სკეიტერები

ამასწინათ ერთ-ერთ თავის გამოსვლაში მიხეილ სააკაშვილმა უკმაყოფილება გამოთქვა ევროკავშირის ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობების მისამართით და თქვა, რომ ვიზების ასაღებად მისულ ქართველებს ევროკავშირის ქვეყნების სავიზო განყოფილებებში ადამიანურად არ ეპყრობიან, ღირსებას ულახავენ, საქართველოს მოქალაქეებს ხშირად დიდი ხნის მანძილზე ვიზის მისაღებად მოცდა უწევთ, მათ ხშირად ეუბნებიან უარს ვიზების გაცემაზე და ა. შ. სააკაშვილმა ამის საპირისპირო მაგალითად საქართველოს ბიუროკრატიული აპარატის გამართულობა და ოპერატიულობა მოიყვანა, სადაც ყველა საბუთი დროის უმცირეს მონაკვეთებში გაიცემა. ამით სააკაშვილს იმის თქმა სურდა, რომ "საქართველო ევროკავშირის ქვეყნებზე უფრო დემოკრატიულია," რაც პირადად ჩემთვის გამაოგნებელია. ჩემთვის გამაოგნებელია, თუ ყოველთვის როგორ წარბშეუხრელად შეუძლია ამ კაცს, ამტკიცოს ყოველგვარ საფუძველსმოკლებული სიცრუე და უაზრობა.

ევროკავშირს საქართველოსთან მართლაც უმკაცრესი სავიზო რეჟიმი აქვს. საქართველოს მოქალაქეებს მაშინაც კი ეუბნებიან უარს ვიზების მიღებაზე, როცა მათ ყველა საბუთი წესრიგში აქვთ (ვიზებზე უარის მაჩვენებელი აქ 17 %-ია, და ეს მაშინ, როცა ჩვენი მეზობელი სომხეთის მოქალაქეების 99 %-ს აძლევენ ვიზებს). შედარებისათვის ისიც კმარა, რომ უკრაინისა და თვით ლუკაშენკოს ბელორუსიის მოქალაქეებიც კი ძალიან მარტივად, საზღვარზევე იღებენ ევროკავშირის ვიზებს სპეციალური მცირე მოსაკრებლის გადახდის შემდეგ (ეს იმ ერთ-ერთმა ადამიანმა გააჟღერა, რომელიც ცოტა ხნის წინ დაბრუნდა ბელორუსიიდან), ყოველგვარი მოწვევებისა და იმ უამრავი სხვა საბუთის გარეშე, რასაც ევროკავშირი ვიზის ასაღებად მისულ საქართველოს მოქალაქეებს სთხოვს. ბელორუსიაში მეც ნამყოფი ვარ. ლუკაშენკოს ბელორუსია არაფრითაა საქართველოზე უარესი, პირიქით, გაცილებით უკეთესიც კია და წარმოიდგინეთ, რა საშინელ დღეში ვართ ჩავარდნილები ამ ურჩხულის, სააკაშვილის ხელში, რომ დიქტატორი ლუკაშენკოს ქვეყანაც კი საქართველოზე უკეთესია! ამიტომ ვიზების ამჟამინდელი უმკაცრესი რეჟიმის არსებობის ფაქტი ჩვენ უნდა აღვიქვათ, როგორც ევროკავშირის ოფიციალური პოზიცია და ამავე დროს სანქცია ქვეყნის უმწვავესი შიდა პრობლემების გამო, რაც საქართველოში დემოკრატიასა და ადამიანის ძირითად უფლებებს ექმნება, მათ შორის შრომის, გენდერული თანასწორობისა და სოციალური დაცვის კუთხით. ასე რომ, აქციების გამართვასა და პროტესტს ევროკავშირის ქვეყნების წინააღმდეგ აზრი არ აქვს. ვიზების არსებობა ევროკავშირის ქვეყნებთან მთლიანად ქვეყნის შიდა პრობლემაა, ევროკავშირი კი ამ ფაქტით, ვიზების არსებობის ფაქტით, თავისთავად უკვე უმწვავეს შეფასებას აძლევს ქვეყანაში მოქმედ რეჟიმს, რაც რადიკალურად განსხვავდება ტელეკომპანიების "იმედსა" და "რუსთავი 2"-ზე გაჟღერებული შეფასებებისაგან.

მე ევროკავშირის ქვეყნები არაერთხელ გამიკრიტიკებია. ევროკავშირი სულაც არ არის სრულყოფილი და მას უამრავი პრობლემა აქვს, მაგრამ ეს პრობლემები ოდნავაც ვერ მოვა ახლოს თავიანთი სიმწვავით იმ პრობლემებთან, რასაც ჩვენ, ქართველები ყოველდღიურად ვაწყდებით. მე ასევე ფიქრშიაც კი არ გამივლია ოდესმე, რომ ევროინტეგრაცია არასწორი გზაა. პირიქით, ეს არის ერთადერთი გზა, რომელსაც საქართველო უნდა დაადგეს, დაადგეს ადრე თუ გვიან. ჩვენ ბოლო 90 წლის მანძილზე სულ უფრო ვშორდებით ევროპას. შეგიძლიათ წაიკითხოთ მიხეილ ჯავახიშვილის წიგნები, და თქვენ დაინახავთ, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისის საქართველოში გაცილებით უფრო მცირე იყო კონტრასტები გენდერულ ნიადაგზე, მაშინდელი ქართველი ქალების სექსუალური თავისუფლების ხარისხიც გაცილებით უფრო მაღალი იყო, ვიდრე ის დღესაა. მაშინ ამ თვალსაზრისით არ არსებობდა მკვეთრი კონტრასტები ევროპის დანარჩენ ქვეყნებთან, დღეს კი არსებობს არა კონტრასტები, არამედ უკიდეგანო უფსკრული და ეს უფსკრული სულ უფრო ღრმავდება; ქართველები სულ უფრო შეუწყნარებლები ხდებიან განსხვავებული ცხოვრების წესით მაცხოვრებელი ადამიანების მიმართ, რაც პირდაპირ სააკაშვილის ნეობოლშევიკურ-ქსენოფობიური იდეოლოგიის ბრალია. ეს იდეოლოგია მიმართულია ქალების დამონებისა და მათი ყოველდღიური შეურაცხყოფისაკენ, რაზეც ტელეკომპანია "იმედზე" გასული გადაცემა "ქალური ლოგიკა" და სხვა ათასგვარი ბინძური გადაცემა, სტატია თუ პერფომანსი მეტყველებს, რასაც მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის კარის მაამებლები "ქმნიდნენ" ყოველთვის და რაც ჩვენ სულ უფრო გვაშორებს საერთოევროპულ ცხოვრების წესს. ჩვენ, ქართველებს რუსეთის ბოლშევიკურმა იმპერიამ მოგვარტყა იარლიყი, რომ აზიელები ვართ და ეს ბევრმა დაიჯერა. თავისთავად აზიელობაში ცუდი არაფერია, მაგრამ ჯერ ერთი, ჩვენ ევროპელები ვართ, და მეორეც, ცუდია ის სტერეოტიპი, რომელიც ბოლშევიკებს აზიის მიმართ გააჩნდათ, ის აზრი, რასაც ისინი სიტყვა "აზიელში" დებდნენ, რათა ხაზი გაესვათ რუსების, როგორც ევროპელების "მისიისათვის" რათა რუსები ქართველებთან შედარებით ცივილიზებულ და კულტურულ ხალხად წარმოჩენილიყვნენ, რომ "აზიელი ასეთი და ასეთი უნდა იყოს, ხოლო რადგან თქვენ, ქართველები აზიელები ხართ, უნდა იცხოვროთ ასე და ასე, ანუ, უნდა ცემოთ ჰომოსექსუალები და ქალები, რომლებსაც ბევრი სექსუალური პარტნიორი ჰყავთ და თავისუფალი სექსი აქვთ, არ უნდა აღიქვათ ისინი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად და ა. შ., ხოლო როცა კონფლიქტი მოგიხდებათ, ჩვენ, როგორც გაცილებით უფრო მაღალკულტურული ერი, ჩავერევით თქვენს შიდა საქმეებში და გადაგარჩენთ!"

P. S. ამ წერილის დაწერა ქვემოთნაჩვენებმა სურათმა შთამაგონა. სურათი 1910 წელსაა გადაღებული და კარგად ჩანს, თუ როგორ მშვიდად სეირნობენ სკეიტებით შუახნის მამაკაცები თბილისში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას. წარმომიდგენია, თუ რა რეაქცია ექნებოდათ თუნდაც ყველაზე "თანამედროვე" თბილისელებსაც კი, იგივე რომ დღეს რომელიმე შუახნის ადამიანს გაეკეთებინა -- სტვენას დაუწყებდნენ და წამსვე "შეშლილად" მონათლავდნენ, ხოლო "შეშლილის" იარლიყს ის მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ მოიშორებდა. აშკარაა, რომ საქართველო 1910 წელს გაცილებით უფრო თავისუფალი იყო, ვიდრე დღეს, 102 წლის შემდეგ "თავისუფალი და დამოუკიდებელი" საქართველოა, ხოლო ეს ფოტო და გარშემო არსებული უსაზარლესი სინამდვილე ჩემთვის შეუდარებლად უფრო მრავლისმეტყველია, ვიდრე ის არანაკლებ უსაზარლესი სიცრუე, რითაც "იმედი," "პირველი არხი," "რუსთავი 2" თუ სააკაშვილისა და ივანიშვილის რომელიმე ბინძური პროპაგანდისტული მანქანა ცდილობს ხალხის დაბეჩავებასა და მოტყუებას.



თბილისი. 1910 წელი

11.05.2012

 

 

 

მთავარი

ბიოგრაფია

ნაწარმოებები

დაკავშირება

 

 

შეიძინეთ რომანი "ჭენება" საქართველოს მაღაზიებში

 
 
Copyright © David Chutlashvili. Alle Rechte vorbehalten