ცისფერი ჟანგბადი

ხელოვანი ვარ, მიყვარს ხელოვნება, მიყვარს ხელოვანები და როცა ადამიანში ნიჭს ვხედავ, ეს მე ყოველთვის უზომოდ მახარებს. მე კარგად ვიცი, რამ გადამაწყვეტინა, მწერალი გავმხდარიყავი. ეს მე ხელოვნების სიყვარულმა გადამაწყვეტინა; მსურდა, მწერალი გავმხდარიყავი, ხელოვანის ცხოვრებით მეცხოვრა და აქტიური მონაწილეობა მიმეღო კათარზისის იმ საყოველთაო აქტში, რასაც ხელოვნება ჰქვია. დიახ, მე ვფიქრობ, ლიტერატურის, ისევე, როგორც კონოხელოვნების უპირველესი ვალია, კათარზისი განაცდევინოს პუბლიკას. ჩემი კათარზისი ყოველთვის პესიმისტური კათარზისი იყო. მე მელანქოლიური მწერალი ვარ და უაღრესად კრიტიკულად ვარ განწყობილი თანამედროვე კინოს მიმართ, თუმცა გენიალური მსახიობები თანამედროვე კინოშიც არიან. მე ერთ-ერთ მათგანზე მინდა დავწერო. ეს არის მარი-ჟოზე კროზე. ამ მსახიობს ნამდვილად აქვს ნიჭი, განაცდევინოს კათარზისი მაყურებელს, ის მეტყველებს გენიალურად, მას აქვს ძალიან დახვეწილი მანერები და ის თანამედროვე კინოხელოვანია, კინოხელოვანი ამ სიტყვის ერთ-ერთი საუკეთესო გაგებით. აკადემიური კინო, კინო, რომელიც აღძრავს თანაგანცდას, ძალიან ბევრს დაკარგავდა, მარი-ჟოზე კროზე რომ არ ჰყოლოდა. მარი-ჟოზე კარგად ამტკიცებს, თუ რამდენად დიადია ფრანკოფონიური კულტურა, კულტურა, რომელმაც მსოფლიოს ფასდაუდებელი საგანძური შესძინა და რაც ერთადერთია, რისთვისაც ღირს, რომ ეროვნული იდენტობა გააჩნდეს ადამიანს. ეროვნული იდენტობა ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შტრიხია, რამაც კაცობრიობა უნდა იხსნას, და რა სამწუხაროა, რომ დღემდე ბევრ პრიმიტივს არასწორად ესმის კულტურულ-ეროვნული იდენტობის არსი და საქალწულე აპკებამდე, რასიზმამდე, რელიგიურ სიძულვილამდე და ქალების და ჰომოსექსუალების დევნამდე დაჰყავს ის. მარი-ჟოზე კროზე ჩემთვის ყოველთვის იყო ფრანგული ეროვნული (ან თუნდაც, ეთნიკური) იდენტობის განსხეულება, იმ ჭეშმარიტად ფრანგული ხასიათის ადამიანი, რომელი ხასიათითაც ლიტერატურაში მაგალითად, ანატოლ ფრანსი გამოირჩეოდა. მარი-ჟოზე კროზე და ანატოლ ფრანსი ჩემთვის ყველაზე უფრო "ფრანგული" ხელოვანები არიან, ფრანგული თბილი და დახვეწილი იუმორით, ფრანგული, ჭეშმარიტი (და არა ფარისევლური) დემოკრატიზმით, ფრანგული, იუმორისტული პესიმიზმით და ესთეტიზმით, რომელიც ძალიან შორს არის სასოწარკვეთილებისაგან. მე ქედს ვიხრი ფრანგული/ფრანკოფონიური კულტურის წინაშე თუნდაც მხოლოდ ამ ორი ადამიანის გამო. დარწმუნებული ვარ, მხოლოდ ეს ორი ადამიანი რომ ჰყოლოდა, ფრანგული, ფრანკოფონიური კულტურა მაინც ძალიან დიადი იქნებოდა. ეს ადამიანები მე განსაკუთრებით მიყვარს, ისინი ჭეშმარიტი ევროპელები არიან, ჩვენი საერთო, ევროპული კულტურული სახლისთვის უზომოდ ძვირფასი, ფრანგული კულტურის ძალიან ღირსეული წარმომადგენლები, ადამიანები, რომლებსაც ხელოვანის ადამიანური შინაგანი ბუნება გააჩნიათ. დღეს, როცა ხელოვნება ხელოვნებისათვის ისევ მეფობს და საქართველოში უამრავი ადამიანი სიყალბის კეთებითაა დაკავებული ხელოვნების სახელით, ხოლო რელიგია ცდილობს, საკუთარ გავლენის ქვეშ მოაქციოს ხელოვნება, განსაკუთრებით აუცილებელია, მარი-ჟოზეს მსგავსი ხელოვანი ბევრი გვყავდეს. სამწუხაროდ ასეთებს აქ მე არ ვიცნობ. აქ არავინ ამოგასუნთქებს, აქ თუ რომელიმე "მიმდინარე მოვლენა" არ ასახე, თუ "აქტუალური" არ ხარ, სხვაგვარად ვერავინ გაგიგებს, მითუმეტეს, არავინ დაგეთანხმება. სულერთია, ადამიანის შინაგანი ბუნება იქნება თუ უბრალოდ, ხეები გზატკეცილზე, ქართული ხელოვნება დიდად არასოდეს გამოირჩეოდა ბუნების აღწერით, მაგრამ ბოლო დროს ბუნების იგნორირებამ ქართულ ხელოვნებაში განსაკუთრებით კატასტროფული იერი შეიძინა. ქართველი ხელოვანები გამოკეტილები არიან ლითონის კარკასებში, თუმცა, ნაწილობრივ ეს გასაგებიცაა. როცა პოლიტიკოსები საუბრობენ "მწვანე საფარის ტურისტულ პოტენციალზე" და ხეთა ფოთლების ადგილას ტურისტულ დოლარებს თუ რუბლებს ხედავენ, ბევრ ხელოვანს შესაძლოა (ქვეცნობიერ დონეზე მაინც) რცხვენია, აღწეროს ბუნების სურათები, მოგვცეს ამოსუნთქვის შესაძლებლობა, რათა როგორმე დავივიწყოთ ცხოვრების გიჟური რიტმი, ულმობელი კონკურენცია. გული და გულის სიმართლე რომ აკლია მას, ამაზე მთელი ცხოვრებაა ვწერ, მაგრამ მხოლოდ გული არ აკლია ქართულ ხელოვნებას, ქართულ ხელოვნებას ჟანგბადი აკლია, ფილტვები აკლია, ცისფერი ჟანგბადი და მწვანე ფილტვები, მწვანე ფილტრები აკლია მას. დიახ, სწორედ ხელოვნებამ უნდა გაფილტროს კარგი და ცუდი, სწორედ ხელოვნება უნდა ჩაენაცვლოს რელიგიას, ხელოვნებამ უნდა აზიაროს ადამიანი რაღაც დიდს, ძალიან ლამაზს, ენითაუწერელს, ხელოვნებამ და არა რელიგიამ, მაგრამ ამის სანაცვლოდ ჩვენ ვხედავთ, თუ ყოველდღიურად როგორ ხდება რელიგიის სულ უფრო წინა პლანზე დაყენება და ხელოვნების გვერდზე გაწევა ქართველების მიერ. ეს თანდათან სულ უფრო აუტანელი ხდება და ქართული ხელოვნებაც სულ უფრო იძენს ამაზრზენ პროვინციულ იერს, სული სულ უფრო ებრძვის სხეულს, და ქართული ხელოვნებაც (თუ ის საერთოდ არსებობს კიდევ) სულ უფრო კარგავს იდუმალებას, იმ მშვენიერ იდუმალებას, რაც დასავლურ სამყაროში მარი-ჟოზე კროზეს, ბოტიჩელის, ვერონეზეს ან ანატოლ ფრანსის ხელოვნებას გააჩნია.



კანის კონოფესტივალზე 2007 წელს. ფილმ "სკაფანდრი და ფარვანას" ჩვენება

30.04.2013

 

 

 

მთავარი

ბიოგრაფია

ნაწარმოებები

დაკავშირება

 

 

შეიძინეთ რომანი "ჭენება" საქართველოს მაღაზიებში

 
 
Copyright © David Chutlashvili. Alle Rechte vorbehalten