ნეოსტალინიზმი ანუ უკანონობის დაკანონება

მიხეილ სააკაშვილი მუდმივად იმეორებდა, რომ მაღალი თანამდებობის პირებისათვის მაღალი ხელფასების და პრემიების მიცემა საჭირო იყო იმისათვის, რათა აღმოფხვრილიყო კორუფცია და მაღალი თანამდებობის პირებს "ხელი არ წასცდენოდათ" ქრთამის ასაღებად. სინამდვილეში, როგორც პრაქტიკამ გვიჩვენა, ყველაზე მაღალი თანამდებობის პირები ამავე დროს ყველაზე მეტად იყვნენ კორუმპირებულები და ძალიან მაღალ ხელფასებსა და პრემიებთან ერთად სხვადასხვა კორუფციულ გარიგებებშიაც იყვნენ გახვეულები, რაზეც აქტიურად იწერებოდა, მათ შორის ასევე ჩემს მიერ. საქმე იმაშია, რომ სააკაშვილი მაღალი ხელფასების და პრემიების, როგორც კორუფციის აღმოფხვრის ერთ-ერთი მექანიზმის შესახებ საავტორო უფლებას იჩემებდა და თავისად ასაღებდა. სინამდვილეში ეს იდეა მას არ ეკუთვნის. იდეა ეკუთვნის სულ სხვა ქართველს, სტალინს, იგივე იოსებ ჯუღაშვილს. სწორედ სტალინი იყო ის, ვის დროსაც სხვადასხვა მოხელეები თუ "ხელოვანები" ასჯერ და მეტჯერ მაღალ შრომის ანაზღაურებას იღებდნენ, ვიდრე უბრალო მუშები, გლეხები და მასწავლებლები, რომლებიც ძალიან დაბალ ანაზღაურებას იღებდნენ და ენითუთქმელ სიდუხჭირეში ცხოვრობდნენ (იხ. ანდრე ჟიდი, „Retour de l'URSS“).

თავისთავად ის ფაქტი, რომ ვიღაცას ძალიან მაღალი ხელფასი აქვს, ჩემში პროტესტის გრძნობას არ იწვევს; მე არ განვეკუთვნები "სიღარიბის სათნოების" მქადაგებელთა და ასკეტური ცხოვრების მოყვარულთა კატეგორიას და მიმაჩნია, რომ მაღალი ხელფასები და პრემიები ნამდვილად არის კორუფციისაგან დაცვის ერთ-ერთი ძალიან ეფექტური მექანიზმი, მაგრამ არა იმ გაგებით, როგორც ეს მ. სააკაშვილს მიაჩნდა; განსხვავება საქართველოში დღეს არსებულ ხელფასებს შორის იმდენად აღმაშფოთებელია, სტალინიზმს და სტალინის ერას რომ თავი დავანებოთ, ძალაუნებურად იწვევს ძალიან სერიოზულ ასოციაციებს შუასაუკუნეების სინამდვილესა და ფეოდალიზმთან. მე უკიდურესად სამარცხვინოდ და აღმაშფოთებლად მიმაჩნია ის ფაქტი, რომ მაგალითად, სახალხო დამცველი საქართველოში თვეში მხოლოდ ხელფასის სახით 10 000 ლარზე მეტს იღებს, დაახლოებით ერთ ამდენს კიდევ პრემიის სახით, ხოლო ჭიათურმანგანუმის მუშა, რომელიც მუშაობს გაუსაძლის და უკიდურესად არაადამიანურ შრომით პირობებში, ამაზე დაახლოებით 80-ჯერ ნაკლებს იღებს, 80-ჯერ და მეტჯერ ნაკლებს იღებენ ასევე სუპერმარკეტის თანამშრომლები, 200-ჯერ და მეტჯერ ნაკლებს -- მასწავლებლები, გლეხები, პენსიონერები და ა. შ. და თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, ის მოხელე, რომელიც თავისი მუშაობის 5 წლის თავზე ოფიციალურად უკვე მილიონერი ხდება (პარლამენტის მიერ სწორედ ამ ვადით ირჩევა სახალხო დამცველი), ამ ადამიანების უფლებებს ეფექტურად დაიცავს?! ეფექტურად დაიცავს ადამიანის შრომით, სოციალურ და სხვა ძირითად უფლებებს პარლამენტის წევრი, რომელსაც თვეში 10 000 ლარი აქვს შემოსავალი, ეფექტურად დაიცავს ადამიანის შრომით, სოციალურ და სხვა ძირითად უფლებებს ის მინისტრი თუ მინისტრის მოადგილე, რომელიც ასევე უზარმაზარ ანაზღაურებას იღებს საკუთარ შრომაში მაშინ, როცა ასობით ათას ადამიანს ქვეყანაში გროშებს უხდიან?! ქვეყანა თუ გაჭირვებულია, მხოლოდ პენსიონერებისათვის, მასწავლებლებისათვის, გლეხებისათვის, მუშებისათვის, გამყიდველებისათვის, მოლარეებისათვის და ექთნებისათვის უნდა იყოს ღარიბი და გაჭირვებული თუ ყ ვ ე ლ ა ს ა თ ვ ი ს???!!! სააკაშვილმა უზარმაზარი რეზიდენცია აიშენა, შეხდეთ მის რეზიდენციას, შეხედეთ მის თვითმფრინავს, მის ავტომანქანებს, შეხდეთ, როგორ ცხოვრობს ის. მე მახსოვს, როგორ დაიწვა თავი სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილმა ერთმა უბედურმა ლტოლვილმა, რომელიც ავსტრიაში, ტრაიზკირხენის ლტოლვილთა ბანაკში 320 ევროს იღებდა შემწეობად (სხვათა შორის კვების, ჯანდაცვის და ბინით უზრუნველყოფის გარდა). საქართველოში რამდენი მილიონი ადამიანი არის მზად, იგივე ანაზღაურების სანაცვლოდ იმუშაოს, იმუშაოს თუნდაც დაცემამდე???!!! და ამ პირობებში 10 000-ლარიანი ხელფასები და 20 000-ლარიანი შემოსავლები რა არის, თუ არა გამაოგნებელი სიველურის, უკიდურესი პრიმიტივიზმის და ენითგამოუთქმელი ბარბაროსობის გამოხატულება?! რას ასწავლიდით თქვენ, თქვე უბედურებო ამით ახალგაზრდა ადამიანებს?!

მე მესმის, რომ ყველაფერი სწრაფად ვერ გამოსწორდება, რომ დროა საჭირო ახალი ხელისუფლებისათვის, მაგრამ სოციალური განსხვავებები ადამიანებს შორის განუხრელად და მაქსიმალურად სწრაფად უნდა შემცირდეს; მდიდრებმა სულ უფრო მეტი გადასახადები უნდა გადაიხადონ და დაეხმარონ ღარიბებს; უპირველეს ყოვლისა გადაუდებლად უნდა შემცირდეს საშემოსავლო განსხვავებები სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებს შორის. მე ასევე მესმის, რომ სახალხო დამცველს, მინისტრს, გუბერნატორს, პარლამენტის თუ საკრებულოს წევრს ერთის მხრივ, ხოლო მასწავლებელს, მუშას, გლეხს თუ მოლარე-ოპერატორს მეორეს მხრივ, მსგავსი შემოსავლები ვერ ექნებათ და არც უნდა ჰქონდეთ, მინისტრებს, გუბერნატორებს, პარლამენტის წევრებს თუ სახალხო დამცველს უფრო მეტი შემოსავლები უნდა ჰქონდეთ, მაგრამ ერთის მხრივ ასეთი გაზულუქება, ხოლო მეორეს მხრივ ასეთი ჩაგვრა, სიდუხჭირე და ტანჯვა სამარცხვინოა ჩვენი ქვეყნისათვის და ყველა უცხოელს დაუკარგავს ყოველგვარ შთაბეჭდილებას იმ ქართულ კულტურაზე, რომლითაც ყველა ჩვენთაგანი ვამაყობთ. ყველას უნდა ესმოდეს, რომ მსგავსი დიფერენციაციები შემოსავლებს შორის და ათმაგი თუ მეტი განსხვავება ხელფასებს თუ პრემიებს შორის გულისამრევად ამაზრზენია და კიდევ ერთხელ მიუთითებს ქვეყნის სიველურესა და უკიდურეს ჩამორჩენაზე სწორედაც კულტურული თვალსაზრისით იმიტომ, რომ სოლიდარობის გრძნობის გარეშე დარჩენილი კულტურა აღარ არის კულტურა. მე, როგორც ქართველი მწერალი, საკუთარ უპირველეს მოვალეობად ვრაცხ, ხმა ავიმაღლო ამ საშინელების წინააღმდეგ, რომელიც არანაკლებ საშინელია (თუ საშინელება შეესაბამება იმას, რაც ვნახეთ), ვიდრე ციხის ცნობილი კადრები და ცოცხებით ადამიანების გაუპატიურება! ადამიანებს სასიკვდილოდ წირავდნენ, სამარცხვინო ხელფასებს უხდიდნენ და მერე, როცა შიმშილისაგან გაბრუებული ადამიანი წავიდოდა და ერთ ტომარა ფქვილს მოიპარავდა, იჭერდნენ და ცოცხით აუპატიურებდნენ და ამ ყველაფრის შემდეგ თურმე მიხეილ სააკაშვილი ყოფილა დემოკრატი და ბაჩო ახალაია პოლიტიკური დევნილი. ამაზე დიდი ცინიზმი რაღა შეიძლება იყოს?! ხომ გარბენინეთ არჩევნებზე!!! რამდენი დახარჯეთ, ჩემთვის არჩევნები რომ მოგეგოთ, ნახევარი მილიონი? თუ უფრო მეტი? გეგონათ, კანდიდატურას მოვხსნიდი და როცა დავმარცხდი, რომელიღაც ბინძურ ნაციონალს ხელს ჩამოვართმევდი? რომ იცოდეთ, როგორი ამაყი ვარ, თქვენთვის რომ ხმა არასოდეს მომიცია და მთელი ცხოვრება გებრძოდით. რომ იცოდეთ, როგორი ამაყი ვარ, მთელი ცხოვრება რომ ქუჩაში ვიდექი, ვწერდი და აგიტაციას ვეწეოდი და რომ იცოდეთ, როგორ მიყვარს ყველა ის ადამიანი, ვინც თქვენ ოდესმე გამხელდათ და გებრძოდათ. იყარა ჩვენი ჯავრი ბიძინა ივანიშვილმა თუ არა?! ბიძინა ივანიშვილზე თქვენ ენა როგორ გიბრუნდებათ, თქვენ ვისზე ან რაზე გაქვთ სალაპარაკო?! 80 წლის პენსიონერ ქალს რომ ციხეში დაიჭერს, თანაც, საეჭვო ბრალდებით, ისეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურას და სასამართლოს რა უნდა ველაპარაკო?! თქვენზე სამარცხვინო პარტია, ცოცხების ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე უფრო სამარცხვინო პარტია სამყაროში რომ არ არსებობს, იცით თქვენ ეს თუ არა?!

მოკლედ, მე აუცილებლად ძალიან ინტენსიურად დავაკვირდები ახლანდელი ხელისუფლების მოქმედებებს და დასკვნების სახით აუცილებლად გამოვაქვეყნებ. სახელფასო და საშემოსავლო განსხვავებები ადამიანებს შორის აუცილებლად უნდა შემცირდეს. ეს ზუსტად ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ქალთა და მამაკაცთა სრული რეალური თანასწორობა, სექსუალური თავისუფლება და სექსუალური უმცირესობების სხვებთან სრულიად თანასწორ და ღირსეულ ადამიანებად რეალური აღიარება.



ბრეიგელი. სიკვდილის ტრიუმფი

04.12.2012

 

 

 

მთავარი

ბიოგრაფია

ნაწარმოებები

დაკავშირება

 

 

შეიძინეთ რომანი "ჭენება" საქართველოს მაღაზიებში

 
 
Copyright © David Chutlashvili. Alle Rechte vorbehalten