ქალის ფეხები

მე თითქმის ვერ ვიხსენებ ერთ შემთხვევასაც კი ჩემს ცხოვრებაში, რომ გერმანიაში ადამიანის მიმართ სითბო და ყურადღება გამომეხატოს და გაათმაგებული სითბოთი და ყურადღებით არ ეპასუხოს მას ჩემთვის. აქ კი, აქ, ამ ქვეყანაში ყველაფერი პირიქითაა! საკმარისია, ვინმეს თავი გაუყადრო, რომ თავმოყვარეობა გელახება; სულერთია, ვინ ხარ -- ნობელის პრემიის ლაურეატი, ყოვლისშემძლე შემოქმედი თუ მეფე -- როგორც კი გამოიჩენ ვინმეს მიმართ სიყვარულს, სითბოსა და ყურადღებას, თუნდაც ეს ვიღაც ყველაზე უკანასკნელთაგანი იყოს, ქართველი მაშინვე ავტომატურად იწყებს ფიქრს (ირთვება სტალინის მიერ მის ტვინში ჩამონტაჟებული ძველი მექანიზმი): "აჰაა... ე. ი. მე მას ვჭირდები?! გავაწამებ და ძვირად დავუფასებ საკუთარ თავს." და არავინ გრძნობს საქართველოში თავს ისე ცუდად, როგორც კეთილი, მოსიყვარულე, პატიოსანი და ალერსიანი ადამიანი. ასეთ ადამიანებს აქ ჯოჯოხეთური ცხოვრება აქვთ. მათ ყველაზე უკანასკნელ საფეხურზე აყენებენ, ულახავენ თავმოყვარეობას, სულში აფურთხებენ, დასცინიან, როგორც ფუჭ მეოცნებეებსა და გულუბრყვილოებს და ცხოვრებას უნგრევენ. რაღაც წარმოუდგენელი, ამოუხსნელი და გაუგებარი პარადოქსის ძალით საქართველოში ვინმეს მიმართ ელემენტარული თავაზიანობის, სითბოსა და თანაგრძნობის, მითუმეტეს, სიყვარულის გამოვლენა ყველაზე მოკლე გზაა საიმისოდ, რომ ქართველი, თქვენი სითბოს, თანაგრძნობისა და სიყვარულის ობიექტი მოსისხლე მტრად გადაიკიდოთ იმის კვალობაზე, თუ როგორი ღრმა და ყოვლისმომცველია თქვენი ეს დადებითი გრძნობები მის მიმართ. ასეთ ხალხს მომავალი არ უწერია, ასეთი ხალხი -- მომაკვდავი, გადაშენების პირას მყოფი ხალხია. დღეს საქართველო სულს ღაფავს, მაგრამ სულს ღაფავს უპირველეს ყოვლისა არა იმიტომ, რომ ცხოვრებაა ძვირი და ნაკლებადკომფორტული, არამედ უპირველეს ყოვლისა სწორედ იმიტომ, რომ აქ სიყვარულს ყველა კარი აქვს დახშობილი, ყველა კარი, ფანჯარა, ყველა ნახვრეტი და ამ ბნელეთის კვინტესენციაში იმედის ნასახიც კი ვერ აღწევს, რომ ეს ყველაფერი ოდესმე დალაგდება და გამოსწორდება. მე მეშინია ქუჩაში გასვლისა და ცინიკური გამომეტყველების მქონე უმაქნისი პარაზიტების დანახვის, რომლების ერთადერთი ცხოვრებისეული სიამოვნება სხვების, უმეტესწილად კი, საუკეთესოების დაცინვა, აბუჩად აგდება, დამცირება და ქილიკია.

საქართველოში პარტნიორობისა და ინტეგრაციის ცნებები დარღვეულია. აქ ყველაფერში იგრძნობა ფეოდალური და მონათმფლობელური გადმონაშთების არსებობა. სექსი, სექსუალური ურთიერთობები აქ არის ბატონსა და ყმას, მონათმფლობელსა და მონას შორის არსებული შეუცვლელი ურთიერთდამოკიდებულება; ნების თავისუფლების ცნება უგულვებელყოფილია; ყველაფერი, დაწყებული პირადი ურთიერთობებიდან, სახელმწიფოსა და პიროვნების ურთიერთობებით დამთავრებული, შიშს, სიცრუესა და ძალადობაზეა დამყარებული. ფორმალურად ქართველ ქალებს შეუძლიათ, რამდენიც სურთ, იმდენი სექსუალური პარტნიორი ჰყავდეთ, დაანებონ თავი ძველ პარტნიორებს და ა. შ., მაგრამ რეალურად ეს ასე არ არის. ქართველ ქალსა და მამაკაცს შორის არსებული ურთიერთდამოკიდებულება ძალიან ჰგავს საქართველოსა და საბჭოთა რუსეთს შორის არსებულ ურთიერთდამოკიდებულებას. მოგეხსენებათ, საბჭოთა კავშირის კონსტიტუციით, ფორმალურად ყველა მოკავშირე რესპუბლიკას გააჩნდა უფლება კავშირიდან გასვლის, ხოლო კითხვაზე, თუ რატომ არ ტოვებდა კავშირს საქართველო, საბჭოთა კავშირის მეთაურები ცინიკურად პასუხობდნენ ხოლმე, რომ "საქართველოს თავად არ სურს კავშირის დატოვება." აი, ასე ესმოდათ სსრკ-ში ნების თავისუფლების ცნება -- ერთი ხელით ჩაახშობდნენ თავისუფალ აზრს, ხოლო მეორეთი მიადებდნენ ზურგზე რევოლვერს ვინმეს და აიძულებდნენ მისთვის საზიანო გადაწყვეტილებების მიღებას. პატრიარქატს სწორედ ასე აქვს მიდებული რევოლვერის ლულა ქართველი ქალებისა და სხვა სექსუალური უმცირესობების ზურგზე და ის სწორედ ისევე ახშობს თავისუფალ აზრს, როგორც ამას სსრკ აკეთებდა საქართველოსთან მიმართებით. მე სულაც არ ვარ აღფრთოვანებული თანამედროვე საფრანგეთით, ისლანდიით, ნორვეგიით ან გერმანიით, ჩემი გადასახედიდან საზოგადოებრივ წყობას ამ ქვეყნებში ჯერ კიდევ უზარმაზარი ხარვეზები გააჩნია, მაგრამ საქართველოსთან მიმართებით ეს ქვეყნები განუზომლად წინ არიან წასულები. შედარებაც კი არ არის, იმდენად კარგად არიან ამ ქვეყნებში ქალები და სხვა სექსუალური უმცირესობები ინფორმირებულები და კონსოლიდირებულები. საქართველოში ამ ბოლო დროს თითქოს წარმოიშვა ქალური სოლიდარობის განცდა, მაგრამ ეს განცდაც ისევეა გაუკუღმართებული და დამახინჯებული, როგორც სხვა ყველაფერი დანარჩენი ამ ქვეყანაში. ერთადერთი, რაც ჩვენ, უმცირესობათა უფლებების დამცველებმა მოვახერხეთ, არის ის, რომ "რუსთავი 2" ვეღარ ბედავს ჰოლივუდური ფილმების გახმოვანებისას ინგლისური სიტყვა "Motherfucker"-ი გადათარგმნოს როგორც "შე დამპალო პირში ამღებო," როგორც ამას ეს უბადრუკი ტელეკომპანია ამ ორიოდე წლის წინათ აკეთებდა. საქართველოში მომავალ თაობებზე ზრუნვა ძირითადად ქალების კისერზეა, განქორწინების შემდეგ სასამართლო "ბავშვისა და დედის ინტერესების გათვალისწინებით" ბავშვზე ზრუნვის უპირატეს უფლებას ამ ბავშვის დედას არგუნებს ხოლმე, მამას კი მხოლოდ ალიმენტის გადახდა უწევს. საქართველოში უჩვენებენ უამრავ საზიზღარ ჰოლივუდურ ფილმსა და არანაკლებ მდარე ლათინოამერიკულ სერიალს, სადაც ქალები კბილებით იცავენ საკუთარ "უფლებას," იზრუნონ ბავშვზე. ეს ფილმები და სერიალები სჭირდება პატრიარქალურ რეჟიმს, რათა ქალები სულ უფრო უარეს კაბალაში მოაქციოს, ქართველი ქალი იძულებულია, ტანჯვით გააჩინოს ბავშვი და არანაკლები ტანჯვით მარტომ გაზარდოს ის, რადგან სულ უფრო მეტი ოჯახი ინგრევა, ხოლო ოჯახები იმიტომ ინგრევა, რომ სულ უფრო ნაკლებ ქართველ ქალს სურს, იყოს მამაკაცის მონა (და სწორედაც რომ ამგვარი, მონათმფლობელური ურთიერთობებია გაბატონებული აქ ქალსა და მამაკაცს შორის, რაზეც არაერთხელ უკვე ვილაპარაკე), მაგრამ ქალები ხედავენ, რომ არც ოჯახის დანგრევაშია გამოსავალი, -- სასამართლო ბავშვზე ზრუნვას მათ აკისრებს და ამის გამო ისინი თავებს იკავებენ ამ ნაბიჯის გადადგმისაგან. ამიტომ ქვეყანაში ხალხის სექსუალური თავისუფლების ხარისხისა და სტანდარტის იმ უმცირესი, ჭეშმარიტად მიკროსკოპული დონის გაუმჯობესებებით, რაც ბოლო წლებში განხორციელდა, ისევდაისევ მხოლოდ მამაკაცები სარგებლობენ. აქ არ არსებობს ბავშვთა დაცვისა და ბავშვებზე ზრუნვის სახელმწიფო პოლიტიკა, ბავშვთა სახლებში ჭეშმარიტად აუტანელი და გაუსაძლისი პირობებია, რაზეც სახალხო დამცველის უამრავი დასკვნაც მეტყველებს; ბავშვთა სახლებში ბავშვებს ხშირად სცემენ, აწამებენ, ბავშვები აქ არ იზრდებიან მზრუნველ და სიყვარულით გარემოცულ ატმოსფეროში, ხოლო 18 წლის, სრულწლოვანების მოახლოვებასთან ერთად აღსაზრდელების შიში მომავლის წინაშე სულ უფრო მატულობს -- ისინი, ხდებიან რა სრულწლოვანები, კარგავენ იმ მიზერულ საყოფაცხოვრებო პირობებსა და შემწეობასაც კი, რაც მათ ბავშვთა სახლებში გააჩნდათ. ბავშვთა სახლებიდან გამოსული ქალები და მამაკაცები ხშირად კავდებიან პროსტიტუციით, ხოლო რადგან უვიცი ბრბო პროსტიტუციას სამარცხვინო საქმიანობად აღიქვამს (ისე, რომ საკუთარი სისულელის წყალობით ვერ ხვდება, თუ რამხელა ბოროტებას სჩადის ამით და როგორ უსხამს წყალს მმართველი რეჟიმის წისქვილს), ამ საბრალოებს ისღა დარჩენიათ, დატოვონ საქართველო, რომელიც ბოროტი დედინაცვალი გამხდარა მათთვის, და ჩანაგდება, ნადგურდება საქართველო, ამ საბრალო ქვეყანას თავისი უბადრუკი ხელისუფლებით იმის უნარი არ შესწევს, საკუთარ ხალხს უპატრონოს და მზრუნველობა გაუწიოს, აქ ყველაფერი მომსპარია და გაჩანაგებული ყოველმხრივ და ყველა დონეზე, აქ ხალხიც ცუდია, ხელისუფლებაც ცუდია, აქ არც სიყვარული არსებობს, არც თანადგომა და ურთიერთგატანა და არც სახელმწიფო მზრუნველობა. აქ ყველა და ყველაფერი ერთმანეთის მტერია და ერთმანეთს უსაფრდება და ჭამს. ქალი, რომელიც ქმარს შორდება, იმ ქმარს, რომელიც მას აუპატიურებს, სცემს და ამცირებს, ხოლო განშორების შემდეგ ბავშვს ბავშვთა სახლში აბარებს, ხალხის უვიცი და ბნელი მასისათვის ყველაზე ბოროტი არსებაა, ამის გარდა საქართველოში მუდმივად უამრავ ბავშვს პოულობენ ნაგვის ურნებში ჩამხრჩვალებს, სასოწარკვეთილი დედა ახრჩობს საკუთარ შვილს, პოლიცია იჭერს დედას და სამარცხვინო სამსჯავროზე გამოჰყავს ის, ხოლო ამ ბავშვის ნამდვილი მკვლელი -- პრეზიდენტი, რომელმაც ქალი აიძულა, ეს ნაბიჯი გადაედგა, არხეინად დადის, ხვდება ბავშვებს და თავს ხალხის თვალში ბავშვების მოყვარულ ადამიანად ასაღებს, ბავშვების მოყვარულ არსებად არის აღიარებული ასევე პატრიარქი, რომელმაც ამ მკვლელობის მოტივაცია შექმნა, ზუსტად ისევე, როგორც პრეზიდენტმა, პატრიარქი, რომელიც ქალებს მოუწოდებს, ითმინონ ჩაგვრა და "ფეხები დაბანონ საკუთარ ქმრებს." და მე არ მესმის, მხოლოდ ქალმა რატომ უნდა დაბანოს ფეხები მამაკაცს. მაგრამ აშკარაა, რომ ქალის ფეხები პატრიარქის თვალში იმდენად ბინძური რამაა, რომ მამაკაცის ხელი მათ არ უნდა შეეხოს, მხოლოდ სულ მაღლითა ორგანოებია მათთვის მისაღები ("სულ ზევით, ზევით, სულ მაღლა, მაღლა!")! ამ ყოველივეს შედეგად ადამიანი მოკვდავი არსებაა, ცოცხლობს სულ რაღაც რამდენიმე ათეულ წელიწადს და ამ რამდენიმე ათეულ წელიწადსაც ის უმადურად ატარებს, მას იმასაც კი ამადლიან, რომ ფეხები აქვს, განსაკუთრებით, ქალებს, ხოლო ვინც ქალს ფეხებს დაბანს, იდევნება საზოგადოებიდან და სამოთხიდანაც, რადგან ეს სულაც არ არის საზოგადოება და სამოთხე.



ფოტო: Fotolia

23.06.2012

 

 

 

მთავარი

ბიოგრაფია

ნაწარმოებები

დაკავშირება

 

 

შეიძინეთ რომანი "ჭენება" საქართველოს მაღაზიებში

 
 
Copyright © David Chutlashvili. Alle Rechte vorbehalten