ვეტერინარული კლინიკა

ჟანინა 2008 წელს გავიცანი. მაშინ უკვე 34 წლის ვიყავი. ყველას ჩაქნეული ჰქონდა ხელი ჩემზე, მეც, მათ შორის. საქართველოში ხომ ადამიანები ძალიან სწრაფად ბერდებიან. თანაც, აქ გადაულახავი ზღვარი არსებობს სხვადასხვა ასაკის, სოციალური წარმომავლობის თუ სხვა ნებისმიერი კუთვნილების ადამიანებს შორის. საკმარისია, ვინმეზე ერთი დღით მაინც იყო დიდი ან პატარა, რომ ის უკვე ალმაცერად გიყურებს. არა, ნამდვილად სჭირს საქართველოს რაღაც უსაშველო და მოურჩენელი. ეს ყველგან და ყველაფერში ვლინდება, მათ შორის კი, უპირველეს ყოვლისა, ადამიანებს შორის ურთიერთობებში... "ეჰ, ნეტავ, ვის რაში სჭირდება 34 წლის, სრულიად უცნობი, არცთუ ისე მიმზიდველი გარეგნობის მამაკაცი, რომელსაც სიგარეტის საყიდელი ფულიც კი არ გააჩნია?" ვფიქრობდი გამწარებული და უსაშველო ღამეებს შავბნელ ფიქრებში ვატარებდი. ვინ იცის, რამდენჯერ წარმომედგინა საკუთარი თავი, სარდაფში, თოკზე მოკონწიალე. ამიტომ როცა ჩემმა ბავშვობის მეგობარმა მასთან ერთად საზღვარგარეთ წასვლა შემომთავაზა, არც მიყოყმანია, ისე დავთანხმდი. ჩემი მეგობარი მანქანის ჩამოსაყვანად მიდიოდა საფრანგეთში, თავის ბიძაშვილთან, ფრანგულის ინჩი-ბინჩი არ გაეგებოდა და ამიტომ თავისთან ერთად წასვლა შემომთავაზა. ფრანგულ ლიცეუმში ვსწავლობდი, მერე უნივერსიტეტში გავდიოდი კურსებს, და თუმცა მანამდე საფრანგეთში ნამყოფი არ ვიყავი, ენა ძალიან კარგად ვიცი. ვიფიქრე, ოღონდ წავიდე და არალეგალურად დავრჩები-მეთქი. დასაკარგი ან რა მქონდა! მზად ვიყავი, ცარიელი ფოთლებიც კი მეჭამა და ტყეშიაც კი მეცხოვრა, ოღონდ სააკაშვილის საქართველოს, ამ არაადამიანობის და ნაციზმის ბუდეს გავრიდებოდი, გავრიდებოდი იმ ხალხს, ყველა არჩევნებში სააკაშვილს რომ აძლევდა ხმას, წავსულიყავი, დამევიწყებინა ეს ენითაუწერელი კოშმარი, სახელად საქართველო.

საბუთები როგორც იქნა მოვაწესრიგეთ და სტამბულიდან რომში ჩავფრინდით, იქიდან კი მარსელში გადავედით მატარებლით. სწორედ მარსელში ცხოვრობდა ჩემი მეგობრის, თორნიკეს ბიძაშვილი. თორნიკე პატარა ბავშვივით მყავდა ჩამოკიდებული სახელოზე და უამრავი უაზრო შეკითხვით თავს მაბეზრებდა. როცა მოსაღამოვდა, ჩვენმა მასპინძლებმა სუფრა გაშალეს, მე კი დაღლილობა მოვიმიზეზე, ჩემთვის ცალკე გამოყოფილ საძინებელ ოთახში განვმარტოვდი, იქიდან კი სახანძრო კიბით ქუჩაში აღმოვჩნდი. საღამოს ათი საათი იქნებოდა. შვებით ამოვისუნთქე, რომ ჩემი ძველი მეგობარი ჩამომშორდა და თავისუფლებით აღტკინებულმა და გახარებულმა ქალაქის თვალიერება დავიწყე. დავსეირნობდი ღამის მარსელის ქუჩებში, ვიყნოსავდი მანქანების გამონაბოლქვში არეულ ზღვის იოდიან სურნელს, ვათვალიერებდი შენობებს, ვკითხულობდი ათასგვარ სულელურად განათებულ სარეკლამო აბრას, ჯიბეში ვაჩხრიალებდი ხურდებს და ვფიქრობდი, საით წავსულიყავი. უცებ ჩემი ყურადღება ვეტერინარული კლინიკის აბრამ მიიპყრო. ცხოველები ყოველთვის ძალიან მიყვარდა, განსაკუთრებით, ძაღლები, ამიტომ კლინიკის შესასვლელთან, აბრაზე გამოსახულმა უზარმაზარმა, ალერსიანმა თეთრმა ლაბრადორმა ისე გამახალისა, თითქოს დიდი ხნით უნახავ მეგობარს შევხვედროდი. უცებ სრულიად უცხო ქალაქი სულაც აღარ იყო ჩემთვის უცხო. ვეტერინარულ კლინიკაში ყოველთვის არიან ძაღლები და მათი პატრონები, რომლებთანაც ძაღლებზე ლაპარაკი შეიძლება (ეს ის თემაა, რაზეც უსასრულოდ შემიძლია ვისაუბრო), ამიტომ – თუმცა საქმე არაფერი მქონდა – კლინიკის ზღურბლს გადავაბიჯე და შენობაში შევედი. კარგად განათებული დერეფანი ცარიელი იყო, შენობაში იდგა იოდის, ქაფურის სპირტის და ძაღლების სურნელი, შევაღე ერთ-ერთი პალატის კარი და დავინახე საოპერაციო მაგიდაზე მწოლიარე ბებერი მასტიფი, რომელიც უზომო სევდით აღსავსე თვალებით ათვალიერებდა მომწვანო-მოცისფრო ფერის გარემოს. ალბათ ძვალზე ფიქრობდა ან წარსულზე, რომელიც ხელიდან გამოეცალა. ბედნიერი. საქართველოში ხომ ყოველთვის მშურდა ძაღლების...

"აქ არ შეიძლება, გარეთ მოიცადეთ," მითხრა ასე ჩვიდმეტიოდე წლის გოგონამ, რომელიც მეზობელი ოთახიდან მაშინ გამოვიდა, როცა კარის ხმა გაიგონა. ის ზღაპრულად ლამაზი იყო, ნამდვილი მზეთუნახავი. საქართველოში მიჩვეული ვიყავი მარტოობას და ძაღლზე ათასჯერ უარეს ცხოვრებას, ამიტომ გულშიაც კი არ გამივლია, რომ ასეთი კარგი გარეგნობის ადამიანს ოდესმე მოვეწონებოდი (მითუმეტეს, რომ მე უკვე ორჯერ უფროსი ვიყავი მასზე), ამიტომ მორცხვად განზე გავდექი, კარისკენ შევბრუნდი და ის-ის იყო, წასვლა დავაპირე, რომ უკნიდან ხმა მომესმა:

"არ წახვიდეთ, მოიცადეთ. ოპერაცია თორმეტზეა დაგეგმილი, მანამდე კი დრო გვაქვს... თქვენ უცხოელი ბრძანდებით?"

"კი," ვუპასუხე მე.

ის მოვიდა, ჩემს სიახლოვეს, სკამზე ჩამოჯდა და გაცნობის ნიშნად ხელი გამომიწოდა. მე საკუთარ ხელში მოვიქციე მისი თბილი, მშვენიერი, თხელი და რბილი თითები. ტანში ჟრუანტელმა დამიარა.

"ალბათ ძაღლების მოყვარული ბრძანდებით, არა?" მკითხა მან და ამიხსნა, რომ ჟანინა ერქვა. მოხალისე იყო და ვეტერინარულ კლინიკაში საკუთარი სურვილით მუშაობდა. ჩვენ ძაღლებზე ვსაუბრობთ, ის კი უცებ მეკითხება: "ხვალ, ასე რვა საათისთვის რას აპირებთ? საქმე გაქვთ? ჩემი აზრით ძალიან სიმპათიური ბრძანდებით და მე თქვენ მომწონხართ. იქნებ სადმე გვევახშმა ერთად?!"

განცვიფრებისაგან ენა მუცელში ჩამივარდა და რაღაც ამოვილუღლუღე თანხმობის ნიშნად. მერე, როგორც იქნა, აზრზე მოვედი და ჩვენ საუბარი განვაგრძეთ უკვე ბალზაკზე, მერიმეზე, მოპასანზე, აბატ პრევოზე, ფრანსზე, სარტრზე, კამიუზე... ის სულ უფრო მეტ შეკითხვას მისვამდა და მეც ვპასუხობდი და ვპასუხობდი... ორიოდე საათში, როცა ვეტერინარები საოპერაციოში შემოვიდნენ, თავი უკვე ისე ვიგრძენი, როგორც არსად არასოდეს, და ჟანინას ვთხოვე, "ოპერაციის დასრულებამდე მოსაცდელში დაგელოდები-მეთქი." მან თავი დამიქნია და ალერსიანად გამიღიმა. ღამის ოთხ საათზე უკვე მის სახლთან აღმოვჩნდი, რომელიც მარსელის გარეუბანში მდებარეობდა. ვერც ვიჯერებდი, რაც ჩემს თავს ხდებოდა, მაგრამ ისე თამამად ვიყავი, რომ ასეთი სითამამე ცხოვრებაში არ მიგრძვნია. წარმოუდგენელია, 17 წლის ასაკის ქართველმა გოგომ 34 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში მიიყვანოს, როგორი მახინჯიც არ უნდა იყოს ეს გოგო, თუ საერთოდ გამოელაპარაკება მას...

მოკლედ, ჩვენ ის ღამე ერთად გავატარეთ და ერთმანეთთან გავაკეთეთ ყველაფერი ის, რაზეც საქართველოში არცერთი თავმოყვარეობაშელახული მეძავი დაგთანხმდება... ხანდახან, როცა განსაკუთრებით ვიღლებოდი, ვუყვებოდი ჩემი ცხოვრების ისტორიებს, ვუყვებოდი რამდენიმე დღის მანძილზე და ბოლოს, მესამე თუ მეოთხე დღეს ჩვენ ერთად წავედით ფსიქორეაბილიტაციის ცენტრში... ჟანინას მდიდარი მამა ჰყავდა, გაცნობის მეორე დღესვე გავიცანი ის და ჩემი ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის სეანსიც მანვე დააფინანსა, თორემ ჩემი დაზღვევა ნამდვილად არ გულისხმობდა ასეთ "ფუფუნებას," თუმცა ყველაზე კარგი ფსიქორეაბილიტაცია მაინც ჟანინას სიყვარული იყო და არის.

დღეს უკვე მარსელში ვცხოვრობ, ჟანინა ჩემი მეუღლეა, მაგრამ ჩემი მონა სულაც არ არის და მე სულაც არ ვეწინააღმდეგები მის ძალიან მრავალფეროვან და საინტერესო პირად ცხოვრებას ჩემი მონაწილეობით თუ ჩემს გარეშე.

...ხანდახან, ძალიან იშვიათად, ძილში მახსენდება ხოლმე საქართველო, მახსენდება უკვალოდ გამქრალი, გამაოგნებლად უაზრო და უშინაარსო ქართულ ყოველდღიურობაში უსიყვარულოდ დაღუპული ჩემი ახალგაზრდობის წლები, საბჭოთა საქართველო, მხედრიონის და შევარდნაძის საქართველო, სააკაშვილის საქართველო, ყოველთვის სხვათა და სხვათა საქართველო – უსიყვარულობის, არაადამიანობის, ნეხვის, ჭიების, ჭორების და მატლების ჯოჯოხეთური ბუდე და ასეთ დროს სამშობლოს გახსენებაზე ყოველთვის დაფეთებული და თავზარდაცემული ვახელ ხოლმე თვალს.



ფოტო: Fotolia

17.04.2013

 

 

 

მთავარი

ბიოგრაფია

ნაწარმოებები

დაკავშირება

 

 

შეიძინეთ რომანი "ჭენება" საქართველოს მაღაზიებში

 
 
Copyright © David Chutlashvili. Alle Rechte vorbehalten