უმკაცრესი სასჯელი

მე ვერა და ვერ ვივიწყებ მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთ გამოსვლას საერთაშორისო ტრიბუნაზე, სადაც მან უკლებლივ ყველა ოპოზიციონერი ბნელებად და კონსერვატორებად მოგვიხსენია, ხოლო "ნაცმო" დემოკრატიისა და თავისუფლების შუქურად. "ნაცმო" როგორი "შუქურაც" არის, კარგად ჩანს საქართველოში გამეფებული ტოტალური სექსიზმის ფონზე. სექსიზმი არ არის მხოლოდ ცალსახა მოვლენა, მხოლოდ განცხადებებითა და დეკლარაციებით მასთან ბრძოლა, როცა ამ განცხადებების და დეკლარაციების მიღმა მიჩქმალული რეალობა სრულიად სხვაა, შედეგს ვერ მოგვიტანს. "ნაცმომ" საქართველოში ბევრ მცირე კარგთან ერთად, რაც ამ პარტიამ უდავოდ გააკეთა და რასაც მე თითქმის ვერც ვამჩნევ, დანერგა შიშის სინდრომი, ტოტალური უნდობლობა, ანტიჰუმანიზმი, ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებები ეწევიან ძალის კულტის პროპაგანდას, ამკვიდრებენ სექსისტურ კლიშეებსა და სტერეოტიპებს, ეს კი ის საქციელია, რაც გაცხადებულის საპირისპიროზე მიუთითებს; თუნდაც მხოლოდ 2012 წლის 17 მაისის ლგბტქ-აქციის დარბევა კარგად აჩენს რეჟიმის არაადამიანურ სახეს. ადამიანებს უნდა უყვარდეთ ერთმანეთი, მე კი მწამს და მჯერა, რომ სიყვარული ყველაზე უკეთ განათლებულ და თავისუფალ ადამიანებს შეუძლიათ. ადამიანი, რომელიც დატერორებულია, რომელსაც ძვალსა და რბილში აქვს გამჯდარი შიში (რაც დიდწილად ერთის მხრივ, სიბნელის და უმეცრების შედეგია, ხოლო მეორეს მხრივ თავად არის კიდეც სიბნელის და უმეცრების განმაპირობებელი ფაქტორი) და უნდობლობა, ადამიანი, რომელსაც უბიძგებენ, იყოს არაჰუმანური, ადამიანი, რომელსაც ასწავლიან, რომ სექსი ცოდვა და სირცხვილია, ძალაუნებურად ყალიბდება სექსისტად და ცდილობს, საკუთარი ბოღმა უმცირესობებზე გადმოანთხიოს. სწორედ ეს არის ნეობოლშევიზმი. ზუსტად ასევე სტალინი სტალინისტური სისტემის არაეფექტურობით გამოწვეულ ეკონომიკურ წარუმატებლობებს უდანაშაულოებს აბრალებდა და სჯიდა ყველაზე სუსტ და დაუცველ ხალხს. ჩვენ უნდა ვეცადოთ, საკუთარ თავებში დავამარცხოთ სტალინი. ეს რეჟიმი, რომელიც თითქოს ერთი შეხედვით იბრძვის ქალების და სხვა სექსუალური უმცირესობების უფლებებისათვის, თავად არის მათი უუფლებობის მთავარი სულისჩამდგმელი. მრავალფეროვნება არ არსებობს საქართველოში. თვით ის ადამიანებიც კი, რომლებიც ბევრს წერენ და ლაპარაკობენ სექსუალური უმცირესობების უფლებებზე და რომლებიც იბრძვიან ქალებისა და სექსუალური უმცირესობების გასანთავისუფლებლად სირცხვილის მარწუხებისაგან, საუბედუროდ ძალიან ხშირად დიდად არაფრით განსხვავდებიან ერთგვაროვანი მასისაგან. წარმოიდგინეთ, რა საშინელება იქნებოდა, სუპერმარკეტში რომ შეხვიდეთ და თაროებზე ერთი და იგივე საკვები და სასმელი იდოს მხოლოდ, ბიბლიოთეკეში რომ შეხვიდეთ და ერთი და იგივე წიგნი იდოს თაროებზე, ინტერნეტში რომ შეხვიდეთ და ერთიდაიგივე ფილმი იდოს ყველა საიტზე, ერთადერთი ვებგვერდი არსებობდეს მხოლოდ, ყველა სახლი რომ ერთმანეთს ჰგავდეს, ყველა ერთსადაიმავე ტანსაცმელში იყოს გამოწყობილი და ყველას ერთნაირი გარეგნობა ჰქონდეს. ჩემი გადმოსახედიდან სწორედ ასეთი ცხოვრებაა დღეს. არავითარი ორიგინალურობა, ყველა და ყველაფერი რუტინიზებულია, არ არსებობს განსხვავებები. ჩვენ ხშირად გვიკიჟინებენ, რომ ვერ ვხედავთ და არ გვინდა დავინახოთ ისინი, მაგრამ ეს განსხვავებები სინამდვილეში მართლაც არ არსებობს. აი, მე მაგალითად, განსხვავებული ადამიანი ვარ, მე ამოვარდნილი ვარ წყობიდან, ამიტომ სხვა ადამიანებთან ურთიერთობის შედეგად ვერ ვიღებ რაიმე სიამოვნებას, ჩემთვის ასეთი ურთიერთობები, ურთიერთობები ჩემგან სრულიად განსხვავებულ ხალხთან, უკიდურესად დამღლელი და დამთრგუნველია და მე იძულებული ვარ, ავიტანო ამხელა სასჯელი, სასჯელი, რომელიც მე დამეკისრა ჩემი ცნობისმოყვარეობის გამო, მესწავლა და გამეგო უფრო მეტი ცხოვრების შესახებ; მე მყავს კატასტროფულად ცოტა მეგობარი, სულ რამდენიმე ადამიანი, და ეს ადამიანებიც ვერ ავსებენ ჩემს დეფიციტს ადამიანური ურთიერთობებისა, ბოლომდე ამ ადამიანებსაც არ ესმით ჩემი (არ მინდა, ეს უმადურობაში ჩამომართვან ჩემმა მეგობრებმა. მე მართლაც ძალიან კარგი მეგობრები მყავს იმ ფონზე, როგორი ხალხიც გარშემო ცხოვრობს და უზომოდ მადლიერი ვარ მათი იმ სითბოსა და ყურადღებისათვის, რასაც ჩემს მიმართ ისინი გასცემენ) და მე იძულებული ვარ, ვიცხოვრო ჩემთვის ინტელექტუალური თვალსაზრისით აბსოლუტურად უცხო და მტრულ გარემოში.



ფოტო: Fotolia

14.08.2012

 

 

 

მთავარი

ბიოგრაფია

ნაწარმოებები

დაკავშირება

 

 

შეიძინეთ რომანი "ჭენება" საქართველოს მაღაზიებში

 
 
Copyright © David Chutlashvili. Alle Rechte vorbehalten