სექსი გაიგივებული ძალაუფლებასთან

საზოგადოების დაყოფა სხვადასხვა კატეგორიებად ხშირად აბსურდულია, ხოლო საზოგადოების დაყოფა კასტებად, დაუშვებელი. ამიტომ მე ადრეულ ეტაპზე, როცა წერა ახალი დაწყებული მქონდა, არ მიმაჩნდა საჭიროდ ცალკე ლგბტ კატეგორიის ადამიანების გამოყოფა და ასე გამოყოფილად მათი ინტერესების დაცვა. მათ მე მოვიაზრებდი საერთო კონტექსტში. ზიზღი ლგბტ-ადამიანების მიმართ დაკავშირებულია ზოგადად პასიური და დევოტური სექსუალური იდენტობის ზიზღთან, თორემ აქტიური და დომინანტი ლგბტ-ადამიანები არათუ ზიზღის და სიძულვილის ობიექტები არიან, არამედ ერთგვარი პრესტიჟით და მოწიწებითაც კი სარგებლობენ საქართველოში. სანამ აქ ყველას ცნობიერების ბოლო შრეებამდე არ დავა, რომ სექსუალური აქტი ძალაუფლების დემონსტრირება არ არის და სექსი სამარცხვინო არ არის, ხოლო დევოტური სექსუალური იდენტობა სინამდვილეში ზუსტად ისევე პრესტიჟულია, როგორც დომინანტური (ანუ სანამ კოლექტიურ თუ ინდივიდუალურ ცნობიერებაში არ მოხდება ძალაუფლების და სექსის არსებითი გამიჯვნა ერთმანეთისაგან, სექსის სირცხვილის მარწუხებისაგან განთავისუფლება და შესაბამისად ხალხის კულტურული ცნობიერების ამაღლება), საუბედუროდ ყოველთვის იარსებებს ზიზღი, უნდობლობა და სიძულვილი ლგბტ-ადამიანების მიმართ. სააკაშვილს სჭირდება გაუნათლებელი და არაინფორმირებული მასა (მათ შორის, გაუნათლებელი და არაინფორმირებული ასევე უპირველეს ყოვლისა სექსში), რომელსაც იოლად მართავს, ამიტომ სწორედ ის არის ლგბტ-ადამიანების ერთ-ერთი უპირველესი მტერთაგანი ამ ქვეყანაში.

მოკლედ, ჩვენ ერთმანეთისაგან უნდა გავმიჯნოთ სექსი და ძალაუფლება. ანუ შეიძლება სექსში რომელიმე სქესის ინდივიდი დომინანტი იყოს, მაგრამ ეს ხელს არ უშლიდეს მათ შორის საუკეთესო ადამიანურ ურთიერთობებს. ამას პირადი გამოცდილებიდან გეუბნებით. თანასწორობა სხვადასხვა ადამიანებს შორის სრულიად შესაძლებელია, ისევე, როგორც ერთსქესიან ადამიანთა შორის და აქ მე პრობლემას მხოლოდ იმაში ვხედავ, რომ ადამიანს ხშირად არ აძლევენ შესაძლებლობას, გამოხატოს საკუთარი თავი და აირჩიოს, რა სურს პირადად მას. ანუ საუბედუროდ დღეს ყველა იძულებულია იყოს სექსში დომინანტი, მიუხედავად იმისა, სურს თუ არა ეს პირადად მას, ხოლო დომინირება სექსში ავტომატურად ცხოვრების ყველა ასპექტში დომინირებას ნიშნავს, რაც აბსურდულია. ეს სამუდამოდ უნდა დასრულდეს, რადგან სწორედ ეს არის სექსიზმის ყველაზე რადიკალური და რეაქციული ფორმა. "ძლიერი" ყოველთვის არ ნიშნავს სექსუალურს. უმრავლეს შემთხვევაში პირიქითაა. მე მესმის, რომ ერთის მხრივ სექსის და ძალაუფლების გამიჯვნა, ხოლო მეორეს მხრივ სიკეთის და სექსუალობის ურთიერთდაკავშირება ურთულესი პროცესია, მაგრამ სჯობია, საკუთარ ცნობიერებაზე ვიმუშაოთ, ვიდრე გახლეჩილები ვიყოთ მუდმივად სექსუალურ ინსტიქტებსა და სიკეთის წყურვილს შორის. მაგალითად, მე ვიცნობ ადამიანებს, რომლების მიმართ ძალიან ძლიერ ვნებასაც ვგრძნობდი და ასევე დიდ სიყვარულსაც ერთდროულად, ვიცნობ ადამიანებს, რომლების მიმართაც მხოლოდ ვნება გამაჩნია ან მხოლოდ სიყვარული. ყველაფერი შესაძლებელია. მხოლოდ ვნება ან/და მხოლოდ სიყვარული ჩემთვის პათოლოგიაა, მაგრამ ვფიქრობ, ამ პათოლოგიაში ბრალი მე თვითონ არ მიმიძღვის: აკი ჩემთვის არსებობენ ადამიანები, რომლების მიმართაც ვნება გამაჩნია სიყვარულთან ერთად. ხოლო თუ დანარჩენების მიმართ ცალმხრივი გრძნობები მაქვს მხოლოდ, ვფიქრობ, ეს ჩემი ბრალი არ უნდა იყოს.



ფოტო: Vadim Nardin

24.08.2012

 

 

 

მთავარი

ბიოგრაფია

ნაწარმოებები

დაკავშირება

 

 

შეიძინეთ რომანი "ჭენება" საქართველოს მაღაზიებში

 
 
Copyright © David Chutlashvili. Alle Rechte vorbehalten