შემზარავი სინამდვილე

საქართველოში გიგანტური მასშტაბების კორუფციაა. გაუმჭვირვალე ფინანსები, რომლებიც ირიცხება ინფრასტრუქტურისა და გზების მშენებლობისათვის, თავდაცვის სამინისტროს გაბერილი ხარჯები (რაც რეალურად თავდაცვას კი არა, მიხეილ სააკაშვილისა და ბაჩო ახალაიას გამდიდრებას ხმარდება), "ნებაყოფლობითი" შემოწირულობები "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გაუთავებელი პროპაგანდისტული საარჩევნო კამპანიისათვის უფასო სარეკლამო დროისა და სივრცის, ინვენტარის, ფულისა და ათასგვარი მომსახურებების სახით, მმართველი პარტიის მიერ დარიგებული სოციალური შემწეობები მისდამი ლოიალურად განწყობილი ელექტორატის მიმართ, მონაწილეობა სარეკლამო ბაზრის, ტელეკომუნიკაციების, ნავთობის, გაზისა და მედიკამენტების, სადაზღვევო კომპანიებისა და ა. შ. მონოპოლიურ ბიზნესებში -- კორუფციის დღემდე არნახულ და უპრეცენდენტო მასშტაბებს აღწევს. შედეგად ამისა ქართული ეკონომიკის უდიდესი ნაწილი ჩრდილოვანია, ქვეყნის ბიუჯეტი ძირითადად ივსება წვრილი მეწარმეების -- პატარა მაღაზიების მფლობელების, მაკლერების, წვრილი ექსპორტიორებისა და იმპორტიორების, პატიმართა ოჯახებისა და მიზერულ ხელფასებზე დასაქმებულთა აუტანელი და უსაზარლესი ჩაგვრის ხარჯზე, რომლებიც რეალურად ქვეყნის სიმდიდრის მხოლოდ მცირე ნაწილს ფლობენ, ხოლო შექმნით გაცილებით მეტს ქმნიან.

ამასწინათ მ. სააკაშვილს წამოსცდა, რომ "ნაცმოს" არჩევნების მოგება 1,5 მლრდ. ლარი უჯდება. მაგრამ თუ ყველაფერს შევაჯამებთ და დავიმატებთ ამერიკული და დასავლეთევროპული ლობისტური კომპანიებისათვის გადახდილ სახსრებს, "ნაცმო" გაცილებით მეტს ხარჯავს არჩევნების მოსაგებად და გასაყალბებლად. უამრავი უცხოელი დამკვირვებელი, რომელიც სააკაშვილს საქართველოში არჩევნებზე ჩამოჰყავს, წინასწარვე არის ნაყიდი და "დავერბოვკებული."

სხვადასხვა მონაცემებით ქვეყნის მოსახლეობის 60 %-ზე მეტი დღეში 3 $-ზე ნაკლებს ხარჯავს. რომელიმე ფრანგს ან გერმანელს ეგონება, რომ ეს 3 $ მაინც, სახელმწიფოს მიერ ამ ადამიანებისათვის გადახდილი შემწეობაა, მაგრამ დღეში 3$-ს ეს ადამიანები გამოიმუშავებენ არაადამიანური ჩაგვრის, --დღეღამეში 12-14 საათიანი კატორღული მუშაობის ფასად, რათა ცარიელი პური მაინც არ მოაკლდეთ და არსებობა შეძლონ.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად ერთ სულ მოსახლეზე ეროვნული შემოსავალი საქართველოში 6000 $-ია (მსოფლიო ბანკის მონაცემები ლარის მსყიდველუნარიანობის გათვალისწინებით), მაგრამ ეს ოფიციალური სტატისტიკა ყალბდება სხვადასხვა "კვლევების" შედეგად. იმის გამო, რომ საქართველოში ბიზნესების უდიდესი ნაწილი ჩრდილოვანი და მონოპოლიზებულია, დანამდვილებით შეიძლება თქმა იმისა, რომ ეს ციფრი სავარაუდოდ გაცილებით მაღალია, -- ორჯერ ან მეტჯერ მაღალი (მითუმეტეს, რომ საქართველოში, ისევე, როგორც განვითარებადი ქვეყნების უმეტეს ნაწილში არ არსებობს სოციალური თუ სხვა სახის კვლევების თანამედროვე მეთოდოლოგია და პრაქტიკა). მაგრამ ქვეყნის სიმდიდრეების უდიდეს ნაწილს ფლობს რამდენიმე ათეული ოჯახი, -- 2003 წლის "ვარდების რევოლუციად" წოდებული მოვლენებიდან აღმოცენებული მილიარდერთა კასტა.

განსაკუთრებით მძიმე დღეში იმყოფებიან ქალები და ბავშვები. ქალებს, მამაკაცებთან შედარებით 50- ხოლო ხშირად 60 %-ით ნაკლები ანაზღაურება აქვთ ერთსადაიმავე სამუშაოსათვის, ბავშვები კი ან მძიმე სამუშაოებს ასრულებენ ბაზრებსა თუ საზკვების დაწესებულებებში ან მასობრივად მათხოვრობენ ქუჩაში.

ახლა გავარკვიოთ, თუ რამდენს გამოიმუშავებენ ზოგიერთი პროფესიის ადამიანები საქართველოში. დასაქმებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა საქართველოში მასწავლებლები არიან. ოფიციალური მონაცემების თანახმად მასწავლებელს 1000 ლარამდე შეუძლია გამოიმუშაოს, მაგრამ ეს ყალბი ციფრია. 1000 ლარს გამოიმუშავებს მხოლოდ მასწავლებელთა ძალიან მცირერიცხოვანი ნაწილი -- სულ რამდენიმე ასეული მათგანი, -- ისინი, ვინც დაახლოვებულები არიან "ერთიან ნაციონალურ მოძრაობად" წოდებულ მკვლელების, არჩევნების გამყალბებლების, ქალებზე მოძალადე მამაკაცებისა და ყაჩაღების ხროვასთან. ამ 1000 ლარს ეს მასწავლებლები იღებენ ძირითადად არჩევნების გაყალბებაში თანამონაწილეობის სანაცვლოდ (საარჩევნო უბნები საჯარო სკოლების შენობებშია მოწყობილი და საარჩევნო კომისიების წევრები როგორც წესი ძირითადად მასწავლებლები არიან). მასწავლებელთა უმრავლესობა (60 %-ზე მეტი) იძულებულია თვეში 70-80 ლარს დასჯერდეს. ეს ის მასწავლებლები არიან, რომლებიც არ დათანხმდნენ არჩევნების გაყალბებაში თანამონაწილეობაზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორებს. ჩვენი დროის ეს გმირი ადამიანები რეჟიმმა შიმშილით სიკვდილისათვის გაიმეტა. ამ 70-80 ლარიდანაც ამ მასწავლებლებს მხოლოდ მცირედი თუ რჩებათ სათავისოდ: მაგალითად, კომპანია "ჯეოსელმა," რომელიც ფაქტობრივად მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილის კომპანიაა, ყოველთვიურად 3 ლარი ჩამოაჭრა მასწავლებლებს კორპორატიული ზარების განსახორციელებლად ისე, რომ მასწავლებლებს ეს არავინ ჰკითხა. ამასთან ერთად, მასწავლებელი თავისი 70-80 ლარით (საიდანაც მას საშემოსავლო გადასახადიც ექვითება), იძულებულია გამოიწეროს სხვადასხვა პერიოდული ჟურნალ-გაზეთები, რომლებსაც რეჟიმთან დაახლოვებული რედაქციები გამოსცემენ და ჩარიცხოს ფული ეკლესია-მონასტრების ასაშენებლად თუ სარესტავრაციოდ. მასწავლებელი "სერთიფიცირებისა" და "კვალიფიკაციის ამაღლების" გამოგონილი მოტივით იძულებულია, საკუთარი მწირი სახსრებით გადაემზადოს და შეიძინოს სპეციალური ლიტერატურა, რასაც ასევე მ. სააკაშვილთან დაახლოვებული გამომცემლები ბეჭდავენ ან/და ეზიდებიან საზღვარგარეთის ქვეყნებიდან.

მაგალითისათვის გიჩვენებთ, თუ რა თანხებს შეადგენს სხვადასხვა ქვეყნებში არათუ ხელფასი, არამედ უმუშევართა შემწეობა: საფრანგეთში უმუშევართა დახმარება ერთი პერსონისათვის შეადგენს 935,20 ევროს (ავსტრია -- 870 ევრო, ხოლო 55 წელს ზემოთ მამაკაცებისათვის, ასევე ქალებისათვის 54 წელს ზემოთ -- 1305 ევრო). ოღონდ არ გეგონოთ, ამ ფულს უმუშევრები სამუშაოს დაკარგვიდან გარკვეული პერიოდის მანძილზე იღებდნენ. უმუშევართა დახმარება იქ მანამდე გაიცემა, სანამ სამუშაოს მაძიებელს ღირსეულ სამუშაოს უპოვიდეს სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი სახელმწიფო სტრუქტურა მისი კვალიფიკაციისა და დამსახურებების შესაბამისად, ხოლო თუ უმუშევარი ხანგრძლივად ერთ რომელიმე კონკრეტულ პარტნიორთან ერთად ცხოვრობს, წყვილისათვის დახმარება ერთიანად გაიცემა და ის შეადგენს 1693,80 ევროს, და ეს მაშინ, როცა ევროს მსყიდველუნარიანობა საფრანგეთში მხოლოდ ოდნავ ნაკლებია საქართველოსთან შედარებით.

P. S. ამ ნარკვევს ვწერდი, როცა გავარკვიე, რომ ის 11 000-მდე რეგისტრატორი, რომლებიც საარჩევნო სიების დასაზუსტებლად მუშაობენ, თვეების მანძილზე მუშაობის სანაცვლოდ ხელზე 150 ლარიან ხელფასს მიიღებენ მხოლოდ. ამიტომ რეგისტრატორები უარს აცხადებენ მუშაობაზე და მასობრივად ტოვებენ სიების დამზუსტებელ კომისიებს.



გუსტავ ვიგელანდი. პარკის სკულპტურები

17.02.2012

 

 

 

მთავარი

ბიოგრაფია

ნაწარმოებები

დაკავშირება

 

 

შეიძინეთ რომანი "ჭენება" საქართველოს მაღაზიებში

 
 
Copyright © David Chutlashvili. Alle Rechte vorbehalten