გარდაცვლილი მოგონებები

დღეს, უკვე როცა ჰოლანდიაში ვცხოვრობ, ეროტიკული სათამაშოების გაყიდვიდან თვეში დაახლ. 19 000 ევრო მაქვს შემოსავალი და მხოლოდ კოშმარულ სიზმრებში თუ მახსენებს საქართველო თავს, ძალიან აქტიური პირადი ცხოვრებით ვცხოვრობ და ამიტომ მარიხუანას აღარ ვეწევი – არ მინდა, ჩემს მამაკაცურ პოტენციას პრობლემები შეექმნას. საქართველოში როცა ვცხოვრობდი, 19 თეთრი არ მქონდა, დედასთან ერთად ვცხოვრობდი ნახალოვკაში, ერთოთახიან, სინესტისაგან კედლებდაბრეცილ ბინაში და როცა სიგარეტის მოწევა მსურდა, სადარბაზოში მიწვდა გასვლა. ასეთ დროს დედაჩემი ყოველთვის ისტერიკაში ვარდებოდა, მე კი ვფიქრობდი, თუ რამდენად უუფლებოა ღარიბი ადამიანი. თითქოს სიგარეტის მოწევა ცოდვა იყოს. გული როცა საშინელი დარდით გაქვს სავსე და ყოვლად უგემოვნო, პრიმიტიულ და არაადამიანებით სავსე, იდიოტურ ქვეყანაში ცხოვრობ, რომელიც ყოველდღიურად გართმევს თავისუფლებას და ყოველდღიურად ბარბაროსულად ერევა შენს პირად ცხოვრებაში, ან სიგარეტს მოწევ ან მარიხუანას ან კიდევ, სულაც, ვენებს გადაიჭრი იმ იმედით, რომ, ვინ იცის, იქნებ, მეორედ როცა დაიბადები, შენს გარშემო მაშინ მაინც ჰქონდეთ გონიერების ნასახი ადამიანებს... ან ღმერთებს.

კანაფის მოწევისთვის პირველად 2006-ში დამიჭირეს. დამაჯარიმეს, ჯარიმა რის ვაივაგლახით გადავიხადე და ორიოდე კვირაში ისევ დამიჭირეს. იცოდნენ, ფული არ მქონდა, მაგრამ უბნის ბიჭებში ავტორიტეტით ვსარგებლობდი, ამიტომ "საქმის მოგვარების" დაპირებით მმართველი პარტიის აგიტატორად გამიშვეს. არჩევნები როცა დამთავრდა, მართალია, დანაპირები შეასრულეს, მაგრამ ჩემი ფიცხი და თავისუფლებისმოყვარე ხასიათის გამო ერთ-ერთ შეკრებაზე მთვრალმა ხელისუფლება საზარლად ვაგინე და ცოტა ხანში მესამედ წამიყვანეს ნარკოლოგიურში, იქიდან კი ეტაპის წესით უკვე პირდაპირ გლდანის მერვე საპყრობილეში. როცა ვნახე, როგორ სცემდა საპყრობილის ბადრაგი კარანტინში მყოფ, შიმშილისგან გულგადალეულ ადამიანებს, რომლებიც ციხეში მხოლოდ იმიტომ მოხვდნენ, რომ გავლენიანი მფარველები არ ჰყავდათ (ან გმირული პატიოსნების თუ შინაგანი მრწამსის გამო თავად არ ისურვეს გავლენიანი მფარველების ყოლა), ბადრაგი ვაგინე, ხოლო როცა ცემა დამიწყეს, ხელი შევუბრუნე და ერთ-ერთ ნაძირალას სისხლიანი პერანგი შემოვახიე. რაც ამის შემდეგ გადავიტანე, შეუძლებელია გადმოსცე. კვირაზე მეტხანს მირტყამდნენ, კედლები და იატაკი ჩემი სისხლით იყო მორწყული, ხოლო თავში ცემისაგან ისე ვიყავი გონებადაბინდული, რომ კარცერიდან საკანში დაბრუნებულმა თანასკოლელები ვეღარ ვიცანი. დამიმატეს ახალი მუხლი, საპატიმროს თანამშრომლებისთვის ფიზიკური წინააღმდეგობის გაწვაში დამდეს ბრალი და ამიტომ ციხიდან მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ, 2010 წელს გამომიშვეს – ნატანჯი, დაუძლურებული, განახევრებული ცხოვრებით. ვატყობდი, ქვეყანაში აღარ დამედგომებოდა, პოლიციელები გამუდმებით მითვალთვალებდნენ და ამიტომ ნოემბრის ერთ ცივ და ქარიან დღეს საქართველო დავტოვე. ბელორუსიიდან ჯერ ლიტვაში გადავიპარე, იქიდან – პოლონეთში, შემდეგ კი, გერმანიის გავლით –ჰოლანდიაში. ჰოლანდიამ პოლიტიკური თავშესაფარი მომცა, გავიცანი ძალიან მხიარული, ოცი წლის გოგო, რომელიც სპა სალონში მუშაობდა კონსულტანტად და რომელიც დანახვისთანავე ძალიან მომეწონა. მის მშობლებს პატარა სახლი აქვთ ამსტერდამში, ხოლო ჩვენ ჰააგაში ვცხოვრობთ. ჩემს მეგობარ გოგოს სიმონა ჰქვია, ძალიან სათნო და წესიერი პიროვნებაა და უზომოდ ვუყვარვარ. ჩვენ ხშირად ვკავდებით ჯგუფური სექსით. სიმონა ჩემი საუკეთესო მეგობარი და მეუღლეა. ძირითადად მისი დამსახურებაა, რომ კანაფს აღარ ვეწევი და მიუხედავად იმისა, რომ სიგარეტის მოწევა არ მიმიტოვებია, თავს მშვენივრად ვგრძნობ. სიმონა მეუბნება, რომ ძალიან მიმზიდველი გარეგნობა მაქვს და ძალიან ლამაზი ვარ, რაც მე მაინცდამაინც არ მჯერა. იოლი არ არის, 32 წლის ასაკში დაიბრუნო საკუთარი თავის რწმენა, მითუმეტეს მაშინ, როცა მთელი ცხოვრება გიმტკიცებდნენ, რომ მახინჯი არარაობა ხარ, როგორც მამაჩემი და საპყრობილის ზედამხედველები მარწმუნებდნენ.

ხომ ამდენი ტანჯვა გამოვიარე, რა აღარ მინახავს ცხოვრებაში, რა აღარ გამომიცდია, მაგრამ არაფერი მაოცებს იმაზე მეტად, ვიდრე ქართველი ქალი. ქართველ ქალებს ყოველთვის ვძულდი, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ძალიან თავაზიანი და მოსიყვარულე ვიყავი მათ მიმართ. საქართველოში ამ სიძულვილს მე ჩემი გარეგნული სიმახინჯით ვხსნიდი, თუმცა, მაინც ყოველთვის გაოგნებული ვიყავი ქართველი ქალების უხეში ქცევებით, მაგრამ თუ სიმონა მართალია და ნამდვილად მაქვს ძალიან კარგი გარეგნობა, მაშინ მე აღარ ვიცი, რა ვთქვა. ნუთუ პარტიარქატის წიაღში ქვეყანა ჩვენს გარშემო მართლა ასე გაიხრწნა? არ მინდა, მჯეროდეს, რომ ეს სიმართლეა.

სიმონა მეუბნება, რომ როცა გამიცნო, ფიქრობდა, რომ ჩემთან შანსი არ ჰქონდა და სწორედ ამიტომ არ აქტიურობდა, ჩემთვის სიყვარული აეხსნა.

მე მიყვარს სიმონა, განსაკუთრებით მიყვარს, როცა ის მე საფლავის ქვაზე, მიწის, ბალახის და ხის ფოთლების სურნელში "მნებდება" ან თავად "ვნებდები" მას. მიყვარს სექსი საფლავზე აღმართულ ჯვარზე თოკით მიბმული ხელებით, და როცა სიმონას ან რომელიმე ჩვენს საერთო პარტნიორს ვაბამ, რათა ჩვენი მაღაზიიდან წამოღებული რომელიმე ახალი და მოდური სათამაშო მათ სხეულზე გამოვცადო, აღარასოდეს მახსენდება საქართველო და საპყრობლეში სწორედ ამგვარად დაბმული საკუთარი თავი. ასეთ დროს მე ყოველთვის ვფიქრობ, რომ დავიწყებას სამუდამოდ უარი უნდა ვუთხრათ, მაგრამ აღარასოდეს უნდა გ ა ც ო ც ხ ლ დ ნ ე ნ მტანჯველი გარდაცვლილი მოგონებები.



მაქს ერნსტი. დღეგრძელობა სიყვარულს

25.04.2013

 

 

 

მთავარი

ბიოგრაფია

ნაწარმოებები

დაკავშირება

 

 

შეიძინეთ რომანი "ჭენება" საქართველოს მაღაზიებში

 
 
Copyright © David Chutlashvili. Alle Rechte vorbehalten