ახალი ხილი

ამასწინათ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ლგბტ ადამიანებს "ახალი ხილი" და "გადახრილები" უწოდა. ეს მოხდა არჩევნების წინ, ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის გადაცემაში, საზოგადოებრივ მაუწყებელზე. ეტყობა, ბიძინა ივანიშვილი წინასწარ იყო შემზადებული, რომ ეკა კვესიტაძე კითხვას "ქართული ოცნების" დამოკიდებულებაზე სექსუალური უმცირესობების მიმართ აუცილებლად დაუსვამდა ("ჰკითხე ერთი მაგ მეოცნებეს, რა აზრისაა სექსუალურ უმცირესობებზე. სულერთია, რაც არ უნდა გიპასუხოს, მაინც წამგებიან პოზიციაზე აღმოჩნდება," უთხრეს ალბათ ეკა კვესიტაძეს იქ, საიდანაც საზოგადოებრივი მაუწყებელი იმართება, ანუ, აწ უკვე ცოცხების პარტიად წოდებული "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შტაბში). ამიტომ ჩემდა სამწუხაროდ ბიძინა ივანიშვილი შეეცადა, "ბალანსი დაეცვა" და არ გაენაწყენებინა როგორც სექსუალური უმცირესობები, ასევე ის მილიონობით ქართველი, რომელსაც პირადი ცხოვრება არასოდეს ჰქონია და რომელსაც სექსუალური უმცირესობები მართლა "ახალი ხილი" ჰგონია. საქართველოში უმრავლესობას ხომ უყვარს სხვის პირად ცხოვრებაში ხელების ფათური, სხვის სულში შეძვრომა, უმცირესობების და ქალების, უპირველეს ყოვლისა კი, სექსუალური უმცირესობების და სექსუალური ქალების ჩაგვრა და დისკრიმინაცია, ხოლო პოლიტიკოსი (თუნდაც ისეთი ბევრი დადებითი თვისების მქონე პოლიტიკოსი, როგორიც ბიძინა ივანიშვილია), იძულებულია, ანგარიში გაუწიოს უმრავლესობის აზრს იქაც კი, სადაც უმრავლესობას წესით ელემენტარული შინაგანი კულტურა უნდა ეყოს და ცხვირი არ ჩაყოს! დიახ, უსაზარლესი ჩაგვრა და დისკრიმინაცია აქ ყოველდღიურ რუტინას წარმოადგენს, ამ რუტინას იმდენად შეეჩვია და შეეგუა საშუალო თუ უფრო დაბალი დონის ქართველი, რომ ვეღარც კი ამჩნევს; ქალს საქართველოში არ გააჩნია ელემენტარული პირადი ცხოვრებაც კი, ის იმდენად არის მიჯაჭვული ოჯახს (გათხოვებამდე მშობლები, ხოლო გათხოვების შემდეგ შვილები და ქმარი), რომ დრო სხვა აღარაფრისათვის რჩება. საქართველოში ქალს დაუშვებელია ჰყავდეს მეგობარი მამაკაცი, ქალს აქ იმის უფლებაც კი არ გააჩნია, რომ მეგობარ მამაკაცთან ერთად კინოთეატრში ან კაფეში განმარტოვდეს, ფინჯანი ყავა დალიოს და ილაპარაკოს თუნდაც ისეთ უწყინარ თემაზე, როგორიც საბავშვო ნაწარმოებებია, თუ ეს მამაკაცი მისი ქმარი (ან სულ მცირე, დანიშნული მაინც) არ არის, და მე უზომოდ მიჭირს, საქართველო დასავლეთ ევროპის განვითარებულ ქვეყნებს შევადარო, სადაც ქალები ერთმანეთში ისეთ საკითხებზე მსჯელობენ, ისე კარგად იცნობენ საკუთარ თავებს და ისეთ თემებს განიხილავენ, რასაც ალბათ ქართველი ქალი ვერ შეძლებს ჯერ კიდევ ძალიან დიდი ხნის მანძილზე, თუ რაღაც ძალიან სწრაფად და რადიკალურად არ შეიცვალა. უბედურება იმაშია, რომ ქართული პატრიარქატი საოცარ კონსოლიდაციას ამჟღავნებს ქალების ჩაგვრის საკითხში, ქალების ჩაგვრა არათუ დაგმობილია, არამედ წახალისებული და დაფასებულიც კია უმრავლესობის მხრიდან და ამას სულაც არ ჰქვია დემოკრატია! დიახ, ეს არ არის დემოკრატია. ამას უმრავლესობის ტირანია ჰქვია, უმრავლესობის ტირანია კი შესაძლოა, ყველაზე უარესი ტირანიის სახეობაც კია ტირანიის აურაცხელ ფორმებს შორის, რადგან უმრავლესობის ტირანიის დროს არსებობს აურაცხელი მჩაგვრელი ერთის ნაცვლად, აურაცხელი ტირანი, და თუ ერთ ტირანს დაამხობ და შეცვლი, ამ აურაცხელ ტირანს ვერც დაამხობ და ვერც შეცვლი. პოსტტოტალიტარული საზოგადოებების ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ მცირერიცხოვანი ჯგუფის ტირანიის დასრულების შემდეგ ხშირად უმრავლესობის დიქტატურა მყარდება, რისი მომსწრეც ჩვენ საქართველოში უდავოდ ვართ. აქ ყველა საკუთარ "უპირველეს ადამიანურ მოვალეობად" მიიჩნევს, მკაცრი განაჩენი გამოუტანოს მეძავს, ჰომოსექსუალს, ბისექსუალს ან უბრალოდ, თავისუფალი სექსუალური ცხოვრების წესით მცხოვრებ ადამიანს, ნაცვლად იმისა, რცხვენოდეს, რომ მათზე რაღაც ცუდი გაიფიქრა, და ეს მაშინ, როცა ქვეყანაში უამრავი უფლებადამცავი ორგანიზაცია არსებობს. ხშირად ამ ორგანიზაციებში მომუშავე პირები ძალიან ზედაპირულად უდგებიან ქალთა და სხვა უმცირესობათა უფლებებს. პრობლემა იმაშია, რომ უფლებადამცავ ორგანიზაციებში მომუშავე პირები უმეტესწილად თავადაც ტრადიციული ცხოვრების წესით ცხოვრობენ, ისინი ამ სექტორში შინაგანმა მრწამსმა და ადამიანურმა პრინციპებმა კი არ მიიყვანა, არამედ გამორჩენის მიღების და კარიერის გაკეთების სურვილმა; ისინი ნათლად ვერ აცნობიერებენ საკუთარ ფუნქცია-მოვალეობებს; ხშირად არასამთავრობო სექტორში მოღვაწეობა მათთვის არის ტრამპლინი პოლიტიკური კარიერის გასაკეთებლად და ისინი ადრე თუ გვიან თავადაც ყალიბდებიან უმრავლესობის ან ერთი რომელიმე კონკრეტული ვიწრო პოლიტიკური ჯგუფის ინტერესების დამცველ, გონებაშეზღუდულ და "წარმატებულ" პოლიტიკოსებად (ამის თვალსაჩინო მაგალითები ჩვენ უახლესი წარსულიდან უამრავი გვახსოვს). ეს უფლებადამცველები სულაც არ არიან საზოგადო მოღვაწეები, ისინი კარიერისტები არიან, რომლებისთვისაც თბილი კერა და "აწყობილი ცხოვრება" ყველაფერზე მაღლა დგას, ხოლო მათ მიმართ გამოთქმული კრიტიკა, თუნდაც ყველაზე დასაბუთებული და სამართლიანი, მათთვის "საკუთარი სუბიექტური აზრის დაფიქსირებაა" მხოლოდ. ამიტომაა, საქართველო ისევ რომ უფსკრულში მიექანება. ფარისევლობა, ზედაპირულობა და თვალთმაქცობა ყველაზე მეტად ღუპავს ამ ქვეყანას, ხოლო უფლებადამცავი ორგანიზაციები სულ უფრო მეტად ემსგავსებიან ეკლესიას, ხოლო ეკლესია საზოგადოებრივი ინსტიტუტი სულაც არ არის, ეკლესია არის ეკლესია, ეკლესია ყოველთვის იყო, არის და იქნება ბნელეთის კვინტესენცია და ამიტომ ის შეუძლებელია იყოს საზოგადოებრივი ინსტიტუტი, ხოლო როცა უფლებადამცველი ორგანიზაციის წარმომადგენელი მღვდელმონაზონს ჰგავს, იმ მღვდელმონაზონს, რომლისთვისაც მთავარი შემოწირულობების მიღება და ქადების ჭამაა, უბრალოდ, სასაცილოც არაა, ვილაპარაკოთ სამოქალაქო საზოგადოების არსებობაზე ჩვენს ქვეყანაში. დღეს ახალმა ხელისუფლებამ დაფინანსება გაუზარდა ეკლესიას და მღვდლებსაც ამის ფონზე ახალი მოთხოვნები გაუჩნდათ. "კონსტანტინე გამსახურდიას წიგნები უნდა აიკრძალოს!" გაჰკივიან ისინი. მე არასოდეს ვყოფილვარ მაინცდამაინც მაღალი წარმოდგენის კონსტანტინე გამსახურდიას ლიტერატურული საქმიანობის შესახებ, მაგრამ აკრძალვა???!!! ეს ხომ წარმოუდგენელია. მალე საქმე ალბათ იქამდე მივა, რომ მღვდლები აუტოდაფეს მოგვიწყობენ ყველა იმ მწერალს, რომელიც ამ საოცრად მძიმე გარემოში როგორღაც ვბედავთ და ქალებსა და სხვა უმცირეობებზე ვწერთ, ხოლო დანარჩენები ტაშს დაუკრავენ და იტყვიან, რომ "სამართლიანობამ იზეიმა." მე სულაც არ ვხუმრობ, ამის საფრთხე რეალურია. ქვეყანაში, სადაც არ არსებობს არათუ სამოქალაქო საზოგადოება, არამედ სამოქალაქო საზოგადოების რეალური კონცეფცია და გააზრება იმის, თუ როგორი უნდა იყოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი და საზოგადო მოღვაწე, იქ ყველაფერი ცუდი შეიძლება მოხდეს, მათ შორის, ისიც, რაც ნაცისტებმა ჩაიდინეს 30-იან წლებში, როცა პროგრესული მწერლების წიგნები აკრძალეს და საჯაროდ დაწვეს ბერლინში, და ამ ფონზე ჩემთვის სულერთია, ვინ დაწვავს წიგნებს საჯაროდ, მღვდელი თუ რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი. ვისაც დაავიწყდა, შევახსენებ, რომ იყო დრო, როცა ეკლესია ყველაზე მძლავრი და მრისხანე ძალა იყო, სახელმწიფო სახელმწიფოში (უფრო სწორად, სახელმწიფო სახელმწიფოებში), ხოლო ეკლესიის მეთაურის წინაშე მეფეები და იმპერატორებიც კი იდრეკდნენ მუხლს და ეკლესიის მიერ ქალების და ღარიბების კოცონზე დაწვა ჯადოქრობის თუ მეძავობის ბრალდებით ხდებოდა არა უმრავლესობის ნების წინააღმდეგ, არამედ პირიქით, უშუალო მოწონებით და წაქეზებით უმრავლესობის მხრიდან. ხალხის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერა არც ადოლფ ჰიტლერს აკლდა, 6 მილონი ებრაელი და ჰომოსექსუალი რომ საკონცენტრაციო ბანაკებში ამოხოცა, ასე რომ, დემოკრატიული აზროვნება და აზროვნება საერთოდ, არის არა იმის გაცნობიერება, თუ რა სურს უმრავლესობას, არამედ უზენაესი ფასეულობები და ამ ფასეულობების განუხრელი დაცვა. დალაი ლამამ, რომელიც ბუდისტთა უმაღლესი სულიერი ლიდერია, ამასწინათ განაცხადა, რომ თანამედროვე სამყაროში აღარ დარჩა ადგილი რელიგიისათვის. ეს გააკეთა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი რელიგიის უმაღლესმა სულიერმა ლიდერმა, და ეს მაშინ, როცა ქართული არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს არც კი რცხვენიათ, საკუთარ ორგანიზაციებში ხატების და ჯვრების ფონზე გააკეთონ სატელევიზიო კომენტარები და იამაყონ, რომ ტრადიციული და ეკლესიური ცხოვრების წესით ცხოვრობენ, ცხოვრების წესით, რომელიც ასე უსაშველოდ ეწინააღმდეგება ადამიანის ადამიანურ ბუნებას და უზენაეს ადამიანურ ფასეულობებს.



ფოტო: Fotolia

04.12.2012

 

 

 

მთავარი

ბიოგრაფია

ნაწარმოებები

დაკავშირება

 

 

შეიძინეთ რომანი "ჭენება" საქართველოს მაღაზიებში

 
 
Copyright © David Chutlashvili. Alle Rechte vorbehalten