ლეკვნი ლომისა

კა­თა­ლი­კოს-პატ­რი­არქ ილია მე­ო­რეს სა­აღ­დგო­მო ეპის­ტო­ლე­ში ვრცე­ლი ადგილი აბორ­ტის თე­მას და­ეთ­მო. პატ­რი­არ­ქი სა­კუ­თარ ეპისტოლე­ში, რომელიც საქართველოში მოქმედ ყველა ორთოდოქსულ ეკლესიაში იკითხება, პირველად მო­უ­წო­დებს მთავ­რო­ბას, აბორ­ტი კა­ნო­ნის მეშვეობით აკრძალოს, მაგრამ ის კი პირველად ნამდვილად არ ხდება, რომ საქართველოში მღვდლები სახელმწიფო საქმეებში ერევიან. აქ თანდათან ისინი სულ უფრო ემსგავსებიან კანონიერ ქურდებს, და მე "ქართულ ოცნებას" მოვუწოდებ, ძალიან ფრთხილად იყოს მათთან ურთიერთობისას. პოლიტიკური ძალის სიახლოვე ეკლესიასთან გამართლებული არ არის. რელიგია, განსაკუთრებით კი ქრისტიანული რელიგია ისეთი თვისებებისაა, რომ თუ დაუთმე, ის სულ უფრო მეტი და მეტი სისულელეების ჩადენას მოგთხოვს. რელიგია ერთის მხრივ, უდავოდ არის ხალხის ოპიუმი და მასების გამოთაყვანების და დამორჩილების იარაღი უსამართლო ხელისუფლების ხელში, მაგრამ მეორეს მხრივ, რელიგიის მეტისმეტ გაძლიერებას თან სდევს იგივე, თუნდაც ძალიან უსამართლო ხელისუფლებისთვის ძალიან ნეგატიური პროცესი, რისი მომსწრენიც ჩვენ საქართველოში ვიყავით, სადაც სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში ნაფერებ-ნალოლიავებმა ეკლესიამ უგანა იგივე ხელისუფლებას, რამაც მნიშვნელოვანწილად განაპირობა კიდეც სააკაშვილის რაფინირებული ტირანიის აღსასრული. ეკლესიასთან ურთიერთობა მოშინაურებულ დათვთან ურთიერთობას ჰგავს, როცა არ იცი, ის როდის დაიმშევა და დაგგლეჯს. ამიტომ პოლიტიკოსი, სულერთია, როგორი ზრახვები ამოძრავებს მას, ბოროტი თუ კეთილი, მაქსიმალურად უნდა ეცადოს, არ მიაბას საკუთარი პოპულარობა ეკლესიის ავტორიტეტს და მაქსიმალურად გაემიჯნოს მას. ეს მითუმეტეს ეხება საქართველოს დემოკრატიულ ხელისუფლებას "ქართული ოცნების" სახით, რადგან დემოკრატიული ხელისუფლებისთვის არაფერი და არავინ შეიძლება იყოს იმაზე სახიფათო, ვიდრე ქრისტიანობა, რომელიც თავისი არსით იმპერიული იდეოლოგიაა და რომელიც ყოველთვის მეტისმეტად აფერხებდა საქართველოს განვითარებას, გაძლიერებას და მის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პროცესს; ყველა დიდი ქართველი ლიდერი, რომელიც ეპოქას ქმნიდა და იბრძოდა ჩვენი საბრალო, მრავალტანჯული ხალხის კეთილდღეობისთვის, ეკლესიის გააფთრებულ წინააღმდეგობას აწყდებოდა ყოველთვის. ვახტანგ გორგასალი ეპისკოპოსმა მიქაელმა შეაჩვენა, დავით აღმაშენებელს კი რუის-ურბნისის კრების მოწვევა დასჭირდა. მათი დაპირისპირება ეკლესიასთან სულაც არ არის შემთხვევითი ფაქტი. ეკლესია მეინსტრიმის კვინტესენციაა, ბნელეთის აპოთეოზი, დრომოჭმულობის განსხეულება და ის ყოველთვის, ყველა ქვეყანაში გამოდიოდა და გამოდის ღარიბების, გეების და ქალების უფლებების წინააღმდეგ. ორთოდოქს პატრიარქ ილია მეორის ქადაგებები ძალიან სახიფათო და განსაკუთრებით საშიში შინაარსისაა, ილია მეორეს უდავოდ აქვს ნიჭი, ილაპარაკოს საშინელი სისულელეები სრულიად უწყინარი და კაცთმოყვარე ხმით, მაგრამ მისი ნიჭი ამაზე შორს ვერ მიდის. აბორტების აკრძალვამ შეიძლება მოკლევადიან პერსპექტივაში იქონიოს რაღაც (მე არ ვიცი, რა!) უმნიშვნელო დადებითი გავლენა, მაგრამ ამ "დადებით" გავლენას გაფუჭებული მექანიკური საათის ეფექტი ექნება (მოგეხსენებათ, გაფუჭებული მექანიკური საათი დღეღამეში ორჯერ სწორ დროს უჩვენებს), ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში დაანგრევს ქვეყანას, და ის ფაქტი, რომ 1936-1955 წლების სსრკ-ში აბორტები აკრძალული იყო, სულაც არ არის შემთხვევითი. სწორედ ამ პერიოდში მიაღწია საბჭოთა იმპერიალიზმმა თავის ზენიტს და სწორედ ამ პერიოდში განხორციელდა ყველაზე ულმობელი და მასშტაბური რეპრესიები სსრკ-ში მცხოვრები ადამიანების საუკეთესო ნაწილის წინააღმდეგ. სწორედ 1936 წლიდან მიაღწია სტალინის ძალაუფლებამ თავის პიკს, სტალინისა, რომელიც იყო საქართველოში არსებული ყველაზე საშინელი ორთოდოქსული ჯურღმულების ყველაზე ბნელი, გაუნათლებელი და ველური წარმომადგენელი, სტალინისა, რომელიც, ისევე როგორც ქვის ხანის მენტალიტეტის მქონე ყველა ქართველი მამა და მამრი, საკუთარ მდედრობითი სქესის მემკვიდრეს მუხლზე ოდნავ მაღლა აწეული კაბის ტარებასაც კი უშლიდა, სტალინისა, რომელსაც ლადო გუდიაშვილის და სერგო ქობულაძის სიგარეტის კოლოფებზე გამოსახული, უმკაცრეს ცენზურაგამოვლილი ნახატებიც კი აღიზიანებდა და რომელმაც ეჭვიანობის ნიადაგზე ათწლიან გადასახლებაში გაგზავნა საკუთარი ქალიშვილის, სვეტლანა ალილუევას მეგობარი, რადგან სვეტლანა ალილუევამ "ქართველი გოგოსათვის შეუფერებელი საქციელი" ჩაიდინა და სარეცელი გაიზიარა ასაკით მასზე გაცილებით უფროს მამაკაცთან. ილია მეორე სწორედაც რომ არის სტალინიზმის "ტრადიციების" ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მიმდევარი და გამგრძელებელი თანამედროვე საქართველოში; ის ქალებს მოუწოდებს, დაემორჩილონ საკუთარ ქმრებს მაშინაც, როცა ისინი ტყუიან და "ფეხები დაბანონ მათ," გამოდის აბორტების აკრძალვის მოთხოვნით, ხოლო ძალიან საეჭვოდ მის სიახლოვეს მყოფი ისეთი ექსტრემისტულ-შავრაზმული, ჭეშმარიტად ქვის ხანის ორგანიზაციები, როგორიცაა მაგ. მმკ, მისივე მოწონებით და წაქეზებით და სააკაშვილის ხელისუფლების ჩარევით თუ დანაშაულებრივი გულგრილობით წინა წლებში აქტიურად არბევდნენ გეი-პრაიდებს, გამოდიოდნენ სკოლებში სექსუალური განათლების დანერგვის და სხვა უამრავი აუცილებელი და გადაუდებელი ქმედების წინააღმდეგ, ურომლისოდაც ჩვენი საზოგადოების პროგრესი წარმოუდგენელია. როცა სააკაშვილი გვარბევდა და გვატერორებდა, ილია მეორე პირზე ჰკოცნიდა მას. ის ყოველთვის ახერხებდა დადებით ურთიერთობას ყველა დამნაშავე ხელისუფლებასთან, შემდეგ, ყველაზე კრიტიკულ ვითარებაში ყველას ღალატობდა და საკუთარი პიარხერხებით მოახერხა პირადი რეიტინგის საოცრად გაზრდა მისკენ დასაკლავად განწირული ხბოს თვალებით მომზირალი ასობით ათასი ქართველის გაღატაკების და დამონების ხარჯზე. დღეს ის საოცარ ზეწოლას ახორციელებს საქართველოს გამოუცდელ ხელისუფლებაზე, რისი ნათელი დადასტურებაც ჩემს მიერ მოხსენიებული ეპისტოლეც არის და იმის ნაცვლად, რომ ხელს თუ არ შეუწყობს, ხელი მაინც არ შეუშალოს ქვეყნის პროგრესს, კანონიერ ქურდად ზის და მსგავს მაფიოზურ განცხადებებს აკეთებს. ის, თუ რამდენად გაუძლებს "ქართული ოცნება" ამ წნეხს და ძალადობას, იქნება გამომხატველი იმის, თუ საით წავალთ ჩვენ, წინ, პროგრესისკენ და ევროპისკენ, თუ უკან, სტალინისტური ხანისკენ, სტალინისტური სახანოსკენ, სადაც ჩვენ რომელიმე სულელი მღვდლის სახით ჩასაძირად განწირული მეკობრეთა გემის ახალი კაპიტანი გვეყოლება.

პარლამენტმა აბორტების საწინააღმდეგო კანონი კი არ უნდა მიიღოს, არამედ დაუყოვნებლივ უნდა აკრძალოს ჩანასახში მყოფი მომავალი ბავშვის სქესის დადგენა, რადგან როგორც სოციოლოგიური კვლევები გვამცნობს, დღეს ჩვენთან გაცილებით უფრო მეტი ბიჭი იბადება, ვიდრე გოგონა. ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოს ყველაზე უფრო ჩამორჩენილი და შესაბამისად, პატრიარქალური ქვეყნების გვერდით დგას. სამომავლოდ სწორედ ეს გამოიწვევს არამარტო დემოგრაფიულ, არამედ სხვა უამრავ კატასტროფასაც. ჩემი აზრით ძალიან დიდი სიბილწე და უზნეობაა, გაიგო ბავშვის სქესი და მოიშორო არასასურველი სქესის ნაყოფი. ღირსეული ადამიანები ამას არ სჩადიან, ღირსეულ ადამიანებს და ღირსეულ ქართველებს ძალიან კარგად ახსოვთ შოთა რუსთაველის შეგონება, რომ "ლეკვი ლომისა სწორია." ილია მეორეს და იოსებ სტალინის მსგავსები ყოველთვის ძალიან არასწორი წარმოდგენის არიან ქართველ ქალებზე, მაგრამ პირადად მე მიმაჩნია, რომ ყველა ქართველი და ევროპელი ქალი სწორედაც რომ არის ლეკვი ლომისა! სწორედ ქართველი ქალები ლომებივით იბრძოდნენ საუკუნეების მანძილზე ქართველი მამაკაცების მხარდამხარ, სამშობლოს დასაცავად უსამართლობის და ძალმომრეობისაგან, და სწორედ ქართველი ქალები წარმოადგენენ ჩვენი საზოგადოების ყველაზე ძვირფას, ღირსეულ და პატივსაცემ ნაწილს, მიუხედავად იმისა, ერთ ღამეში მხოლოდ ერთ მამაკაცთან სძინავთ მათ თუ ოცდაათ მამაკაცთან ერთდროულად! მე როგორც ქართველი უკიდურესად გამწარებული და შეურაცხყოფილი ვარ, რომ საქართველოში გენდერული თანასწორობის კუთხით ასეთი კატასტროფული ვითარებაა და რომ საქართველოს ამ თვალსაზრისით ისეთი ჩამორჩენილი ქვეყნებიც კი უსწრებენ, როგორიც მაგალითად, უზბეკეთი, ტანზანია, განა, ვიეტნამი და ნიკარაგუაა. ყოველთვის ძალიან ვბრაზდები, როცა ჩემს ეროვნულ სიამაყეს ეხებიან, ხოლო ამ ფაქტით ჩემი ეროვნული თავმოყვარეობა და ღირსება მიწასთან არის გასწორებული და აქ უკვე სიტყვები აღარ მყოფნის აღშფოთების გამოსახატად. მთელი საზოგადოების დანაშაულია ის, რომ დღეს ქართველი ქალი ასე დამცირებული და შეურაცხყოფილია და ამ დამცირება-შეურაცხყოფაში სწორედ ილია მეორესაც მიუძღვის მნიშვნელოვანი წვლილი იმ სხვა უამრავ ქართველთან ერთად, რომლებიც ამას განზრახ თუ უნებლიედ სჩადიან!

ილია მეორეს მე მოვუწოდებ, თუ ქართველ ქალებს ვერაფრით დაეხმარება, რაც შეიძლება ნაკლები მაინც ილაპარაკოს საკუთარ "ქადაგებებში" მათი დამცირების და შეურაცხყოფის აშკარა მიზნით! მესმის, რომ სურს, "ქართველთა სულიერი მამის" სასაცილო "ტიტული" ზიდოს, მაგრამ საქართველოს პირველი გინეკოლოგობა მაინც დაანებოს სხვა რომელიმე, შესაბამისი ცოდნის და გამოცდილების მქონე ადამიანს.

P. S. ამ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ვიდეო, სადაც ასახულია ჯგუფური სექსი ქალისა ერთდროულად ორ მამაკაცთან. ქართულ სოციალურ ქსელებში ამ ვიდეოს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ამ ვიდეოში ნაჩვენები კადრების ერთ-ერთმა სავარაუდო მონაწილემ კი განაცხადა, რომ ვიდეოზე ის არ არის ასახული და ხელი შინაგან საქმეთა სამონისტროსკენ გაიშვირა.

მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ასეთ სიმდაბლეს არასოდეს იკადრებს და არც ვინმეს მისცემს ნებას, მსგავსი ჩაიდინოს. ძალიან კარგი და მისასალმებელია, რომ მან ზემოაღნიშნული საქმე პირად კონტროლზე აიყვანა. ირაკლი ღარიბაშვილი ძალიან ღირსეული, ჭეშმარიტად რაინდული სულის მქონე ადამიანია, ადამიანი, რომელმაც ყველაფერი სასწორზე დადო და აუტანელი წნეხის და ზეწოლის პირობებში დაუდგა გვერდით საკუთარ მეგობარს და ახლობელს, ბიძინა ივანიშვილს, რითაც საუკეთესო ადამიანური თვისებები გამოაჟღავნა და ნამდვილი გმირობის მაგალითი აჩვენა. ხოლო ასეთი ადამიანის ვანო მერაბიშვილთან შედარება და მითუმეტეს, იმის თქმა, რომ "ასეთი რაღაც ვანო მერაბიშვილსაც არ უქნია," როგორც ბოლო დროს ზოგიერთები ამბობენ ამას, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, გამაღიზიანებელია და ძალიან აღმაშფოთებელიც, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტროში ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი უდავოდ ჩანს, ამ ბოლო თვეებში პოლიცია გაცილებით უფრო კარგი გახდა, ხოლო უკეთესის მიღწევა მოცემულ პირობებში უბრალოდ შეუძლებელი და წარმოუდგენელი იყო. მე არ მივესალმები იმას, რაც პირველ მაისს მოხდა და ჩემი აზრი ამ ფაქტთან დაკავშირებით უკვე ჩამოვაყალიბე. ჩემი აზრით აქ ღარიბაშვილს არ მიუძღვოდა ბრალი, მაგრამ ის, რომ შსს დღეს გაცილებით უკეთესია, სწორედაც რომ არის მისი დამსახურება. ღარიბაშვილი არის საქართველოს ისტორიაში საუკეთესო შს მინისტრი, ხოლო მისი შედარება ვანო მერაბიშვილთან სასაცილოც კი არაა. ჩვენ მეტად უნდა მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს, მეტად გვებრალებოდეს ერთმანეთი. იმ ძალიან დიდი სტრესის შემდეგ, რაც ღარიბაშვილმა საკუთარ ახლობლებთან ერთად საქართველოს გულწრფელი სიყვარულისთვის გადაიტანა, ვაგინოთ და ვლანძღოთ ეს ადამიანები მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ხელისუფლებაში არიან და ხელისუფლება მუდმივ კონტროლს საჭიროებს, არ იქნება სწორი და გამართლებული საქციელი; რეპრესირებული ადამიანები მეტად უნდა გვებრალებოდეს. თანაც, "ქართული ოცნების" ხელისუფლება არ არის სტანდარტული ხელისუფლება, ის არ არის ისეთი ხელისუფლება, როგორსაც საქართველოს ისტორიაში ჩვენ აქამდე ოდესმე ვიცნობდით და ამიტომ მასთან მნიშვნელოვნად განსხვავებული დამოკიდებულება გვმართებს.



სიგარეტ "საქართველოს" კოლოფი (მხატვარი – სერგო ქობულაძე)

05.05.2013

 

 

 

მთავარი

ბიოგრაფია

ნაწარმოებები

დაკავშირება

 

 

შეიძინეთ რომანი "ჭენება" საქართველოს მაღაზიებში

 
 
Copyright © David Chutlashvili. Alle Rechte vorbehalten