(ს)ამება

17 მაისს მე დავწერე, "იმან, რაც დღეს მოხდა, ჩემი ყოვლისმომცველი პესიმიზმიც კი დაჩრდილა-მეთქი." თურმე მაინც როგორ ვცდებოდი და ჯერ კიდევ რა მიამიტი ვყოფილვარ! თურმე რეალობა მეინსტრიმ-საქართველოში კიდევ უფრო შემზარავი ყოფილა. თურმე 21-ე საუკუნის საქართველოში შეიძლება მავანი ბინძური მღვდელი უპრობლემოდ დაემუქროს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, რომ დაუსტვენს ქართველ სამხედროებს და არმია პოლიციასთან ბრძოლაში ჩაებმება. თურმე 21-ე საუკუნეში შესაძლებელია, ახალგაზრდების ერთმა ჯგუფმა პლასტმასის ბოთლებით და ჯოხებით სასტიკად სცემოს მეორე, მხოლოდ იმიტომ, რომ ამ უკანასკნელს ოდნავ განსხვავებულად აცვია, და ეს ხდება ჩვენს გვერდით, ჩვენს უშუალო სიახლოვეს, ევროპის კონტინენტზე, ქვეყანაში, რომელსაც ევროკავშირსა და ნატოში შესვლა სურს. აი, როგორი პირუტყვები ცხოვრობენ საქართველოში. და ეს დამსახურებაა "ასავალ-დასავალის," "საქართველო და მსოფლიოსი," "ალია-ქრონიკის," "კვირის პალიტრის" და მათთან ერთად ქართული პრესის და ჟურნალისტიკის იმ სხვა "მარგალიტების," რომლებიც ბეჯითად დგანან ძირმომპალი ეკლესიის, ე. წ. მართლმადიდებელთა უბიწო საჯდომების, საქალწულე აპკების, გაზის კამერების, ეკლიანი მავთულხლართების და სხვა უამრავი ფაშისტური ატრიბუტიკის დაცვის სადარაჯოზე. უნამუსო პოლიტიკოსებო და ჟურნალისტებო, ეს პასუხისმგებლობა თქვენს კისერზეა; თქვენი ხელები სისხლშია გასვრილი; ფაშისტური გაზეთების რედაქტორებო, მე მოგიწოდებთ, გამოუშვათ თქვენი გაზეთები სუფთა ფურცლების სახით; თქვენი გაზეთები დღეს ეფექტურად ვერ ასრულებენ საკუთარ ძირითად ფუნქციას, კერძოდ კი მათ არ გააჩნიათ სათანადო სინაზე, სილბო და ამიტომ მათი საპირფარეშოში ამ სახით გამოყენება ყოვლად შეუძლებელია. არათუ შეუძლებელი, მათი გამოყენება აღმაშფოთებელიც კია. ამიტომ გამოუშვით გაზეთები ვანილის ან თუნდაც შემწვარი ნიგვზის არომატით, სუფთა ფურცლებზე, დატოვეთ მხოლოდ სათაურები თქვენი გაზეთების, თანაც ისე, რომ თქვენმა მკითხველებმა მათი მოხევა და გადაგდება ადვილად შეძლონ, სანამ თქვენი ეს მაკულატურა საკუთარ უმთავრეს დანიშნულებას იპოვიდეს საპირფარეშოში; ფაშისტო პოლიტიკოსებო, კეთილად ნუ ლაპარაკობთ ეკლესიაზე, თავი შეიკავეთ მორწმუნეობის აფიშირებისგან და ფარულად ნუ აქეზებთ ჰომოფობიურ ჯგუფებს, თორემ ხედავთ, რა მარაზმამდე დავედით? ხედავთ, სადამდე დავეცით, რა შედეგი მოიტანა თქვენმა უვიცობამ და სიბნელემ, მღვდლები რომ წამოგვასვით თავზე? ხომ გეუბნებოდით. მთელი ეს წლები ხომ ამაზე ვლაპარაკობდი. დღეს მღვდლები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს ემუქრებიან, ხვალ კი შემოვლენ და ყველა თქვენთაგანის სახლებში მოისაქმებენ, პირდაპირ თქვენს საწერ მაგიდაზე ან თქვენივე ლოგინში მოისაქმებენ, იქ მოისაქმებენ, სადაც საკუთარ კანონიერ და ჯვარდაწერილ მეუღლეებთან ტრადიციული სექსით იქნებით დაკავებულები შავი ტყავის ქურთუკების და ჩოხების გაუხდელად. ჰოდა, როცა მოისაქმებენ, ეს მღვდლები პირველად თქვენ მოგადგებიან, ვინც მე მესხმით დღეს თავს და საზარლად მაგინებთ აურაცხელ ინტერნეტფორუმებზე და ფეისბუკის ფეიჯებზე, თქვენ მოგადგებიან, მაგრამ მოგადგებიან არა ჯანმრთელი ფალოსებით ან სექსშოპში ნაყიდი, პროფესიონალურ დონეზე წარმოებული ვიბრატორებით, რათა საკუთარი ნების წინააღმდეგ სიამოვნების მიღება მაინც შეძლოთ (ეჰ, მართლა, სადაა თბილისში სექსშოპები?!), არამედ იმავე ცოცხებით და იმავე ბოთლებით, დღეს თუ გუშინ თბილისის ქუჩებში ყველაზე საამაყო ქართველ გოგონებს და ბიჭებს რომ ურტყამდით თავში. საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ პირველებს თქვენ მოგადგებიან და თქვენც მორჩილად მადლობას აღუვლენთ იმ მღვდლებს, რომლებთან ერთადაც მე და ჩემს მეგობრებს, 2013 წლის 17 მაისს, ჰომოფობიის წინააღმდეგ აქციის ჩატარების შესაძლებლობა არ მოგვეცით. თქვენ ხართ 21-ე საუკუნის კანიბალები ქვის ხანის ეპოქიდან, და პირველები ეს თქვენ იქნებით, ფაშისტური პრესის ფაშისტო რედაქტორებო და ფაშისტო პოლიტიკოსებო, ვინც თუმცა სულის სიღრმეში საკუთარი ნების წინააღმდეგ, მაგრამ მაინც კიდევ ერთხელ მორჩილად გ ა დ ა ი ხ რ ე ბ ი თ და იტყვით: "დიდება პატრიარქს! ღმერთს დიდება!"

ხუმრობა იქეთ იყოს და 17 მაისს სიკვდილს სასწაულით გადავურჩი. დღეს დილას ნერვიულობისგან გული ამერია. ეს მესამედ მოხდა ჩემს ცხოვრებაში; პირველად მაშინ ამერია გული, მოსკოვში სკინჰედების ბანდამ ჩემი მაღაზია რომ დაარბია, მეორედ 1 ოქტომბრის არჩევნების წინადღეს, მესამედ კი ახლა... როცა საპატრიარქოს грузин-მა ზომბებმა ყვითელი სამარშუტო ტაქსი გაჩხრიკეს, ვინმეს რომ ვეცნე, გადამიყვანდნენ, ხეზე ჩამომკიდებდნენ, ცოცხლად გამაძრობდნენ ტყავს და ზედ ტყავგამძვრალ სხეულზე მარილსაც დამაყრიდნენ, მითუმეტეს, რომ სამარშუტო ტაქსში მჯდომი კეთილი თბილისელი მოქალაქეები დაჟინებით მოითხოვდნენ და მიესალმებოდნენ ამას. მაგრამ კიდევ კარგი, грузин-ი ზომბები წიგნებს არ კითხულობენ. ასე რომ, ყველა უარყოფითს გააჩნია რაღაც დადებითი.

17 მაისს დავრწმუნდი, რომ ჯერ კიდევ ტოტალიტარული სახელმწიფოებიდან ყველაზე უსაზარლესში, თეოკრატიულ სახელმწიფოში ვცხოვრობ, რომელსაც ისევე, როგორც ამ ბოლო 9 წლის მანძილზე, დღესაც სინოდი და აბსოლუტური რელიგიური მონარქი – მორჭმული მეფე ი(ღ)ლია მეორე უდგას სათავეში. ვაჰმე უბედურს: ამდენი ბრძოლის ბოლო აკორდად, არათუ დემოკრატიის, არამედ საერო ტირანის ნაცვლად ისევ სასულიერო ტირანი შემრჩა ხელში! აი, რა შედეგი მოსდევს ეკლესიის წელიწადში 25 მილიონით დაფინანსებას, Shooting-ს მღვდლების და პოლიტიკოსების თანამონაწილეობით და ჯიპების ჩუქებას უკანასკნელთაგან ამ პირველებისთვის. ვფიქრობ, რომ ეკლესია რუსული სპეცსამსახურების, "ქართული ოცნების" კონსერვატიული ფრთის და "ცოცხების პარტიის" მიერ იმართება. სწორედ ეს სამი ძალა, სწორედ ეს (ს)ამება განსხეულდა 17 მაისს და ჩვენ, ქართველ ხალხს დაგვიპირისპირდა. ამ (ს)ამებამ 17 მაისს კოჰაბიტაციის შესაშური მაგალითი აჩვენა მთელ სამყაროს. მე მხოლოდ ისტორიის სახელმძღვანელოებში წამიკითხავს, რომ საერო ხელისუფალთ რელიგიური პირები დამამცირებლად ექცეოდნენ, მაგრამ იმას, რაც 17 მაისს მოხდა, შუასაუკუნეების შესახებ რელიგიურ სახელმძღვანელოებშიც ვერ იხილავთ. მე არსად მომისმენია, რომ უბრალო მღვდელი მითითებებს აძლევდეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ასე დამამცირებლად ელაპარაკებოდეს და არმიის გამოძახებით ემუქრებოდეს მას. მინისტრის ან მისი მოადგილის ადგილას რომ ვყოფილიყავი, მაშინვე ჩემი ხელით დავადებდი ბორკილებს ასეთ მღვდელს, თუნდაც მერე ბრბოს ცოცხლად გაეძრო ტყავი ჩემთვის. თინა ხიდაშელის შეფასება, რომ "პოლიცია სწორად მოიქცა," აღმაშფოთებელი და გაუგონარი უხამსობაა. მოდი, მე ხვალ ბანკს დავაყაჩაღებ, ხოლო თქვენ ხმას ნუ ამოიღებთ ქალბატონო თინათინ. თუ მღვდელს უფლება აქვს, შინაგან საქმეთა მინისტრს თუ მის მოადგილეს დაემუქროს, თუ საპატრიარქოს უფლება აქვს, შელახოს ჩემი ელემენტარულზე ელემენტარული კონსტიტუციური უფლება, რომ გამოვიდე და მშვიდობიანად გამოვხატო ჩემი აზრი, მაშ ბანკის დაყაჩაღების უფლება რატომ არ მაქვს?! თქვენ იურისტი ბრძანდებით ქალბატონო თინათინ, ამიტომ პოლიტიკურ მიზანშეწონილობაზე კი არ უნდა საუბრობდეთ, არამედ სამართლის უზენაესობაზე. აი, თურმე რატომ არ იჭერთ დამნაშავე ნაციონალებს. ესეც "პოლიტიკური მიზანშეწონილობაა," რომ ისინი თავისუფლად დასეირნობდნენ, არა? ასე გსურთ სამართლიანი და დემოკრატიული სახელმწიფოს აშენება?! ეს რა სახელმწიფოა, სადაც საკანონმდებლო ორგანოს წარმომდგენელი (თანაც იურისტი!), მის მიერ მიღებული და მხარდაჭერილი კანონების შეუსრულებლობას და მღვდლების ჩარევას სახელმწიფო საქმეებში "პოლიტიკური მიზანშეწონილობით" ხსნის? პოლიციამ შესაძლებლობის მაქსიმუმი გააკეთა, მაგრამ პოლიცია 17 მაისს სწორად არ მოქცეულა. სად ვცხოვრობთ, ეს რა სახელმწიფოა ხალხო?! მე ამდენი წელი იმისთვის არ მიბრძოლია, რომ ასეთ სამარცხვინო სახელმწიფოში მეცხოვრა. მაგრამ მე მაინც ვცდილობ, გავუგო იმ ხალხს, ვინც საკუთარი ნების წინააღმდეგ დღესაც უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება 9-წლიანი კოშმარის შემდეგ იმიტომ, რომ მთელ ამ გაუგონარ, ყველაზე სამარცხვინო, წარმოუდგენლად სამარცხვინო კოშმარში პასუხისმგებლობის ძირითადი ტვირთი "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" და მიხეილ სააკაშვილს აწევთ. სწორედ ამ 9 წლის მანძილზე მიაღწია რელიგიამ საქართველოში არნახულ გაფურჩქნას და აყვავებას, სწორედ სააკაშვილის რეჟიმი აფინანსებდა გულუხვად ამ აყროლებულებს, სწორედ ის ნერგავდა ხალხს საპატრიარქოში, ხალხს, რომელმაც 17 მაისს ქართული სახელმწიფოს და სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ გაუგონარი პროვოკაცია დაგეგმა და მოიყვანა სისრულეში, მაგრამ თქვენს საქციელს, "ქართულ ოცნებაში" მყოფო ლიბერალებო, გამართლება მაინც არ გააჩნია. ასეთ "ხელისუფლებაში ყოფნას" არათუ ოპოზიციაში, არამედ ყველაზე ბნელ და საზარელ დილეგში ყოფნაც კი სჯობდა. ქალბატონო თინათინ, რაღა თქვენი ხელისუფლება და რაღა სანჩო პანსას ხელისუფლება. როგორც სანჩო პანსა დანიშნა ჰერცოგმა კუნძულ ბარატარიის გუბერნატორად, სწორედ ასევე დაგნიშნათ თქვენც ილია მეორემ საქართველოს პარლამენტარებად. ეს რომ არ მინდა, სწორედ იმიტომ არ გაწუხებთ. მესმის თქვენი, ვაფასებ თქვენს თავგანწირვას, ძალიან მიყვარხართ კიდეც, მაგრამ ვერ შემოგიერთდებით. მე ჩემი გზა მაქვს, მე არასოდეს ვეცდები საპატრიარქოს რეიტინგი ვინმეს დასამარცხებლად გამოვიყენო. მე ან რეალურად უნდა გამაჩნდეს ძალაუფლება ან საერთოდ არ გამაჩნდეს.

P. S. თურმე ჩვენი ანტიჰომოფობიური აქციის მხარდასაჭერი აქცია მთავრობის კანცელარიასთანაც გამართულა. თინეიჯერებს, რომლებსაც ქვემოთ, ფოტოზე ხედავთ, საპატრიარქოს ფაშისტური დაჯგუფებები დარბევას უპირებდნენ და პოლიციას რომ საშუალება მიეცა, არავინ იცის, ამ უმშვენიერესი ადამიანების სოლიდარობის აქცია რა შედეგით დამთავრდებოდა. არადა, ნახეთ, მართლა რა კარგი და შესანიშნავი ადამიანები არიან. აი, ვინ არიან ნამდვილი ქართველები და ნამდვილი ევროპელები. თქვენ გენაცვალეთ! უზომოდ მიყვარხართ ყველა.



ფოტო: Forum.ge

18.05.2013

 

 

 

მთავარი

ბიოგრაფია

ნაწარმოებები

დაკავშირება

 

 

შეიძინეთ რომანი "ჭენება" საქართველოს მაღაზიებში

 
 
Copyright © David Chutlashvili. Alle Rechte vorbehalten