სტერეოტიპები და სიმართლე

დღეს აურაცხელი სტერეოტიპი არსებობს, ხოლო სტერეოტიპების არსებობა ბევრისათვის სასურველია. სტერეოტიპები სასურველია მათთვის, ვისაც ადამიანებით მანიპულირება სურს, მათთვის, ვისაც სურს, ადამიანი ცხოველს ჰგავდეს. აქ მე შევეცდები, განვიხილო რამდენიმე აქტუალური სტერეოტიპი; პირველი ეხება სექსისა და სექსუალური ცხოვრების დემონიზაცია-ანიმალიზაციას. ბევრისათვის დღეს სექსი სამწუხაროდ მართლაც ჯოჯოხეთური და ცხოველური აქტია. სექსუალური ადამიანი გაიგივებულია ბოროტებასთან, სექსუალური ადამიანი გაიგივებულია ცხოველთან, მის ინტელექტუალურ შესაძლებლობებში ეჭვი შეაქვთ, ცდილობენ მის მოტყუებას და ფიქრობენ, რომ ადვილად მოახერხებენ ამას. არადა, როგორც კვლევებმა დაადასტურა, სინამდვილეში ყველაზე მაღალი ინტელექტის მქონენი ისინი არიან, ვისაც აქვს ინტენსიური, თავისუფალი და ხარისხიანი სექსუალური ცხოვრება. სექსი გაცილებით უფრო მეტად ადამიანურია, ვიდრე ცხოველური. კარლ მარქსი ამბობდა, შრომამ შექმნაო ადამიანი. სინამდვილეში ადამიანი სექსმა შექმნა. ვიცი, ახლა ბევრი გაიცინებს ჩემს სიტყვებზე, მაგრამ მართლაც ადამიანი წარმოიშობა არამხოლოდ საკუთარი მშობლების მიერ განხორციელებული სექსუალური აქტის შედეგად, არამედ საკუთრივ ადამიანის ევოლუცია და მისი ჩამოყალიბება თანამედროვე სახით სექსის შედეგია. ადამიანის სხეული და გონება არის სექსუალური ევოლუციის შედეგი. სამყაროში არსებობს მხოლოდ ორი არსება, რომლებსაც სექსი სიამოვნებას ანიჭებს: დელფინი და ადამიანი. ორივე ეს არსება მკვეთრად გამოირჩევა დანარჩენი არსებებისაგან მაღალი ინტელექტით. ინტენსიური და თავისუფალი სექსი ზრდის ადამიანის აზროვნების უნარს, ეხმარება მას სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში, ამიტომ შემთხვევითი სულაც არაა, რომ თანამედროვე სამყაროში რომელიმე ქვეყნის დემოკრატიულობის და განვითარებულობის ხარისხზე იმის მიხედვით მსჯელობენ, რამდენად თავისუფალია ამ ქვეყანაში სექსი, რეალურად არსებობს თუ არა გენდერული თანასწორობა სექსში, სოციალურ-სამართლებრივ და ყოფით დონეზე, და რამდენად კარგად გრძნობენ თავებს ქალები და სხვა სექსუალური უმცირესობები იქ. ხოლო სექსის დემონიზაცია იმის შედეგია, რომ ბევრს გაუკუღმართებული წარმოდგენები აქვს სიკეთესა და ბოროტებაზე; სამწუხაროდ ხშირად ყველაზე კეთილ და სამართლიან ადამიანებს ბრბო ბოროტ არსებებად აღიქვამს, ხოლო პირიქით, ბოროტ და უსამართლო ხალხს სიკეთის განსახიერებად.

მეორე სტერეოტიპი მდგომარეობს იმაში, რომ "ადამიანი მონოგამიური არსებაა." მითი ადამიანის მონოგამიურობის შესახებ პატრიარქატმა მას შემდეგ შექმნა, რაც მამაკაცები მხვდნენ, რომ ბავშვი ქალის მუცელში გაზაფხულის წვიმების შედეგად კი არა, მათი ძალისხმევის შედეგად ისახებოდა. მამაკაცისათვის აუცილებელი იყო საკუთარი მამობის დადგენა, და ეს მიზეზი იმდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მამაკაცებისათვის, რომ მათ უარი თქვეს თავისუფალ სექსზე. პრიმიტიული რელიგიური წარმოსახვების თანახმად, რაც მთელ კაცობრიობას განვითარების ადრეულ ეტაპზე ჰქონდა, ადამიანებს გულუბრყვილოდ მიაჩნდათ, რომ გარდაცვალების შემდეგ მათი სულები მათივე სიკვდილის შემდეგ შვილების სხეულებში ჩასახლდებოდა და ისინი ამ ფორმით გააგრძელებდნენ არსებობას. ასე რომ, მამრმა ჰომო საპიენსმა "უკვდავების" იდეას თავისუფლება შესწირა მსხვერპლად. დღესაც, როცა რელიგია მძვინვარებს, ბევრი ადამიანი მზადაა, ოღონდ გადარჩეს და თუნდაც ყველაზე უსუსურ და თავისუფლებადაკარგულ არსებად იქცეს. ბევრმა საუბედუროდ ჯერაც არ იცის, რომ სწორედ თავისუფლების დაკარგვა ნიშნავს სიკვდილს.

მესამე სტერეოტიპი, რისი განხილვაც აქ მსურს, ისაა, რომ ქალები ფიქრობენ, რომ ჩვენ, მამაკაცებს, ცივი, არაგულწრფელი და მორცხვი ქალები მოგვწონს, ანუ ისეთი ქალები, რომლებიც არ იჩენენ სექსში ინიციატივას. არადა, სინამდვილეში საქმე პირიქით არის; პირიქით, ჩვენ, მამაკაცებს აქტიური, თბილი, გულახდილი და უსირცხვილო ქალები მოგვწონს. ჩემსა და ბევრ სხვა მამაკაცს შორის განსხვავება ისაა, რომ მე აქტიურ, თბილ, გულახდილ და უსირცხვილო ქალებს ადამიანებად აღვიქვამ, უფრო მეტიც, საუკეთესო ადამიანებად აღვიქვამ და აღფრთოვანებული ვარ მათით, ხოლო ბევრი მამაკაცი მათ ჩემგან განსხვავებით საუბედუროდ "ნაშებად" აღიქვამს. ეს ის მამაკაცები არიან, რომლებსაც არავითარი ძალაუფლება და გავლენა გააჩნიათ. ეს სუსტი მამაკაცები არიან, რომლებიც წიწილებივით ეფარებიან "საზოგადოებას" მის ფრთებქვეშ. ესენი ტიპიური "დედიკოს ბიჭები" არიან, პატრიარქატის მშიშარა და აგრესიული შვილები, რომლებიც ამ აგრესიით ცდილობენ მათივე სიმხდალის დაფარვას. ამასწინათ მწერალმა და პუბლიცისტმა ირაკლი კაკაბაძემ ბრალი დამდო იმაში, რომ თურმე მე სამყაროს მბრძანებლობა მინდა. ის ძალიან სუსტი მწერალია საიმისოდ იცოდეს, რომ კარგი მწერლები და მოაზროვნეები ისედაც უკვე არიან სამყაროს მბრძანებლები და კარგ მწერლებსა და მოაზროვნეებს უკვე თავისთავად აქვთ უზარმაზარი ძალაუფლება, რისი წართმევაც მათთვის არავის შეუძლია.



ფოტო: Joachimgraf.com

14.08.2012

 

 

 

მთავარი

ბიოგრაფია

ნაწარმოებები

დაკავშირება

 

 

შეიძინეთ რომანი "ჭენება" საქართველოს მაღაზიებში

 
 
Copyright © David Chutlashvili. Alle Rechte vorbehalten