ჩემი მხარდაჭერა

ერთ-ერთ წერილში ვთქვი, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მხარს ვუჭერ-მეთქი კოალიცია "ქართულ ოცნებას." ამას მოჰყვა ის, რომ ჩემი ეს განცხადება ბევრმა არასწორად გაიგო, როგორც ეს სამწუხაროდ ხშირად ხდება ხოლმე ჩემს ცხოვრებაში; ბევრმა ჩემი ეს განცხადება ჩემი კრიტიკული აზროვნების აღსასრულად აღიქვა, არადა, სინამდვილეში საქმე სულ სხვაგვარადაა: მე ისევ ის დავით ჩუთლაშვილი ვარ, ვინც აქამდე ვიყავი. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ "ქართული ოცნების" მაისური მაცვია. ჩემთვის მხარდაჭერა მონობას არ ნიშნავს. არ ვიცი, შეიძლება ვინმე იძულებულია, გახდეს ვინმეს მონა, მაგრამ პირადად მე საბედნიეროდ საამისო არაფერი მჭირს. ისევდაისევ ვიმეორებ, რომ კოალიციის ძალიან ბევრი ნაბიჯი საშინლად არ მომწონს; თუნდაც მხოლოდ ამ საარჩევნო სუბიექტის პარტიული და მაჟორიტარული სიები რად ღირს! საქართველოში მართალია, პატიოსანი, ღირსეული და პროფესიონალი ადამიანების ძალიან დიდ დეფიციტს განვიცდით, საქმე ამ მხრივ კატასტროფულადაა, მაგრამ არც იმდენად კატასტროფულად, რომ ისეთმა ძლიერმა სუბიექტმა, როგორიც კოალიციაა, საპარლამენტო სიების დაკომპლექტება ვერ შეძლოს. მოხდა ის, რომ იმ ძალიან ბევრ ღირსეულ ადამიანს, ვინც ნამდვილად იმსახურებს, ქვეყანა მართოს, არც კი შესთავაზეს პარლამენტში შესვლა, ხოლო სამაგიეროდ ზოგიერთ ძალიან კარგ კანდიდატთან ერთად თავი მოუყარეს უამრავ მოძველბიჭო, ჰომოფობ და გაუნათლებელ სუბიექტს, რომლებიც ჩემი აზრით პარლამენტში შესვლას ნამდვილად არ იმსახურებენ და მათ მიერ მართული ქვეყანა ადვილად შეიძლება ჩაიძიროს ისეთივე წყვდიადში, როგორიც დღესაა. რისი თქმა უნდოდა ბიძინა ივანიშვილს ამ უკანასკნელების კანდიდატებად დასახელებით?! იმის, რომ ეს ხალხი ქვეყნის ელიტაა და მისი აზრით მხოლოდ მათ გააჩნიათ მორალური უფლება, ქვეყანა მართონ? ან იქნებ იმის, რომ მათი პარლამენტში ყოფნა მხოლოდ ფორმალობა იქნება და გადაწყვეტილებებს მხოლოდ თავად ის, ბიძინა ივანიშვილი მიიღებს, ხოლო ჩვენ, დანარჩენებმა, არც კი უნდა მივაქციოთ ყურადღება მათი დეპუტატებად ქცევის შესაძლებლობას? ორივე პერსპექტივა ქვეყნის განვითარებისათვის ძალიან სამწუხარო სურათს ქმნის. ეს არის ის, რასაც მე ნამდვილად არ ვისურვებდი. ჩემი ღრმა რწმენით, ოპოზიციურმა პარტიამ, რომელიც უკეთესი მომავლისათვის იბრძვის, ყურადღება არ უნდა მიაქციოს იმას, თუ პარტიის ლიდერის რამდენად ერთგულია ვინმე, ყურადღება მხოლოდ იმას უნდა მიექცეს, თუ რამდენად პატიოსანი, სამართლიანი და ღირსეულია ესა თუ ის პიროვნება. ბიძინა ივანიშვილი ხშირად ლაპარაკობს, რომ მისი გაპრემიერების შემთხვევაში თანამდებობებზე ადამიანების დანიშვნა მხოლოდ პატიოსნების და პროფესიონალიზმის ნიშნით მოხდება, ყურადღება არ მიექცევა პარტიულ კუთვნილებას, მაგრამ რეალობა მნიშვნელოვანწილად საპირისპიროზე მეტყველებს და ეს ნათლად გამოჩნდა "ქართული ოცნების" დეპუტატობის კანდიდატებად დასახელებული ბევრი პირის მაგალითზე. მე არ მინდა, მომავლის პარლამენტი დღევანდელ პარლამენტს ჰგავდეს, სადაც კოალიციის დეპუტატები მორჩილად მხარს დაუჭერენ საკუთარი ბელადის ყველა ახირებას. თუ ასეთი პარლამენტი გვსურს, ასეთი პარლამენტი უკვე გვყავს, დღევანდელი პარლამენტი ეს არ არის პარლამენტი, ეს არის პარლამენტარიზმის უბადრუკი კარიკატურა, დღევანდელი პარლამენტი იმდენად არის შერწყმული აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, რომ ვერავინ გაარჩევს მათ ერთმანეთისაგან. მოკლედ, სააკაშვილის პარლამენტი არის ჯიბის პარლამენტი, აღმასრულებელი ხელისუფლების გაგრძელება, ამ პარლამენტს დემოკრატიულ მმართველობასთან საერთო არაფერი აქვს, ხოლო თუ იგივეს გაგრძელებას ვაპირებთ მომავალში, მაშ, რა საჭიროა ბრძოლა? მაგრამ აქვე ისმის შეკითხვა: თუ მე ასეთი შეხედულების ვარ კოალიცია "ქართულ ოცნებაზე," მაშ, რატომღა ვუჭერ მას მხარს? საქმე ის არის, სააკაშვილის რეჟიმი იმდენად ამაზრზენია, ძალიან ძნელად წარმომიდგენია, მასზე უარესი ხელისუფლება გვყავდეს ოდესმე. "ნაცმოელები" ხშირად გაიძახიან, რომ დღეს საქართველო უკეთესია, ვიდრე ის იყო 2003 წელს, მაგრამ ამ "ლოგიკით" თუ ვიმსჯელებთ, არც 2003 წლის საქართველო იყო 1993 წლის საქართველოს მსგავსი; 1998 წელს, რუსეთის კრიზისამდე ეკონომიკური ზრდა სულაც 11 % იყო, კარგი შევარდნაძის მმართველობის პერიოდშიაც გაკეთდა, მაგრამ ეს კარგი იმდენად მცირე გაკეთდა, რამდენიც ზუსტად სააკაშვილის მმართველობის პერიოდში და ეს კარგიც ჩემი აზრით სულაც არ ყოფილა ან ერთი ან მეორე პრეზიდენტების დამსახურება, ბოლოსდაბოლოს, სამყარო განვითარდა ამ 20 წელიწადში და ძალაუნებურად საქართველოც წააჩანჩალა თავისთან ერთად, როგორც ელმავალზე სულ ბოლოს გამობმული ჟანგიანი ვაგონი. ის, რაც კარგი გაკეთდა, სულერთია, მაინც გაკეთდებოდა, სულაც ფსიქიკურად შეურაცხადი პრეზიდენტები რომ გვყოლოდა ქვეყნის სათავეში. დღეს ხშირად ლაპარაკობენ, რომ საქართველო გარედან იმართება ამერიკის მიერ. ეს მოსაზრება სიმართლეს არ შეესაბამება, მაგრამ მასში არის გონივრული აზრის რაღაც მარცვალი; ძალიან ბევრი უცხოელი ლიდერი ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნებიდან, ჩვენთან ჩამოდის და ხედავს რა ამ აუტანელ სინამდვილეს ჩვენს გარშემო, საქართველოს ხელისუფლებას ელაპარაკება პოზიტივზე, ელაპარაკება, აძლევს რეკომენდაციებს და ქვეყანა ინერციით იმართება ამ რეკომენდაციების მეშვეობით იმიტომ, რომ რეალურად მას საკუთარი ხელისუფლება არ ჰყავს, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება არ ჰყავს არა იმიტომ, რომ ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნები გვიშლიან ხელს, არამედ იმიტომ, რომ ის ხალხი, ვინც ქვეყანას მართავს, არ ზრუნავს ქვეყნის კეთილდღეობაზე. ქვეყნის კეთილდღეობაზე "ზრუნვა" ამ ხალხისათვის მხოლოდ უცხოური რეკომანდაციების შესრულებაა და მეტი არაფერი. ამასთან ერთად პროგრესი ქვეყნის შიგნიდანაც ხორციელდება, მაგრამ სულ სხვა ძალების და არა ხელისუფლების მიერ, იმ ძალებისა, რომლებსაც ხშირად ვერც კი ვამჩნევთ. ასე რომ, ტყუილია ფიქრი იმაზე, რომ ვინმეს ქვეყნის წარსულში დაბრუნება შეუძლია. მე მჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილი თუ მკვეთრად ვერ გააუმჯობესებს ქვეყნის მდგომარეობას (რაც ხალხზე ოდნავ მზრუნველ ყველა ხელისუფლებას ყველაზე რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაშიაც კი შეუძლია), იმაზე დიდ ბოროტებას მაინც ვერ მოუტანს ქვეყანას, რაც "ნაცმომ" და სააკაშვილმა დაატეხეს თავს, ხოლო ის უჩინარი პროგრესი, რამაც დღემდე მოგვიყვანა, ძალიან ცუდი ხელისუფლების პირობებშიაც გაგრძელდება იმიტომ, რომ ამას მოითხოვს ქართველი ხალხის ელემენტარული ეკონომიკური ინტერესები, რომელი ინტერესებიც რეალურად წარმართავენ ქვეყნის ანალოგიურ ელემენტარულ პროგრესს მაშინ, როცა ქვეყანას, საქართველოს მსგავსად, როგორც უკვე აღვნიშნე, ხელისუფლება არ ჰყავს.



დომენიკო ტოიჯეტი. ამერიკის პროგრესი

03.09.2012

 

 

 

მთავარი

ბიოგრაფია

ნაწარმოებები

დაკავშირება

 

 

შეიძინეთ რომანი "ჭენება" საქართველოს მაღაზიებში

 
 
Copyright © David Chutlashvili. Alle Rechte vorbehalten