ქვემოდან ზემოთ

ქვემოდან ზემოთ ყველაფერი კარგად მოჩანს, შესაბამისად, რაც უფრო დევნილი და სიყვარულსმოწყურებულია ადამიანი, მით უფრო უკეთ ამჩნევს მმართველი წრეების სიხარბეს, ეგოიზმს, არაადამიანობასა და რეჟიმის ანტიჰუმანურ ბუნებას. გამოთქმა "მმართველი წრეები" მე შემთხვევით არ დამისახელებია; მოგეხსენებათ, კაცობრიობის უბედურებებში დამნაშავე მხოლოდ უსამართლო ხელისუფლება არ არის, ხელისუფლების გარდა კიდევ არსებობს ე. წ. ფინანსური და კულტურული ელიტა, მასმედია -- პრესა, ტელევიზიები და ა. შ. შესაბამისად, ბიზნესმენებს, კულტურის მუშაკებსა და მესმედიას უზარმაზარი ძალაუფლება გააჩნიათ, მაგრამ საქართველოში ეს ხალხი რატომღაც პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას ცდილობს ყოველთვის. თვით ისეთი უზარმაზარი გაზეთიც კი, როგორიცაა "კვირის პალიტრა," რომელიც 100 000-იანი ტირაჟით გამოდის, ვერ გრძნობს საკუთარ წილ პასუხისმგებლობას მთელ იმ უბედურებებში, რაც ჩვენს დაბეჩავებულ ქვეყანას აწუხებს. საქართველოში, სადაც ფაქტობრივად არ არსებობს პროფკავშირები, ჟურნალისტები იძულებულები არიან, უდრტვინველად ემსახურონ მათი შრომითი უფლებების დამრღვევ დამქირავებლებს და აიტანონ აუტანელი ჩაგვრა, -- ჩარევა მათ პროფესიულ საქმიანობაში გროშების სანაცვლოდ, და სწორედ ამიტომაა, რომ საქართველოში თითქმის ვერ იპოვით ინდივიდუალური სტილისა და ხელწერის მქონე ჟურნალისტებს. ბევრი ჟურნალისტი წლობით მუშაობს მედიასაშუალებებში, მაგრამ ჟურნალ-გაზეთების მუდმივმა მკითხველებმა მათი სახელები და გვარებიც კი არ იციან. საქართველოში ადამიანის მიერ ადამიანის ჩაგვრას ჭეშმარიტად გასაგიჟებელი და მხეცური მასშტაბები აქვს შეძენილი და ეს ჩაგვრა უკლებლივ ყველა სფეროს მოიცავს. ჩაგვრას საქართველოში აღიქვამენ როგორც გარდაუვალ მოვლენას, საქართველოში (თითქმის) არავინ არის აღშფოთებული ადამიანის მიერ ადამიანის ჩაგვრის გამო -- იმის გამო, რომ პატიმრებს წინასწარი დაკავების იზოლატორებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სცემენ, აწამებენ, არაადამიანურად ეპყრობიან. არაადამიანურია პატიმრობა და პატიმრების კვების რაციონი, მათი საცხოვრებელი პირობები. პატიმრებს, სწორედ ისევე, როგორც მეძავებს, ხალხი აღიქვამს როგორც მხეცებს, ისინი სტიგმატიზებულები არიან ხალხის მხრიდან, მათთან ურთიერთობას ყველა გაურბის. მე მახსოვს, როგორ მიყვებოდა ბებია, რომ მისი მამა, ჩემი დიდი პაპა, რომელსაც ბოლშევიკებმა ქონება ჩამოართვეს მხოლოდ სხვა რამდენიმე "ბურჟუასა და ხალხის მტერთან" ერთად ძლივს ბედავდა ხის ჩრდილში, სკამზე ჩამოჯდომასა და ამინდზე ლაპარაკს. ამინდი ერთადერთი თემა იყო, რაზეც ამ საბრალო მოხუცებს შეეძლოთ საუბარი, მაგრამ ისინი საუბრობდნენ ისე, რომ მათ იცოდნენ, რომ იმის უფლებაც კი არ ჰქონდათ, ეჭვქვეშ დაეყენებინათ ამინდის ოფიციალური პროგნოზი, რომელსაც რადიო გადმოსცემდა. და ეს ადამიანები, რომლებსაც წაართვეს ყველაფერი, რაც ებადათ და რაც მათ ათწლეულების მანძილზე აუტანელი შრომით ჰქონდათ მონაპოვარი, რომლებიც ყოველღამ შიშით ელოდნენ, როდის შეიჭრებოდა მათ საცხოვრებლებში "სუკის" სპეცრაზმი და წაიყვანდა მათ იქ, საიდანაც მათ ვეღარავინ და ვეღარაფერი იხსნიდა, იძულებულები იყვნენ, აეტანათ სრული გულგრილობა ხალხის მხრიდან, ხალხისა, რომელმაც ის გარიყა, ხალხისა, რომლის ერთადერთი საზრუნავი თვითგადარჩენა იყო და რომელიც სახელის გატეხვის შიშით ერიდებოდა მათთან ურთიერთობას. დღესაც ზუსტად იგივე ხდება, არც დღეს შეცვლილა ვითარება, დღესაც ერიდებიან საქართველოში "მარგინალიზებულებთან" ურთიერთობას და მათზე ლაპარაკს. ეს "მარგინალიზებულები" საქართველოში არიან არა ამ უსამართლო რეჟიმის მხარდამჭერები, -- ამ ჭეშმარიტად არაადამიანური რეჟიმის მხარდამჭერები, არა ქალებზე მოძალადეები, არა ქსენოფობი და ჰომოფობი მსახიობები, ბიზნესმენები, ჟურნალისტები, მწერლები, რეჟისორები თუ ოპერის მომღერლები, რომლებიც ქსენოფობიური ლოზუნგებით გამოდიან "ასავალ-დასავალის," "კვირის პალიტრის" ფურცლებზე თუ "იმედისა" და "რუსთავი 2"-ის ტელეეთერით, არამედ მათი დამღუპველი პოლიტიკის მსხვერპლები. დიახ, დიახ, საქართველო ფაშისტური ქვეყანაა, აქ გაუსაძლის ფარისევლობას დასაბამი და კიდეგანი არ გააჩნია -- "ადამიანის უფლებათა დამცველებსა" და "ოპოზიციონერებს" აქ ყველაზე მეტად სძულთ ეს გარიყულები, -- ის ადამიანები, რომელთა გვერდში დგომა მათი უპირველესი მოვალეობა უნდა ყოფილიყო -- მათ სძულთ ღარიბები, ქალწულობადაკარგული გოგოები, ჰომოსექსუალები, ქალები, რომლებსაც რამდენიმე პარტნიორი ჰყავთ ერთდროულად, მათ სძულთ ისინი, რადგან ეშინიათ, თავად მათზე არ იფიქრონ, რომ ღარიბები და "მარგინალიზებულები" არიან, ეს დამპალი კონვეიერი -- საქართველო ხომ სწორედ ასეა მოწყობილი -- ვინმეს თუ გამოესარჩლე, სხვები აუცილებლად იფიქრებენ, რომ მათ იმიტომ ესარჩლები, თვითონ ხარ მათი მსგავსი, მათ ბედქვეშ მყოფი, და მე გეტყვით თქვენ: მე ნამდვილად ვარ მეძავიც, ჰომოსექსუალიც, ნაციხარიც, მათხოვარიც, უმუშევარიც, სომეხიც, რუსიც, ებრაელიც, ბაპტისტიც, კათოლიკეც, იეჰოვას მოწამეც, თათარიც და არავისი და არაფრის მეშინია. თქვენ მე უნდა მომაქციოთ ყურადღება, "იმედის," "პირველი არხის," "რუსთავი 2"-ის, "ასავალ-დასავალისა" და "კვირის პალიტრის" მონებო, მე უნდა დამიპირისპირდეთ, მე ვარ თქვენი პირველი მტერი, როგორაა, "კვირის პალიტრის" მომაკვდინებელ გამოცემებში რჩევას რომ აძლევთ თქვენს ერთგულ მკითხველებს... "დაქალმა მიღალატა." "მგონი ქმარს საყვარელი ჰყავს." "შეყვარებულს დავშორდი და მეგობრებად დავრჩით." "მიშველეთ! ჩემს დაქალს ჩემს ქმართან სექსი უნდა," თუ რა ვიცი, როგორც არის, როგორც თქვენ წერთ ხოლმე თქვენს უბადრუკ, საზიზღარ და სასაცილო გამოცემებში. მერე, როგორი სოლიდარობის გრძნობა აქვთ ფაშისტებს ერთმანეთში, გასაოცარი! -- შესაშური სოლიდარობის გრძნობა! -- შეიძლება "კვირის პალიტრა" და "ასავალ-დასავალი" ვიღაცას ყურძნის მტევნების ჩასაწყობად გამზადებულ ყუთებში ჩასაფენად სჭირდებოდეს მხოლოდ და არა წასაკითხად და მაინც იყიდის, რათა ეს გამოცემები დააფინანსოს, და ჩასაფენ ქაღალდს გარემოვაჭრისაგან არ იყიდის, გარემოვაჭრისაგან, რომელიც გარეთ, ბაზრის შესასვლელთან დგას და ყუთებში ჩასაფენ ქაღალდს ყიდის დახლზე სათობით ფეხზე მდგარი. და ამის შემდეგ ასეთი კაცი გამოვა და გინებას დაუწყებს ხელისუფლებას (ისე, თითქოს თვითონ უკეთესი იყოს ხელისუფლებაზე რაიმეთი და თვითონ არ იღებდეს ღარიბების გენოციდში მონაწილეობას, ზუსტად ისევე, როგორც ეს ხელისუფლება). ასეთი კაცი დაბრუნდება სახლში, სცემს და იხმარს საკუთარ ცოლს, რომელსაც უკვე გული ერევა ერთსადაიმავე პენისის მეათასედ დანახვისა და შეხების გამო, წაიკითხავს "კვირის პალიტრას," "ტაბულას," "ლიბერალს" თუ "ასავალ-დასავალს," უყურებს "იმედს" და გააგრძელებს ტრადიციული ქართველი ვაჟკაცის უზრუნველ და ბედნიერ ცხოვრებას. აი, ეს არის საქართველო, ასეთია ეს ქვეყანა, ასეთი ხალხი ცხოვრობს აქ. ყველა რა თქმა უნდა არა. თქვენ წარმოიდგინეთ, საქართველოშიაც არსებობენ ძალიან კარგი ადამიანები.



ფოტო: Fotolia

30.06.2012

 

 

 

მთავარი

ბიოგრაფია

ნაწარმოებები

დაკავშირება

 

 

შეიძინეთ რომანი "ჭენება" საქართველოს მაღაზიებში

 
 
Copyright © David Chutlashvili. Alle Rechte vorbehalten