ძალიან ცუდი საუკეთესო

პირველი მაისის აქციაზე გამოვლინდა შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება პოლიციაში მოსამსახურე ცალკეული პირების მხრიდან მომიტინგეების მიმართ და ეს კატეგორიულად დასაგმობია. ხელისუფლებას ბევრად მეტი თმენა მართებს. მაგრამ ასევე უნდა აღინიშნოს, რომ პოლიცია ამ აქციაზე გაცილებით უფრო ჰუმანური და ტოლერანტული იყო, ვიდრე ის იყო წინა მთავრობების დროს, თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერ კიდევ დიდი ძალისხმევა მართებს ქმედითი და ეფექტური ზომების მისაღებად სისტემაში არსებული ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად. ნუ დაგვავიწყდება, რომ პირველ მაისს გამოსული სტუდენტები ეს ის სტუდენტები იყვნენ, რომლებმაც ძალიან აქტიურად გააპროტესტეს ციხის ცნობილი მოვლენები 2012 წლის 19 სექტემბერს, რამაც მნიშვნელოვანწილად განაპირობა კიდეც ძველი ხელისუფლების აღსასრული. ხოლო ის, რომ ასეთ ახალგაზრდებს ძველი რეჟიმის მსახური პოლიციელები აგინებენ, თავისთავად უკვე არის სკანდალი და ის აღარ უნდა განმეორდეს. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ცივილიზებულობის მაგალითები მთელ მსოფლიოს.

პირველი მაისის აქციაზე გამოსული სტუდენტების მოთხოვნების ნაწილი უტოპიური იყო. კაპიტალიზმის დანგრევა კი არ უნდა მოხდეს, არამედ რეფორმირება. მესმის, კაპიტალიზმი ძალიან ცუდი წყობაა, მაგრამ ამავე დროს საუკეთესო, კაპიტალიზმის რეფორმირება უსასრულო პროცესია და მან სამუდამო სახე უნდა მიიღოს. კაპიტალიზმი (ან იგივე, ნეოლიბერალიზმი, როგორც ზოგიერთები მას უწოდებენ) სულ უფრო ადამიანური უნდა გახდეს, სოციალური უთანასწორობა უნდა შემცირდეს, მაგრამ არა სისტემის დამხობის, არამედ მისი მუდმივი რეფორმირების გზით, თუმცა იმის ილუზიაც ნუ გვექნება, რომ ოდესმე იარსებებს საზოგადოება, სადაც სრული სოციალური თანასწორობა იქნება. ცხოვრება ზღაპარი არ არის. სოციალური თანასწორობა არასოდეს იარსებებს და არც კონკურენცია მოისპობა ოდესმე. უბრალოდ, ჩვენ, ერთმანეთისგან განსხვავებულმა ადამიანებმა უნდა მოვახერხოთ თანაცხოვრება, როგორმე უნდა მოვახერხოთ, რომ გავუზიაროთ ერთმანეთს იდეები, ვეცადოთ, სულ უფრო უმტკივნეულო გახდეს და საბოლოოდ დაიძლიოს კაპიტალიზმის ნეგატიური მხარეები და ეს უნდა მოვახერხოთ სისტემის მუდმივი და ყოველმხრივი რეფორმირების და ურთიერთკონსენსუსის გზით. 2013 წლის პირველ მაისს რაც მოხდა, ამით "კაპიტალიზმმა კი არ გამოაჩინა ბრჭყალები," არამედ ჩვენ საქმე გვაქვს ელემენტარულად, საკმაოდ დაბალ პროფესიონალიზმთან პოლიციაში მომუშავე ზოგიერთი ადამიანის მხრიდან. რა მოხდა ამ დღეს ისეთი საგანგაშო? ბევრი არც არაფერი: გამოვიდნენ სტუდენტები, გამოთქვეს საკუთარი პროტესტი რაღაცის წინააღმდეგ, ახალგაზრდა ადამიანები არიან, ბევრი რამ ალბათ სათანადოდ არ ესმით და თუნდაც ჰქონოდათ ლოზუნგები, "ძირს კაპიტალიზმი!" ან რაღაც გაცილებით უფრო ”ოდიოზური” და თუნდაც სულ ააჭრელონ წარწერებით მთელი საქართველო, ეს მათი თვითგამოხატვის და თვითრეალიზების ერთ-ერთი ფორმაა და მოცემულ პირობებში ეს ძალიან მისასალმებელია. მე სხვაგვარად გამოვხატავ ჩემს სათქმელს, ეს ადამიანები სათქმელს სხვაგვარად ამბობენ, განსხვავება სულ ესაა. მჯერა, რომ ბევრი მათგანი გულწრფელი ადამიანია, თუმცა ზოგიერთიც ალბათ (როგორც დემონსტრანტების, ასევე პოლიციის მხრიდან), სხვადასხვა არასასურველი ძალების წიაღში გამოზრდილი პირი და რაღაც დოზით (ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად) ამ ძალების გავლენის ობიექტიც იქნებოდა. ორივე მხარეს მართებდა მეტი თავშეკავება. ამიტომ, მსგავსი ფაქტები რომ არ განმეორდეს, ერთის მხრივ, დემონსტრანტებმა შეძლებისდაგვარად უნდა დაიცვან კანონი, ხოლო მეორეს მხრივ, პოლიციამ მეტი თავაზიანობა და შესაბამისად, მეტი პროფესიონალიზმი გამოავლინოს, ამას კი სჭირდება განათლების და კულტურის ზოგადი დონის გაზრდა, რისთვისაც განათლების სისტემების (როგორც სამოქალაქო, ასევე საპოლიციო განათლების სისტემების) სერიოზული რეფორმირება და მოსახლეობის წიგნიერების დონის ზრდაა საჭირო.

ზოგადად, ძალიან პოპულარულია, ადამიანს უთხრა, რომ სამოთხეში აცხოვრებ, სადაც ყველა თანასწორი იქნება, ასეთ "იდეებს" გაუნათლებელი ადამიანები სწრაფად წამოეგებიან ხოლმე, წმინდა აბსტრაქტულ მსჯელობასაც აქვს თავისი "ხიბლი," მაგრამ ეს ხიბლი შხამია. და ეს შხამი ჩვენ საკმარისად ვიწვნიეთ სსრკ-ში. ჩვენ ძალიან მძიმე, ხანგრძლივი და მტანჯველი მუშაობა გვმართებს, რათა დავძლიოთ ველური კაპიტალიზმის ტენდენციები და გადავიდეთ ძლიერი სოციალური სოლიდარობის, საყოველთაო სიყვარულის და კეთილდღეობის საზოგადოების მშენებლობაზე, ხოლო ანარქისტული ლოზუნგებით ჩვენ მივიღებთ მხოლოდ ქაოსს, ამ ქაოსის წიაღში კი – უსაზარლეს ტირანიას. ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ. შეიძლება მე ვცდები, მაგრამ ზუსტად იგივეს ფიქრობდა ანატოლ ფრანსი, იგივეს ფიქრობდა ასევე სხვა უამრავი დიდი მოაზროვნე, მოკლედ, ისეთი ხალხი, ვისთან ერთადაც ღირს, რომ "შესცოდო" ჭეშმარიტების სარეცელში. მე ძალიან უბედური კაცი ვარ: მემარცხენეები კაპიტალიზმის დამცველს მიწოდებენ, ხოლო კაპიტალისტები ყველაზე საშინელ და "გველ" კომუნისტს. მე მაქვს ძალიან რთული მრწამსი, მე ვარ ათეისტი, და მიმაჩნია, რომ სოციალური უთანასწორობის მინიმუმამდე დაყვანა უსასრულოდ შეიძლება. ჩვენ ვერასოდეს ვიცხოვრებთ სამყაროში, სადაც ტოტალური სოციალური თანასწორობა იარსებებს, მაგრამ უთანასწორობა შესაძლებელია ისეთ მინიმუმამდე დავიყვანოთ, რომ ასეთი მცირე უთანასწორობა შეგვიძლია საბოლოოდ არაფრად ჩავთვალოთ კიდეც. როგორც ფიზიკოსები იტყვიან, "ეს იმდენად მცირე სიდიდე იქნება, რომ შეგვიძლია უგულვებელვყოთ." ჩემი იმ გამოთქმით, რომ "კაპიტალიზმი მარადიულია" მე მსჯელობის რელატივიზმს ვუსვამ ხაზს, არ მინდა, ორთოდოქს და დოგმატიკოს მარქსისტს დავემსგავსო, რომელსაც თანასწორობა რელიგიად აქვს ქცეული. ეს ჩემი მსჯელობების ირაციონალურ-დოგმატიკური და სწორხაზოვანი ასპექტისგან დაცვის და განთავისუფლების ერთგვარი მცდელობაა.

ნორვეგიაში ჯინის კოეფიციენტი 0.25-ზე ნაკლებია, რატომ ხდება ეს? რატომაა, რომ ნორვეგიაში სოციალური უთანასწორობა ასე დაბალია? იმიტომ, რომ ყველა ნორვეგიელი ქართველზე ნიჭიერი და შრომისმოყვარეა? სულაც არა. უბრალოდ, ნორვეგიაში შექმნილია ს ი ს ტ ე მ ა, რომელიც გამორიცხავს ექსტრემალურ სოციალურ უთანასწორობას. ჩვენ მუდმივად სწორედ მსგავსი და უკეთესი, უკეთესი და კიდევ უფრო უკეთესი ს ი ს ტ ე მ ი ს ჩამოყალიბება უნდა მოვითხოვოთ, ხოლო თუ ჩვენ სისტემას დავანგრევთ და ცხოვრებაში განუხორციელებელი და არაპრაქტიკული იდეების "თაიგულით" ჩავანაცვლებთ მას (დაახლოებით ისე, როგორც ეს სსრკ-ში მოხდა), მივიღებთ მხოლოდ ერთი ელიტის მეორე ელიტით ჩანაცვლებას. სახელმწიფო ჩვენ გვჭირდება, სწორედ სახელმწიფო უნდა გამოვიყენოთ როგორც ინსტრუმენტი სუსტის დასაცავად ძლიერის ძალმომრეობისა და ჩაგვრისაგან (სულერთია, ეს ძალმომრეობა და ჩაგვრა დახვეწილი და შეფარული იქნება თუ აშკარა და თვალშისაცემი), და არა პირიქით, როგორც ეს დღეს ხდება. თუ სახელმწიფო ვერ ქმნის პირობებს, კომპლექსურ პირობებს საიმისოდ, რომ სულ უფრო შემცირდეს სოციალური უთანასწორობა, ასეთი სახელმწიფოს არსებობას გამართლება არ გააჩნია. მე მწამს, რომ სახელმწიფო თუ შექმნის სამართლიან პირობებს, კონკურენციის სამართლიან და თავისუფალ პირობებს და სოციალური დაცვის ეფექტურ გარანტიებს, ჩვენ გვექნება ისეთ მინიმუმამდე დაყვანილი სოციალური უთანასწორობა, რომ ის საბოლოოდ თანასწორობასთან ძალიან ახლოს იქნება, რადგან ევენტუალურად არ არსებობენ ზებუნებრივი ნიჭით დაბადებული ადამიანები, რომლებსაც მილიარდების შოვნა შეუძლიათ და არც "ღვთივშერისხულები" არსებობენ, რომლებმაც სამათხოვროდ ხელგაწვდილებმა უნდა იარონ. მსგავსი ანომალიები, ისევე, როგორც ზოგადად, განსაკუთრებული სოციალური უთანასწორობა, მთელი საზოგადოების პრობლემა და დანაშაულია.

ასე რომ, ჩვენ დიდი მოთმინება და გეგმაზომიერი მუშაობა გვმართებს. მოითხოვონ სტუდენტებმა მაგალითად, მაღალი გადასახადების დაწესება მდიდრებისთვის, საპატრიარქოსთვის დაფინანსების შეწყვეტა, სკოლებში სექსუალური განათლების დანერგვა, პროსტიტუციის ლეგალიზება, საარჩევნო ბარიერის დაბლა დაწევა, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კანონის შეცვლა-ლიბერალიზაცია და არასამთავრობო სექტორის, მედიის, განათლების, სოციალური სისტემის, ჯანდაცვის, ლიტერატურის, ზოგადად, კულტურის დაფინანსება, მოითხოვონ ეს ყველაფერი და ბევრი კიდევ სხვა, პერმანენტულად კონკრეტული და ძალიან კარგად გააზრებული რაღაცეები მოითხოვონ. მოიწვიონ მთავრობა, გააცნონ საკუთარი კონკრეტული მოთხოვნები, მოისმინონ მთავრობის წევრების არგუმენტები, აწარმოონ შინაარსობრივი და კონკრეტულ საკითხებზე ფოკუსირებული დისკუსია, და არა ის, რომ რაღაც დავანგრიოთ. დავანგრევთ და მერე ისევ ჩვენი ასაშენებელი გახდება ეს ყველაფერი. ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ და აქ არ არსებობს საფუძველი აჯანყებისათვის.

დღევანდელ დღეს პირადად მე საქართველოს მთავრობას შეუდარებლად უფრო მეტად ვენდობი, ვიდრე საზოგადოების რაღაც ჯგუფებს, რომლებიც საეჭვოდ დაფუსფუსებენ "ცოცხების პარტიასთან" და კატეგორიულად არ მსურს, რომ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალოს. სანამ ნაციონალები არსებობენ, როგორც პარტია და როგორც ძალა, სანამ მათი დამნაშავე ლიდერები გასამართლებულები და დასჯილები არ არიან და მათ მატერიალური რესურსები გააჩნიათ, ძალიან დიდი გულუბრყვილობა იქნება, გვქონდეს მნიშვნელოვანი პროგრესის იმედი. ამიტომ პირველი რიგის ამოცანა ამ ეტაპზე უნდა იყოს დამნაშავე ნაციონალების გასამართლება და დასჯა. ძირითადი აქცენტი ამაზე უნდა გადავიტანოთ, პარალელურად, რასაკვირველია, შეგვიძლია, მნიშვნელოვანი რეფორმებიც მოვითხოვოთ, მაგრამ არა რადიკალური ცვლილებები. სანამ ეს კრიმინალურ-მაფიოზურ-ექსტრასადისტური დაჯგუფება, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დღევანდელი სახით არსებობს, ნუ გვექნება ძალიან დიდი სასიკეთო ცვლილებების იმედი. ასევე, ჩვენ უნდა გვესმოდეს, თუ რა რთულ რეგიონში ვცხოვრობთ და რომ ევროკავშირსა და ნატოში შესვლის გარეშე ფიზიკურად ვერ გადავრჩებით, ხოლო ევროკავშირსა და ნატოში შესვლა წინაპირობებად ბევრი ძალიან მტკივნეული ვალდებულების აღებას მოითხოვს ჩვენგან, რაც აფერხებს სამართლიანობის დამყარების პროცესს და ქვეყნის პროგრესსაც გარკვეულწილად. მაგრამ ჩვენ სხვა გზა უბრალოდ არ გაგვაჩნია. ამიტომ ყველა იმ ძალიან ღირსეულ და პატიოსან ადამიანს, რომელიც მემარცხენე და ფემინისტური ლოზუნგებით გამოდის და რომლებიც ნამდვილად ქვეყნის ძალიან საამაყო ადამიანები არიან, მოვუწოდებ, კარგად გაიაზრონ ჩემი ეს გზავნილი. მე მჯერა თანამედროვე ხელისუფლების კეთილი ზრახვების. ამიტომ თავის მხრივ, ხელისუფლებასაც მოვუწოდებ, ყურად იღოს ჩემი რჩევები. იქნებ, ერთობლივი ძალებით როგორმე ამოვიდეთ ამ ჭაობიდან, რასაც აუტანელი თანამედროვე პოსტკოლონიური ყოფიერება ჰქვია.



ვანგეჩი მუტუ. აქლემის ხელზე გათხოვილი პატარძალი

02.05.2013

 

 

 

მთავარი

ბიოგრაფია

ნაწარმოებები

დაკავშირება

 

 

შეიძინეთ რომანი "ჭენება" საქართველოს მაღაზიებში

 
 
Copyright © David Chutlashvili. Alle Rechte vorbehalten