სიბნელე და სიცარიელე

(ჩემი რეაქცია ეკა მიშველაძის საავტორო გადაცემის დახურვასთან დაკავშირებით)

ცოტა ხნით ადრე, სანამ ტელევიზიებსა და მათ წამყვანებზე „ქართული ოცნების“ მხრიდან მასობრივი შეტევა დაიწყებოდა, რადიო „თავისუფლების“ ერთ-ერთი ბლოგერი წერდა, ძალიან კარგია, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ხელისუფლების წნეხისგან გათავისუფლდა და ჟურნალისტები ამ არხზე უკვე თავისუფლად სუნთქავენო, თუმცა ამ ბლოგის გამოქვეყნებიდან ორიოდე კვირის შემდეგ ეკა მიშველაძეს გადაცემა დაუხურეს, თანაც, სულაც არ უცდიათ ამ ფაქტის შელამაზება; პირდაპირ თქვეს, რადგან მიშველაძე ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის წევრის ახლობელია, ამას ამიტომ ვაკეთებთო.

არ მესმის, რატომ აღიქმება საქართველოში პოლიტიკური პარტიის წევრთან ახლობლობა მიკერძოებულობის და არაობიექტურობის უცილობელ წინაპირობად, მითუმეტეს მაშინ, როცა საქმე ქალებს ეხებათ. რატომ მიაჩნიათ საქართველოში (და ეს აზრი მხოლოდ პირწავარდნილ რეაქციონერებს და „ევროპა „გვაპიდარასტებს“ კატეგორიის არსებებს არ უჩნდებათ. ანალოგიურად სხვაც ბევრი ფიქრობს, მათ შორის, ძალიან „პროგრესულები“ და „წინ წასულებიც“), რომ ქალი აუცილებლად უნდა იზიარებდეს საკუთარი პარტნიორის (მეუღლე, მეგობარი მამაკაცი და ა. შ.) შეხედულებებს? რატომ არ შეგვიძლია, დავუშვათ, რომ ქალიც ისეთივე ადამიანია და მასაც ისეთივე სინდისი, ღირსება და ინტელექტი აქვს, როგორც მამაკაცს და მასაც შეუძლია, ამა თუ იმ საკითხზე საკუთარი დამოუკიდებელი აზრი გააჩნდეს? რატომ უნდა დახუროს არხის ხელმძღვანელობამ გადაცემა მხოლოდ იმ მოტივით, რომ ამ გადაცემის წამყვანის ახლობელს გარკვეული პოლიტიკური შეხედულებები აქვს? ეს ყველაფერი იმდენად ზღუდავს ინდივიდის თავისუფლებას, იმდენად ახშობს სივრცეს ჩვენს გარშემო და იმდენად აკნინებს ადამიანის რაობის მნიშვნელობას, რომ ამაზე ლაპარაკიც კი მიჭირს. საქართველოში ასობით პოლიტიკური პარტიაა, ამ პოლიტიკური პარტიის წევრები კი (მეც მათ შორის, როგორც „საქართველოს მწვანეთა პარტიის“ წევრი და ამ პარტიის არცთუ ისე დაბალი თანამდებობის მქონე პირი) ადამიანები ვართ და არა რობოტები. ჩვენც გვტკივა, ჩვენც გვიყვარს, ჩვენც გვაქვს სიმპათია-ანტიპათია სხვა ადამიანების მიმართ და ზოგადად, ჩვენც ისეთივენი ვართ, როგორც დანარჩენები. ჰოდა რატომ უნდა მაიძულოს ვინმემ, ვიფიქრო იმაზე, რომ ადამიანს, რომელიც მიყვარს, შეიძლება პრობლემა შეექმნას სამსახურში ჩემს გამო, ჩემი პოლიტიკური შეხედულებების გამო? ეს ხომ ტიპიური შუასაუკუნეებია – გამოდის, რომ აი, ასე, ძალიან აშკარად და ყოველგვარი მორიდების თუ მოკრძალების გარეშე, ვიღაცეები ჩვენ სიყვარულს გვიკრძალავენ; ისე გვეპყრობიან, როგორც პატარა ბავშვებს. პირადი ცხოვრების თვალსაზრისით ხომ ჩვენ, ზრდასრულ ადამიანებს, საქართველოში ისედაც რეალურად იმის მეასედი უფლებებიც კი არ გვაქვს, რაც ცივილიზებულ და განვითარებულ ქვეყნებში აქვთ სკოლის ჩვეულებრივ მოსწავლეებს; სიყვარულს რაც შეეხება, საქართველოში ჩვენ ხომ ისედაც უთვალავ, წარმოუდგენლად აბსურდულ გარემოებას უნდა გავუწიოთ ანგარიში და ამ უთვალავ სხვადასხვა გარემოებას დღეს უკვე თურმე კიდევ ისიც ემატება, რომ თუ პოლიტიკოსები ვართ ან/და ჟურნალისტები, ერთმანეთისგან თავი შორს უნდა დავიჭიროთ (ეს არ ეხება რაღა თქმა უნდა მმართველი პოლიტიკური ძალის წევრებს და მათთან დაახლოებულ ჟურნალისტებს, მათთვის ყველა კარი ხომ ღიაა).

ასე და ამრიგად, ეკა მიშველაძის სამსახურიდან გათავისუფლებით, გაბატონებულმა პოლიტიკურმა ძალამ ბიძინა ივანიშვილის სახით კიდევ ერთხელ დააკნინა ქალის მნიშვნელობა და კიდევ ერთი გისოსი დაუმატა უბადრუკი გალიის გისოსების იმ ისედაც უსასრულო რაოდენობას, რის მიღმაც, თუ გადარჩენა და ადამიანებად ქცევა გვიწერია, წესით სიყვარული უნდა არსებობდეს, ხოლო ჩვენ (არ ვიცი, ეს მერამდენედ) დავრჩით ჩაკეტილი სივრცის მიღმა, აქეთა მხარეს, ანუ იქ, სადაც არაფერია ჭეშმარიტად შუასაუკუნეობრივი სიბნელის და სიცარიელის გარდა.



ეკა მიშველაძე. ფოტო: Hotinfo.ge

06.09.2015

 

 

 

მთავარი

ბიოგრაფია

ნაწარმოებები

დაკავშირება

 

 

შეიძინეთ რომანი "ჭენება" საქართველოს მაღაზიებში

 
 
Copyright © David Chutlashvili. Alle Rechte vorbehalten