გოგონა წითელი ხელჩანთით

მახსოვს, საპატრიარქოს ბავშვთა სახლში ბებიამ მიმიყვანა, თუმცა თავად ბებია მაინცდამაინც კარგად არ მახსოვს. მახსოვს მხოლოდ მისი თბილი, კოჟრებით სავსე, უხეში ხელი ჩემს ხელში, გადღაბნილი, თითქოს ნაცრისფერ სივრცესთან და ჰაერთან შეზრდილი, ცრემლიანი სახე და თეთრი თმა. მშობლები ადრე დამეღუპნენ, ტამიშთან. ბავშვობისდროინდელ ბუნდოვან მოგონებებს უკავშირდება უღელტეხილზე გადასვლა, ცივი, თოვლიანი წვიმა და საშინელი, აუტანელი სიცივის შეგრძნება. დამარჩენი კიდევ უფრო ბუნდოვნად მახსოვს; ბავშვთა სახლმა თითქმის ყველა მოგონება უკლებლივ წაშალა და მხოლოდ ყველაზე უარესი მოგონებები დამიტოვა; როცა ამ დაწესებულებაში მოხვდები, გარესამყარო წყვეტს არსებობას და ისღა დაგრჩენია, დაივიწყო, რომ არსებობდი. სხვაგვარად აქ ცხოვრებას ვერ შეძლებ.

ბავშვთა სახლში ჩემი მისვლის პირველ დღეს მეუფე გვეწვია. მეუფეს ჩემი თავი უჩვენეს. მან კუნთები და კბილები შემიმოწმა და თავი უსიამოვნოდ გაიქნია. მეუფე დიდხანს რაღაცაზე უსიამოვნოდ ეჩურჩულებოდა დედაო მირიამს, ბოლოს თავზე ხელი გადამისვა, ფოჩიანი, კოწახურის კანფეტი ჩამოდო ხელში და წავიდა. მე მარტო დავრჩი სატრაპეზოში და რადგან გასვლის უფლება არსად მქონდა, კედლებზე გაკრულ ოქროსფერ ხატებს დავუწყე თვალიერება. დრო აუტანლად მიიზლაზნებოდა. სამზარეულოდან გამოდიოდა მოხარშული ხორცის და წიწიბურას სუნი, მე კი ვიჯექი და ღონემიხდილი ვითვლიდი საათებს. ძალიან ვიყავი მშიერი. ბოლოს აღარც კი მახსოვს, როდის ვჭამე წიწიბურა და მოხარშული ხორცი. მე და ბებოს ხშირად თვეობით გვიწევდა ნახევრად უმი, ცოტაოდენ ზეთთან და ხახვთან შეზავებული ჭინჭრის სუპის ჭამა ტალახივით შავ, გულჩაცომებულ პურთან ერთად. ჭინჭარი აქაც დავინახე, დავინახე ჭინჭრის ვეება გროვა, რომელიც სატრაპეზოს უხეში, გაურანდავი მაგიდის გვერდით, უზარმაზარ სკამზე კონებად შეკრული ეწყო და ლამის გული ამერია.

ტრაპეზი ბოლოს როგორც იქნა დაიწყო. ოთახში უხმოდ შემოვიდნენ თავგადაპარსული აღსაზრდელები დედაოსა და ბერ გაბრიელთან ერთად. ისინი კედელთან გაამწკრივეს, შემდეგ ბერი გაბრიელი დასწვდა ჭინჭრის ყველაზე მოზრდილ გროვას და მწკრივიდან ერთ-ერთი, ასე დაახლოებით ათიოდე წლის ბიჭი გამოიყვანა, რომელსაც, როგორც აგვიხსნეს, დიდი ცოდვა ჰქონდა ჩადენილი (უშეცდომოდ ვერ წარმოთქვა ძილის ლოცვა). ბერმა გაბრიელმა ბიჭი გააშიშვლა და უკანალზე დაუწყო ცემა. ბიჭი კვნესოდა და ცრემლებს ღაპაღუპით ყრიდა. ბოლოს, გაროზგვას რომ მორჩა, ბერმა გაბრიელმა ის წამოაყენა, ხელით თავისკენ შეაბრუნა და ჰკითხა:

"აბა ახლა რა უნდა თქვა?"

"მადლობა," დაიჩურჩულა ბიჭმა და ამოისლუკუნა.

ბერმა გაბრიელმა ტუჩებზე ძალიან სწრაფად მიარტყა ჭინჭრის კონა და დაუყვირა:

"ხმამაღლა!"

"მადლობა, რომ დამდე ეპიტამია სახელითა ღვთისათა უფალო ჩემო!"

ბერმა გაბრიელმა ბავშვს ჭინჭრის კონა სახეზე კიდევ უფრო ძლიერად მიარტყა და დაუღრიალა:

"კიდევ უფრო ხმამაღლა!"

"მადლობა, რომ დამდე ეპიტამია სახელითა ღვთისათა უფალო ჩემო!" დაიყვირა ბიჭმა და აქვითინდა.

"წადი, დადექი მწკრივში," უბრძანა მამა გაბრიელმა და მე მომიბრუნდა:

"ახალმსულო, ხედავ?" მკითხა მან.

მე თავი დავუქნიე.

"წესიერი, სათნო და გამრჯე ბიჭი თუ არ იქნები და ცოდვებს ჩაიდენ, უკეთესი დღე არც შენ დაგადგება."

"მესმის," ვუპასუხე მე.

"სადილის ლოცვა იცი?" მკითხა დედაო მირიამმა.

"არა," ვუპასუხე მე და თავი ჩავღუნე.

"მაშინ დაჯექი კუთხეში და იმეცადინე," ამ სიტყვებით დედაომ შავყდიანი, ოქროსფრად მოვარაყებული წიგნი გამომიწოდა და ჩემი სკამი კუთხესთან მიიტანა.

"მშია," ვთქვი მე.

მართლაც, წინა დღეს არაფერი გვქონდა სახლში საჭმელი. არც წინა დღეს და არც იმის წინა დღეს.

დედაო მირიამმა სკამი ისევ მაგიდასთან მიიტანა. მე გამიხარდა, მაგრამ სულ ტყუილად:

"დადექი კუთხეში და იმეცადინე. შენ დაიმსახურე ეს სასჯელი შეპასუხების გამო."

ამ სიტყვებით დედაო მარიამმა შავყდიანი წიგნი ისევ გამომიწოდა და საკუთარი ხელით მიმიყვანა კედლის კუთხესთან. მეც დავდექი და მეცადინეობა დავიწყე. საშინლად ვიყავი მშიერი, წიწიბურას და მოხარშული ხორცის მადისაღმძვრელი სუნი არ მაძლევდა უნარს, საჭმლის გარდა სხვა რამეზე მეფიქრა და ლოცვის სწავლა ძალიან გამიჭირდა. როცა საპატრიარქოს ბავშვთა სახლს დავაღწიე თავი და სექსუალური მოთხოვნილებები გამიჩნდა, ხშირად მიფიქრია, რომ სანამ ქვეყანა ისეა მოწყობილი, ადამიანმა მიწყივ სექსსა და საჭმელზე რომ იფიქროს და შიმშილი სტანჯავდეს, მანამდე უკეთესობისკენ არაფერი შეიცვლება. ვიღაცას სურს, რომ ადამიანი გამუდმებით ერთსადაიმავეს ფიქრობდეს, არასოდეს ასწიოს თავი და აიხედოს მაღლა, ვარსკვლავებიანი ცისკენ, სადაც კრიალა ცაზე იდუმალი სახით ანათებს ჩვენი გალაქტიკის მარგალიტისებური ნისლეული, ნისლეული, რომელიც მე ბავშვთა სახლში უბრალო ღრუბელი მეგონა მხოლოდ. იქ ჩვენ ზუსტად ასე გვასწავლეს: "ეს არის ღრუბელი" და ჩვენც ვფიქრობდით, რომ ეს მართლაც ღრუბელი იყო. არ უნდა დავეჭვებულიყავით. დაეჭვება ყოველთვის აისახება რაღაც ფორმით, დაეჭვება ნიშნავს, რომ უკმაყოფილო ხარ, ხოლო უკმაყოფილება მომაკვდინებელი ცოდვაა. უკმაყოფილო იყო ლუციფერი და სწორედ უკმაყოფილების გამო აუჯანყდა კეთილ მამაღმერთს, რომელმაც ბავშვთა სახლები, საპყრობილეები, მატლები, ძონძები, სიბერე, ავადმყოფობები, შიმშილი, ცემა, კაცის კვლა და ომები შექმნა. მე ვიდექი კუთხეში და ჩემი მშიერი გონებით ვცდილობდი ლოცვის ტექსტის დაზეპირებას. ხელები მიკანკალებდა, თვალებიდან ღაპაღუპით ჩამომდიოდა ცრემლი, ვუყურებდი ლოცვის ტექსტის სათაო ფურცელზე გამოსახულ პატარა ანგელოზებს, ჩემს წინ, კედელზე დაკიდული ოქროსფერი ხატებიდან მომზირალი იესოსა და მარიამის უსიცოცხლო, ბრიყვულ სახეებს და სულ უფრო მიპყრობდა უღონობა. მერე კანკალი ხელებიდან მუხლებზე გადავიდა, მაგრამ როგორღაც შევიკავე თავი... ლოცვის ტექსტს მაშინაც ვიზეპირებდი, როცა სატრაპეზოდან ყველა გავიდა. ამ ხნის მანძილზე მხოლოდ დედაო მარიამი თუ შემოჰყოფდა ხოლმე ხანდახან თავს და მაკვირდებოდა, ვიზეპირებდი თუ არა ლოცვას. ასე გავიდა რამდენიმე საათი, მოსაღამოვდა და ვახშმის დრო მოვიდა. ვახშამზე კიდევ დასაჯეს რამდენიმე აღსაზრდელი (ამჯერად ანთებულ კელაპტარზე დააჭერინეს ხელი, სანამ ისინი ტკივილისაგან აბღავლდებოდნენ), მე მივედი დედაო მარიამთან და ვუთხარი, "სადილის ლოცვა ვისწავლე-მეთქი," ხოლო მან უცნაურად გაიღიმა და წიგნი მომდევნო გვერდზე გადაფურცლა:

"ახლა ვახშამია," თქვა მან, "ამიტომ მწუხრის ლოცვაც უნდა გესწავლა."

და მე ისევ მიმიყვანა კუთხეში. ოღონდ ამჯერად უკვე სკამზე დამსვა; ისევ აფუსფუსდნენ ჩემს თავში აზრები, მაგრამ ისევ როგორღაც შევიმაგრე თავი და ვისწავლე მწუხრის ლოცვა, ძილის ლოცვა, საწოლიდან წამოდგომის დროს სათქმელი ლოცვა და მეასედ გადავიმეორე სადილის ლოცვა. იმ დილას სადილზე არავინ დაუსჯიათ. ბერი გაბრიელიც და დედაო მირიამიც გაუთავებლად ლაპარაკობდნენ ანგელოზებზე, საიქიოს სატანჯველზე, "რკინასა და ფოლადზე" და იმ ვეება მატლებზე, ჯოჯოხეთში უღმერთო ადამიანის სულს რომ ემსჭვალვიან. საოცრად მშიერი და დაქანცული ვიყავი, მთელი სხეული დაბუჟებული მქონდა, ვფიქრობდი, მთელ სუფრას გადავჭამ-მეთქი და ველოდი შავ ტანსაცმელში გამოწყობილ ოციოდე წლის მზარეულ და მოსამსახურე მონაზონს, რომელსაც დაო ანტისა ერქვა და რომელიც სამზარეულოში ფუსფუსებდა, სანამ ჩვენ სადილის ლოცვის სიტყვებს ერთხმად წარმოვთქვამდით. მე მაშინ უკვე 13 წლის ვიყავი, ანტისა ლამაზი გოგო იყო, ცივი, ცისფერი თვალების შეფარული გამოხედვა და სქელ დაბლითა ტუჩთან ამოსული თმიანი მეჭეჭი კიდევ უფრო მიმზიდველს ხდიდა მის საოცრად თეთრ სახეს, რაღაც საოცრად ვულგარულ, გარყვნილ და ბიწიერ იერს ანიჭებდა მას, და მიუხედავად იმისა, რომ აუტანელი შიმშილი მაწვალებდა, მე მაინც წარმოვიდგინე, როგორი იქნებოდა დაო ანტისა ორალური სექსის დროს, როგორ გამხეცებული დაეტაკებოდა ფალოსს ამხელა სულელური თავშეკავების და ფარისევლობის შემდეგ, და სიცოცხლემ ჩემს სხეულში მთელი თავისი ახალგაზრდული და დიდებული უძლეველობით კიდევ ერთხელ გაიბრძოლა. მაგრამ როცა ანტისამ თეფშზე ხორცის მხოლოდ ორი პატარა ნაჭერი და ერთი პატარა საწვნე წიწიბურა დამიდო, რაც თეფშს კიდეებამდე ვერ ფარავდა, მე ის შემზიზღდა და მერე ოდესმე სურვილიც აღარ გამჩენია, მასთან ალერსით დავკავებულიყავი.

"ძალიან მშია," ვთქვი მე, "მხოლოდ ერთი პატარა თეფში წიწიბურა ხორცის ორ პატარა ნაჭერთან ერთად ნამდვილად არ მეყოფა."

"ჭინჭარი მოგენატრა ალბათ," გაიცინა დედაო მირიამმა, მერე კი განმარტა: "მაძღრობა ცოდვაა! არ შეიძლება, ადამიანი მაძღარი იყოს." ამაზე ბერმა გაბრიელმა თავი დაუკრა და გაიხსენა "საფლავნი მსუნაგობისანი," რაც კეთილმა იეჰოვამ მოხეტიალე და ცოდვილი ებრაელი ერის ფერფლით აავსო. მე მივხვდი, რომ დღის ბოლოს ისევ მშიერს მომიწევდა დაძინება, ხოლო შეპასუხებას აზრი არ ჰქონდა და გავჩუმდი. იმ დღეს ჩვენ წავიკითხეთ ბიბლია, კერძოდ კი ის მონაკვეთი, სადაც გედეონი უდაბნოს ნარ-ეკლით ხორცს აფლეთს სუქოთელ თავკაცებს და ანგრევს ფანუელის გოდოლს. იმხელა ძალადობა და მხეცობა, რაც ბიბლიაში აღწერილია როგორც კეთილი საქმეები, დღეს შეუძლებელია თვით ყველაზე საზარელ მანიაკს მოუვიდეს აზრად თავში და უბოროტესი ცინიზმის მწვერვალია, რომ ამ წიგნს წმინდა წიგნი ეწოდება. მე ღიმილით ვუყურებდი, როგორ ასხამდა მამა გაბრიელი ხოტბას გედეონის მსგავს ცხოველს და ჩემს გულში საოცარი პროტესტი მწიფდებოდა, პროტესტი ამ უბოროტესი რელიგიის, ქრისტიანობის მიმართ, რომელიც მოძალადე რომაელმა სარდლებმა მოახვიეს თავს ჩემს ბედშავ, დაბეჩავებულ წინაპრებს, რელიგიისა, რომელიც გმობს ყოველივე ადამიანურს და საოცარი უტიფრობით და თავზარდამცემი ცინიზმით სიკეთედ ასაღებს ადამიანის მიერ ადამიანის ყველაზე ზღვარგადასულ ჩაგვრას. სანამ რელიგია ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ მძლავრობს, არავის შეეპაროს ეჭვი, რომ მისი რომელიმე მიმდევარი აუცილებლად იპოვის საკუთარი ყველაზე ამორალური საქციელის გამართლებას მის წიაღში. ხოლო კაცობრიობა და საქართველო ქრისტიანობამდეც დიდხანს არსებობდა და მჯერა, ქრისტიანობის შემდეგაც დიდხანს იარსებებს.

...მეუფე ილარიონს პირველ სართულზე მოთავსებულ საკუჭნაოში, ხახულის ე. წ. ღვთისმშობლის ხატის ასლის უკან სეიფი ჰქონდა. ვვარაუდობდი, რომ სწორედ ამ სეიფში ინახავდა ფულს და ძვირფასეულობას, რომელსაც მას მინისტრები და სხვა მაღალი თანამდებობის პირები სჩუქნიდნენ. სეიფის უკან იყო გახეული ფარდა, ხოლო ფარდის მიღმა ზეთისხილის ყუთებით, თაფლის ქილებით, ძმრით და სუნელებით სავსე კოლოფებით დაზნექილი თაროები. იმ დროისთვის უკვე თვალთმაქცობის ხელოვნების მწვერვალს მივაღწიე, ამიტომ დედაო მირიამი როგორც განსაკუთრებულად ღვთისმოსავს და ჩლუნგს ძალიან მენდობოდა და საკუჭნაოშიც ხშირად მგზავნიდა. ერთ დღესაც ერთი ბოთლი ძმრის ამოსატანად ჩამგზავნა. მე ის-ის იყო, უკვე ვიპოვე ძმრის ბოთლი, რომ გარედან ხმაური შემომესმა. დავინახე, როგორი მედიდური სახით შემოვიდა მეუფე ილარიონი, როგორ მივიდა სეიფთან და როგორ გადასწია ხატი. მე სეიფის არსებობის შესახებ მანამდეც ვიცოდი, მაგრამ კომბინაცია არ ვიცოდი, ხოლო ახლა კომბინაციის გაგების შანსი მომეცა. ამიტომ სულმოუთქმელად ვაკვირდებოდი, თუ რა რიცხვებს აკრეფდა მეუფე საკუთარ სეიფზე და თუმცა შუქი სუსტად ანათებდა, ეს რიცხვები დავიმახსოვრე. სურვილი მაგიჟებდა, გამდიდრების წყურვილი მახრჩობდა, ამიტომ ერთის სული მქონდა, როდის გავიდოდა მეუფე ილარიონი საკუჭნაოდან, და როგორც კი გავიდა, მაშინვე სეიფს ვეცი. თავში მიტრიალებდა, თუ რამდენი ფული და ძვირფასეულობა შეიძლება ყოფილიყო სეიფში და როგორ უზრუნველად ვიცხოვრებდი თავშესაფრიდან წასვლის შემდეგ. გამალებული ვხსნიდი სეიფს და თან გონებაში გეგმებს ვაწყობდი. მაგრამ...

ვერასოდეს წარმოიდგენთ, რა აღმოვაჩინე სეიფში. პირველი რაც თვალში მომხვდა, ეს იყო უზარმაზარი, შავი რეზინის ფალოიმიტატორი. აქ იყო ასევე ქალის დახეული წინდები, ერთი წყვილი ქალის მაღალქუსლიანი, ვერცხლისფერი ფეხსაცმელი, ბიუსტჰალტერი და კიდევ რამდენიმე გაურკვეველი ნივთი, რომლის დანიშნულებაც ვერაფრით დავადგინე. ყველაფერი კარგად შევამოწმე, მაგრამ ფულის ან ძვირფასეულობის ნასახიც ვერ ვიპოვე. არ ვიცი, შეიძლება, პირადად სჭირდებოდა ფალოიმიტატორი და ყველაფერი სხვა დანარჩენი ან სულაც, საყვარელი ჰყავდა. რაში მაინტერესებს. მთავარია, რომ ფული და ძვირფასეულობა არ ყოფილა იქ.

გაოგნებულმა სეიფი დავკეტე და ისევ მარიამ "ღვთისმშობლის" ხატი ავაფარე ზედ. შემდეგ ზედ ცივ ქვის იატაკზე დავჯექი და იმედგაცრუებისგან ვიტირე.

"ლევან, შენი დრო უკვე მოვიდა, რის გაკეთებას აპირებ?" მკითხა დედაო მირიამმა ვახშმობის დროს. მე მხრები ავიჩეჩე. მომავალი გაურკვეველი იყო ჩემთვის.

"მამა ილარიონს მოველაპარაკე და გთავაზობს, დიაკვნად იმუშაო რომელიმე ეკლესიაში. კარგად იცის, როგორი მორწმუნე ხარ," აღფრთოვანებული სახით მითხრა დედაო მირიამმა, "თვეში ასორმოცდაათი ლარი გექნება, თან იქვე დაიძინებ. მეტი რა უნდა ადამიანს?!"

"არაფერი," მხრები ავიჩეჩე მე, "მეუფე ილარიონს გადაეცი, რომ მადლობას ვუხდი. აუცილებლად ვიფიქრებ."

"ყველას არ ერგება ამქვეყნად პატივი, დასაქმებული იყოს," თქვა დედაო მირიამმა და პირჯვარი გადამწერა, "მეუფე ზეგ დილას მოვა და თან წაგიყვანს. შენ ღმერთს უნდა ემსახურო. ახლა შენ ღმერთის გარეშე უკვე ვეღარ გაძლებ."

მე თავი დავუქნიე და დასაძინებლად წავედი. აქამდე ხალხმრავალი, ბიჭებით სავსე საძინებელი ცარიელი იყო. დღეს დილას ბიჭები ეკლესიის მშენებლობაზე წაიყვანეს და იქვე, მშენებარე ეკლესიის გვერდით დატოვეს, კარვებში. ანტისა გაცივდა, სიცხიანი იწვა თავის საკანში და მე ამიტომ დამტოვეს სამზარეულოში, დედაო მირიამის დამხმარედ. გისოსებიანი ფანჯრიდან შემოსული მცხრალი მთვარის ყინჩი ვერცხლისფერი შუქი ჩემს საწოლზე იღვრებოდა. თავში საოცარი სისწრაფით ამერია აზრები. ვინ ვარ? რას ვაკეთებ? რა მინდა აქ, ამ ცივ კედლებში, სადაც ამდენი დამცირება და სიმწარე მახსოვს, ხოლო სიყვარული არავითარი? გამახსენდა ნაწამები და მოკლული მშობლები, გამახსენდა მოხუცი ბებია, რომელიც შიმშილისაგან დაუძლურებული, მარტოხელა და ავადმყოფი ვინ იცის, რომელ მოხუცთა თავშესაფარში შეხვდა სიკვდილს (ბებია მახსოვს, მანამდე ხშირად ავადმყოფობდა – გული აწუხებდა და ხშირად ღამეებს თეთრად ათევდა რკინის ჟანგიან საწოლზე მიწოლილი), თუმცა, ამ ყველაფერთან ერთად გამახსენდა ერთი კარგი მოვლენაც ჩემი ცხოვრებიდან:

მაშინ ჩვიდმეტი წლის ვიყავი ე. წ. წმ. ბარბარეს ეკლესიის მშენებლობაზე ვმუშაობდით. ეკლესია სასაფლაოზე შენდებოდა, მშენებლობაზე ქვას და ცემენტს ვეზიდებოდი. ძალიან მომწყურდა, ირგვლივ წყალი კი არსად იყო. ამიტომ მესაფლავეებთან მისვლა გადავწყვიტე. მესაფლავეს კუთხეში აშენებულ ერთოთახიან ფიცრულში ედო ბინა და ფერადი ტელევიზორი ედგა. მანამდე ფერადი ტელევიზორი არასოდეს მენახა. როცა ბებიასთან ვცხოვრობდი, ტელევიზორი, მითუმეტეს, ფერადი არც მაშინ მქონია. თავშესაფარში ტელევიზორის ყურება აკრძალული გვქონდა (მეუფე ილარიონმა ერთხელ თქვა, რომ ეს ეშმაკისეული ნივთი იყო და ჩვენ, აღსაზრდელებს, მისი ყურების უფლება არ გაგვაჩნდა). შევხედე ტელევიზორს და დავინახე, როგორ ჰკოცნიდა ვიღაც ქალურად ნაზი, ლამაზი ბიჭი ასევე ძალიან ლამაზ, წითელხელჩანთიან გოგოს ტუჩებში. ისე აღვეგზნე, ცუდად გავხდი. მესაფლავეს სასწრაფოს გამოძახება დასჭირდა, მე კი არასოდეს დამვიწყებია, თუ რა სილამაზის იყო ეს გოგო... ამიტომ ვიცი, რომ თავშესაფრების და ეკლესიების კედლებს მიღმა სულ სხვა სამყაროა, და ამ სამყაროში ადამიანებს უფლება აქვთ, ერთმანეთს ტუჩებში აკოცონ.

საწოლიდან წამოვდექი. თავში გაურკვეველი აზრები მიტრიალებდა. ბოლო წლებში ხშირად ვთვალთმაქცობდი, იმდენად ხშირად, რომ აღარც კი ვიცი, სად გადიოდა ზღვარი თვალთმაქცობასა და სიმართლეს შორის. მგონი, რელიგიამ მართლა მაგრად დამრია ხელი ამ ბოლო ხუთ წელიწადში, ჩემს სულში შემოიჭრა და შემცვალა. დროა ამ ყველაფერს წერტილი დავუსვა.

ტანსაცმელი ჩავიცვი და ფული დავთვალე. ჯიბეში ათას სამასი ლარი მედო. ირგვლივ სიწყნარე იყო. ჩამიჩუმი არსაიდან ისმოდა. კარი გავაღე, ჩავედი ჯერ პირველ სართულზე, იქიდან კი ჭიშკარი გამოვაღე და ქუჩაში გავედი. მაისის ღამის თბილი, ალერსიანი ნიავი სახეში მეცა. ირგვლივ იყო სიჩუმე, ამ სიჩუმეში ჩაძირულ მთათა მუქი, დათოვლილი მწვერვალები და მილეული მთვარის მკვეთრი ვერცხლისფერი სინათლე კუშტ, ჩაბნელებულ ქუჩებში.

პირველი ნაბიჯი გაუბედავად გადავდგი წინ, შემდეგ მეორე, მესამე, მეათე, თანდათან სულ უფრო ენერგიულად, სულ უფრო გაბედულად...

მივდიოდი ღამის მთვარით განათებულ ქუჩებში და ვფიქრობდი გოგოზე წითელი ხელჩანთით, ერთხელ, ტელევიზორში რომ ვნახე. მე ის გოგო მელოდა, მე მისკენ მივისწრაფოდი.



ფოტო: Thinkstock

11.05.2013

 

 

 

მთავარი

ბიოგრაფია

ნაწარმოებები

დაკავშირება

 

 

შეიძინეთ რომანი "ჭენება" საქართველოს მაღაზიებში

 
 
Copyright © David Chutlashvili. Alle Rechte vorbehalten