სამოქალაქო საზოგადოება თუ სამოქალაქო არისტოკრატია?

(პრობლემები და პერსპექტივები)

დღეს ბევრს ლაპარაკობენ ისტორიკოსები, თითქოს ბოლშევიკურმა რუსეთმა როცა საქართველო დაიპყრო, ქართველი ხალხი იბრძოდა ოკუპაციის წინააღმდეგ. მტკნარი სისულელე! არავის უბრძოლია. იბრძოდა მხოლოდ არისტოკრატია; იბრძოდა თავადაზნაურობა, იბრძოდნენ მწერლები, პოეტები, მოქანდაკეები, რეჟისორები, პუბილიცისტები, კაპიტალისტები, საშუალო ფენა, ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმი, იუნკრები, მაგრამ ის, რასაც ქართველი ხალხი ჰქვია, ის მასა, რაც ქვეყნის ბიოლოგიურ ძალას და ხერხემალს წარმოადგენს, არათუ ებრძოდა ოკუპანტებს, არამედ ბოლშევიკების წაქეზებით დიდი სიამოვნებით ძარცვავდა კიდეც ქვეყნის დანარჩენ მოსახლეობას. მე მახსოვს ჩემი ბებია-ბაბუების მონათხრობი, რა საშინელ დღეში ჩაცვივდნენ ისინი და რას აკეთებდნენ ქართველი ხალხის წარმომადგენლები ამ წლებში. სტალინსაც სწორედ ეს ქართველი ხალხი უჭერდა მხარს! 1956 წელს, სტალინის სიკვდილიდან 3 წლის შემდეგ ასეულ ათასობით ქართველი ხალხის წარმომადგენელმა მკერდი სიამოვნებით მიუშვირა ტყვიას მკვდარი ბელადის და კაცობრიობის ისტორიაში უსაზარლესი ტირანის ღირსების დასაცავად. სტალინი ხალხს მართლა უყვარდა! ამ წლების საქართველოში დემოკრატიული არჩევნები რომ ჩატარებულიყო, დარწმუნებული ვარ, სტალინი სულ მცირე, 99%-ით გაიმარჯვებდა. ასეთი რაღაც წარმოუდგენელია იმ ქვეყანაში, რომლის ოკუპაციაც თურმე ხალხის გმირული წინააღმდეგობის ფონზე მოახდინეს ორიოდე ათეული წლით ადრე. აქამდე ჩვენ გვასწავლიდნენ, რომ სსრკ-ს მმართველებმა უმკაცრესი რეპრესიებით მოსპეს თავისუფალი აზროვნება და დაახლ. 20 წელიწადში მიიღეს სრულიად მორჩილი მასა. ეს დაუჯერებელი სიცრუეა. რა, ლიტვაში ნაკლები რეპრესიები იყო ან ლიტველებს ნაკლები იდეოლოგიური დამუშავება ჩაუტარეს?! აი, ლიტველები იბრძოდნენ, 80-იან წლებშიც კი იყო პარტიზანული რაზმები, რუსი სამხედროები ღამით თავებს გარეთ ვერ ჰყოფდნენ ლიტველი პატრიოტების შიშით. გერმანიაში, საფრანგეთში, ბელგიაში, დანიაში, შვედეთში, ნორვეგიაში, კათოლიკური ეკლესია და კონსერვატიული ძალები მილიარდობით დოლარს ხარჯავენ ხალხის გამოთაყვანების მიზნით, მაგრამ იქ თავად ხალხი ითხოვს თავისუფლებას, ეს თავად იქაური ხალხი ახდენს თავისუფლებათა გენერირებას და ეს ძალები ვერაფერს ახერხებენ. საქართველოში კი რასთან გვაქვს საქმე? აქ საქმე გვაქვს სრულიად საპირისპირო, გამაოგნებელ და წარმოუდგენელ მოვლენასთან! აქ თავად ხალხი ითხოვს მონობას. საქართველოს ძალიან საამაყო უფლებადამცველები და ძალიან კარგი ინტელექტუალები ჰყავს. ეს ხალხი – ადამიანის უფლებათა დამცველები და საუკეთესო, ყველაზე პროგრესული ფასეულობების და ცოდნის გამავრცელებლები, უკიდურესად შეგინებულები და დამცირებულები არიან ხალხის მასების მხრიდან და ისინიც ბრბოს კარნახით ცხოვრობენ საბოლოოდ. მათ საბოლოო ჯამში არათუ სხვათა დაცვა, არამედ რეალურად საკუთარი პირადი სფეროს დაცვაც კი არ შეუძლიათ ბრბოს უმდარესი გემოვნების და შეხედულებების ტირანიისგან. არავინაა საქართველოში იმაზე უფრო შესაბრალისი, ვიდრე პატიოსანი და წესიერი ადამიანი. აქ მოსახლეობის დაახლ. 10 %-ის გარდა დანარჩენ მსოფლმხედველობრივ ფენებში სრული ინტელექტუალური ვაკუუმი და მარაზმი მეფობს. ეს 10 %, ეს ჯერ კიდევ ძალიან სუსტი და ჩამოუყალიბებელი, საკუთარ თავში დაურწმუნებელი 10 % არ არის და არც შეიძლება იყოს სამოქალაქო საზოგადოება, საუკეთესო შემთხვევაში ეს მენტალური არისტოკრატიაა მხოლოდ. ხოლო ეს არისტოკრატია როდის იქცევა უმრავლესობად და დასავლური ტიპის, რწმენის დიდი ძალის მქონე სამოქალაქო საზოგადოებად, ამის გარკვევა შეუძლებელია. ფაქტია, რომ ბოლო 20 წელიწადში სამოქალაქო საზოგადოება არ გაძლიერებულა. მისმა რიცხვმა შეიძლება მხოლოდ 0,5 ან 1 %-ით მოიმატა. 20 წელიწადში 1 % ეს არის სრული კატასტროფა. ამას არაფერი შველის. ფაქტია, იმ შავი და ბნელი 90 %-იანი მასის გაფერადებას ვერანაირი ძალებით ვერ ვახერხებთ ჯერაც. ხოლო თუ ვინმეს იმის ილუზია კიდევ შეგრჩათ, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება უკვე არსებობს, 17 მაისის კადრებს გადახედეთ.

ერთადერთი გამოსავალი იმაშია, რომ სახელმწიფო გვერდში აქტიურად დაუდგეს სამოქალაქო სექტორს და რეალურად მოისურვოს მისი გაძლიერება. ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის ნათქვამი, რომ თურმე ბიუჯეტს საკმარისი რესურსები არ გააჩნია და ის არასამთავრობოებს ვერ დააფინანსებს, გამართლება არ არის. 25 მილიონით ვაფინასებთ ეკლესიას, 25 მილიონით – "პირველ არხს," რაში გვჭირდება ან ერთი ან მეორე?! ამას სჯობს, არასამთავრობო ორგანიზაციები და წვრილ-წვრილი მედიასაშუალებები დაფინანსდეს იგივე თანხით. ჩვენ 17 მაისს კარგად დავინახეთ, რა კოშმარში ვცხოვრობთ. დროა, გონს მოვეგოთ. მე ვერ ვიტყვი, რომ წელიწადში 50 ან სულაც 500 მილიონი ლარით დაფინანსებული თავისუფალი მედია და თავისუფალი არასამთავრობოები რაღაცას უმოკლეს ხანებში ძირეულად შეცვლიან, მაგრამ სხვა გამოსავალი არ გვაქვს. მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. უნდა ვცადოთ და სანამ ვარსებობთ, არ შევწყვიტოთ ცდა. დღეს ჩვენ იმ ორმოში ჩავარდნილებს ვგავართ, რომელსაც ან გაუმართლებს და ამოვა ამ ორმოდან, ან ვერა. პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან წნეხი და ზეწოლა მართალია, მოეხსნა, მაგრამ დღეს ქართული საზოგადოება დგას არანაკლებ საშინელი საფრთხის წინაშე; ბიძინა ივანიშვილის განცხადებებმა იმასთან დაკავშირებით, რომ ის "დაალაგებდა რუსეთთან ურთიერთობას," ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის აგენტურას არნახულად გაუხსნა ხელფეხი და რუსეთის აგენტები დღეს ქვეყანაში არხეინად დასეირნობენ და დანავარდობენ. დღეს რუსეთის სპეცსამსახურების ძირითად სამიზნეს ქართული სამოქალაქო საზოგადოება წარმოადგენს. სწორედ ქართული სამოქალაქო საზოგადოების გასრესა და მისი დამორჩილება-ალაგმვა წარმოადგენს პუტინის სანუკვარ მიზანს.

მე მესმის, რომ შესაძლოა, ბიუჯეტს მართლაც არ ჰქონდეს საკმარისი ფული, რომ არასამთავრობოები, კულტურის სფერო და პროგრესული მედიასაშუალებები დააფინანსოს, მესმის ისიც, თუ რა საშინელი ძალაა ორთოდოქსული ეკლესია ამ უკიდურესად ჩამორჩენილ და ღატაკ ქვეყანაში. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად ეხვეწებიან უცხოურ დონორ ორგანიზაციებს, დააფინანსონ სამოქალაქო სექტორი, რადგან თავად ქართულ სახელმწიფოს ამის ძალა არ შესწევს, მაგრამ შეხედეთ, რა ხდება: ის გროშებიც კი, რასაც ქართული მედია და არასამთავრობო სექტორი უცხოელი დონორებისგან იღებს, კრემლის საშინელ გაღიზიანებას იწვევს; თუ წინათ, სააკაშვილის დროს, ფაშისტი პოლიტიკოსები და "საზოგადო მოღვაწეები" ქართული არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ზიზღით "გრანტიჭამიებს" უწოდებდნენ, დღეს ისინი უკვე პირდაპირ ბრალს სდებენ ამ უკანასკნელებს იმაში, რომ მათ დასავლეთიდან "ფეკალიები შემოაქვთ," რომ ისინი "მართლმადიდებლური ქვეყნისთვის მტრული ნეოკოლონიური იდეოლოგიის სამსახურში არიან" და მე დღეს ფეისბუკზე ვნახე ისტერიული მოწოდებები საქართველოს ხელისუფლების მისამართით, რომ ყველა მედიასაშუალება თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დაფინანსებას დასავლეთიდან იღებს, უცხო სახელმწიფოების აგენტურად გამოცხადდეს! როგორც ხედავთ, კრემლის სპეცსამსახურების თავხედობას და უტიფრობას საზღვარი არ გააჩნია: პირველი ოქტომბრის შემდეგ მათ დაუსჯელობის სინდრომი გაუჩნდათ. მათ ბიძინა ივანიშვილის განცხადებები ურთიერთობათა "ნორმალიზების" შესახებ ახალი ხელისუფლების სისუსტედ და უუნარობად აღიქვეს და მთელი გაშმაგებით შეუტიეს ქართულ პროგრესულ ძალებს. წარსულში მათ ისარგებლეს რა ე. შევარდნაძის ხელისუფლების უსუსურობით, საკუთარი აგენტურა და კრემლის ჭეშმარიტი კლასიკური მეხუთე კოლონა ორთოდოქსული ეკლესიის სახით ქართველი ერის მხსნელად გამოაცხადეს, აიძულეს შევარდნაძე, კონკორდატი გაეფორმებინა ორთოდოქსულ ეკლესიასთან და დღეს რუსეთის აგენტურა ფინანსდება ჩვენივე ფულით, რომელიც შეიძლებოდა ქართული სამოქალაქო საზოგადოების გაძლირებას წარმატებით მოხმარებოდა! მთელი ეს წლები რუსეთის აგენტურა გააფთრებული მუშაობდა ბნელ მასებში და ამკვიდრებდა ეკლესიის, როგორც "ერის მხსნელის" მითს, ეს მითი დღეს ისეთი მყარია, როგორც არასოდეს, და საქართველოს ახალი ხელისუფლებას უკვე ძალიან გაუჭირდება, გაწყვიტოს კონკორდატი და შეუწყვიტოს დაფინანსება ეკლესიას, საამისო სურვილიც რომ გააჩნდეს და მზადყოფნაც რომ გამოთქვას საამისოდ, თუმცა ჩვენ აუცილებლად უნდა ვიაროთ ამ მიზნის მისაღწევად. სახელმწიფო ხარკს არ უნდა უხდიდეს ეკლესიას. ყოველ შემთხვევაში ძალიან სამარცხვინოა, რომ რეპრესირებულ ადამიანებს და მათ შთამომავლებს რამდენიმე ასეული ლარი მივუგდეთ, კულტურას, პროგრესულ მედიას და პროგრესულ არასამთავრობოებს ფაქტობრივად საერთოდ არ ვაფინანსებთ, ხოლო ამ ფონზე ეკლესიას ამდენი წლის მანძილზე ვუხდით ხარკს.

აქვე აღვნიშნავ, რომ ტერმინი "ორთოდოქსია" ბერძნული სიტყვაა და სულაც არ ნიშნავს მართლმადიდებლობას. ეს ნიშნავს ბრმადმორწმუნეობას და ზუსტად ასე ითარგმნება კიდეც. ὀρθός → "სწორხაზოვანი," δόξα → "აზრი," "რწმენა." ქრისტიანული რელიგიის ორთოდოქსული მიმდინარეობა სამყაროში არსებული ყველა რელიგიის ყველაზე უფრო მეტად მავნებლური და რადიკალური მიმდინარეობაა თალიბანის და ისლამური ფუნდამენტალიზმის შემდეგ. ორთოდოქსია ვერ იტანს სულ მცირე ცვლილებებს და სულ ოდნავ რეფორმაციასაც კი. ქართული ორთოდოქსული ეკლესიის ავტოკეფალია და დამოუკიდებლობა არის ძალიან დიდი სიყალბე, ქართული ორთოდოქსული ეკლესია იმაზე გაცილებით უფრო მეტად არის დამოკიდებული მსოფლიო საეკლესიო კრებების და მსოფლიო საპატრიარქოს გადაწყვეტილებებზე, ვიდრე რომელიმე პატარა და მიგდებული კათოლიკური საეპისკოპოსო ან სულაც, იეზუიტთა ორდენი, რომ აღარაფერი ვთქვათ ბატისტურ-ევანგელისტურ ეკლესიაზე და სხვა რეფორმისტულ მიმდინარეობებზე და ძალიან სიმბოლურია, რომ მაშინ, როცა ჩვენი ჯარისკაცები დაიღუპნენ ისლამური ფუნდამენტალიზმის წინააღმდეგ წარმოებულ სამართლიან და წმინდა ომში ავღანეთში, ქრისტიანულმა ფუნდამენტალიზმმა აქ, მათივე სამშობლოში, მათივე ახლობლებს და მეგობრებს 17 მაისს ლამის გენოციდი მოუწყო. ეს აღარ უნდა განმეორდეს.

როგორც უკვე ვთქვი, კრემლის აგენტებს ის გროშებიც კი შეშურდათ, რითაც დღეს ქართული სამოქალაქო სექტორი ფინანსდება და ის 20 000 თუ მეტი ზომბი 17 მაისს იმ მიზნით გამოყარეს, რომ გაეპროტესტებინათ დასავლეთის მიერ ქართული სამოქალაქო სექტორის დაფინანსება. ზოგიერთმა ქართველმა ვაიმწერალმაც თანაგრძნობა გამოუცხადა ამ ზომბებს. მათი აზრით, "ქართველმა ხალხმა" 17 მაისს თურმე "დასავლეთის ნეოკოლონიური იმპერიების მიერ თავსმოხვეული იდეოლოგიური ძალადობა გააპროტესტა," თურმე, "ქართველებს გეები და ლესბოსელები თვითონაც მრავლად გვყოლია და თავი დაგვანებონ," თურმე, ჩვენ "უძველესი ლესბოსელი ერი" ვართ და ა. შ. მე ვიცი, რა მიზანსაც ემსახურება მსგავსი განცხადებები: ეს ემსახურება დონორი ორგანიზაციების მიერ ქართული სამოქალაქო სექტორითვის დაფინანსების შეწყვეტის მიზანს. ამით ქართული სამოქალაქო სეტორი სურთ, მარტო დატოვონ საქართველოს და პროგრესის მტრების პირისპირ.

მე იმის თქმა სულაც არ მინდა, თითქოს ყველა ქართველი მღვდელი რუსული "გრუ"-ს ან "ეფესბეს" მიერ იმართებოდეს, მაგრამ ფაქტია, რომ ქრისტიანობის, განსაკუთრებით კი, ორთოდოქსული ქრისტიანობის ლოკალურ-ქართული არქეტიპის გაძლიერებით პუტინის რუსეთი ძალიან არის დაინტერესებული. ქრისტიანულ-ორთოდოქსული იდეოლოგია პუტინის რუსეთისთვის ძალიან მისაღები და მისასალმებელი იდეოლოგიაა. იმპერიები ყოველთვის რელიგიებს ეყრდნობოდნენ ან კიდევ, უკიდურეს შემთხვევაში, რელიგიის მსგავს, სწორხაზოვან და დოგმატურ ფილოსოფიურ მიმდინარეობებს. 17-მა მაისმა ჩვენ ნათლად დაგვანახა, თუ რამდენად მძიმე და აუტანელია არამეინსტრიმული სექსუალობის მქონე ადამიანების ცხოვრება საქართველოში. არამეინსტრიმული სექსუალობის მქონე ადამიანებს (და ამ ჯგუფში არ იგულისხმებიან მხოლოდ გეები, ლესბოსელები, ბისექსუალები და ტრანსსექსუალები, ამ პირთა წრე გაცილებით უფრო ფართოა და მოიცავს როგორც პოლიგამ და პოლიამანტ ადამიანებს, "არაქალიშვილ" გოგონებს და ა. შ.) საქართველოში ყოველდღიურად აუტანელ პირობებში უწევთ ცხოვრება; მათ ყოველდღიურად ხოცავენ, ცემენ, დასცინიან, აუპატიურებენ, საქართველოს ბნელი, უსაზიზღრესი და უბინძურესი ნაწილი "ზნეობის და ქართული ტრადიციების" სახელით ახდენს საქართველოს დანარჩენი, სინამდვილეში უმეტეს შემთხვევაში საუკეთესო ნაწილის გენოციდს, ხოლო 17 მაისი ამ ყოველდღიური ფარული გენოციდის გამომზეურება და გამოაშკარავება იყო მხოლოდ. მე გეკითხებით თქვენ: ვის სჭირდება გენოციდი? ვის სჭირდება, რომ საქართველო გენოციდის განხორციელების და შუღლის გაღვივების ადგილად იქცეს სამუდამოდ? ეს სჭირდებათ მხოლოდ საქართველოს უბოროტეს მტრებს, მათ ერთიანი, ძლიერი, კონსოლიდირებული საქართველო არ სჭირდებათ. თქვენ, საქართველოს მოსახლეობას, ეს კარგად უნდა გესმოდეთ, ძალიან კარგად. არავინ უნდა დაუჯეროს ორთოდოქსული ეკლესიის, "ასავალ-დასავალის""ალიას," "ქრონიკას," "ქრონიკა +,"-ის, "ასავალ-დასავალის," "საქართველო და მსოფლიოს" თუ მედიასახლ "პალიტრას" უბინძურესი წარმომადგენლების უბინძურეს ნაბოდვარს. ბოიკოტი გამოუცხადეთ მათ. ნუ იყიდით ფაშისტურ ჟურნალ-გაზეთებს.

ნებისმიერი ვიღაც, ვინც ამ ტექსტის, ასევე ჩემი სხვა ტექსტების წაკითხვის შემდეგ კიდევ დაამცირებს ან რაიმე ფორმით შეურაცხყოფს არამეინსტრიმული სექსუალობის მქონე ადამიანებს, არის საქართველოს ნომერ პირველი მტერი, ქვეყნის მოღალატე, გამყიდველი და საქართველოს სხვა, უფრო დიდი მტრების ყურმოჭრილი, დამპალი მონა.



ფოტო: suxumu.livejournal.com

01.06.2013

 

 

 

მთავარი

ბიოგრაფია

ნაწარმოებები

დაკავშირება

 

 

შეიძინეთ რომანი "ჭენება" საქართველოს მაღაზიებში

 
 
Copyright © David Chutlashvili. Alle Rechte vorbehalten