Sancta Simpicitas

მწერალმა, პერფორმერმა და ბლოგერმა ირაკლი კაკაბაძემ ამასწინათ მის მიერ შეთხზულ ერთ-ერთ ტექსტში ჩემი ზოგიერთი შეხედულებების მიმართ თავისი საკმაოდ ნეგატიური დამოკიდებულება გამოამჟღავნა. ერთგან Pussy Riot-ის დასაცავად ნათქვამ სიტყვაში მე ვამბობ, რომ ამ ჯგუფის წევრების დაპატიმრება უსამართლობა იყო, რადგან მათი ანტირელიგიური ქმედებები არ შეიძლება შეფასდეს როგორც შუღლის გაღვივება (რაშიაც მოსკოვის სასამართლო Pussy Riot-ს სდებს ბრალს და რაც არამარტო ამ ჯგუფის წევრების დასჯის რეალური მიზეზის (ვლადიმერ პუტინის შარჟი და ამ მიზეზით გამოწვეული აღშფოთება ტირანის მხრიდან) გადაფარვის მცდელობაა, არამედ ბუნებითი სამართლის პრინციპების თვალსაზრისით უსაფუძვლოც და შესაბამისად, იურიდიულად არაკორექტული), რადგან რუსეთში ორთოდოქსული ქრისტიანობა დომინანტი რელიგიაა, ხოლო ამა თუ იმ ქვეყანაში დომინანტი რელიგიის წარმომადგენლებს თმენის ვალდებულება უნდა გააჩნდეთ. ამაზე თავის წერილში ჩემი აზრის საპირისპიროდ ირაკლი კაკაბაძე ამბობს, რომ რელიგია არ არის სახელმწიფოს ნაწილი, მას არ ჰყავს ჯარი და პოლიცია და ამიტომ თმენის ვალდებულების დაკისრება ეკლესიის მიმართ უსაფუძვლოა.

მე არ გახლავართ იურიდიული პოზიტივიზმის მიმდევარი, ბუნებითი სამართლის სკოლის მხარდამჭერი და დამცველი ვარ, ამიტომ ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ფორმალურ მხარეებს. ჯერ ერთი, საქართველოსა და განსაკუთრებით რუსეთში ეკლესია სათანადოდ არ არის გამიჯნული სახელმწიფოსაგან, რაზეც აურაცხელი ფაქტი მეტყველებს. მეორეც, გამიჯნული რომც იყოს, დომინანტი რელიგია მაინც დომინანტი რელიგიაა და ამ რელიგიის წარმომადგენლებს თმენის ვალდებულება მხოლოდ მაშინ კი არ უნდა ჰქონდეთ, როცა ვიღაც მათ წინააღმდეგ მღერის ან/და პერფორმანსებს აწყობს, არამედ გაცილებით უფრო ხმამაღალი პროტესტის დროსაც. ხოლო ირაკლი კაკაბაძე თავის ამავე წერილში ავითარებს თეზას, რომ საქართველოში უმრავლესობა იჩაგრება უმცირესობისაგან, რომ მოსახლეობის 80 %-ზე მეტს მატერიალური თვალსაზრისით უკიდურესად უჭირს, და სწორედ ეს 80 %-ია განსაკუთრებით რელიგიური, ამიტომ თმენის ვალდებულების დაკისრება ამ 80 %-ის მიმართ დაუშვებელია, როცა ვიღაც მათ რელიგიურ სიწმინდეებს შეურაცხყოფს. ირაკლი კაკაბაძეს ავიწყდება, რომ ჩვენ დღეს ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ადამიანის მიერ ადამიანის ჩაგვრას უკიდეგანო მასშტაბები აქვს შეძენილი, რომ ძალიან იშვიათია ისეთი ვიღაც, ვინც მსხვერპლთან ერთად ჯალათი და ჩაგრულთან ერთად მჩაგვრელიც არ იქნება ერთდროულად, ხოლო ჩაგვრა ის იძულებითი აქტია, რისი აღსრულებაც უპირველეს ყოვლისა სწორედ ჩაგრულების ხელით ხდება უპირველეს ყოვლისა ამ ჩაგრულების დამცველების წინააღმდეგ.

როცა პრაღის უნივერსიტეტის თეოლოგიის კათედრის პროფესორი იან ჰუსი ქალაქ კონსტანცაში ინკვიზიციამ გაასამართლა და კოცონზე აიყვანა, იქ იყო ერთი დედაბერი, რომელმაც კოცონზე შეშა გაასწორა, რათა "მწვალებელს" უფრო იოლად და სწრაფად მოღებოდა ბოლო. ჰუსმა ამ დროს წამოიძახა ფრაზა: "ო, წმინდაო უბრალოებავ!" არც მე ვარ ჰუსი და არც ირაკლი კაკაბაძეა ეს დედაბერი, მაგრამ ამ დედაბერივით კი იქცევა, მეოცე საუკუნის დასაწყისის მემარცხენე რიტორიკას რომ ასდევს. დღეს ჩაგვრა, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, უკიდურესად დაიხვეწა, ის ძალიან ძნელადმოსახელთებელი და "უხილავი" გახდა, ირაკლი კაკაბაძე კი მოძველებული სქემებით მსჯელობს და სურს, რომ თავისი მოძველებული მემარცხენე რიტორიკა ყველაზე პროგრესულ და მოწინავე დასავლურ მემარცხენე რიტორიკად შემოგვასაღოს ჩვენ, "ბნელ და ნეგატიურ ლიბერალიზმში ჩარჩენილ საბრალო ქართველ ინტელექტუალებს," მათ შორის მეც და საკუთარ დას, ნინია კაკაბაძესაც პრინციპით "ესენი მაინც ბნელები არიან და ვერაფერს მიხვდებიან." კაკაბაძეს ვურჩევ, ჩომსკის კითხვას თავი დაანებოს და ელფრიდე იელინეკი წაიკითხოს, ჩემი და საკუთარი დის, არანობელიანტების და "ბნელების" თუ არ სჯერა, იქნებ, ნობელის პრემიის ლაურეატს მაინც დაუჯეროს, მისთვის და მისნაირებისათვის ალბათ ჭეშმარიტებასა და მის დამცველებზე მეტად, როგორც ვატყობ პრემიები და ავტორიტეტები ფასობს, მე ირაკლი კაკაბაძეს ამას ვურჩევ, მიუხედავად იმისა, რომ არც იელინეკის ყველა ნაწერით აღფრთოვანებულვარ ოდესმე, იელინეკი ჩემი აზრით ზოგჯერ საკმაოდ არაკორექტულია, მას გაკეთებული აქვს ნეგატიური გამონათქვამები ჰომოსექსუალების მისამართით, რაც ნინია კაკაბაძეს თითქმის არასოდეს ჩაუდენია (გარდა ექსჰიბიციონისტების დასამცირებლად გაკეთებული გამონათქვამებისა, მაგრამ მე მწამს, რომ ეს მან უნებლიედ გააკეთა და მომავალში ამას აღარ გაიმეორებს), მაგრამ იელინეკს უამრავი ცუდის პარალელურად აქვს სწორი ხედვებიც, მათ შორის ჩემს ყურადღებას იმსახურებს ადამიანის ჩაგვრის შესახებ მისი შეხედულებები, რაც თანამედროვე მემარცხენე მწერლის შეხედულებების კლასიკურ ნიმუშად შეიძლება მივიჩნიოთ და რაც მე აღმაფრთოვანებს იმის მიუხედავად, რომ მემარცხენე არ ვარ. ამავე დროს იელინეკის დამოკიდებულება რელიგიურ-მსოფლმხედველობრივი ჭეშმარიტებების მიმართ უკეთესია, ვიდრე ნინია კაკაბაძისა, რომლისთვისაც სამწუხაროდ პრაქტიკულად ნაკლებად არსებობს განსხვავება ძლიერ და სუსტ რელიგიებსა და ფილოსოფიურ სისტემებს შორის და მისი თვალსაზრისი ამ მხრივ არაადეკვატურად დიფერენცირებული და მეტნაკლებად ერთგვაროვანია.

ირაკლი კაკაბაძე თავის ტექსტებში ასევე ავითარებს მოსაზრებას, რომ საქართველო "სულ სხვაა," რომ საქართველო არ არის ევროპა, რომ საქართველომ თავისი "გამორჩეულობის" გამო "სულ სხვა გზა უნდა აირჩიოს" და ტაივანს მიბაძოს, რომელმაც გადაუხვია ევროპულ გზას და "საკუთარი წესებით ცხოვრობს." მე არ მესმის, რას გულისხმობს კაკაბაძე "საკუთარ წესებში," ალბათ იმას, რომ ტაივანზე ქალები და სხვა სექსუალური უმცირესობები თავებს ცუდად გრძნობენ? ირაკლი კაკაბაძის ქვეტექსტი ამ სტატიაში ძალიან ფარული და სიღრმისეულია. ირაკლი კაკაბაძე ღიად არ საუბრობს "ტრადიციების დაცვაზე" (ამ მხრივ მისი გემოვნება საკმაოდ დახვეწილია და მან კარგად იცის, რომ მსგავსი რაღაც არ უნდა თქვას), მაგრამ მის მიერ უდავოდ ეს კი იგულისხმება, რადგან არსებობს მხოლოდ ორი ძირითადი პოლიტიკურ-ეკონომიკური განსხვავება ტაივანსა და ევროკავშირის სახელმწიფოებს შორის. პირველი ისაა, რომ ტაივანის ეკონომიკა ევროკავშირთან შედარებით უფრო ლიბერალურია, მეორე კი ესაა ტაივანელების გაცილებით უფრო ნეგატიური დამოკიდებულება (რა თქმა უნდა მათ შორის სექსსა და სექსუალურ ურთიერთობებში) ქალის სტატუსისა და სექსუალური უმცირესობების მიმართ (და შესაბამისად დემოკრატიის გაცილებით უფრო დაბალი ხარისხიც), ვიდრე ამას ჩვენ ცივილიზებულ ევროპულ სახელმწიფოებში ვაწყდებით, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, ირაკლი კაკაბაძე არ გაამახვილებდა ყურადღებას ეკონომიკის ლიბერალიზაციაზე, არ მიიჩნევდა ტაივანურ ლიბერალურ ეკონომიკას იმ ნიმუშად საქართველოსათვის, რასაც საქართველოს ცივილიზებული ევროპული ქვეყნებისაგან განსხვავებულობის ხაზგასმა და ტაივანიდან გადმოღება შეეძლო სწორედ იმ მარტივი მიზეზით, რომ ირაკლი კაკაბაძე მთელი ბოლო წლების მანძილზე უპირისპირდება ლიბერალურ ეკონომიკურ სისტემას, ამიტომ ტაივანის შემთხვევაში მოსწონდეს ის, რაც ამერიკაში არ მოსწონს, ყოველგვარ ლოგიკას იქნებოდა მოკლებული. ამიტომ რჩება მხოლოდ ერთი, რომ ი. კაკაბაძე რბილად რომ ვთქვათ, ტაივანური კულტურული იდენტობის ნაწილად მიიჩნევს მამაკაცის მიერ ქალის ჩაგვრას, სექსუალური უმცირესობების გარიყულობას და მათი მისამართით განხორციელებულ აშკარა თუ ფარულ რეპრესიებს, ხოლო როცა მე ან/და ჩემი რომელიმე თანამოკალმე ვამბობთ, რომ ყველა, ვისაც თავისუფალი სექსუალური ცხოვრებით მცხოვრები ქალის ან/და სხვა სექსუალურ უმცირესობის წარმომადგენლების მიმართ ოდნავ მაინც შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება გააჩნია, მკვლელია და ხელები სისხლში აქვს გასვრილი გამოდის, რომ თურმე "რადიკალები" ვყოფილვართ! თურმე ჩვენ ეს ასე პირდაპირ კი არ უნდა ვთქვათ, არამედ რაღაც გაუგებარი, შეფარული ფორმები გამოვნახოთ, რათა არ გავაღიზიანოთ "ჩაგრული უმრავლესობა," რომელსაც კაკაბაძე ჩვენი, ანუ "ლიბერალების" მიერ გამოძერწილ "გისოსებს" მიღმიდან ჩვენს ზურგს უკან ასე ჯიგრულად უტყაპუნებს ბეჭებზე ხელს და მათგან სანაცვლოდ თანაზიარობას ელის. მაგრამ ირაკლი კაკაბაძეს ავიწყდება, რომ ამ უმრავლესობაშიაც ძალიან ბევრი ხვდება უკვე, რომ მისი გამოსარჩლება არასრულფასოვანი გამოსარჩლებაა, ესაა ეფემერულ პოპულარობას დახარბებული პოლიტიკოსის და არა ხელოვანის "გამოსარჩლება," ხელოვანისა, რომლის უპირველესი ვალი უნდა იყოს (რა თქმა უნდა თუ სერიოზულად ვილაპარაკებთ რაიმე ვალზე), დაუფარავად მიუთითოს ყ ვ ე ლ ა ს საკუთარ ნაკლოვანებებზე და არც იფიქროს, რომ მერე ვიღაც ამის გამო სიმპათიით განეწყობა მის მიმართ. ირაკლი კაკაბაძე ამით თავად ახდენს საკუთარი კალმის კომერციალიზაციას, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგება, ალბათ დევნილის მანტიას მოისხამს და პირიქით, ჩემს გამოყვანას შეეცდება მტაცებლური ეკონომიკური პრინციპების დამცველის აბსურდულ როლში, ეკონომიკური პრინციპებისა, რომლებმაც მართლაც საუბედუროდ სარეველასავით უკვე ძალიან ღრმად გაიდგა ფესვი თანამედროვე სამყაროში და რომლებსაც ისევე უკომპრომისოდ ვებრძვი, როგორც გენდერული უთანასწორობის და სექსუალური უმცირესობების (მათ შორის საყოველთაო აღიარებას ჯერ კიდევ მოკლებული სექსუალური უმცირესობების, როგორებიც არიან მაგ. "ექსჰიბიციონისტებად" წოდებული ნუდისტები) მიმართ ნეგატიური დამოკიდებულებების საკითხებს.

P. S. ამ სტატიის გამოქვეყნებას ირაკლი კაკაბაძის მხრიდან მალევე ძალიან უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. ირაკლი კაკაბაძემ კუნძულ ტაივანზე, სადაც ის სტატიის გამოქვეყნების დროს იმყოფებოდა, შეაგროვა ხალხი და გამართა დამცინავი აქცია-პერფორმანსი ჩემი დამცირების მიზნით, ხოლო ამის პარალელურად სოციალურ ქსელებში მადარებდა ჰიტლერს, მადარებდა მუსოლინის, რომლებსაც მისი "განმარტებით" თურმე "ჩემსავით ევროპის გაწმენდა სურდათ," მიუხედავად იმისა, რომ საამისო საბაბი მე არავისთვის მიმიცია და რასისტული და ქსენოფობიური გამონათქვამები არასოდეს მქონია. ირაკლი კაკაბაძე ხავსს ჩაბღაუჭებულივით მოეჭიდა ჩემს კრიტიკას, რომელიც მე სინგაპურის შესახებ ჩემი ერთ-ერთი პერსონაჟის პირით გამოვთქვი მოთხრობაში "სიამაყე," სადაც სინგაპურს ვაკრიტიკებ იმის გამო, რომ იქ დემოკრატიას დიდი პრობლემები აქვს და შესაბამისად სინგაპურში ემიგრანტი მუშები, ქალები და სექსუალური უმცირესობები ცუდად გრძნობენ თავებს (რაზეც არაერთი პოპულარული საერთაშორისო ორგანიზაციისა და უფლებადამცველის არაერთი დასკვნა და ფაქტობრივი გარემოება მეტყველებს) და ასე ხავსსჩაბღაუჭებულმა დაიწყო ჩემი დამცირება მდარე აქცია-პერფორმანსებით ტაივანზე და შეურაცხმყოფელი კომენტარებით სოციალურ ქსელებში. მიუხედავად იმისა, რომ სუფთა ლიტერატურული ქართულით ვწერ, ი. კაკაბაძე ჩემს კახურ წარმომავლობას გადასწვდა და ერთ-ერთ კომენტარში დამამცირებელ კონტექსტში მოიხსენია ჩემი კახური სუბეთნიკური იდენტობა, სხვა ანალოგიურ კომენტარში მიხეილ სააკაშვილს მიმამსგავსა, ხოლო ხალხს "განუმარტა," რომ თურმე მე მსოფლიოს მბრძანებლობა მინდა და ა. შ.

თავდაპირველად მე ეს ყველაფერი მართობდა თავისი უაზრო შინაარის გამო, მაგრამ როცა ირაკლი კაკაბაძე კახეთს გადასწვდა და დამამცირებელ კონტექსტში მოიხსენია ჩემი კახური წარმომავლობა, ძალიან აღვშფოთდი და გადავწყვიტე, საკადრისი პასუხი გამეცა მისთვის. ტექსტს სავარაუდოდ ექნება კომენტარები ი. კაკაბაძის მხრიდან ჩემი "ფეისბუქის" გვერდზე, ამიტომ გთხოვთ, ეწვიოთ ჩემს "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდს და იაქტიუროთ.

პასუხი ირაკლი კაკაბაძის პერფორმანსზე ჩემს შესახებ

ბატონო ირაკლი, თქვენთვის ვიცი, ალბათ შოკისმომგვრელი იქნება ის ფაქტი, რომ მე "ქართული ოცნების" კანდიდატს ვაძლევ ხმას და არათუ უბრალოდ ხმას ვაძლევ, არამედ უკვე მთელი ჩემი აქტივი დავრაზმე ხმის მისაცემად და 24 საათი ჭეშმარიტად კატორღულ მუშაობას ვეწევი, რათა ხმები შევუგროვო კოალიციას, მაგრამ საქმეს ის ფაქტი მიადვილებს, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უდიდესი სიმპათიით არის განწყობილი კოალიციისა და პირადად ივანიშვილის მიმართ. ხოლო ის ფაქტი, რომ ბიძინა ივანიშვილი უძლებს ამ დონის კრიტიკულ თავდასხმებსა და ეჭვიანობა-უნდობლობას ჩემის მხრიდან (და არათუ ოდნავი უსიამოვნება არ მახსოვს ივანიშვილის გუნდის მხრიდან ჩემს მიერ მისი მისამართით განხორციელებული ეჭვიანი და კრიტიკული შენიშვნების გამო, არამედ "ქართულ ოცნებაში" პირიქით, მიესალმებიან და ძალიან მოხარულიც არიან, რომ მე არავის ვეპირფერები და ჩემს აზრს თუ ეჭვებს, ჩემი მხრიდან მათი პარტიისა და კანდიდატის უპირობო მხარდაჭერის მიუხედავად, დაუფარავად გამოვხატავ), მიუთითებს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილის მეშვეობით შესაძლოა, მართლაც დამყარდეს საქართველოში ის წყობა, რომ, როგორც თავად ბიძინა ივანიშვილი ამბობს, ევროპა გავაოცოთ დემოკრატიით. ჩემი ეს კრიტიკა გარკვეულწილად იყო გამოცდა ბიძინა ივანიშვილის გუნდისათვის; მან ეს გამოცდა წარმატებით გაიარა. პირადად ივანიშვილის შეხედულებებში ბევრი რაღაც არ მომწონს, მისი და მისი პარტიის ზოგიერთი წარმომადგენლის მისამართით ჩემის მხრივ დღემდე არსებობს ეჭვები, უნდობლობა, ზოგის მიმართ სიძულვილი, ზოგის მიმართ კი უდიდესი სიყვარულიც, ჩვენ ხშირად ძალიან მძაფრად ვკამათობთ, მაგრამ მაინც ივანიშვილს ვუჭერ მხარს ამ არჩევნებში და ყველას იგივეს გირჩევთ და მოგიწოდებთ. ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლები ა დ ა მ ი ა ნ ე ბ ი არიან, ბევრი ადამიანური სისუსტითა და ჩემი აზრით არასწორი დამოკიდებულებით მთელი რიგი საკითხების მიმართ (რადგან ყველას შეუძლებელია მოვთხოვოთ ათი ნობელის პრემიის ლაურეატის ტოლფარდი განათლება), მაგრამ მაინც ა დ ა მ ი ა ნ ე ბ ი, ხოლო დანარჩენი პარტიების წარმომადგენლები (თითქმის უკლებლივ ყველა სხვა დანარჩენი პარტიისა საქართველოში), ნუ მათქმევინებთ, რანი არიან და რა აზრის ვარ მე მათზე. რბილად რომ ვთქვათ, მე მათზე ვფიქრობ ალბათ თითქმის ყველაფერ ნეგატიურს, რაც კი ადამიანმა შეიძლება წარმოიდგინოს. დამიჯერეთ, თქვენ მათ ჩემზე უკეთ არ იცნობთ. მათ მიმართ ჩემი თავგანწირვის მიუხედავად იოტისოდენა სიკეთე არ მახსოვს მათი მხრიდან და იოტისოდენა ადამიანური დამოკიდებულება, ეს მე, დ ა ვ ი თ ჩ უ თ ლ ა შ ვ ი ლ ს არ მახსოვს ადამიანური დამოკიდებულება მათი მხრიდან და ადვილი წარმოსადგენია, როგორ ექცევიან ისინი სრულიად უენო და დაუცველ ადამიანებს. ხოლო თუ მე ვცდები, თუ ეს ადამიანები, ვისაც ახლა მე მხარს ვუჭერ, არჩევისა და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რადიკალურად შეიცვლებიან და მე მომიწევს, დავუპირისპირდე ახლა უკვე მათ, უშუალო პოლიტიკური ბრძოლის ფორმით, დაე, მომიწიოს. შეცდომებს ყველა უშვებს, მეც მაქვს უფლება ერთი შეცდომის დაშვების და მე მზად ვარ შეცდომის დასაშვებად. პირველ ოქტომბერს მივალ და "ქართულ ოცნებას" შემოვხაზავ. მინდა, ქართველი ხალხის გვერდით ვიდგე და ადამიანი მერქვას. ხალხი ამჟამად ივანიშვილს უჭერს მხარს და მე როგორ შევძლებ, უბრალო მოკვდავი, დემოსის ნების წინააღმდეგ წავიდე?!

ბატონო ირაკლი, თურმე თქვენი განმარტებით მე ვარ ფაშისტი, მიშას მსგავსი და ა. შ. და ამ დროს პირადად თქვენ კახელებს ვერ იტანთ. კახელებს ვერ იტანთ და კიდევ აქეთ თქვენ მელაპარაკებით მე, რომ მე რასისტი ვარ?! მ. სააკაშვილს უდავოდ აქვს დადებითი თვისებები -- ის საკმაოდ კარგი ორატორია, საუკეთესო ორგანიზატორი და პიარმენეჯერი, მჯერა, სამარცხვინო ქულების დაწერის მიზნით არასოდეს ჩაიდენს არანაკლებ სამარცხვინო სიმდაბლეს და არასოდეს იტყვის, რომ სექსუალური უმცირესობები უნდა ჩაიქოლონ, საქალწულე გვირგვინი (საქალწულე გვირგვინი ალისა შვარცერის მიერ შემოტანილი ტერმინია და მეც ამ ტერმინს ვიყენებ) ხანჯლებით უნდა დავიცვათ, ხოლო მუსლიმები უნდა გავყაროთ და ბევრ ქართველს სრულიად უსამართლოდ სწორედ ამის გამო სძულს ის და არა იმის გამო, რაც მას მართლაც ძალიან ცუდი აქვს. ცუდი კი მიშას უამრავი აქვს. მან შექმნა მატერიალისტური, არააადამიანური გარემო, ხალხს დაუკარგა სამართლიანობის განცდა, დანერგა შიშის სინდრომი, მისთვის, ისევე როგორც თქვენთვის, ვინც მას აკრიტიკებს, მისი მტერია, მას არ გააჩნია მიტევების უნარი და ა. შ. ბიძინა ივანიშვილსაც უამრავი აბსურდული საქციელი აქვს ჩადენილი და ნათქვამი, მე არ მომწონს მისი პოპულისტური გამონათქვამები, ბიძინა იწვევს ეჭვსა და უნდობლობას ჩემში, უპირველეს ყოვლისა, პუტინის რუსეთის მისამართით გაკეთებული რბილი ფრაზეოლოგიით, მაგრამ ბიძინა, კომპლექსურად თუ განვიხილავთ მის პიროვნებას, მიშაზე უკეთესია, მე ის უკვე თითქმის მიყვარს იმის გამო, რომ უპირველეს ყოვლისა ჩემს მეგობრებსა და ახლობლებს უყვართ (მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ, თვითონ მას არ მოვწონვარ) და ამიტომ მას ვუჭერ მხარს მომავალ არჩევნებში (წარსულში ჩემი ბევრი შეფასება ბიძინა ივანიშვილის პიროვნების შესახებ ვფიქრობ, ნამდვილად მცდარი და საფუძველს მოკლებული იყო, რაც გაკეთებული იყო მნიშვნელოვანწილად იმ მედიასაშუალებებზე დაყრდნობით, რომლების ობიექტურობის მე უკვე აღარ მჯერა. ხოლო ჩემი ურთიერთობის შედეგად "ქართული ოცნების" წარმომადგენლებთან ძალიან ბევრ საკითხში უკვე დადებითი დასკვნები გავაკეთე იმისა, რასაც, სრულიად საპირისპიროდ ჭეშმარიტებისა, ყველა ეს მართული მედიასაშუალება ხალხს უსინდისოდ უკიჟინებს). ეს არის ქართველი ერის სიძლიერის გამოხატულება. თუ ბიძინა მართლა პუტინის კაცია, პუტინმა უნდა იცოდეს, რომ ვინც არ უნდა დააყენოს ხელისუფლებაში, ქვეყნის პროდასავლური ვექტორი არ შეიცვლება და ამას მე გპირდებით, ბატონო ჩემო. გადადგამს ბიძინა ან ვინმე სხვა რუსეთის სასარგებლო და ქვეყნის სტრატეგიული ინტერესებისათვის საზიანო ნაბიჯებს და ის დაისჯება. "ქართულ ოცნებაში" მყოფი უამრავი ადამიანი ზუსტად იგივეს ფიქრობს. მე სულაც არ მეშინია 7 მილიარდით აღჭურვილი ივანიშვილის და არც მაშინ შემეშინდება, თუ მას დამატებით პრემიერის ძალაუფლება ექნება. კოალიცია არ არის მონების საკრებულო, აქ არის ძალიან ბევრი უაღრესად ღირსეული, გავლენიანი და პატრიოტი ლიდერი დამოუკიდებელი ხედვებით, კოალიციის წევრებსა და მხარდამჭერებს საერთო ფასეულობები გვაკავშირებს ერთმანეთთან, უპირველეს ყოვლისა, სამართლიანობისა და ადამიანური ღირსების დაცვის მოთხოვნილება, ჰუმანიზმის მოთხოვნილება, ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის მოთხოვნილება, ხოლო თუ ბიძინა ან/და ნებისმიერი სხვა გადაუხვევს ამ გზას, ძალიან რთულად ექნება საქმე. მე არ ვიყიდები, პირად სუვერენიტეტს არ ვთმობ და საკუთარ პრინციპულ ხედვებს არასოდეს ვიცვლი, მჯერა საკუთარი თავის, მიყვარს ჩემი ქვეყანა და სანამ მე ვსუნთქავ, ვეცდები, რომ ვერავინ დაადოს ქართველებს მონობის ბორკილები და ხალხის ცხოვრების დონე, სამართლიანობის და თავისუფლების ხარისხი განუხრელად და ძალიან სწრაფად უმჯობესდებოდეს. ჩემი საკუთარი მშობელი მამაც რომ წავიდეს საქართველოს ძირითადი ინტერესების საზიანოდ, მე მამაჩემსაც დავუპირისპირდები, არათუ ბიძინა ივანიშვილს. დასავლეთი ჩვენი ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის საფასურად საამისო სურვილსა და დემოკრატიას ითხოვს. დავუშვათ, ბიძინა საქართველოს მტერია. რის გაკეთებას მოახერხებს ბიძინა ამის საპირისპიროდ? იტყვის, რომ საქართველო ევროკავშირსა და ნატოში არ უნდა შევიდეს თუ დემოკრატიას არ განავითარებს? დამიჯერეთ, ორივე შემთხვევაში მისი ძალაუფლება მალევე დამთავრდება და მთელი ქართველი ხალხი აღსდგება მის წინააღმდეგ. ჩერჩილი თავის მემუარებში ამბობს, რომ დემოკრატიული ქვეყანა სწრაფად არასოდეს იცვლის საგარეო პოლიტიკურ ვექტორს. მეც ზუსტად ამ აზრს ვიზიარებ. საქართველოში უკვე არის იმ დონის დემოკრატია, რომ საგარეო პოლიტიკური ვექტორი ცალკეული ლიდერების ახირებებისა და სურვილების მიხედვით არ შეიცვალოს. რა მოხდება ბიძინა ივანიშვილის მოსვლის შემთხვევაში, დემოკრატიის ისედაც ძალიან დაბალი დონე კიდევ უფრო გაუარესდება? გაუარესდება და ჩვენი ნაბიჯებიც ადეკვატური იქნება. დღეს ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილი ბიძინასა და კოალიცია "ქართულ ოცნებას" უჭერს მხარს. თვით ყველაზე დემოკრატიულ ქვეყნებშიაც არის შესაძლებელი, ხალხის უდიდესი უმრავლესობა შეცდეს, ხანდახან ცდებიან ყველანი, გენიოსებიც და უნიჭო ადამიანებიც, მაგრამ ის, რაც განასხვავებს დემოკრატიულ საზოგადოებას ტოტალიტარულისაგან, ხოლო გენიოსს უნიჭო ადამიანისაგან, არის შეცდომების გამოსწორების მცდელობა და სურვილი. მე მწერალი ვარ და მთელი ჩემი არსებით ვცდილობ, ხალხის დემოკრატიული აზროვნება გაძლიერდეს, ეს კი უკვე თავისთავად არის ანტიპუტინური ქმედება, ეს არის ქმედება როგორც პუტინის, ასევე ყველა იმ სხვა არსების წინააღმდეგ, ვინც დემოკრატიას ებრძვის და ვისაც სურვილი აქვს დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლის. ხოლო თუ თქვენ არ გჯერათ ჩემი და დამცინით, ჩემთვის ეს არაფერს ნიშნავს, ზუსტად ისევე, როგორც ათასობით ჩემი მკითხველის, მხარდამჭერისა და გულშემატკივრისათვის. ხალხი კარგად ხედავს ყველაფერს, და ყველა კარგად ხედავს, ვინ არის დავით ჩუთლაშვილი, ვინ ირაკლი კაკაბაძე და ვინ ვუდრო ვილსონი თუ ჟან კლოდ ვანდამი. კაცი (ამ შემთხვევაში თქვენ), რომელიც ამცირებს ჩემს კახურ წარმომავლობას, პირიქით, მე მიწოდებს რასისტს მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებაში არასოდეს გამიკეთებია რაიმე რასისტული ტიპის გამონათქვამი და მისი აზრით თურმე ჩემი "რასისტობა" იმით დგინდება, რომ მე ტაივანსა და სინგაპურს ვაკრიტიკებ იმის გამო, რომ სექსუალური უმცირესობები იქ ცუდად გრძნობენ თავებს! თურმე ირაკლი კაკაბაძე, რომელიც მაღლიდან უყურებს კახელებს, წუხს ტაივანელი ჩინელების ბედზე, რომლებსაც დ. ჩუთლაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა იმით, რომ სექსუალური უმცირესობების მიმართ იქ დღეს მცხოვრები მოსახლეობის უმრავლესობის დამოკიდებულება გააკრიტიკა, ეს ხომ სასაცილოა! თქვენ ამით ნამდვილად აყენებთ შეურაცხყოფას ჩემთან ერთად დანარჩენებსაც იმიტომ, რომ გგონიათ, ვინმე ამ ყველაფრის შემდეგ დაგიჯერებთ, რომ მე ვარ რასისტი, ხოლო თქვენ ანტირასისტი.

იმაზე, რომ ვიღაცას ჩემი სჯერა და არა თქვენი, ნუ გამიბრაზდებით და ნუ მომთხოვთ, რომ უფრო სუსტად ვწერო და ის უზარმაზარი გავლენა, რაც ჩემს ტექსტებს ჩემთვის უდავოდ მოაქვს, ხელოვნურად შევიმცირო საკუთარი ნებასურვილით, რათა "სხვებსაც მივცე სივრცე." მე მესმის, რომ ჩემთან კონკურენცია თქვენთვის ძალიან მძიმე და ურთულესია, მაგრამ თქვენ თავად გადაწყვიტეთ პოლემიკაში შემოსულიყავით და თქვენი ქრისტიან-სოციალისტური იდეოლოგიის დისკურსიდან იოლად გასწორებოდით ჩემს თქვენთვის ვატყობ, გაუგებარ იდეალიზმს. ამიტომ რაც თქვენ ახლა დაგემართებათ, მე ნამდვილად ნუ დამაბრალებთ.



ფოტო: Fotolia

06.08.2012/12.08.2012

 

 

 

მთავარი

ბიოგრაფია

ნაწარმოებები

დაკავშირება

 

 

შეიძინეთ რომანი "ჭენება" საქართველოს მაღაზიებში

 
 
Copyright © David Chutlashvili. Alle Rechte vorbehalten