. "მტკიცებულებათა არასებობის" გამო საქმე მალე დაიხურა. პარკის მიმდებარე კორპუსების მცხოვრებლები თავდაპირველად ხშირად ლაპარაკობდნენ მათ სიახლოვეს მომხდარ საზარელ მკვლელობაზე, მაგრამ მალე კიევში ანტისამთავრობო გამოსვლები და ხოცვა-ჟლეტა დაიწყო და დაღუპულები ყველას დაავიწყდა. ისინი არ დავიწყებიათ მხოლოდ უკრაინულ თოვლს, მიწას და ნაძვებს, რომლებმაც რამდენიმე თვის შემდეგ უმანკო ცრემლებით სათუთად დაიტირეს გმირები, გაზაფხულის მოახლოებასა და სითბოს დადგომასთან ერთად...

მეტი ამავე თემაზე: I Am a Ukrainian



ფოტოზე: თავისუფლებისთვის მებრძოლი კიევი. წყარო: tagesschau.de

23.02.2014

 

 

 

მთავარი

ბიოგრაფია

ნაწარმოებები

დაკავშირება

 

 

შეიძინეთ რომანი "ჭენება" საქართველოს მაღაზიებში

 
 
Copyright © David Chutlashvili. Alle Rechte vorbehalten