შიშველი საქართველო

გულის სიღრმეში ყოველთვის მაინტერესებდა, როგორი იყო სექსი, თუმცა 42 წლის ისე შევსრულდი, პირადი ცხოვრება არ მქონია. ვინმესთვის ტუჩებშიც კი არ მიკოცნია. ღამის კლუბებში მოწყობილ ეროტიკულ შოუებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. როცა თავისუფალი ვიყავი, ინტერნეტში ხშირად ვნახულობდი ასეთ შოუებს და ყოველთვის მეცინებოდა, იმდენად არარეალური იყო ეს ყველაფერი. აბა სად გაქვთ ნანახი, ახალგაზრდა, 17-18 წლის გოგომ ის გააკეთოს, რასაც ამ ვიდეოებში ჩვენი ევროპელი და ამერიკელი "მოკავშირეები" გვიჩვენებენ? მრევლის წევრი ვარ, არჩევნებში ყოველთვის ნაციონალებს ვაძლევდი ხმას (მხოლოდ ერთხელ, ამ რამდენიმე წლის წინ მივეცი ხმა ლეიბორისტებს), ხოლო როცა ქალის ნდომა მაწუხებს, ღვთისმშობლის ხატს ვუყურებ და მასზე გადამაქვს მთელი ყურადღება. როცა თავისუფალი ადამიანი მერქვა, ყოველთვის ვკითხულობდი (და ახლაც ვკითხულობ) "ასავალ-დასავალს," ყოველდღე უთენია, ჩვეულებისამებრ, დილის შვიდ საათზე ვაწყობდი კროსინგს, ვჭამდი ეროვნულ კერძებს და მძულდა კიტრი და ბანანი (გასაგებია, რატომაც)... ვოცნებობ, როცა ციხეს დავტოვებ, მქონდეს მილიონი დოლარი და საკუთარი სერიოზული ფირმა, რათა ბევრი ხელქვეითი მყავდეს და ბევრი ადამიანი ვმართო. ყველაზე მეტად ჰომოსექსუალები მძულს. მე ქალებსაც ვერ ვიტან, გული მერევა, როცა ქალებს ვხედავ, მეცინება ლამაზი ქალების დანახვისას. ლამაზი ქალი სიყალბეა. სრულყოფილებას ვესწრაფვი და ლამაზი ქალები სწორედ ამიტომ მძულს. ყველა ლამაზ ქალს აქვს ან ოდესმე მაინც ჰქონია ჩირქიანი გამონაყარი მხრებზე, ოფლიანი მკერდი და ყველა ლამაზი ქალი ოდესმე იყო თოთო ბავშვი, რომელიც დაუნანებლად ისაქმებდა საკუთარ საწოლში. აქ, ციხეში მხოლოდ საპატრიარქოს ტელევიზიას ვუყურებ, ისიც მაშინ, როცა მცალია და ყოველთვის, როცა ვუყურებ, ასე მგონია, თითქოს მღვდლები ჩემს საკუთარ სათქმელს ამბობენ, ასე მგონია, ეს თვითონ მე ვლაპარაკობ მათი პირით. სწორედ იმიტომ, რომ სრულყოფილებას ვესწრაფვი, მძულს არაქალიშვილი, ნახმარი ქალები. ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ უნდა გიყვარდეს ქალი, რომელსაც ოდესმე სხვა მამაკაცის სხეულის უბინძურესი ნაწილი, სასქესო ორგანო ჰქონდა სხეულში; სწორედ იმიტომ, რომ სრულყოფილებას ვესწრაფვი, ემბრიონი ჩამოყალიბებულ ადამიანად მიმაჩნია, ხოლო მისი მკვლელობა – ადამიანის მკვლელობად. მე მეტსაც გეტყვით, არათუ ემბრიონი, არამედ სპერმატოზოიდიც კი ჩამოყალიბებულ ადამიანად მიმაჩნია. ამიტომ ცუდად არასოდეს გამირბის ხელი იქ, სადაც სასქესო ორგანო მაბია. ჩემს სასქესო ორგანოს მხოლოდ ერთი ფუნქცია აქვს: შარდვის ფუნქცია, სასქესო ორგანოს მე მხოლოდ მოსაშარდად ვიყენებ. ერთმა ჩემმა ნათესავმა ექიმმა ერთხელ მითხრა, რომ პოტენციის პრობლემა მაქვს, და რომ ჩემი ეს "პრობლემა" ძირითადად ფსიქოლოგიური ბუნებისაა. როცა ამ სიტყვებს მეუბნებოდა, მზად ვიყავი, ვცემოდი და დამეხრჩო ეს არაკაცი, მაგრამ თავი შევიკავე და გავიცინე. ექიმები ცრუპენტელა, ტუტუცი, გარყვნილი და უვიცი ხალხია. მე მღვდლების მჯერა მხოლოდ. ამიტომ ყოველთვის მეცინება, როცა გოლოდომორის ტრაგედიაზე ან ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებზე ლაპარაკობენ. რამდენიმე მილიონი უკრაინელის ან ებრაელის მკვლელობა აბა რა არის იმასთან შედარებით, რასაც მრევლის არაწევრი, გათახსირებული ერისკაცები ყოველდღე ჩუმად აკეთებენ მარტონი ან სხვებთან ერთად?! ყოველდღე ისინი ტრილიონობით ადამიანის გენოციდს ახდენენ, ხოლო მერე გამოდიან და უწყინარი სახეებით საუბრობენ ჰიტლერის ან სტალინის მიერ ჩადენილ "მხეცობებზე." კიდევ კარგი, რომ არ ვიცი, ისინი რა პირადი ცხოვრებით ცხოვრობენ. ჰეტეროსექსუალი ადამიანი ძალიან საეჭვოა, მაგრამ მაინც შეიძლება მასთან ურთიერთობა. ჩვენ შეიძლება ეჭვი ვიქონიოთ, რომ ისინი საკუთარ სასქესო ორგანოებს ძირითადად სიამოვნების მიღების მიზნით იყენებენ და არა გამრავლების მიზნით, მაგრამ აი, ჰომოსექსუალებს და ბისექსუალებს რაც შეეხება, ეჭვი მათ მიმართ აღარ არსებობს. ჰომოსექსუალები და ბისექსუალები მე სამი მიზეზის გამო მძულს ყველაზე მეტად: პირველ რიგში იმის გამო, რომ მათ სექსი საკუთარი სქესის ადამიანებთანაც შეუძლიათ. ეს ჩემთვის იმდენად გაუგებარი, ამოუხსნელი და წარმოუდგენელია, რომ მზად ვარ, ვიყვირო. მეორე კიდევ იმიტომ, რომ ისინი აშკარად და დასაბუთებულად მონაწილეობენ კვადრილიონობით და კვინტილიონობით ადამიანის მიზანმიმართულ მკვლელობაში და ამას არათუ მალავენ, არამედ ამით ამაყობენ კიდეც. მესამე, რა მიზეზითაც არამეინსტრიმული სექსუალობის მქონე ადამიანები, კერძოდ კი პასიური ჰომოსექსუალები მძულს, არის ის, რომ ისინი მე, როგორც მამაკაცს და ნამდვილ კავკასიელს მამცირებენ, როცა გადახრილები მორჩილად წვანან ვინმეს პენისის დაჯახების მოლოდინში. ფუი! გული მერევა. როგორ შეიძლება, მამაკაცმა, და ისიც კავკასიელმა და ქართველმა, თავი ქალივით დაიმცირო?! ციხეში ჩემი მოხვედრა არის სატანის ზეიმი და კიდევ ერთი დადასტურება იმის, რომ განკითხვის დღე მოახლოვებულია.

მაშინ, იმ დიად და საბედისწერო დღეს, როცა მკვლელობა ჩავიდინე, ჩვეულებრივ, დილის შვიდის ნახევარზე წამოვდექი, ტანი სველი პირსახოცით დავიზილე, მაისური, კედები და შორტები ჩავიცვი და ქუჩაში გავედი. დილის სიგრილე არ მესიამოვნა, ამიტომ პირველივე ყვითელ ავტობუსს შევახტი. მშრალ ხიდთან ჩამოვედი გაჩერებაზე. იმ ხანებში გარბენს ყოველთვის აქედან ვიწყებდი და აქვე ვამთავრებდი, ეს ჩემი ტრადიციაა, მე კი ტრადიციებს არასოდეს ვღალატობ. როცა გარბენი დავამთავრე და უკან დავბრუნდი, ტურისტების ჯოგი დავინახე მშრალ ხიდთან. ტურისტები ბუზებივით ირეოდნენ და სურათებს ათვალიერებდნენ. უცებ საოცარი სიძულვილი ვიგრძენი ამ ხალხის მიმართ. რა უნდათ, რას დატანტალებენ აქ, საკუთარ ქვეყნებში ვერ ეტევიან? სწორედ ისინი არიან, ჩემი მრავალსაუკუნოვანი მართლმადიდებელი ქვეყანა რომ გარყვნეს და გაათახსირეს, კაცი რომ კაცად აღარ ფასობს და ქალი ქალად. სწორედ მათი აქ ჩამოთრევის გამო არ ვაპირებდი ოქტომბრის არჩევნებში ნაციონალებისთვის მიმეცა ხმა, და ციხის კადრები რომ არ გამხსენებოდა, ასეც მოვიქცეოდი... ყოველთვის ძალიან ვნანობდი, ნაციონალებს რომ ვაძლევდი ხოლმე ხმას, მაშინაც ვინანე, ვინანე უკვე საარჩევნო ურნასთან მდგარმა, მაგრამ ყოველთვის თითქოს რაღაც დაუძლეველი ძალა მაიძულებდა ამის გაკეთებას, თითქოს ვიღაც ყურში ჩამჭყიოდა, "შემოხაზე ხუთიანი" და მეც უსიტყვოდ ვემორჩილებოდი მას. მხოლოდ ახლაღა ვიგრძენი ჩემი სისუსტე და საშინელი ბრაზი მომერია, მინდოდა, ეს ბრაზი ვინმეზე გადმომენთხია, მსურდა, შევვარდნილიყავი ტურისტების ბრბოში დანით, ამეკაფა, დამეჩეხა ისინი, სისხლის ტბები დამეყენებინა მათგან, ვინც ჩემს სამშობლოს და ჩემს მართლმადიდებლურ ტრადიციებს ასე ძალიან მტრობს. ამასთან ერთად, ტურისტების დახოცვა კიდევ იმიტომ მსურდა, რომ ეს ამბავი პრეზიდენტსაც ეწყინებოდა; ის გაიგებდა, რომ მე ქართველი მამაკაცი ვარ და მისი სულაც არ მეშინია. ჯიბეში დანა მედო, დანის ცივი ტარი ხელით მოვსინჯე, მაგრამ ისევ თავი შევიკავე როგორღაც. გაბრუებული და გამწარებული ალალბედზე გავუყევი ქუჩას. გამახსენდა, რომ წინადღეს ტოტალიზატორში ათი ლარი დავდე, ამიტომ რუსთაველზე, ინტერნეტკაფეში შევედი ფეხბურთის ანგარიშების სანახავად. დავინახე ძალიან ლამაზი, ასე 22-25 წლის ახალგაზრდა უცხოელი ქალი ამავე ასაკის ქართველ მამაკაცთან ერთად. ფრანგული კარგად ვიცი და გავიგე, როგორ უთხრა ამ ქალმა მამაკაცს, "პორნოები აქ ჩამოვწეროთ, ჩვენთან სუსტი ინტერნეტიაო." სისხლმა თავში ამასხა და გონება კიდევ ერთხელ დამიბნელდა. იმის შიშით, რაღაც არ ჩავიდინო-მეთქი, ცოფიანივით წამოვხტი და ფეხბურთის ანგარიშები არც გადამითვალიერებია, ისე დავტოვე ინტერნეტკაფე. საღამომდე ალალბედზე დავყიალობდი თბილისის ქუჩებში, მერე საკუთარ მაღაზიაში მივედი და გამყიდველი გოგო დავაწიოკე (დამავიწყდა მეთქვა, რომ ციხეში მოხვედრამდე დიდუბეში პატარა მაღაზია მქონდა და კომპიუტერული ტექნიკის და მობილური ტელეფონების აქსესუარებით ვვაჭრობდი), მერე ტაქსით დავბრუნდი რუსთაველის გამზირზე და რესტორანში ხინკალი და არაყი მოვითხოვე. როცა კარგად დაღამდა, უკვე ძალიან მთვრალი ვიყავი, ბარბაცით წამოვდექი მაგიდიდან და ანგარიშის გასასწორებლად ოფიციანტს მივაკითხე. სანამ ოფიციანტი გოგო დანახარჯს დაითვლიდა, ხალხი შევათვალიერე და ის ახალგაზრდა ქალი დავლანდე, დილით, ინტერნეტკაფეში რომ ვნახე; ჩემგან რამდენიმე მეტრის მოშორებით, მაგიდასთან იჯდა, ეცვა ძალიან მოკლე კაბა, სიგარეტს ეწეოდა და ცრემლი ღაპაღუპით ჩამოსდიოდა სახეზე. მომეჩვენა, რომ შებრალებას მთხოვდა და ამან კიდევ უფრო გამამხეცა. აღარ მახსოვს, როგორ მივვარდი და როგორ ვიშიშვლე დანა. მახსოვს მხოლოდ საზარელი შეკივლება, სხეულის დაცემა, მელნისფერი ტბა ჩემს ფეხებთან და სისხლის მძიმე, მოტკბო და მლაშე სურნელი ჩემს ხელისგულებზე. რესტორნიდან საპატრულო ეკიპაჟმა გამიყვანა. ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წამიყენეს. ჩვენმა სამარცხვინო, მასონების სამსახურში მყოფმა სასამართლომ ათი წელი მომისაჯა, მაგრამ დიდად არ მიდარდია ამაზე. სულ ფეხებზე მკიდია, მე ქართველი მამაკაცი ვარ და თუ საჭირო გახდა, ჩემს სარწმუნოებას შევაკლავ თავს. ციხეში ჩემი რელიგიურობის გამო ყველა მაფასებს და მიფრთხილდება. ყველამ იცის, ის გათახსირებული სიგარეტიანი კახპა რატომ მოვკალი და ამიტომ ციხეში როგორც ნამდვილ გმირს, ყველა აღტაცებით მიყურებს. როცა ციხიდან გამოვალ, მართლმადიდებლური შინაარსის არასამთავრობო ორგანიზაციის დაფუძნებას ვგეგმავ. საკანში უკვე მყავს კიდეც თანამოაზრეები და როცა ვფიქრობ, რამდენ კეთილ საქმეს გავაკეთებ ჩემი სარწმუნოების და სამშობლოს სამსახურში, დღეები სწრაფად გადის. აქამდე არასოდეს მიყვარდა წიგნების კითხვა. ციხეში მართლმადიდებლური ლიტერატურის ულევი მარაგია. მინდა, როცა თავისუფლებაზე გავალ, კარგად ვიყო აღჭურვილი ღვთისმეტყველების ცოდნით და ჩვენი რელიგიის მტერ ლიბერალ და ჰომოსექსუალ მასონებს ისე ვებრძოლო, როგორც აქამდე არავის უბრძოლია ოდესმე.



ფოტო: Photo.to

30.05.2013

 

 

 

მთავარი

ბიოგრაფია

ნაწარმოებები

დაკავშირება

 

 

შეიძინეთ რომანი "ჭენება" საქართველოს მაღაზიებში

 
 
Copyright © David Chutlashvili. Alle Rechte vorbehalten