მსხვერპლები და ჯალათები

დემაგოგმა მ. სააკაშვილმა განაცხადა, რომ შეძრწუნებულია საქართველოს ციხეებში შექმნილი მდგომარეობით და "აღშფოთებულია ისე, როგორც ალბათ არასდროს" იმით, რაც მე-9 არხის მიერ გავრცელებულ კადრებში ნახა, თუ როგორ აწამებენ და აუპატიურებენ პატიმრებს. სხვაგვარ ვითარებაში ეს ალბათ სასაცილო იქნებოდა, მაგრამ სიცილი კი არა, იმდენად შოკირებული, განრისხებული და დათრგუნული ვარ, უკვე მეორე დღეა, თვალზე ძილი არ მომკარებია; მე თავზარდაცემული ვარ, როგორ ჰყოფნის თავხედობა, იმ ყველაფრის შემდეგ, რაც მთელმა მსოფლიომ ნახა, და, რაც, ზუსტად ვიცი, რომ მისი მიზანმიმართული პოლიტიკის ნაყოფს წარმოადგენს, ასე საშინლად იცრუოს და თქვას, რომ არაფერი იცოდა. არაფერი იცოდა კი არა, დარწმუნებული ვარ, ბაჩო ახალაიასთან და ხათუნა კალმახელიძესთან ერთად პირდაპირ პირად მითითებებს აძლევდა ბადრაგის თანამშრომლებს, მაქსიმალური სიმხეცე და სისასტიკე გამოეჩინათ უმწეო ადამიანების მიმართ, რომელთა უდიდესი ნაწილი უსამართლოდ იხდის სასჯელს წვრილმანი დანაშაულის ან სრულიად გამოგონილი და აბსურდული ბრალდებების საფუძველზე. თამაზ თამაზაშვილისათვის წაყენებული ბრალდება, რომ ის მონაწილეობას იღებდა პატიმართა წამებაში, არის უკიდურესად საეჭვო და არადამაჯერებელი. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვაცხადებ, რომ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი არის ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი, ვერაგი, დაუნდობელი და სასტიკი რეჟიმია მთელ მსოფლიოში. ამ რეჟიმის წარმომადგენლების ნდობა უკვე დანაშაულია.

მართალია, ქართული საზოგადოების რეაქცია გამოქვეყნებული მასალების ნახვის შემდეგ მყისიერი იყო, მაგრამ მაინც ეს იყო ძალიან დაგვიანებული რეაქცია. ჩვენ გაცილებით უფრო მობილური და გაცილებით უფრო მეტი ნდობით აღჭურვილი საზოგადოება უნდა შევქმნათ. წლების მანძილზე არსებობდა აუარებელი საგაზეთო თუ სხვა სახის მასალა პატიმართა წამების და პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების შესახებ, მაგრამ ქართული სამოქალაქო საზოგადოება ფიქრობდა, რომ ეს ძირითადად იყო ოპოზიციური ძალების "ანტიპიარი" და გადაჭარბებული შეფასებები სააკაშვილის რეჟიმის შესახებ, ხოლო დღეს იგივე ხალხი ოპოზიციას ადანაშაულებს იმაში, რომ ოპოზიციის შეფასებები რადიკალურობის მიუხედავად, "მაინც მეტისმეტად რბილი" ყოფილა თურმე. სააკაშვილის რეჟიმმა მოახერხა ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების არამარტო გათიშვა ერთმანეთისაგან (რაც თავისთავად ვერ არის ყოველგვარ შემთხვევაში პოზიტიური მოვლენა), არამედ ხშირ შემთხვევაში მათი დაპირისპირებაც კი. ქართული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს უკვე ძალიან ეშინიათ ოპოზიციონერებთან უბრალო ადამიანური ურთიერთობაც კი, თუნდაც ეს ოპოზიციონერები ყველაზე პროგრესულ და ადამიანურ შეხედულებებს წარმოადგენდნენ, რასაც, წესით, უნდა იცავდეს და იზიარებდეს სამოქალაქო საზოგადოება. ქართული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ეშინიათ, რომ მაგალითად ისეთმა მდარე და უბადრუკმა ჟურნალმა, როგორიც ჟურნალი "ტაბულაა," ოპოზიციასთან თანამშრომლობის და შესაბამისად, არაობიექტურობის იარლიყი არ მიაკრას მათ. აი მე კი ვამბობ, რომ არათუ სამარცხვინოა, არამედ ხშირად ძალიან საამაყოც არის სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან პროგრესულ და ჰუმანურ ოპოზიციურ ძალებთან მჭიდრო თანამშრომლობა. დღეს ბევრს ლაპარაკობენ, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები (თავისუფალი და არაპოლიტიზებული სასამართლო, თავისუფალი და არაპოლიტიზებული პოლიცია და ა. შ.) უნდა აშენდეს, რაც ძალიან ადამიანური და დიდებული სურვილია, მაგრამ პოლიტიზაციისაგან სრულიად თავისუფალი სახელმწიფო სტრუქტურების არსებობა უკიდურესად რთულად განსახორციელებელი მისწრაფებაა, და სწორედ ამიტომ არის აუცილებელი სამოქალაქო საზოგადოების ადეკვატური რეაქცია. დღეს ჩვენ გვაქვს არამარტო არაადაკვატური სახელმწიფო ინსტიტუტები და გვყავს არაადეკვატური ხელისუფლების წარმომადგენლები, არამედ ჩვენი საზოგადოებრივი ინსტიტუტები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც ხშირად არაადეკვატურები არიან (მართალია, გაცილებით უფრო ადეკვატურები, ვიდრე სახელმწიფო სუბიექტები, მაგრამ მაინც არასათანადოდ) და საბოლოო ჯამში ჩვენ შედეგად ვიღებთ იმ ქაოსსა და დომხალს, იმ "კულტურულ" თუ ფსიქოლოგიურ გარემოს, რაც საქართველოშია, სადაც მილიარდერის გარდა აღარავის გააჩნია პოლიტიკურ პროცესებზე სერიოზული ზემოქმედების უნარი. მე ჯერ კიდევ კარგად არ ვიცი, ვინ არის ბიძინა ივანიშვილი და შეუძლია თუ არა მას, რეალურად ქმედითი ზომები მიიღოს სახელმწიფო და სამოქალაქო ინსტიტუტების მშენებლობის საქმეში, მაგრამ ზოგადად ერთი კაცის ხელში ამხელა ძალაუფლების კონცენტრაცია, რასაც უმახინჯესი ქართული სინამდვილე ქმნის და რაშიაც ერთეულების გარდა მეტნაკლებად ყველა დამნაშავეა, ძალიან სახიფათო ტენდენციად მიმაჩნია. ვთქვათ, ივანიშვილი კარგი კაცია, მაგრამ ვისი გაგებით, რა გაგებით არის კარგი? საზოგადოება ძალიან რთული, დაქსელილი და კომპლექსური ფენომენია, ის, რაც მაგალითად ჩემთვის, როგორც ფემინისტის და ლგბტ-აქტივისტისათვის კარგია, შეიძლება რომელიმე ორთოდოქსი მღვდლისათვის საშინელება და ძალიან ცუდი იყოს; ის რაც მემარჯვენისათვის კარგია, არის მემარცხენისათვის ძალიან ცუდი და ა. შ. ხოლო საზოგადოება და სახელმწიფო ყველასია, საზოგადოებამ და სახელმწიფომ ყველას ინტერესები უნდა დაიცვას და განახორციელოს, საზოგადოება და სახელმწიფო არის სხვადასხვა ჯგუფებს შორის კომპრომისის შედეგი, და რა ხდება მაშინ, როცა ერთი პირის ან პირთა ჯგუფის ხელში სახიფათოდ დიდი ძალაუფლება იყრის თავს? შეგვიძლია, იმედი ვიქონიოთ, რომ ბიძინა ივანიშვილი არა უმრავლესობის ან უმცირესობის, არამედ უკლებლივ ყველას ხელისუფალი იქნება და ყველას ინტერესებს თანაბრად გაითვალისწინებს მანამ, სანამ ეფექტურ სახელმწიფო და საზოგადოებრივ ინსტიტუტებს ჩამოაყალიბებს და შექმნის? მისი თქმით, ის აპირებს მხოლოდ 2 წლის მანძილზე იყოს ხელისუფალი, ხოლო 2 წლის გასვლის შემდეგ აპირებს წავიდეს პოლიტიკიდან და იყოს მხოლოდ საზოგადო მოღვაწე. მე მიმაჩნია, რომ ის მეტისმეტს იღებს საკუთარ თავზე, მეტისმეტად "ეხმარება" ქართულ საზოგადოებას მის წინაშე მდგარი უმწვავესი პრობლემების მოგვარებაში, პრობლემებისა, რომლების მოგვარებაც ყველა საზოგადოებამ უმეტესწილად საკუთარი ძალებით უნდა შეძლოს, თუ, რასაკვირველია ჩვენ მისწრაფება არ გვაქვს აბსოლუტური მონარქიისაკენ (მხოლოდ იმ ტრაგიკომიკური პირობით, რომ ჩვენი მონარქი ყოვლადკეთილი და ყოვლადმოწყალე იქნება). მისწრაფება აქეთ, საკუთარი პრობლემების (თუ დანაშაულებრივი მოქმედების ან უმოქმედობის) სხვისთვის გადაბარება/გადაბრალების და დასვენების სურვილი საუბედუროდ მეტნაკლებად თითქმის ყველა ქართველში დევს და ეს ძალიან ჰგავს იმას, რასაც თომას მანი თავის ერთ-ერთ ესეში "სიკვდილის სურვილს" უწოდებს. ქართველებს ძალიან გვაქვს დაჩლუნგებული თავისუფლების და დამოუკიდებლობის წყურვილი, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი უბედურება. (ერის) მამა ან დედა შეიძლება, ძალიან კეთილი და მოწყალეც იყოს, მაგრამ სრულიად კარგ და არანაკლებ კეთილ და მოწყალე ადამიანს მისგან განრიდების და დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყების სურვილი გააჩნდეს იმ ელემენტარული მიზეზის გამო, რომ არსებობს გადაულახავი წინააღმდეგობა შეხედულებების და გემოვნების კუთხით ან სულაც, სხვა ადამიანს სიყვარულსა და მზრუნველობა-მეურვეობისაგან დასვენება სურს. მინდა, მჯეროდეს, რომ მას გულწრფელად სურს სიკეთის კეთება. ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილი სულაც არ არის მსოფლიოში საუკეთესო გემოვნების და ინტელექტის მქონე ადამიანი, უფრო მეტიც, საუბედუროდ გემოვნება და ალღო მას ძალიან ხშირად ღალატობს. მაგრამ ვინმე თუნდაც ყველაზე მაღალნიჭიერი და გემოვნებიანი პიროვნება იყოს, ნათელი მიზნების მისაღწევად მთელი საზოგადოების შრომა გაცილებით უფრო ფასეულია, ვიდრე ცალკეულ პირთა განმარტოებული საქმიანობა და ღვაწლი, ხოლო ამის წინააღმდეგ "საუკეთესო" შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ ერთ მსხვერპლს, ხოლო დანარჩენ ჯალათს, მე კი არ მინდა ჯალათების და მსხვერპლ(ებ)ისაგან "შემდგარი" საზოგადოება.



ფოტო: Momentslikethis.de

20.09.2012

 

 

 

მთავარი

ბიოგრაფია

ნაწარმოებები

დაკავშირება

 

 

შეიძინეთ რომანი "ჭენება" საქართველოს მაღაზიებში

 
 
Copyright © David Chutlashvili. Alle Rechte vorbehalten