"ქოცი"

"პურს ამოვიტან," ვამბობ მე.

სუფრაზე მართლაც ყველაფერია პურის გარდა. ის თავს უსიამოვნოდ აქნევს, ხელებს ასავსავებს და მე ვხვდები: ფემინისტები პურს არ ჭამენ. პური მეტისმეტად ბანალური საკვებია მათთვის, ხოლო თუ ისინი მემარცხენე ფემინისტები არიან, ნუ, მაშინ ხომ საერთოდ.

პური მაინც ამოვიტანე. ის კი ზის და მიყურებს. მაკვირდება, როგორ ვჭამ. საკმაოდ მადიანი ჭამა ვიცი. კიტრი გავფცქვენი, პომიდორი დავჭერი, მარილი მოვაყარე, ლანგარზე დადებული ცხვრის ყველის ნაჭერი ავიღე და ჩემს თანამეინახეს თვალი გადავავლე: ის ისე თავზარდაცემული მიყურებს, როგორც ალბათ მე შევხედავდი ბინძურ ჩვარს, და მე ისევ მივხვდი: ფემინისტები არც ცხვრის ყველს ჭამენ.

უცებ თავი საშინლად უხერხულად ვიგრძენი. ვინ ვარ მე, ან ამ უცხო ადამიანთან რა ჯანდაბა მინდა?

საქმე იმაშია, რომ ჩვენ ერთმანეთი რამდენიმე თვის წინ გავიცანით. ქუჩაში მივდიოდი და დავინახე, რაღაც მიტინგი ტარდებოდა. თურმე ფემინისტები ყოფილან. მძულს მოძალადეები და ამიტომ მათ აქციას შევუერთდი, სხვებთან ერთად ვიყვირე, "გაუმარჯოს სოლიდარობას-მეთქი" და შვიდფეროვანი დროშაც ავაფრიალე (ამის გამო მიწისქვეშა გადასასვლელში რამდენჯერმე სიფათში მომხვდა ვიღაც თვალებგადმოკარკლული, სუნიანი, წვეროსანი და ღიპიანი ბიძების ხელიდან), ბიძები პოლიციის დანახვისთანავე დაითესნენ, პატრულის თანამშრომელმა ქალმა ცხვირი მზრუნველობით მომბანა, თავი დანანებით გაიქნია და როცა მიხვდა, რომ სერიოზული არაფერი მჭირდა, თვითონაც გაქცეულ ბიძებს გაეკიდა, მე კი უცებ საყოველთაო ყურადღების ცენტრში აღმოვჩნდი. გარშემო ფემინისტები შემომეხვივნენ, დამისვეს უამრავი შეკითხვა, რომელსაც ერთადერთი ფარული შინაარსი ჰქონდა: ცდილობდნენ, მეთქვა, "რამე ცუდი ხომ არ მითხრა პატრულის იმ თანამშრომელმა, მიწისქვეშა გადასასვლელში რომ შემხვდა," ხოლო მე რადგან უარს ვამბობდი (რაც არ ყოფილა ან რას ვიტყოდი), უკმაყოფილო და უხალისო სახეებით თავი დამანებეს, ხოლო როცა აქციის ერთ-ერთმა მინაწილემ ზიზღით წარმოთქვა სიტყვა "ქოცი," რაც წარმოდგენა არ მაქვს, რას უნდა ნიშნავდეს, ყველა ერთხმად აკისკისდა. ამდენ ხალხში მხოლოდ ევა იდგა ბოლომდე ჩემთან ახლოს და თვალს არ მაცილებდა (რადგან, როგორც შემდეგში გამომიტყდა, მოვეწონე). სხვებთან ერთად არ გაუცინია და ამის გამო პატივისცემა ვიგრძენი მის მიმართ.

თოთხმეტი წლის ვარ, სოფელში ვიზრდებოდი და წარმოდგენა არ მაქვს, რა ხდებოდა იმ მიტინგზე. ფაქტი ერთია, რომ ევა იქ გავიცანი და ეს შემთხვევაც ამიტომ გავიხსენე.

გაცნობის დღიდან ევასთან სახლში ყოფნისას ისეთივე უხერხული განცდა მაქვს, როგორც მამაოსთან ზიარებაზე. სოფელში როცა ვცხოვრობდით, დედას ხშირად დავყავდი მღვდლებთან. გვყავდა მღვდელი ბენიამინი, რომელიც სპირტის სუნით ყარდა მუდამ და დიდი წითელი ცხვირით ისე ანათებდა, თითქოს შუქნიშანიაო. დედას მიჰყავდა ქათმები მამა ბენიამინთან, სამაგიეროდ მამა ბენიამინი ლოცვებს დუდუნებდა დედის ყველა ნათესავის სულის მოსახსენიებლად, რათა გაბრიელ მთავარანგელოზს საკუთარი ფრთა ჩაეყო ტარტაროსში მათ ამოსაყვანად და ამ საბრალოების მარადიული ცეცხლიდან და მატლიდან დასახსნელად.

მე ყოველთვის მენატრებოდა ქათმის ხორცი, დედა კი ქათმის ხორცს იშვიათად მაჭმევდა, ეგ კი არადა, თვითონ კიდევ უფრო იშვიათად ჭამდა. სანამ ცოცხალი იყო, დედას ყველაფერი მღვდლებისთვის უნდოდა, და მე ვფიქრობ, 2011 წელს ფილტვების ანთებით არ დაიღუპებოდა, დაუძლურებულს ქათმის წვნიანი მაინც რომ ეჭამა (ყოველ შემთხვევაში, ზუსტად ასე მითხრა ჩემმა შორეულმა ნათესავმა, რომელიც დასაფლავებაზე დავპატიჟეთ და რომელიც ექიმია თბილისის ერთ-ერთ კერძო კლინიკაში). ამ ჩემს შორეულ ნათესავს ლევანი ჰქვია, უფრო სწორად, ლევანი ბიძია (მე ასე ვეძახი პატივისცემის ნიშნად). მან მე მუშაობა დამაწყებინა მორგში, მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ მკვდრების სულაც არ მეშინია. ამ კაცის სიკეთეს ვერასოდეს დავივიწყებ: მე ხომ დედას სიკვდილის შემდეგ სრულიად მარტო დავრჩი, იმდენად მარტო, რომ შინაური პირუტყვიც კი არ მყავდა; მამა სამი წლის ასაკში დამეღუპა, დედას სიკვდილამდე ორიოდე კვირით ადრე ჩემი ძაღლი, ლომა, მანქანამ გაიტანა, ხოლო უკანასკნელი ძროხა დედაჩემის ქელეხში დავკალით. ძროხას ჭრელა ერქვა და საწოვარათი მყავდა გაზრდილი, თორემ სად გვქონდა მე და დედას იმდენი ფული, ერთბაშად მოზრდილი ძროხა გვეყიდა...

მოკლედ, ევასთან ჩემი ყველა ვიზიტი მამა ბენიამინს მახსენებს. ევა თბილისის ცენტრალურ უბანში ცხოვრობს, 28 წლისაა და დახვავებული აქვს ფემინისტური ლიტერატურა. ის ჩემი მომმარაგებელია მსგავსი ლიტერატურით, მე კი არ მიყვარს გაუგებარი, მოდური სიტყვებით და გამონათქვამებით აჭრელებული ფურცლები და ეს წიგნებიც ისევე მძულს, როგორც თვითონ ევა. ის ყოველთვის ცდილობს შემახსენოს, რომ ჩვენ, ივანიშვილები, გლეხები ვართ, ხოლო თვითონ თავადია, მაყაშვილი. ევას ბიძინა ივანიშვილიც სძულს, რომელთანაც მხოლოდ ის მაკავშირებს, რომ ჩემი მოგვარეა. ევას საკუთარ სახლში აქვს მოწყობილი არასამთავრობო ორგანიზაცია თუ რაღაც ჯანდაბა. ხშირად მის ორგანიზაციაში პარლამენტის წევრებიც იკრიბებიან და რაღაცაზე ხმადაბლა საუბრობენ. ასეთ დროს ევა ყოველთვის მიბრძანებს ხოლმე, რომ წავიდე, მაგრამ მე ვინ რას გამომაპარებს.

ერთხელ ევას დიდძალი ფურცლები ჰქონდა დასაქსეროქსებელი (რაღაც წითელი ფერის ფურცლები იყო), მთელი დღე ვაქსეროქსებდი და უსაშველოდ გავწამდი. ცხელი დღე იყო, ფანჯარასთან ბუზები და კოღოები ირეოდნენ, ევას ოფისში კი ცხელი პლასტმასის და ქაღალდის სუნი იდგა. ხუმრობა ხომ არ არის მორგის ცივ სინესტეში ღამით მორიგეობა. თავი ისე მქონდა დამძიმებული, როგორც უზარმაზარი ურო. მთელი ღამე მკვდრებს ვყარაულობდი (თითქოს გაიქცეოდნენ სადმე), დილით კი ევამ დამირეკა და მთხოვა, სასწრაფოდ მივსულიყავი მასთან. ამიტომ საღამოს ხუთი საათისათვის უძილოს თავი უკვე უსაშველოდ დამძიმებული მქონდა. ამ დროს მეზობელი ოთახიდან, სადაც ევას ოფისი აქვს მოწყობილი, გამოდის ერთ-ერთი პარლამენტარი და ხელს ისე მაგრად მართმევს, თითქოს ჩემი ძველი ძმაკაცი იყოს, ხოლო პერანგის ჯიბეში ასლარიანს მიდებს, ევა კი ჩემს მაგივრად მხიარული სახით ეუბნება მას: "ცხრამეტში აქციაზე ივანიშვილიც წამოვა, სიტყვით უნდა გამოვიდეს." პარლამენტის წევრი მხარზე მითათუნებს ხელს, ამბობს, "ჩვენი პატარა ვაჟკაცი" და მიხსნის, თუ როგორ უნდა დავიცვათ სამშობლო და მისი პროდასავლური მომავალი "რუსეთს მიყიდული სოფლელი ქოცი ვაჟბატონებისაგან," მაგრამ მე თავი მაქვს დამძიმებული და ყურებში აღარაფერი შემდის. მახსენდება მამა ბენიამინი, ჩვენი ჭრელი მეწველი ძროხა და მისი მავედრებელი მზერა, როცა დანა გამოუსვეს ყელში, ჩვენი ქათმები, მხიარულად რომ დახტოდნენ ტყისპირას მდგარი ჩვენი ერთსართულიანი სახლის წინ, სანამ მამა ბენიამინი მათ საკუთარ უძრო სტომაქში მოათავსებდა და რატომღაც საოცარი სიძულვილი მიპყრობს ამ მომღიმარი, სუფთად წვერგაპარსული და ალერსიანი კაცის მიმართ, რომელმაც ასლარიანი ჩამიცურა ჯიბეში და რომელსაც ცხოვრებაში ჩემთვის ცუდი არაფერი გაუკეთებია. შემდეგ პარლამენტის წევრები ჩადიან დაბლა, მიდიან ეზოში მდგარ შავ ჯიპებთან, სხდებიან შიგ და სადღაც მიემგზავრებიან, ხოლო მე ვბრუნდები უკან, პურით სავსე ცელოფნის პარკით ხელში და მე და ევა მაგიდასთან ვსხდებით.

"წამოხვალ აქციაზე?" მეკითხება ევა.

მე პირი უკვე საჭმლით მაქვს გამოტენილი და არც კი ვიცი, რა ვუპასუხო. პოლიტიკა არასოდეს მაინტერესებდა. მთელი დღეა, ლუკმა არ ჩამიშვია პირში, ძალიან მშიერი და დაღლილი ვარ.

ევა კოლოფიდან სიგარეტს იღებს, უკიდებს და ისე მიყურებს, როგორც ვოლიერში მოთავსებული ლეოპარდი საძულველ უცხო ნივთს.

"კარგი, მესმის, რომ ჯერ არ იცი," ამბობს ის, "მოდი მე ჯერ წყალს გადავივლებ, ხოლო მანამდე შენ კარგად მოიფიქრე," მე თავს ვუქნევ (ოღონდ თავი დამანებოს და რას არ ვიზამ), ის კი მხარზე მადებს ხელს და სააბაზანოში შედის. წყლის ჩხრიალი მესმის, ჭამას ვამთავრებ და გარინდებული ვათვალიერებ საწერ მაგიდას. საწერ მაგიდაზე სქელი, მუქი ყვითელი ფერის კონვერტი დევს. კონვერტი მძიმეა და როცა ხელში ვიღებ, იქიდან მაგიდაზე სურათები ცვივა, ევას სურათები. ვხედავ ევას ათასგვარ პოზაში, შიშველ ევას უცნობ მამაკაცებთან და ქალებთან ერთად და თავი კიდევ უფრო მიმძიმდება, ყელი მიშრება და სული მეხუთება. აი, თურმე რას აკეთებენ ისინი აქ, ღამღამობით. და აი, თურმე როგორ ცხოვრობს ქვეყნის ერთი ნაწილი, ევას სამეგობრო, დანარჩენებს კი ეკლესია, ქელეხები, მატლები, მორგი, მშიერი ქათმები, დაკლული ერთგული მარჩენალი ძროხის სისხლიანი კუდი და მამა ბენიამინი. სურათების ნაწილი სადღაც, უცხოეთშია გადაღებული, სურათებზე ევასთან და სხვებთან ერთად ჩემი ასაკის, 14-15 წლის გოგოები და ბიჭებიც არიან, ეს გოგოები და ბიჭები ქართველებს არაფრით ჰგვანან, ძალიან ლამაზები არიან, კარგად დაბანილები და მოვლილები, ისევე, როგორც ის პარლამენტის წევრები, დღეს, ოფისში რომ მოგვაკითხეს...

ასლარიანი ჯიბეს მწვავს, მაგრამ ფულს ვიტოვებ. სურათებს ისევ უკან, კონვერტში ვათავსებ და ევას სახლიდან უკანმოუხედავად გავრბივარ. ჩემს ნაქირავებ ბინაში ვბრუნდები. შუქს ვანთებ და ვათვალიერებ ჩემს საცხოვრებელს, რომელიც ევას ბინას ოდნავაც არ ჰგავს. აქ იმდენივე ნესტია, რამდენიც მორგში. კედლებზე სოკოებია ამოსული და ამ რამდენიმე კვადრატული მეტრის ფართობზე მე და ვირთხები ერთად ვწევართ.

უცებ... ეს აშკარად ძალიან ნაცნობი ხმაა! მიწურ იატაკს ყურს ვადებ და ხველება გარკვევით ჩამესმის. ზუსტად ასე ახველებდა დედა ორიოდე დღით ადრე, სანამ მოკვდებოდა.

მე ვყნოსავ მშობლიური მტვრის მძიმე სურნელს და ძილში თითქოს მუდარით სავსე ხატებას ვხედავ, მერე კი ყველაფერი ჩემი თვალსაწიერიდან უჩინარდება.



ჰაიდი ბაუმანი. ქათმები

06.04.2013

 

 

 

მთავარი

ბიოგრაფია

ნაწარმოებები

დაკავშირება

 

 

შეიძინეთ რომანი "ჭენება" საქართველოს მაღაზიებში

 
 
Copyright © David Chutlashvili. Alle Rechte vorbehalten