სიამაყე

ოთახის სამარისებურ სიჩუმეს დიდი ხნის მანძილზე მხოლოდ ძველებური კედლის საათის წიკწიკი არღვევდა. მერე საათმა დარეკა -- მძიმე, მონოტონური ხმით, რასაც იატაკზე ბოთლის დაცემის ხმა მოჰყვა. ვიღაც შეირხა საწოლში და კარის მხარეს დატანებული ერთადერთი სარკმლიდან შემომავალ მძიმე ყვითელ შუქზე ახალგაზრდა მამაკაცის გაჩეჩილი თავი გამოჩნდა. მამაკაცი საწოლზე წამოჯდა, ზურგით ბალიშს მიეყრდნო, ხელით იატაკზე დაგდებული ბოთლი მოძებნა და ძირზე დარჩენილ სითხეს ხარბად დაეწაფა.

მამაკაცი რამდენიმე წუთს ასე იჯდა საწოლში -- გარინდებული და მზერაგაფანტული, დროდადრო ბოთლიდან არაყს სვამდა (უფრო სწორად, თვითონ ეგონა რომ სვამდა, თორემ სინამდვილეში აწ უკვე ტუჩებს ისველებდა მხოლოდ). მერე წამოდგა, სკამზე გადაკიდულ პერანგთან მივიდა, ჯიბიდან სიგარეტი, სანთებელა და მობილური ტელეფონი ამოიღო, ისევ საწოლში დაწვა და მობილურის ჩამრთველ ღილაკს დააჭირა.

ზარი დიდხანს გადიოდა, მაგრამ არავინ პასუხობდა. მერე მამაკაცმა სიგარეტს მოუკიდა და ჩაეძინა.

რამდენიმე ხანში მამაკაცს გაეღვიძა, უფრო სწორად, გააღვიძეს -- იგრძნო, ვიღაც ძლიერად ანჯღრევდა და თვალები უსიამოვნოდ გაახილა. ცხვირში მაშინვე კვამლის სუნი ეცა და სასწრაფოდ გამოფხიზლდა. დაინახა მისკენ დახრილი გრძელი თმა და ცხვირში სუნამოს ნაცნობი სურნელი ეცა. ბალიშისპირი და ლეიბის ნაწილი ამომწვარი იყო.

"კიდევ კარგი მოვედი, თორემ ცოტაც და, დაიღუპებოდი," თქვა ქალმა, "მოკლედ, შენასას არ იშლი, სულ სვამ..."

"ეს ალბათ გაუცნობიერებელი თვითმკვლელობა იყო," თქვა მამაკაცმა, "ეტყობა, თავის მოკვლა მინდოდა. გირეკავდი და არ მპასუხობდი. მეგონა უკვე დატოვე საქართველო."

"როცა დამირეკე სააბაზანოში ვიყავი გასული," თქვა ქალმა, "სანამ ტანსა და თმას გავიმშრალებდი, ზარი შეწყდა. მერე მე თვითონ გადმოგირეკე და რომ არ მიპასუხე, გადავწყვიტე ამოვსულიყავი, შემეშინდა, რამე სისულელე არ ჩაგედინა..."

"შენ ამას სისულელეს უწოდებ?" იკითხა მამაკაცმა და გაიცინა.

"კი, სისულელეა," თქვა ქალმა, "რონი, მინდა დაგეხმარო. წამოდი სინგაპურში. მამაჩემი ამბობს, რომ მზადაა შვილივით მიგიღოს."

"გვიანია უკვე," ხელი ჩაიქნია მამაკაცმა, "თანაც შენ კარგად იცი, როგორ მძულს სინგაპური. საზიზღარი ქალაქია. თავისუფლების ნატამალი არ არის იქ. დარდით მოვკვდები სინგაპურში."

"სამაგიეროდ საუკეთესო ბიზნესგარემოა," თავი გააქნია ქალმა, "ინვესტორებს იქ თავზე ევლებიან. მამაჩემმა გადაწყვიტა, სათამაშოების მთელი წარმოება ბელიზიდან სინგაპურში გადაიტანოს."

"...და სისხლი გაუშროს საბრალო მალაიზიელ და ჩინელ ემიგრანტებს," დაასკვნა მამაკაცმა.

"ვიცი, შენთვის ეს გაუგებარია, მაგრამ მეწარმე ყოველთვის ცდილობს, რაც შეიძლება ნაკლები გადაიხადოს დაქირავებულ მუშახელში," მედიდურად თქვა ქალმა, წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა. შემომავალ ყვითელ შუქზე თავისი მედიდურობით ის ნადირობის ქალღმერთ დალის ჰგავდა, კავკასიის მთების მშვენებას. ცოტა ხანს იდგა ფანჯარასთან, მერე ჩანთიდან სიგარეტი ამოიღო, მოუკიდა და საწოლის შუაში ჩამოჯდა.

"მამაჩემი არასოდეს დამრთავს ნებას, შენებური ცხოვრების წესით ვიცხოვრო," თქვა ქალმა, თითქოს საკუთარ თავს ელაპარაკებაო, "მას უნდა, რომ ყოველთვის გვერდით ვყავდე. ეჭვით მაინც რომ იცოდეს, რას ვაკეთებდით ხოლმე მე და შენ საწოლში, ინფარქტს მიიღებდა."

"გახსოვს, ერთმანეთი რომ გავიცანით საქველმოქმედო საღამოზე?" ჰკითხა მამაკაცმა, "მაშინ ორივე მთლად ბავშვები ვიყავით, ანრი ჯოხაძე მღეროდა, "მომატყუე, რომ გიყვარვარ ისევ..." მე შენ ხელი დაგადე მხარზე, ანი მეგონე, ჩემი ბიძაშვილი. უკნიდან საოცრად ჰგავხარ ანის. შენ ისეთი ყურადღებით უსმენდი იმ მომღერალს, რომ არ შეგინიშნავს, უცხო რომ ვიყავი და წელზე გამომდე ხელი."

"იმიტომ რომ მეც ჩემი მამიდაშვილი მეგონე, დათო," გაიცინა ქალმა, "სამაგიეროდ, როცა გავარკვიე ვინც იყავი ხომ დაგიბღვირე. მერე შენ მკითხე, შენი გაცნობა თუ შეიძლებაო და ივან ბუნინისა და ჰაინრიხ ბიოლის შემოქმედებაზე ვილაპარაკეთ. მაშინ მე ცხოვრებაში პირველად დავუტოვე უცხო ბიჭს საკუთარი ტელეფონის ნომერი და როცა დამირეკე, გიჟივით გამოვქანდი პაემანზე. ჩემი პირველი სექსიც კარგად მახსოვს შენთან. მერე მე თვეების მანძილზე მტანჯავდა სინდისი და გარყვნილი მეგონა საკუთარი თავი, სანამ კარგად გაგიცნობდი..." ქალმა ამოიოხრა და სიგარეტი საფერფლის ძირზე დააჭყლიტა, "რა მშვენიერი იყო ყველაფერი და რა კარგი, და რა გარყვნილი საყვარლები ვიყავით მე და შენ."

"კი, კარგი იყო," ამოიოხრა მამაკაცმა, "მეგონა, რომ ეს უსასრულოდ გაგრძელდებოდა და ჩვენ ერთმანეთისათვის სამუდამოდ დავრჩებოდით საყვარლებად. მაგრამ გაგვიგო მამაშენმა და აი, შედეგიც!"

"როცა აქ ამოვედი, საწოლი კვამლში ხრჩოლავდა. მეგონა, უკვე მოკვდი და თითქოს რაღაც შეტორტმანდა ჩემს ფეხქვეშ, თითქოს მიწა გამომეცალა. ცხოვრებამ უცებ დაკარგა აზრი ჩემთვის... მერე შეგატყე, რომ სუნთქავდი, წყალი გამოვიტანე და საწოლს დავასხი. დიდხანს, დიდხანს ახველებდი, სანამ გამოფხიზლებას შეძლებდი."

"ასე რომ, მივდივარ სინგაპურში," თქვა ქალმა და წამოდგა, "ყველა მივდივართ. ანიტა ბებოც მიგვყავს. მისთვის სულერთია, თბილისში იქნება თუ სინგაპურში. დრომ ყველა მოგონება წაუშალა გონებიდან, მხოლოდ ისღა ახსოვს, სათავადო მამულიდან ნესტიან სარდაფში რომ ჩაასახლეს. ხანდახან კითხულობს: "მოვიდა ის?" მე ვეკითხები: "ვინ ის, ანიტა ბებო?" და ის მპასუხობს: "წითელი კომისარი." ამასწინათ მამაჩემი -- საკუთარი შვილი ვეღარ იცნო. არ ვიცი, ვის მიამგვანა. ისტერიკაში ჩავარდა და ჩვენ სასწრაფოს გამოვუძახეთ."

"მე საქართველოში ვრჩები," თქვა მამაკაცმა, "აქედან გერმანია უფრო ახლოსაა და ხშირად შემიძლია ვიარო. არ წამოვალ სინგაპურში. თავისუფლების ნასახიც არ არსებობს იქ. თქვენ, ტრადიციული ქართველი ქალები მიეჩვიეთ, რომ ვიღაც მუხლებში გივარდებათ და სიყვარულსა და პატიებას გთხოვთ, მაგრამ ყველა არ არის ერთნაირი. ასე რომ, შეგიძლია დამშვიდებით წაბრძანდე იმ შენს დამპალ სინგაპურში და ჩემზე არ იდარდო."

"ეს შენი არჩევანია," თქვა ქალმა და წამოდგა. კიდევ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ სიჯიუტემ დასძლია და გადაიფიქრა. ის ცოტახანს კიდევ იდგა კართან (ეტყობა, ჯერ კიდევ ელოდა, რომ რონი მას მუხლებში ჩაუვარდებოდა), მაგრამ მერე ტირილი დაიწყო, კარი გამოხსნა და სიბნელეში გაუჩინარდა.

...მშვენიერი, ხალისიანი დილა იყო, როცა რონიმ იგრძნო, როგორ ეფერებოდა ვიღაც თმაზე და სიხარულისაგან თვალები გაუბრწყინდა, როცა ლარისა დაინახა.

"წავიდა ის ურჩხული?" ჰკითხა ლარისამ გერმანულად და გაიცინა. ლარისა საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურებოდა.

"კი, წავიდა," თავი დაუქნია რონიმ, "ახლა უკვე ისღა დამრჩენია, საფლავი გავუკეთო და ვიგლოვო მასზე. კიდევ კარგი, თვითონ ამოვიდა ჩემთან, მაგრამ ისე, რომ ღირსება არ შელახვია. არავინაა ღირსებაშელახულ ტრადიციულ ქართველ ქალზე უფრო საშიში. რა ბედნიერებაა, რომ ამქვეყნად არსებობს გერმანია, და ყველა ქვეყანა საქართველოსა და სინგაპურივით უბადრუკი არ არის, საქართველოსა და სინგაპურივით, სადაც ქალის სხეული მტრის ხატი და სათაყვანო კერპია, რომლითაც ვერასოდეს დატკბები, ხოლო ჰომოსექსუალიზმი ცოდვად არის მიჩნეული."

"საბრალო რონი," თქვა ლარისამ და ტუჩებში აკოცა, "მაგრამ მე მიყვარს საქართველო. დედაჩემიც ხომ ქართველია. ჩემთვის საქართველო შენ ხარ -- ის ნამდვილი საქართველო, რომელმაც 3000 წელი გაძლო და ქედი მტრის წინაშე არასოდეს მოუხრია."



ბოტიჩელი. ვენუსის დაბადება

10.05.2012

 

 

 

მთავარი

ბიოგრაფია

ნაწარმოებები

დაკავშირება

 

 

შეიძინეთ რომანი "ჭენება" საქართველოს მაღაზიებში

 
 
Copyright © David Chutlashvili. Alle Rechte vorbehalten