ინტერვიუ მაგდა კალანდაძესთან

ამ რამდენიმე ხნის წინათ ფილარმონიასთან სექსუალური უმცირესობების უფლებათა დამცველების მიერ ორგანიზებული აქცია გაიმართა ჰომოფობიის წინააღმდეგ, რაც აქციის მონაწილეებსა და ექსტრემისტულ-რელიგიურად განწყობილ მოსახლეობას შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ბევრი მიიჩნევს, რომ დემონსტრანტები საკმაოდ გამომწვევად იქცეოდნენ (რაც სიმართლეს არ შეესაბამება), ისინი არ დაემორჩილნენ აქციის მოსაწყობად საჭირო წესებს და ამის გამო პოლიციამ რამდენიმე მათგანი დააკავა (მაგრამ მალევე გაანთავისუფლა). ამ ფაქტზე ლიბერალებმა ხმაური ატეხეს, რომ ქართული პოლიცია ჩაგრავს ლგბტ-აქტივისტებს, ხოლო ამ აქტივისტების საპირისპირო მხარეს მდგარმა მღვდლებმა და მათმა მხარდამჭერებმა პოლიციას უმოქმედობასა და "გარყვნილების ხელშეწყობაში" დასდეს ბრალი. თავად პოლიციის შესახებ უნდა ითქვას, რომ სამწუხაროდ ისინი დროულად არ ჩაერივნენ, არ მოახდინეს პრევენცია და საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდე მიიყვანეს, რაც ეჭვს ბადებს, რომ ვიღაცას სურდა, ლგბტ-აქტივისტები სამაგალითოდ დასჯილიყვნენ. ზოგადად როცა აქციები ტარდება, პოლიციას მაქსიმალური ყურადღება მართებს, ამ აქციაზე საკმარისი რაოდენობით იყვნენ პოლიციელები და მათ მანამდე უნდა განემუხტათ სიტუაცია, სანამ აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ. ანუ, მოკლედ რომ ვთქვათ, ამ აქციას 3 დამნაშავე მხარე ჰყავს -- ლგბტ-აქტივისტების ის ნაწილი, რომელიც არ დაემორჩილა აქციის ჩატარებისათვის დადგენილ წესებს მას შემდეგ, რაც პოლიციამ ის აქტივისტი დააკავა, რომელიც თავს იცავდა ჩხუბის ინიციატორი რელიგიურ-ექსტრემისტული ჯგუფის წევრების მხრიდან მის წინააღმდეგ განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისაგან, პოლიცია, რომელმაც დროულად არ განმუხტა სიტუაცია, უხეში ძალის დემონსტრირება მოახდინა და საქმე სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებამდე მიიყვანა და ჰომოფობიურად განწყობილი მასა (ქართულ-ორთოდოქსული ეკლესიის მსახური მღვდლები და მათთან ერთად მყოფი ხალხი), რომელიც იყო კიდევაც ამ ფიზიკური დაპირისპირების ინიციატორი.

ვებგვერდის სტუმარია სექსუალური უმცირესობების უფლებების დამცველი, ორგანიზაცია "იდენტობის" წარმომადგენელი მაგდა კალანდაძე, რომელიც ზემოთაღნიშნულ აქციაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა. მე შევეცადე, კითხვები ჩამომეყალიბებინა იმგვარად, რომ ძირითადად გამერკვია ამ საკმაოდ საინტერესო პიროვნების ფსიქოლოგიური პორტრეტი და არა ზემოთაღნიშნული აქციის დეტალები. ორ დაპირისპირებულ მხარეთაგან ნაწილი -- კონსერვატიულ-ფუნდამეტურად განწყობილი ორთოდოქსი მოსახლეობა, ვინც ამ აქციას დაუპირისპირდა, -- აქციას, რომელიც გაიმართა სიყვარულისა და მრავალფეროვნების სახელით, ლგბტ-აქტივისტებსა და გაზეთ "ლიბერალს," ასევე ჟურნალებს "ტაბულასა" და "ცხელ შოკოლადს" ძალიან უარყოფითად მოიხსენიებდა. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს ნეგატიური დამოკიდებულება აბსოლუტურად უსაფუძვლოა? რა ამოძრავებთ ამ ადამიანებს და განაწყობთ ასე ნეგატიურად -- ნამდვილად ჰომოფობია და შეუწყნარებელი დამოკიდებულება ლგბტ-ებისა და მათი უფლებების დამცველების მიმართ თუ ის, რომ ისინი ფიქრობენ, რომ ამ აქტივისტების ბრძოლა სიყვარულისა და მრავალფეროვნების სახელით დემაგოგიაა, და რომ ეს აქტივისტები თავად არიან უპრინციპოები, ექსტრემისტულად და ქსენოფობიურად განწყობილები განსხვავებული ადამიანების მიმართ (ფემინისტები მამაკაცების, მემარცხენეები -- მემარჯვენეების, ლიბერალები -- კონსერვატორების, ხოლო ლგბტ-ები -- ჰეტეროსექსუალების მიმართ) და ამიტომ მორალური უფლება არ გააჩნიათ, სხვებს სიყვარულისა და მრავალფეროვნების სახელით ელაპარაკონ და მათ მხოლოდ იმის მორალური უფლება აქვთ, რომ ერთ-ერთ კონკრეტულ დაინტერესებულ მხარედ განიხილონ საკუთარი თავები, თუ ისინი თან ქსენოფობები არიან და თან ჩემს მიერ ქვემოთმოყვანილ ამ აზრებს მისდევენ? აქ თქვენთან ერთად მე სწორედ ზოგადად ამ ყველაფრის გარკვევას ვცდილობ და ეს ინტერვიუც ამ მიზანს ემსახურება. დასკვნები კი თქვენთვის მომინდვია. მართლაც, ძალიან ბევრი კონსერვატორი მხოლოდ იმიტომ არის კონსერვატორი, რომ არ ენდობა მათ, ვინც პროგრესისა და თავისუფლების სახელით ცდილობს, ჩაგვრის უარესი უღელი დაადგას ადამიანებს.

როგორც ხედავთ, ეს პიროვნება, ეს ლგბტ-აქტივისტი არ იზიარებს ჩემს ბევრ შეხედულებას მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით (მაგალითად ჩემგან განსხვავებით მისთვის ქვეყანა არის "ამორფული" ცნება და ა. შ). არ დაგიმალავთ და ჩემს მიერ მისთვის მაქსიმალური სიფრთხილით დასმულ შეკითხვებზე გაცემული პასუხების სტილმა საკმაოდ გამაღიზიანა. მე შემეძლო, არ გამომექვეყნებინა ეს ინტერვიუ, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ვერ გავარკვევდით ძირითად საკითხს -- ვინ არიან სინამდვილეში ის ადამიანები, რომლებიც ამ ბოლო დროს სიყვარულის, სოციალური და გენდერული სამართლიანობის, უმცირესობათა დისკრიმინაციისაგან თავის შეკავებისა და სხვა საუკეთესო იდეალების სახელით გამოდიან, წერენ, აქციებს მართავენ და ა. შ. მე სულაც არ მინდა, ვინმემ იფიქროს, რომ "ისინი ყველანი ასეთები ან ისეთები არიან." ინტერვიუს უცვლელი ფორმით გთავაზობთ და თავად განსაჯეთ, ვისთან და რასთან გვაქვს საქმე სიყვარულის, სამართლიანობის, ტოლერანტიზმისა და მრავალფეროვნების დროშის ქვეშ გამომსვლელი ზოგიერთი აქტივისტის, ამჟამად კი მაგდა კალანდაძის სახით. მე არ ვცდილობ მათ დემონიზაციას, მაგრამ არც მათ გაიდეალებას ვცდილობ. მე კარგად არ ვიცნობ მათ. როგორც ყოველთვის, მთავარი ჩემთვის ახლაც მხოლოდ ჭეშმარიტების დადგენა და ასახვაა.

თქვენ სექსუალური უმცირესობების უფლებებისათვის იბრძვით. რამ გადაგაწყვეტინათ, სექსუალური უმცირესობების უფლებების დამცველი გამხდარიყავით?

ვერ გეტყვით, რამ გადამაწყვეტინა, იმიტომ, რომ ჩემს მეხსიერებაში ვერ ვპოულობ თარიღს, საიდანაც აღრიცხვა დაიწყო ჩემი ამ პოზიციის. ყოველთვის ლგბტ უფლებების დამცველი ვიყავი.

მიგაჩნიათ თუ არა, რომ საქართველოში სექსუალური უმცირესობები საზოგადოებაში ინტეგრირებულები არ არიან და თუ ეს ასეა, ძირითადად რა უშლის ხელს სექსუალური უმცირესობების ინტეგრაციას? ტრადიციები? ხელისუფლება? საპატრიარქო? ექსტრემისტულ-რელიგიური დაჯგუფებები და მედიასაშუალებებში გავრცელებული სიძულვილის ენა თუ ყველა და ყველაფერი ეს ერთად?

არ ვიცი, რას გულისხმობთ ინტეგრირებაში. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, ისაა, რომ საზოგადოებას ყოველთვის აქვს (და ექნება) განსხვავებულის მიღების შიში, რისი მიზეზებიც კომპლექსურია.

მიგაჩნიათ, რომ სკოლებში სექსოლოგია უნდა ისწავლებოდეს? თუ კი, რა ფორმითა და დოზით უნდა მოხდეს სექსოლოგიის სწავლება? ამასწინათ მე ვნახე ვიდეო itv.ge-ზე, სადაც აღნიშნული თემატიკა განიხილეს. გამომსვლელებმა (სხვათა შორის, ამ გამომსვლელებს სამეცნიერო ხარისხებიც კი ჰქონდათ) თქვეს, რომ სწავლება მკაცრად დოზირებული უნდა იყოს (მე არ ვიცი ამაში რა იგულისხმება), სწავლების მეთოდიკა და სტილი საპატრიარქოსთან უნდა შეთანხმდეს და გოგონებსა და ბიჭებს სკოლებში სექსოლოგიის გაკვეთილები ცალკ-ცალკე უნდა უტარდებოდეთ. თქვენ რა აზრის ხართ ამ საკითხებთან დაკავშირებით?

ალბათ, სექსუალურ განათლებას გულისხმობთ. რა თქმა უნდა, უნდა ისწავლებოდეს. ფორმა/დოზის განსაზღვრის საკითხიც ცოტა სასაცილოა ჩემთვის. უნდა ისწავლებოდეს ისე, რომ ადამიანმა სრულყოფილი ინფორმაცია მიიღოს საკითხის ირგვლივ. პატრიარქის და მსგავსი მარაზმების თემაზე კომენტარს არ გავაკეთებ. უკვე სასაცილოც აღარაა.

უნდა მოხდეს თუ არა საქართველოში ერთსქესიანი ქორწინებისა და პარტნიორობის ინსტიტუტის დაკანონება?

აუცილებლად უნდა მოხდეს.

მიგაჩნიათ თუ არა, რომ მოსახლეობის ნაწილის მტრული და აგრესიული დამოკიდებულება ლგბტ-ების მიმართ საქართველოს ჩამორჩენილობის ბრალია?

"საქართველოს ჩამორჩენილობასა" და მსგავს ყბადაღებულ-უტრირებული ფრაზებზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ, უკაცრავად. ჰომოფობია არ არის მხოლოდ ქართული საზოგადოების პრობლემა. უფრო მეტიც -- ყველა საზოგადოების პრობლემაა.

თქვენი აზრით რა კავშირშია ლგბტ-ების მიმართ მტრული დამოკიდებულება ქალთა მიმართ მტრულ დამოკიდებულებასთან და არის თუ არა ამ დამოკიდებულებებს შორის რაიმე სუბიექტური ან/და ობიექტური ხასიათის კავშირი?

იქნებ დაგეზუსტებინათ, ზოგადად, "მტრულ" დამოკიდებულებაში რა იგულისხმება. შეკითხვის ბუნდოვანების გამო პასუხის გაცემისგან თავს შევიკავებ.

მიგაჩნიათ თუ არა, რომ ლგბტ-ების გარიყვა, მათი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად არდანახვა და მათი არაღიარება ზოგადად ქვეყნის პრობლემაა თუ ეს არის იმ კონკრეტული მარგინალური ჯგუფების პრობლემა, რომლებიც ამას სჩადიან?

ჰომოფობია თითოეული ადამიანის პრობლემაა. "ქვეყანა" და მსგავსი ამორფულ ცნებებზე კვლავ არ გავაკეთებ კომენტარს.

მიგაჩნიათ თუ არა, რომ საქართველოში ქალების მიმართ მომხმარებლური დამოკიდებულება არსებობს და ჰომოფობიურ-სექსისტურ ჯგუფებს ქალები ინკუბატორებად და უფასო მოსამსახურეებად რომ არ მიაჩნდეთ, მათაც ლგბტ-ების მსგავსად მოექცეოდნენ?

და როგორ ექცევიან ლგბტ-ებს? მომხმარებლურ დამოკიდებულებაში გეთანხმებით. უხეშ შედარებებს კი თავს ავარიდებ.

რას ეტყოდით მათ, ვისაც ლგბტ-ები გარყვნილებად მიაჩნიათ?

მხოლოდ მიაჩნიათ? მივაჩნდეთ. არ მაქვს პრობლემა. თუ ჩემი უფლებები არ დაირღვევა, ვისაც რაც უნდა, ის იფიქროს. თუმცა, მე წესიერად ისიც არ ვიცი, რას ნიშნავს გარყვნილი და კონკრეტულად რა იგულისხმება მაგ ცნების მიღმა.

მიგაჩნიათ თუ არა, რომ სხვადასხვა მედიასაშუალება საქართველოს აშკარა ჰომოფობი, ქალთმოძულე და ფაშისტი მოსახლეებისათვის (ისეთებისათვის, როგორიცაა ჩემი აზრით მაგ. გივი სიხარულიძე) მედიასივრცის დათმობით ჰომოფობიის განზრახ ფარულ ტირაჟირებას ახდენს?

განზრახ/ფარულ/მიზანმიმართულზე თავს ვერ დაგიქნევთ, მაგრამ სიძულვილის ენის ტირაჟირება კი ნამდვილად ხდება და ეს ძალიან ცუდია.

გაზეთმა "კვირის პალიტრამ" ამასწინათ თქვენს მიერ ფილარმონიასთან გამართული აქციის შემდეგ იუმორისტული შარჟის სახით გააჟღერა, რომ შეტაკება და დაპირისპირება ლგბტ-აქტივისტებსა და რელიგიურ-ექსტრემისტულ (მე მათ ასე ვუწოდებ) დაჯგუფებებს შორის თავად თქვენი, ანუ, ლგბტ-აქტივისტების მიერ იყო ორგანიზებული მეტი რეზონანსის გამოსაწვევად და საერთაშორისო გრანტებისა და ადგილობრივი შემოწირულობების მისაღებად. მიგაჩნიათ თუ არა, რომ გაზეთის ეს შეფასება მიზნად კონკრეტულად თქვენს დისკრედიტაციას ისახავს თუ ეს ზოგადად ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ გადადგმული მტრული ნაბიჯია ამ გაზეთის მხრიდან?

კვირის პალიტრის მუშაობისა და პოზიციის ანალიზს ვერ მოვყვები, უკაცრავად. ბეჭდურ მედიაში დღეს სრული განუკითხაობაა და თავად არ იციან, რატომ და რის გამო წერენ ამა თუ იმ სტატიას.

ბევრი ადამიანის შეფასებით ახლახანს დასავლეთის ცივილიზებულ ქვეყნებში 60-იანი წლების სექსუალური რევოლუციის შემდეგ სექსუალური რევოლუციის რიგით მეორე ეტაპი დაიწყო. როგორ მიგაჩნიათ, შესაძლებელია თუ არა სექსუალური რევოლუცია ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა?

და როგორი ქვეყანაა? შესაძლებელი ყველგან ყველაფერია.

მიგაჩნიათ თუ არა, რომ სექსუალურ რევოლუციას სექსუალური უმცირესობების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა შეუძლია?

ზემოთაც ვთქვი, რომ ბუნდოვანია, რას გულისხმობთ ინტეგრაციაში. ალბათ. არ ვიცი.

მიგაჩნიათ თუ არა, რომ სექსუალური უმცირესობების პრობლემების უკანა პლანზე გადაწევით, მათი მიჩქმალვით, მოსახლეობის არაინფორმირებულობითა და დუმილით ქვეყანაში ქსენოფობიისა და ძალადობის ტირაჟირება ხდება?

პრობლემის უკანა პლანზე გადაწევა უკვე არის პრობლემა და არ არის აუცილებელი ახალი იარლიყი მივაკრათ -- როგორიცაა "ძალადობის ტირაჟირება" და ა. შ.

რას ეტყოდით მათ, ვინც სექსუალური უმცირესობების წინააღმდეგ იბრძვის?

ლოზუნგების ენაზე ვერ ვსაუბრობ. უკაცრავად.



აქცია ჰომოფობიის წინააღმდეგ. მარჯვნივ: მაგდა კალანდაძე. ფოტო: Facebook.com

17.07.2012

 

 

 

მთავარი

ბიოგრაფია

ნაწარმოებები

დაკავშირება

 

 

შეიძინეთ რომანი "ჭენება" საქართველოს მაღაზიებში

 
 
Copyright © David Chutlashvili. Alle Rechte vorbehalten