საფლავები

არასოდეს მიყვარდა საფლავები. ამიტომ სასაფლაოებზე იშვიათად დავდივარ. რადგან მკვდრების გაცოცხლების არც სურვილი მაქვს და არც შესაძლებლობა, ჩემთვის მსგავსი ადგილები ყოვლად უინტერესო და არაპრაქტიკული დანიშნულებისაა. თქვენ წარმოიდგინეთ, საფლავებზე ყვავილების მოსაკრეფადაც კი არ დავდივარ, რადგან არასოდეს მიყვარდა შეყვარებულებისთვის ყვავილების მიტანა. ამიტომ ჩემთვის დაუჯერებელი და შოკისმომგვრელია ის, რაც 7 იანვრის ღამეს, ბერი გაბრიელის საფლავზე მოხდა; შოკისმომგვრელია მრევლის ათასობით სიცივეში მოცახცახე წარმომადგენელი, ამაოდ რომ ეძებს გასასვლელს იქ, სადაც გასასვლელი არ არის. მათთან მე საერთო არაფერი მაქვს და არც მინდა მქონდეს. მე არ ვცდილობ მათ გავუგო. არ მადარდებს მათი სურვილები. არ მაინტერესებს, რა სწამთ და რისთვის სწამთ, მე მხოლოდ ის მინდა, რომ მათ მე და ჩემს მეგობრებს თავი დაგვანებონ.

ჟურნალმა "ტაბულამ" ბერი გაბრიელის საფლავზე მდგარ მრევლზე ბევრი იქილიკა. ჟურნალმა მოიშველია სამღვდელოების ზოგიერთი წარმომადგენლის გამონათქვამები ამ საკითხზე და ეცადა ჩვენს დარწმუნებას, რომ "ყველა მღვდელი ცუდი არ არის" და რომ "თურმე იქეთა მხარესაც არიან პროგრესულად მოაზროვნე ადამიანები." მე სულაც არ ვფიქრობ, რომ ამ ჟურნალის რედაქტორმა, თამარა ჩერგოლეიშვილმა ეს ბოროტგანზრახვით გააკეთა. მას უბრალოდ, არ ესმის ძალიან მარტივი არითმეტიკული ჭეშმარიტება, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. მის მიერ მსუყედ დარეკლამებული მღვდელმსახურები უდიდესი პიეტეტით საუბრობენ ბერი გაბრიელის შესახებ, იმ ბერი გაბრიელის შესახებ, რომელსაც სიცოცხლეში უთვალავი ქსენოფობიური განცხადება აქვს გაკეთებული (სპეციალურად შევედი ამ "პროგრესული" მღვდლების ფეისბუქებზე და წავიკითხე, თუ რას წერდნენ ისინი სხვადასხვა არსებით საკითხებზე). თამარა ჩერგოლეიშვილს არ ესმის, რომ ვიღაც მამა პეტრე პლუს ილიათოლა ეს იგივეა, რაც სკამმომარჯვებულ "მამაოს" პლუს ილიათოლა და მათ შორის განსხვავება არის ნული. თამარა ჩერგოლეიშვილს აქვს ეს გულისამაჩუყებელი გულუბრყვილობა, მას და სხვა შედარებით არამეინსტრიმულ ნაციონალებს დღემდე სწამთ, რომ ორთოდოქსული ეკლესიის რეფორმირება შესაძლებელია და ეს იმ მღვდლების ხელით უნდა მოხდეს, რომლებიც შედარებით უფრო "თანამედროვედ" აზროვნებენ. ისინი ვერ აცნობიერებენ, თუ რა ხდება სინამდვილეში, რომ ეკლესიის რეფორმირება უკვე დაგვიანებულია და რომ ეს შედეგს ვეღარ გამოიღებს, რომ მათი პარტია ვეღარ შეძლებს საკუთარი გავლენის სფეროების შენარჩუნებას ეკლესიაში და რომ ისინი ახლაც ზუსტად იმ გზას ადგანან, რამაც "ენმ" საბოლოოდ უფსკრულის პირამდე მიიყვანა. ზოგადად, ნაციონალები მეტისმეტად მიმნდობი და გულუბრყვილო ხალხია. ისინი ერთსადაიმავე მდინარეში ორჯერ კი არა, ათასჯერ შედიან. მათ სწამთ, რომ არსებობს კარგი და ცუდი იქ, სადაც სრული ვაკუუმია და შესაბამისად, არც ცუდი არსებობს და არც კარგი. ეს ყველაფერი ძალიან სასაცილოა, მაგრამ არანაკლებ სასაცილო გულუბრყვილობა იყო კინომცოდნე გოგი გვახარიას განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე ჩვენ ადამიანურად უნდა გავუგოთ ბერი გაბრიელის საფლავთან უზარმაზარ მასად შეკრებილ მრევლს, რომელიც მივიდა იქ მხოლოდ იმიტომ, რომ რომელიღაც მონაზონმა, სახელად პარასკევამ, სიზმრად ნახა ზემოაღნიშნული გარდაცვლილი მღვდელმსახური, რომელმაც მას ამცნო, რომ ვინც 6 იანვარს მის საფლავზე მივიდოდა, ის, ანუ ბერი გაბრიელი, თურმე 2 სურვილს აუსრულებდა. გვახარიას ამ განცხადებაზე მე ძალიან ბევრი ვიხარხარე, თუმცა ეს სინანულის სიცილი იყო. სინამდვილეში ჩემთვის ძალიან სამწუხაროა იმის გაცნობიერება, რომ ეს კინომცოდნე ვერ ხვდება ძალიან მარტივ ჭეშმარიტებას, რომ სამყაროში არსებობს ყოველგვარი სიკეთის და ბოროტების მიღმა არსებული ის რაღაც, რასაც ჰაინრიხ ბიოლი და ელფრიდე იელინეკი "სიცარიელეს" უწოდებენ და სადაც არაფერია შესასწავლი, გასარკვევი თუ გასაგები. გოგი გვახარიას მსგავსი ადამიანები ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებენ, რომ 2013 წლის 17 მაისის ანტიჰომოფობიური აქციის დამრბევებიც და ბერი გაბრიელის საფლავთან, 2014 წლის 7 იანვარს შეკრებილი მრევლიც ეს ზუსტად იგივეა, რაც სივრცე ჰაერამოტუმბული კოლბის მინის კედლებს მიღმა ან ცის სიშავე მთვარის უსიცოცხლო ზედაპირზე. გოგი გვახარიას მსგავსები ვერ აცნობიერებენ, რომ სულერთია, ამ ხალხს ხელს გაუწვდი, გულში ჩაიხუტებ თუ განზე გასწევ მათ. გოგი გვახარიას მსგავსებს საბჭოური წარმოდგენები აქვთ საზოგადოების არსის და სახელმწიფოს არსის შესახებ, მათ ჰგონიათ, რომ საერთო საზოგადოებასა და საერთო სახელმწიფოში ყველას უნდა ესმოდეს ერთმანეთის, ყველას უნდა ჰქონდეს რაღაც საერთო ფასეულობები და ყველა ერთი მიზნით უნდა გაერთიანდეს. ამით მათი უტოპიური წარმოდგენები სამყაროს შესახებ გონიერების ყოველგვარ დასაშვებ ფარგლებს სცილდება. მე მიმაჩნია, რომ განუხორციელებელ, ფანტასმაგორიულ წარმოსახვებს არ უნდა გამოვეკიდოთ. ჩვენ არ უნდა ვცადოთ, აღვზარდოთ, შევცვალოთ თუ დავხვეწოთ ის ხალხი, ვისაც ოდნავი სურვილიც კი არ აქვს ამის გაკეთების. ერთადერთი, რაც ჩვენ გვევალება ისაა, რომ ამ ხალხმა ჩვენზე თავდასხმები და ჩვენზე ფიზიკური ანგარიშსწორება არ განიზრახოს, ხოლო ეს რომ ასე არ მოხდეს, ამისათვის ძლიერი სახელმწიფო სტრუქტურები და ეფექტური პოლიციაა საჭირო. განვითარებულ ქვეყნებში სწორედ ეფექტური პოლიცია და ძლიერი, მოწოდების სიმაღლეზე მდგომი სახელმწიფო აპარატი უშლის ხელს ანტიჰომოფობიური აქციების დარბევას თუ სხვადასხვა სოციალური ჯგუფების დევნა-შევიწროვებას. მერე რა, რომ ერთ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, ჩვენ მოვალენი მაინც არ ვართ, ერთმანეთს გავუგოთ. ერთადერთი, რაც ყველას გვმართებს, მუქარების და ძალადობისგან თავის შეკავებაა. ჩვენ არც უნდა ვცადოთ, ერთმანეთს ბეჭებზე მოვუთათუნოთ ხელი თანაგრძნობის ნიშნად, რადგან არასოდეს მოხდება, რომ თხა და მგელი ერთად ძოვდნენ ბალახს. მგელი ვეგეტარიანელი ცხოველი არ არის. ეს ისე, ცნობისათვის. და მე რატომ უნდა მაინტერესებდეს, თუ რა ეპითეტებით მამკობენ ჩემი მტრები? რა ვალდებული ვარ, ავუხსნა მათ, რომ თურმე "გარყვნილი არ ვარ?" მე ჩემი ცხოვრება მაქვს, ჩემი მეგობრები, ჩემი თანამოაზრეები და ჩემი ახლობლები მყავს და ოდნავაც არ მაღელვებს ჩემგან რადიკალურად განსხვავებული მენტალიტეტის მქონე არსებების დამოკიდებულება ჩემი პიროვნების და ჩემი პირადი ცხოვრების მიმართ. ეს ის შემთხვევაა, როცა თანაგრძნობა კომპრომისს კი არა, კოლაბორაციონიზმს ნიშნავს. ვის უნდა გავუგო, რას უნდა გავუგო, მკვლელებს, პრიმიტივებს, რუსეთის აგენტებს და მოღალატეებს უნდა გავუგო? მეტი საქმე არ მაქვს. ამას მირჩევნია, გასაბერი ქალი გამოვიწერო ინტერნეტით.

ამაზრზენი იყო ორთოდოქსების პატრიარქ ილია მეორის 7 იანვრის მთელი ეპისტოლე, გაჟღენთილი უკიდურესად შოვინისტური, რეაქციული და შავრაზმული ქალთმოძულეობრივ-ჰომოფობიური შინაარსით. მოკლედ, მთელი ეს ეპისტოლე თავიდან ბოლომდე სავსეა უკიდურესად მდაბალი რეაქციონიზმით და ფაშისტური სენტენციებით, მაგრამ ერთგვარი "სიახლე" იყო განცხადება in vitro განაყოფიერების შედეგად ჩასახული ბავშვების შესახებ. პატრიარქმა ასეთ ბავშვებს "პრობლემატურები" უწოდა და ფაქტობრივად გზა დაულოცა გაზის კამერებისკენ. დიახ, სწორედ გაზის კამერებისკენ, ადამიანებს გვაქვს გამოცდილება, თუ როგორ ეპყრობოდნენ სხვადასხვა "სასულიერო" თუ საერო ბელადები მსგავს "პრობლემატურ" და "არასრულფასოვან" ბავშვებს. არადა, ილია მეორე სწორედ ის პატრიარქია, რომელმაც ერთ დროს მსგავსი გზით ჩასახული ბავშვები დალოცა. ეს სწორედ იგივე პატრიარქია, რომელიც 80-იან წლებში ბაპტისტ მღვდლებთან ერთად ატარებდა წირვებს. 80-იან წლებში ორთოდოქსული ეკლესია გაცილებით უფრო პროგრესული იყო, ვიდრე დღეს არის, რადგან მაშინ მას არ გააჩნდა ამხელა რეიტინგი და ამხელა ძალაუფლება. სულ რაღაც ორ ათწლეულში საქართველოს ორთოდოქსულმა ეკლესიამ საოცარი დეგრადაცია განიცადა და დეგრადაციის ეს ვექტორი ჯერაც არ შეცვლილა. ორთოდოქსი მღვდლები სულ უფრო მკაცრები და სულ უფრო პურიტანულები ხდებიან, მათი რიტორიკა სულ უფრო ემსგავსება ვლადიმერ პუტინის რიტორიკას, რომელმაც საკუთარი თავი "ტრადიციების ბურჯად" და "ოჯახის პრინციპების დამცველად" გამოაცხადა ამასწინათ. არადა, სწორედ ტრადიციული, უთანასწორო ურთიერთობებსა და რელიგიურ წარმოსახვებზე დაფუძნებული ოჯახი და სისხლით ნათესაობის პრინციპი უწყობს ხელს ფაშიზმის ჩასახვას და განვითარებას, თანამედროვე რუსეთს კი ფაშისტურ იმპერიამდე დიდი აღარაფერი უკლია. პუტინის მიზანია, დაარსოს ახალი იმპერია ყოფილი სსრკ-ს მთელ ტერიტორიაზე. ეს იმპერია თუ დაარსდა და გაძლიერდა, ჩვენ მივიღებთ ახალ გაზის კამერებს, ახალ გენოციდს, ებრაელების, ქართველების, ლგბტ ადამიანების, ქალების და სხვა სოციალური ჯგუფების ხელახალ დევნას და ჩაგვრას. ეს იმპერია თუ ჩამოყალიბდა, ქართველებს მასობრივად ციმბირში გადაგვასახლებენ და ფიზიკურად გაგვანადგურებენ. არსებობს მსგავსი ფარული გეგმები რუსეთის სპეცსამსახურებში და ეს გეგმები დღეს აქტიურად განიხილება. ქართველებს რუსები არასოდეს გვენდობოდნენ და იმპერია თუ აღადგინეს, ახლა უკვე აუცილებლად მოგვსპობენ ფიზიკურად. რუსეთის მმართველი იმპერიული წრეების წარმომადგენლები სულაც არ გრძნობენ საკუთარ დანაშაულს ჩვენს წინაშე, ისინი შეცდომას სწორედ იმას უწოდებენ, ჩვენ რომ არ გაგვანადგურეს. ხოლო თუ ისევ შევერთდით, ამ "შეცდომას" აღარ გაიმეორებენ, კარს ზურგსუკან მოგვიჯახუნებენ და... არავინ დაუწყებს გარჩევას იმას, ვის უყვარს რუსეთი და ვის არა, ეთნიკური ნიშნით მოგვსპობენ რუსოფილებსაც და პროდასავლურად განწყობილებსაც. სწორედ ეს არის პუტინის საბოლოო მიზანი, ის თანამედროვე ადოლფ ჰიტლერია და დღეს სწორედ ამ მიზნით აფინანსებს ე. წ. გაზეთ "საქართველოს და მსოფლიოს" მსგავს მაკულატურას, რომელმაც ამასწინათ მთელი ევროკავშირი პედოფილებად მოიხსენია, რადგან რომელიღაც იტალიურმა სასამართლომ 11 წლის გოგონას და 60 წლის მამაკაცის სექსუალური ურთიერთობა სიყვარულად აღიარა. ევროპა ძალიან მრავალფეროვანია, იქ არიან განსხვავებული მრწამსის მქონე მოსამართლეები, ეს არის 500-მილიონიანი, უზარმაზარი სივრცე, სავსე სრულიად განსხვავებული ინტერესთა ჯგუფებით, ამიტომ აქ ყოველთვის იარსებებენ მსგავსი მოსამართლეები და ეს არ უნდა გაგვიკვირდეს. რაც ყველაზე მთავარია, ევროკავშირში არავინ ეცდება, ვინმე ძალით აქციოს პედოფილად. ევროკავშირის პოლიტიკა სწორედ იქეთ არის მიმართული, რომ ძალადობა და ძალით რაიმეს თავზე მოხვევა არ მოხდეს. ან გავიხსენოთ თუნდაც რუის-ურბნისის კრება ჩვენი ისტორიიდან. ამ კრებამ დაადგინა, რომ ყველას ჰქონდა უფლება, 12 წლის ასაკის ბავშვზე დაქორწინებულიყო ამ ბავშვის და მისი მშობლების თანხმობით. და რა გამოდის, რომ ამის გამო დავით აღმაშენებელი პედოფილი იყო? ვინმე დამისახელებს ერთ შემთხვევას მაინც, რომ დავით აღმაშენებელს არასრულწლოვანებთან ჰქონოდა სექსი? ის, რომ რუის-ურბნისის საეკლესიო კრებამ მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო და ასევე ის, რომ იტალიაში რომელიღაც მოსამართლემ 11 წლის გოგონას და 60 წლის მამაკაცის ურთიერთობას სიყვარული უწოდა, ერთი და იგივეა. ჩვენ გვაქვს მსგავსი ისტორიული გამოცდილება და ეს არ ნიშნავს, რომ დავით აღმაშენებლის სახელმწიფო პედოფილების სახელმწიფო იყო. რუსული პროპაგანდა თქვენს მწარედ მოტყუებას ცდილობს. ამ პროპაგანდამ ბევრი თქვენთაგანი 17 მაისის ანტიჰომოფობიური აქციის დასარბევად გამოიყვანა, საკუთარ თანამოქალაქეებს და საკუთარ ნათესავებს დაგიპირისპირათ, და დღეს ზუსტად იგივე პროპაგანდა ცდილობს, ევროკავშირზე უარი გათქმევინოთ და სახრჩობელას სისხლიან ყულფში გაგაყოფინოთ თავები. თუ ამ პროპაგანდას დაუჯერებთ, ჩვენ ერთმანეთს ციმბირის ტრამალებში, დასახვრეტთა საკნებსა და გაზის კამერებში შევხვდებით და იქ გაიხსენებთ, თუ როგორი მართალი ვყოფილვარ. ნუ გჯერათ ჩოხოსანი პოლიტიკოსების, პატრიარქს რომ თვალებში შესციცინებენ და სისხლიან თათებს უკოცნიან რუსულ დათვს. ეს დათვი თქვენ ყველას გადაგსანსლავთ. ლევან ვასაძე იქნება თუ ვინმე სხვა, "ოჯახის კულტის," "გარყვნილი ევროკავშირის," "სინჯარებში ჩასახული ბავშვის არასრულფასოვნების" და "ტრადიციების დაცვის აუცილებლობის" შესახებ მოლაყბე ქალთმოძულეები და ჰომოფობები უაღრესად სახიფათონი არიან. ჩვენ ნატოსა და ევროკავშირში უნდა შევიდეთ, თუ გვსურს, რომ ფიზიკურად გადავრჩეთ. ნუ გგონიათ, რომ უმცირესობების დარბევებში მონაწილეობით კრემლში თავს მოაწონებთ ვინმეს, კრემლს თქვენ ყველა სულ ცალ ფეხზე ჰკიდიხართ, სამშობლოს მოღალატეებო. ბევრისთვის როგორ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ქალთა და მამაკაცთა თანასწორობა, ქალის სექსუალობის აღიარება და პატივისცემა, ლგბტ ადამიანების აღიარება და პატივისცემა, ლიბერალურ-დემოკრატიული ფასეულობების აღიარება და პატივისცემა ეს სწორედ საქართველოს და ჩვენი გმირი წინაპრების პატივისცემას ნიშნავს, რადგან ჩვენ ერთი პატარა, ჩაგრული ერი ვართ, ყველა ზუსტად ისეთივე ჩაგრული, როგორც ქალები, ლგბტ ადამიანები და სხვა არამეინსტრიმული სექსუალობის მქონენი. ვისაც ეს არ ესმის და ვინც ეცდება, ღალატით და სხვა ქართველების სასიცოცხლო ინტერესების გაყიდვით თავი მოაწონოს დამპყრობელს, უმკაცრესად აგებს პასუხს. თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ პატრიარქის ყველა ქალთმოძულეობრივი და ჰომოფობიური განცხადება თქვენთვის გულში ნასროლი ცხელი ტყვიაა. ნუ უწოდებთ გარყვნილებს იმ ქალებს, რომლებსაც ბევრი პარტნიორი ჰყავთ, სულერთია, ქალები იქნებიან ეს პარტნიორები თუ მამაკაცები, ნუ იჭორავებთ მათზე, ნუ მიაყენებთ შეურაცხყოფას არამეინსტრიმული სექსუალობის მქონე ადამიანებს, თორემ ამით საბოლოოდ მხოლოდ საკუთარ სამარეს გაითხრით საკუთარი ხელით საკუთარ ფეხქვეშ და საკუთარი დახვრეტის განაჩენს მოაწერთ ხელს. არასოდეს დაგავიწყდეთ, რომ თქვენც ყველა ისეთივე ჩაგრულები ხართ, როგორც ისინი, ვისაც თქვენ დღეს შეაგინებთ და გარიყავთ.



ფოტოზე: ჰაინრიხ ბიოლის "ბოროტი" კლოუნი და მე

07.01.2014

 

 

 

მთავარი

ბიოგრაფია

ნაწარმოებები

დაკავშირება

 

 

შეიძინეთ რომანი "ჭენება" საქართველოს მაღაზიებში

 
 
Copyright © David Chutlashvili. Alle Rechte vorbehalten