სახეები ფანჯრებს მიღმა

(ჩემი რეაქცია ტყიბულის მეშახტეების გაფიცვასთან დაკავშირებით. სოლიდარობა ამ ადამიანებს!)

ამასწინათ თბილისის ერთ-ერთ ინტერნეტკაფეში ასეთ სურათს შევესწარი: "ქსეროქსის" აპარატთან იდგა ასე ორმოციოდე წლის, მოღუშული სახის მქონე, ფაშფაშა ქალი (ასეთებს მე-17 საუკუნის ჰოლანდიელი მხატვრები განიერფარფლებიან ქუდებში გარჭობილი სირაქლემას ბუმბულებით ხატავდნენ) და ქაღალდის უზარმაზარ დასტას სათითაოდ უღებდა ასლებს. ქალის გვერდით მთვრალი ბიჭი მიდი-მოდიოდა. ბიჭი ხანგამოშვებით მამლაყინწასავით წაიგრძელებდა ხოლმე კისერს, ქაღალდის დასტას აშტერდებოდა და ყვიროდა: "ვაჰ, რა ლამაზი გოგოები არიან!" ასე გრძელდებოდა მგონი ოციოდე წუთი თუ ნახევარი საათი, ზუსტად აღარ მახსოვს. მე ორიოდე მეტრის მოშორებით, ხელოვნური ტყავის შავ სავარძელში ვიჯექი და მობილურით ინტერნეტში დავძვრებოდი. თავდაპირველად ყურადღებას არ ვაქცევდი, მაგრამ ბიჭის წამოძახილები თანდათან იმდენად აღფრთოვანებული ხდებოდა, იმდენად აღტაცებული იყო მისი თითოეული ახალი რეპლიკა, რომ ბოლოს მეც დავინტერესდი, წამოვდექი და ფაშფაშა ქალის „დავთრებში“ ჩავიჭყიტე.

ცხვირში მაშინვე მეცა ცხელი ქაღალდის და შეუმშრალი საღებავის მძაფრი სუნი. ფურცლებზე ოცი-ოცდახუთიოდე წლის გოგონების სურათები იყო დაკრული, ქვეშ კი ბიოგრაფიული მონაცემები ეწერა. მართლა იმდენად ლამაზი გოგონები იყვნენ, თავდაპირველად მეგონა, რომ ფაშფაშა ქალი მოდელების სააგენტოს მეპატრონე იყო ან სილამაზის კონკურსის ორგანიზატორი, მაგრამ როცა გავარკვიე, სინამდვილეში რაც ხდებოდა, სახტად დავრჩი: თურმე ეს იყო განცხადებები დამლაგებლების ვაკანსიებზე რომელიღაც სასტუმროში.

„ყოველთვის შეძლებისდაგვარად ვზრუნავ თანამშრომლების კეთილდღეობაზე,“ ღიმილით მითხრა ფაშფაშა ქალმა, „ვცდილობ, განსაკუთრებით ახალგაზრდებს დავეხმარო. ახალგაზრდობა ხომ ჩვენი ერის მომავალი და სიამაყეა. ამიტომ ჩემთან ხელფასი სულ მცირე 250 ლარია. სამუშაოზე ძირითადად რეგიონებიდან ჩამოსული სტუდენტი გოგონები ამყავს. არავინ იცის, რომ ვაკანსიების გაცნობისას ყოველთვის ვითვალისწინებ ჩემი პოტენციური თანამშრომლების ოჯახურ მდგომარეობას და მორალურ ფასეულობებს. ეს ჩემი პატარა საიდუმლოა. მე ადამიანებს გულით ვეხმარები, მაგრამ ვინმე ხედავს ამას? უმადურობამ წალეკა ჩვენი სამშობლო. დაახლოებით ერთი კვირის წინ ისეთ გამოუვალ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, ვერ წარმოიდგენთ. იძულებული გავხდი, ყველა ხელქვეითი სამსახურიდან გამეშვა. რაღაც პატარა აჯანყება მომიწყეს. მეუბნებოდნენ, ხელფასები მოგვიმატეო. თუ მუშაობა არ უნდოდათ, ჩემთან რას მოდიოდნენ? ახლა სადაც უნდათ იქ წავიდნენ. „იგი წავა და სხვა მოვა, ტურფასა, საბაღნაროსა.“ სამუშაოების მაძიებლების მეტი რა არის. აი რამდენი ფურცელია. ნეტავ, აქედან მეათედის დასაქმება მაინც შევძლო. ღმერთო, როგორ უჭირს ხალხს ჩვენს ქვეყანაში.“

„თქვენ იმდენად კარგი ადამიანი ჩანხართ, დარწმუნებული ვარ, ლიბერალური შეხედულებებიც გექნებათ ცხოვრებაზე,“ ვუთხარი მე რაც შეიძლება სერიოზული ხმით.

ფაშფაშა ქალი ვერ მიმიხვდა მომაკვდინებელ სარკაზმს. მან ხელი მაგრად ჩასჭიდა იქვე მდგარი სკამის ძგიდეს და წამოიძახა:

„კი, მე ლიბერალი ვარ, ნამდვილი ლიბერალი. ასეთად გამაჩინა ღმერთმა. ვერ ვიტან, ადამიანებს რომ ამცირებენ და დევნიან რაიმე, თუნდაც ეთნიკური ან რელიგიური ნიშნით. ერთადერთი ჯგუფი, ვისაც ვერ ვიტან, ჰომოსექსუალებია, მაგრამ ჰომოსექსუალებს მე კი არა, ჩვენი დედაეკლესიაც ვერ იტანს. გარდა ამისა, წარმოდგენაც კი რთულია, რას აკეთებენ ისინი საკუთარ საწოლებში. განა ვინმეს რამეს ვუშლი, რა უფლება მაქვს, საკუთარ სახლებში რაც უნდათ ის აკეთონ, მაგრამ მე ნუ მომეკარებიან, ჩემს ბავშვებს ნუ გარყვნიან საკუთარი პროპაგანდით (ერთი ბიჭი და ორი გოგო მეზრდება). თუმცა მე არც იმას ვემხრობი, როცა გეებს „ტაბურეტკებით“ დასდევენ ხოლმე ვიღაცეები. სისასტიკეს და ძალადობას გამართლება არ აქვს. მძულს ფაშიზმი და ვერასოდეს შევეგუები, რომ ვიღაცამ ადამიანები დაჩაგროს.“

„არ გიფიქრიათ, რომ იმის მიუხედავად, თუ როგორ აღიქვამთ საკუთარ თავს, მაინც სწორედ ფაშისტივით მსჯელობთ?“ შევეკითხე მე, „თქვენ ამბობთ, რომ გძულთ ეთნოფაშისტები, მაგრამ განა რით განსხვავდება თქვენი მსჯელობა თქვენივე მიერ დაქირავებული ადამიანების შესახებ იმისგან, რასაც ეთნოფაშისტები განსხვავებული ეროვნების წარმომადგენლების შესახებ ამბობენ? განა ისინიც თქვენსავით არ ეუბნებიან ხოლმე განსხვავებული წარმომავლობის მქონე ადამიანებს, დატოვეთ ჩვენი ქვეყანა, თუ აქაური პირობები არ მოგწონთო?“

„უცნაურად ლაპარაკობთ,“ მოწყალე ღიმილით მიპასუხა ფაშფაშა ქალმა, „განა ბევრი დაფიქრება უნდა იმას, რომ საქართველო ერთადერთია, ხოლო სასტუმრო უამრავი?“

ამ სიტყვებით მეჩვიდმეტე საუკუნის ჰოლანდიელი მხატვრების ტილოებიდან გადმოსულმა ქალმა თავისი ქაღალდების ვეებერთელა დასტას თავი მოუყარა და მწვანე ფერის ასევე უზარმაზარ ჩანთაში მიუჩინა ადგილი, ხოლო შემდეგ გამომშვიდობების ნიშნად ღიმილით ხელი დამიქნია და ღია კარიდან ქუჩის სიბნელეში გაუჩინარდა.

მე ცოტახანს კიდევ ვიბორიალე ინტერნეტკაფეში. სასტუმროს მეპატრონე ქალთან შეხვედრამ ერთიანად მომცელა და მომსპო. ამიტომ „ქსეროქსის“ აპარატთან ჩემს რიგს აღარც კი დავლოდებივარ და გარეთ დამდუღრულივით გავვარდი. თითქოს რაღაც (თუ ვიღაც) ყელში ხელს მიჭერდა და მახრჩობდა. ტაქსი დავიჭირე და ჩემი ბინისკენ გავემართე. გზაში ვიყიდე არაყი, ლორი, პური და რამდენიმე ფუნთუშა. სანამ სახლამდე მივაღწევდი, არყის ბოთლი ჩავანახევრე და მეექვსე სართულისკენ მიმავალ სახლის კიბეებს ბანცალ-ბანცალით შევუყევი. ბინაში შესულმა ბოთლი ბოლომდე ჩამოვცალე და შესასვლელთან, იატაკზე მოვისროლე. თავი მიბრუოდა, გული გამალებით მიცემდა და საფეთქლები ისე მტეხდა, თითქოს უზარმაზარი ურო ჩაერტყათ ჩემთვის თავში. მე ვფიქრობდი იმ გოგონებზე, რომელიც ინტერნეტკაფეში ჩემს მიერ გაცნობილმა ურჩხულმა დაუნანებლად მოისროლა. რა ბედი ელით მათ? ალბათ დაბრუნდებიან თავიანთ სოფლებსა თუ პატარა ქალაქებში, რადგან ვეღარც სწავლის ქირას გადაიხდიან, ვეღარც ბინის ქირას, დაბრუნდებიან, შემდეგ გამოჩნდება მათ ცხოვრებაში წყება ხისთავიანი მამაკაცებისა და ისინიც ოჯახებს შექმნიან ამ უკანასკნელებთან. მერე იჩხუბებენ დედამთილებთან და მამამთილებთან, ექნებათ სექსი ერთსადაიმავე პოზაში, მხოლოდ გამრავლების მიზნით და მხოლოდ იმ დღეებში, როცა ეკლესია ცოლქმრულ სექსს მრუშობად არ აღიქვამს, ეყოლებათ ბავშვები, რომლებსაც ისინი უქმე დღეების გარდა ყოველ დილით შეშის ღუმელზე “ყიყლიყოს“ შეუწვავენ სკოლაში წასვლამდე და შემდეგ კვერცხის ნაჭუჭებს ემალის დაჭყლეტილ სათლებში მოისვრიან (ემალის დაჭყლეტილი სათლი ისე ცხადად წარმოვიდგინე, წამომასლოკინა). შემდეგ იქნება ავადმყოფობა, იქნება სიბერე და შემოღობილი საფლავების თავებზე აღმართული ჯვრების რიგები, ჯვრები მარცხნივ, ჯვრები მარჯვნივ, ჯვრები წინ, ჯვრები უკან, ყველგან, ირგვლივ, მთელი ქვეყანა ჯვრებით იქნება მოფენილი, იქნება ჯვრების ზღვაში ჩამხრჩვალი ქვეყანა და იქნება ჯვრების ზღვაში ჩამხრჩვალი იმედები, ოცნებები და სურვილები, ჯვრების ზღვაში ჩამხრჩვალი სექსუალური სურვილები და ჯვრების მიერ წალეკილი ნატიფი ოცნებები. და მე უცებ გამახსენდა... გამახსენდა ერთი ჩემი პარტიული შეხვედრა ტყიბულელ და ჭიათურელ მეშახტეებთან. ერთ-ერთი მეშახტის სახე განსაკუთრებით ცხადად წამომიტივტივდა გონებაში. ოცდახუთიოდე წლის ბიჭი იყო, შავგვრემანი, სანახევროდ მელოტი. გვითხრა, ცხრა წლის გოგონა დამეღუპა ფილტვების ანთებითო. დადიოდა გაოგნებული და თავისი ცხრა წლის გოგონას სურათს გვიჩვენებდა. სურათზე გოგონა დაფნის ხესთან იდგა და იცინოდა. ჰოდა მე ვფიქრობ, რა მოხდებოდა, ის ბიჭიც და მისი ცოლიც ყოველდღიური აუტანელი შრომისგან რომ არ ყოფილიყვნენ ილაჯგაწყვეტილები და ბავშვის მოვლა მოხუც ბებიას რომ არ დაკისრებოდა. გოგონა ალბათ გადარჩებოდა. არა, არა, მართლა გადარჩებოდა. გადარჩებოდა, მდელოზე ისეირნებდა და თმაში ყვავილებს ჩაიწნავდა; დაიჭერდა ციცინათელებს, ჩასვამდა ფარანა ყვავილის გვირგვინში და ბნელ ოთახს გაანათებდა, ხოლო შემდეგ მწერებს ფანჯრიდან გარეთ გაუშვებდა, არ დაიხოცონო. ჩემს წარმოსახვაში იმ მეშახტე ბიჭის სახე მისი გოგონას სახესთან ერთად ფანჯრის იქეთ, ბაც ღრუბლებს მიღმა არსებულ უსასრულობას შეერწყა. ხშირად ვხედავ ხოლმე ამ სახეებს, ყოველთვის ვხედავ, ტაქსის საქარე მინის მიღმა, როცა ტაქსით ვმგზავრობ და მატარებლის ფანჯრის მიღმა, როცა მატარებლით ვმგზავრობ. მე მათი ხმები ჩამესმის და მათ სახეებს ვხედავ. მე ჩამესმის მათი ხმები ჩვენი ეული და მცხუნვარე სულების მოთქმასა და გოდებასთან ერთად.

უკანასკნელი ფუნთუშა ჩავიტენე პირში და სიგარეტს მოვუკიდე. ვუყურებდი ჩემს წინ, ფანჯრის მიღმა ლევიათანივით გაწოლილ ქალაქს. შენობა-ნაგებობათა ფერმკრთალი სინათლეები თანდათან ღამის წყვდიადთან ზავდებოდა. ქალაქი ნელ-ნელა, მარცვალ-მარცვალ ერწყმოდა სიბნელეს და სიცარიელეს, როგორც შაქრის ნატეხი საპნის ქაფს, სიძულვილით ქეჯნილი და გათითოკაცებული.



ლია უკლება. "მაღაროელი ებრძვის სიბნელეს"

26.02.2016

 

 

 

მთავარი

ბიოგრაფია

ნაწარმოებები

დაკავშირება

 

 

შეიძინეთ რომანი "ჭენება" საქართველოს მაღაზიებში

 
 
Copyright © David Chutlashvili. Alle Rechte vorbehalten