უხილავი გისოსები

ადამიანი თავისი არსით ბისექსუალი და პოლიგამი არსებაა და ყველაზე სექსუალური ცხოველი დედამიწაზე. ჩვენი წინაპრები ასეთი სექსუალურები რომ არ ყოფილიყვნენ, ჩვენ ლაპარაკს ვერ დავიწყებდით. სექსუალობა და ინტელექტი უშუალო კავშირშია ერთმანეთთან. ყველა ინტელექტუალი საკუთარი ცხოვრების რაღაც ეტაპზე აუცილებლად აკეთებს მინიმუმ თავის შინაგან ქამინგ აუთს მაინც, ხოლო არამეინსტრიმული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების უფლებებისთვის ბრძოლა არის ჰუმანიზმის უმაღლესი პრინციპებისთვის ბრძოლა. ნამდვილად არ ხდება ისე, რომ რომელიმე გაუნათლებელმა პრეზიდენტმა, მეფემ, პრემიერ-მინისტრმა ან ტაქსის მძღოლმა ქამინგ აუთი გააკეთოს. "ერთ დღეს იღვიძებ და აღმოაჩენ რომ გეი ხარ," ასე ბანალურად არ ხდება ეს. ეს სასაცილოა. ყველა ვერ აკეთებს ამას. აი მე მაგალითად, ბისექსუალი ვარ, ისევე, როგორც უამრავი სხვა ადამიანი, ბისექსუალი და პოლიგამი, მაგრამ მეორეს მხრივ ვერ ვიტან მამაკაცებს. მათთან სექსი ჩემთვის წარმოუდგენელია. მაქსიმუმ, შეიძლება პატივისცემის გრძნობა გამიჩნდეს მათ მიმართ ან მეგობრული სიყვარული. მამაკაცებს დღეს საშინლად ზრდიან, მამაკაცებს არც გეი ოჯახებში ზრდიან გადასარევად და არც სხვა ტიპის ოჯახებში. ქალებსაც ძალიან ცუდად ზრდიან, მაგრამ მამაკაცებს განსაკუთრებით. ეს მთელი საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული მახინჯი სისტემაა აღზრდის. ის, რომ ადამიანის ფსიქოლოგიას ვიცნობ და ვიცი ვინც ვარ როგორც ადამიანი, არ ნიშნავს იმას, რომ რომელიღაც შიშისმომგვრელ, ბანჯგვლიან ბიძასთან სექსი შემიძლია. ვერ ვიხსენებ, ოდესმე მამაკაცი მომწონებოდეს და მასთან დაკავშირებით რაიმე სექსუალური ფანტაზია გამჩენოდეს. შეიძლება ოდესმე გაჩნდნენ სექსუალური თვალსაზრისით ჩემთვის მოსაწონი მამაკაცები, მაგრამ ახლა არა. ფაქტია, დღეს ისინი არ არსებობენ. დღეს მე სამწუხაროდ მხოლოდ ქალები მომწონს და კარგად ვიცი, რომ ჰეტეროსექსუალობა არარსებული და ილუზორული მოვლენაა. ადამიანი ბისექსუალია, ე. ი. მას ორგვარი სექსუალური ბუნება გააჩნია. არსებობენ ასევე ერთგვაროვნული სექსუალობის მქონე ადამიანები, მაგრამ ისინი მხოლოდ გეები ან ლესბოსელები არიან და არა მაინცდამაინც ჰეტეროსექსუალები. ჰეტეროსექსუალობა მითია, ფიქციაა, იძულება, სიყალბე; რადგან ადამიანი მხოლოდ გამრავლებისთვის არ იყენებს სექსს, შესაბამისად, მას გაცილებით უფრო რთული და მრავალმხრივი სექსუალობა გააჩნია, ვიდრე ეს დღეს ვინმეს წარმოუდგენია.

ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ: გონს მოდით! გონს მოდით და თავი დაანებეთ არამეინსტრიმული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებს და მათი უფლებების დამცველებს! ცუდად თუ კარგად, პროფესიონალურად თუ არაპროფესიონალურად, მასკულტურის თუ კლასიკის დონეზე, ისინი მაინც საშვილიშვილო საქმეს აკეთებენ, ამიტომ დაანებეთ მათ თავი! ნაცისტური გერმანია, ფაშისტური იტალია და ბოლშევიკური სსრკ ქრისტიანობის წიაღში აღმოცენებული იმპერიები იყო. ქრისტიანობა უბოროტესი იდეოლოგიაა, ქრისტიანობას ყველაზე პრიმიტიული ცხოველის დონემდე დაჰყავს ადამიანი, ქრისტიანობა ყოველთვის საბჭოთა "სუკ"-ის უბინძურესი ხერხებით ებრძოდა ადამიანს, ადამიანის ჭეშმარიტ რაობას, ადამიანის ჭეშმარიტ შინაგან ბუნებას და დღესაც ებრძვის. საუკუნეების მანძილზე ამ რელიგიამ თითქოს უხილავი გისოსები და ყრუ კედლები აღმართა ჩვენს შორის და ერთმანეთთან მისასვლელი გზები დაგვიხშო. ამიტომ გამოდით მისი დამღუპველი წიაღიდან!

მე წავიკითხე ამასწინათ გაზეთ "ალიაში" დაწერილი სტატია ქართველი ლიბერალების შესახებ. ამ სტატიაში ჩვენ, ლიბერალები, ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს აგენტებად და ქართველი ხალხის მტრებად ვართ გამოყვანილები. ასეთი უბინძურესი სტატიები ათასობით იწერება, და მსგავსი სტატიები გვაიძულებს ჩვენ, ქართველ ლიბერალებს, ადამიანებს, რომლებსაც გაგვაჩნია რაღაც განათლება და შესაბამისად, შესაძლებლობა, უკეთ ვიცნობდეთ საკუთარ შინაგან ადამიანურ ბუნებას, საქართველოში კიდევ უფრო გარიყულად ვგრძნობდეთ თავს. არადა, ჩვენს შორისაც არის ძალიან დიდი იდეოლოგიური სხვაობები, ზოგი მემარცხენე ლიბერალია (მაგ. ირაკლი და ნინია კაკაბაძეები), ზოგი მემარჯვენე ლიბერალი (თინა ბოკუჩავა, გიგა ბოკერია, თამარ ჩერგოლეიშვილი), ზოგი "ქართული ოცნების" მხარდამჭერია, ზოგი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის," ხოლო მსგავსი ჟურნალისტები და მათთან ერთად საპატრიარქო, რომლებსაც უბრალოდ, შურთ ჩვენი, გამოდიან ერთიანი ფრონტით ჩვენს წინააღმდეგ. ამით ისინი რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას კი არ უპირისპირდებიან, არამედ უპირისპირდებიან მთლიანად მეტნაკლებად განათლებულ საქართველოს, ქართულ ინტელექტს, ისინი საშინელი გაშმაგებით გვებრძვიან ჩვენ და მე ამაში რუსეთის სპეცსამსახურების უშუალო ინტერესსაც ვხედავ. სწორედ პუტინის რუსეთს სურს ინტელექტუალური შუღლის გაღვივება, სწორედ პუტინის რუსეთის ინტერესებშია, რომ საქართველოს აღარ ჰყავდეს ინტელექტუალური ელიტა, რომ რელიგიურ-ფაშისტოიდური დაჯგუფებები ჩვენივე საკუთარ ქუჩებში გვესხმოდნენ ჩვენ თავს, როგორც ხალხის მტრებს და საკუთარი ეროვნული იდენტობის მოღალატეებს. გაიხსენეთ, პირველ რიგში რა გააკეთა ადოლფ ჰიტლერმა, როცა ის ჩეხეთში შეიჭრა: მან ბრძანება გასცა, მოეხდინათ ჩეხი ინტელექტუალების ფიზიკური ლიკვიდაცია. ბიძინა ივანიშვილის გამონათქვამებს, რომ მან უნდა დაალაგოს ურთიერთობა რუსეთთან, რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი ძალები აღიქვამენ ძალიან არასწორ სიგნალად, რომ "მათი დრო დადგა," ისინი დღეს გაათმაგებული გაშმაგებით გვიტევენ, იყოლიებენ რა საქართველოს მოსახლეობის ყველაზე ბნელ და გაუნათლებელ ნაწილს. მე მახსოვს ჩემი ცხოვრების ის პერიოდი, როცა რუსეთში ფაშისტოიდურ დაჯგუფებებს რამდენჯერმე ძლივს გადავურჩი. ახლა მე მიწევს მათთან ბრძოლა უკვე ჩემივე ქვეყნის შიგნით, და ეს იმ ფონზე, როცა პირადად მოკლებული ვარ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერას. ვიცი, რას აკეთებდა "თავისუფლების ინსტიტუტი," რას აკეთებდნენ თამარ ჩერგოლეიშვილი და გიგა ბოკერია. ისინი საუბედუროდ ძალიან ხშირად ღალატობდნენ ლიბერალიზმის პრინციპებს. სწორედ ამიტომ წავედი მე ოპოზიციაში და არა იმიტომ, რომ ისინი "ქართველობას მართმევდნენ," მე გიგა ბოკერიასა და თამარ ჩერგოლეიშვილზე გაცილებით უფრო გაცნობიერებული ლიბერალი ვარ, მე ძალიან უკომპრომისო ლიბერალი ვარ, თანაც, მემარცხენე ლიბერალი, მე ვიბრძვი ჩემი ქვეყნის მოდერნიზაციისთვის, მე ეროვნულ საქმეს ვაკეთებ, ამიტომ ყველა, ვინც მე მიპირისპირდება, უპირისპირდება საქართველოს მომავალს და გთხოვთ, ნუ გააკეთებთ ამას. მესმის, მშობლები ბავშვობაში გცემდნენ და შოკოლადს არ ყიდულობდნენ თქვენთვის, მესმის, არასოდეს გქონიათ პირადი ცხოვრება და ამიტომ შეიძლება, გშურთ ჩემი, მაგრამ დამიჯერეთ, საკუთარი პირადი ცხოვრებით კმაყოფილი არც მე ვარ. დღეს საქართველოში შეუძლებელია ადამიანს ჰქონდეს კარგი პირადი ცხოვრება, სწორედ იმის გამო, რომ გარეშე ძალას არ სურს ეს. თქვენ გგონიათ, რუსეთის სპეცსამსახურები ბამბას პენტავენ? მათ იციან, რომ დემოკრატიული, ჰუმანური, სექსუალურად თავისუფალი და ჰარმონიული პირადი ცხოვრების მქონე, განათლებული საქართველო მათთვის სამუდამოდ დაკარგული საქართველოა. თუ ისინი "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" უპირისპირდებოდნენ, "ქართულ ოცნებას" ასმაგად და ათასმაგად დაუპირისპირდებიან და უკვე უპირისპირდებიან კიდეც. ჩემს წინა მოწოდებას, რომელიც ფეისბუკის ერთ-ერთ ჯგუფში გავპოსტე, 670-ზე მეტი კომენტარი მოჰყვა. საქართველოს შავრაზმული და კრემლის გავლენის ქვეშ მყოფი ნაწილი ძალიან მტკივნეულად აღიქვამს პროგრესს. მე ეს მოწოდება გავპოსტე იმ დროს, როცა პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებს ხვდებოდა და სადაც მან 2013 წლის 17 მაისის ლგბტ აქციასთან დაკავშირებით საკუთარი ისტორიული და ჭეშმარიტად გმირული განცხადება გააკეთა სექსუალური უმცირესობების შესახებ, რომ ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან და რომ საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს საკუთარ ფუნქციას და დაიცავს მათ უფლებებს. საქართველოს მოსახლეობის ნაწილმა ეს განცხადება უკიდურესად მტკივნეულად აღიქვა. ეს მოსახლეობის სწორედ ის ნაწილია, რომელიც რუსული წრეების გავლენის ქვეშ მყოფი, უმდარესი, შავრაზმული, შოვინისტური და ანტიინტელექტუალური ქართული პრესის იდეოლოგიურ მარწუხებშია მოქცეული და რომელსაც ამაოდ ეგონა, რომ პრემიერი პირველი ოქტომბრის ისტორიული არჩევნების შემდეგ ცოცხლად გაატყავებდა ჰომოსექსუალებს. იმის უდიდესი ნაწილი, რაც ფაშისტოიდურ-რელიგიურ დაჯგუფებებს საკუთარი ეროვნული იდენტობა გგონიათ, არის სტალინის მდარე გემოვნების მონაჩმახი, ამიტომ დაუფიქრდით საკუთარ ქცევებს, ზოგადად, იფიქრეთ და იკითხეთ მეტი და ნუ ცდილობთ, რომ სტალინის იდეოლოგიურმა მემკვიდრე რომელიმე გარეშე ძალამ თქვენ საკუთარი ბოროტი მიზნებისთვის გამოგიყენოთ, ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ნაწილის წინააღმდეგ.

აქვე მე მინდა განვმარტო, რომ "ქართულ ოცნებას" ან მის რომელიმე ლიდერს ოდნავი გავლენაც კი არ გააჩნია ჩემზე. სრულიად დამოუკიდებელი პიროვნება ვარ, დამოუკიდებლად ვმოქმედებ, გამოვხატავ მხოლოდ საკუთარ შეხედულებებს და ჩემი, სრულიად დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა გამაჩნია. მე ვერავინ მმართავს, ვერავინ მოახერხებს ჩემს მოქცევას საკუთარი გავლენის ქვეშ; ის, რომ მე როგორც 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე, ასევე პირველი ოქტომბრის შემდეგ რამდენიმე თვის მანძილზე "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ვიყავი და არცთუ მოკრძალებული წვლილი შევიტანე მის გამარჯვებაში, არ ნიშნავს ამ პოლიტიკური ძალის ან მისი რომელიმე ფრთის გავლენის ქვეშ ყოფნას. კარგს თუ გააკეთებს, ყველას შევაქებ, მათ შორის, საკუთარ მოსისხლე მტერსაც კი, ცუდს გააკეთებს და, საკუთარ ახლობელსაც ღიად გავაკრიტიკებ. უბრალოდ, მე ვცდილობ, მაქსიმალურად დავიცვა ჰუმანიზმის და პატიოსნების პრინციპები. მე ვარ მწერალი და საზოგადო მოღვაწე, ძალიან კარგად მაქვს გაცნობიერებული საკუთარი მოვალეობა, ვასრულებდი, ვასრულებ და ყოველთვის შევასრულებ ჩემს მოვალეობას, როგორ აგრესიასაც არ უნდა იწვევდეს ეს რელიგიურ და ფაშისტურ დაჯგუფებებში. ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, არის სიგიჟის მწვერვალი, ხოლო ეკლესია თანდათან სულ უფრო მაგონებს საბავშვო ბანაკის ხელმძღვანელ ქალს ახალგაზრდული აღმოსავლეთგერმანული ფილმიდან "ჭორფლის შვიდი ლაქა." ქართულმა სამოქალაქო საზოგადოებამ და სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას მსგავსი გაუგონარი ბარბაროსული ჩარევა ადამიანის პირად ცხოვრებაში, რაც ხდება აბსურდულ "ქართულ ეროვნულ იდენტობაზე" პედალირებით და მოიცავს ეკლესიის და შავრაზმული პრესის მხრიდან როგორც ყველა ქართველის პირადი ცხოვრების გაკონტროლების დანაშაულებრივ სურვილს, ასევე სხვაგვარად მოაზროვნეების ერის მოღალატეებად, არაქართველებად და ხალხის მტრებად გამოცხადების უკიდურესად სამარცხვინო მოვლენას.

ჩვენში ხშირად გაიგონებთ ფრაზებს, რომ "ქართველ ხალხს სურს დემოკრატია," რომ "დემოკრატია ჩვენი არჩევანია" და ა. შ. ყველა სახელისუფლებო ცვლილება ბოლო ათწლეულების საქართველოში დემოკრატიის სახელით განხორციელდა, თუმცა ძალიან ცოტამ თუ იცის, სინამდვილეში რას ნიშნავს დემოკრატია და რა კომპონენტებს მოიცავს დემოკრატიის ცნების ნამდვილი არსი. ბევრს ჰგონია, რომ დემოკრატია არის სისტემა, სადაც არჩევნები არ ყალბდება, ხოლო თუ არჩევნები არ გაყალბდება და ქვეყანას უმრავლესობის მიერ არჩეული ხელისუფლება ეყოლება, დემოკრატია საბოლოოდ იზეიმებს და ჩვენც ერთხელ და სამუდამოდ მივეცემით განცხრომას. რასაკვირველია, სამართლიანი არჩევნები დემოკრატიის შემადგენელი ნაწილია, მე ვიტყოდი, ერთ-ერთი ყველაზე ძირითადი შემადგენელი ნაწილიც კი, მაგრამ დემოკრატია მხოლოდ სამართლიანი არჩევნებით არც იწყება და არც მთავრდება; არჩევნები, სადაც საარჩევნო ურნებს არავინ იტაცებს, ამომრჩევლებს არავინ ატერორებს და საარჩევნო ურნაში ყალბ ბიულეტენებს არავინ ყრის, ბევრ ქვეყანაში ტარდება, მაგრამ ეს ქვეყნები არ და ვერ არიან დემოკრატიული ქვეყნები. თუნდაც ჩვენი მეზობელი ირანის მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, იქ იმაზე გაცილებით უფრო "თავისუფალი" არჩევნები ტარდება, ვიდრე აქ ჩატარებულა ბოლო 20 წლის მანძილზე (გამონაკლისი მხოლოდ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებია). ირანის მოქალაქეს შეუძლია, არჩევანი სხვადასხვა სუბიექტს შორის გააკეთოს. საარჩევნო ხმას მას ერთი შეხედვით არავინ ართმევს, მაგრამ შეუძლებელი და წარმოუდგენელიც კია, ირანი თუნდაც ოდნავ მაინც დემოკრატიულ სახელმწიფოდ განვიხილოთ. მიზეზი ისაა, რომ ირანში დარღვეულია სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, არ არის დაცული ქალების და ზოგადად, უმცირესობათა უფლებები, არ არის უზრუნველყოფილი სოციალური სამართლიანობა, ხოლო ყოველივე ეს ირანს აქცევს ქვეყნად, სადაც არის არა დემოკრატია, არამედ უმრავლესობის ტირანია და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო და ვერაგი ტირანიაც კი.

მიუხედავად იმისა, რომ მე "ქართულ ოცნებაში" უამრავი ნათესავი და ძველი მეგობარი მყავს (დაახლოებით იმდენივე, რამდენიც ძველ ხელისუფლებაში მყავდა), პირველ ოქტომბრამდე დიდი ხნის მანძილზე ვყოყმანობდი, მიმეცა თუ არა ხმა კოალიციისთვის. ილუზიებით არ ვიკვებები და ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ უნდა გააოცოს ევროპა დემოკრატიით კაცმა, რომელსაც გვერდით დავით საგანელიძის, ელისო ჩაფიძის, სოსო ჯაჭვლიანის, მანანა კობახიძის, ზაქარია ქუცნაშვილის და კიდევ უამრავ სხვათა მსგავსი, უკიდურესად შეზღუდული, არადემოკრატიული და პრიმიტიული სააზროვნო თვალსაწიერის მქონე სუბიექტები ჰყავს, კაცმა, რომელიც სექსუალურ უმცირესობებს თავადაც "გადახრილებს" უწოდებს, "მართლმადიდებლური" მრწამსის დასამტკიცებლად ფაშისტ და პროვოკატორ ჟურნალისტებს კამერების წინაშე უჩვენებს მკერდზე ჩამოკონწიალებულ ჯვარს (ნაცვლად იმისა, უთხრას მათ, რომ არავის საქმე არ არის, თუ რა მრწამსი გააჩნია), საჯაროდ, ტელეკამერების წინ ჰყვება უმდარეს, სექსისტურ ანეკდოტებს და ა. შ. და ა. შ. ბუნებრივია, რომ მსგავსი სუბიექტებით დაკომპლექტებულ კოალიციას არ ვენდობოდე და ძალიან დიდი გონივრული ეჭვი მეპარებოდეს, რომ ეს ხალხი ევროპის დემოკრატიით გაოცებას ოდესმე შეძლებს. 17-მა მაისმა ნათლად დაგვანახა, რომ ჩემი ეჭვები უსაფუძვლო სულაც არ ყოფილა. მაშინ, როცა ეკლესიამ ღიად გაილაშქრა დემოკრატიული ფასეულობების და სახელმწიფო წყობილების უძირითადესი საფუძვლების წინააღმდეგ, კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლები შეეცადნენ, გაემართლებინათ საპატრიარქოს და პირადად პატრიარქ ილია მეორის წარმოუდგენლად უზნეო, ანტისახელმწიფოებრივი და ამორალური პოზიცია და ღიად დაუჭირეს მხარი ამ დარბევას, ხოლო 17 მაისის ანტიჰომოფობიური აქციის მონაწილეებს "პროვოკატორები" გვიწოდეს. 17 მაისის შემდეგაც კი, კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ხშირად ხვდებიან პატრიარქს, მოწიწებით ეამბორებიან მას ხელზე, პიეტეტით ესაუბრებიან კაცს, რომელიც სტალინს, ამ პირსისხლიან დიქტატორს, რომელმაც 20 მილიონი ადამიანი (მათ შორის, ათიათასობით ქართველი) მიწაში ჩადო და ნახევარ მსოფლიოს ფსიქიკა დაუმახინჯა, დადებით კონტექსტში მოიხსენიებს, კაცს, რომელიც უკვე ყოვლად ღიად და დაუფარავად თანამშრომლობს კრემლის სპეცსამსახურებთან. "ქართული ოცნების" წარმომადგენლები სიამოვნებით პოზირებენ ტელეკამერების წინ მასთან ერთად, იწვევენ მას და ქორეპისკოპოს იაკობს სხვადასხვა პრივატულ თუ საჯარო ღონისძიებებზე და ა. შ. მსგავს ღონისძიებებზე მე არავინ მიწვევს, და არათუ არ მიწვევს, ელემენტარული დაფასება და პატივისცემაც კი არ არსებობს ჩემს მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ მეც, ჩემმა ოჯახმაც, მხარდამჭერებმაც და ნათესავებმაც თავი გავწირეთ და კოალიციას და ბიძინა ივანიშვილს საკუთარი პირადი უსაფრთხოების რისკის ფასად დავუდექით გვერდში. კოალიციის წარმომადგენლები პირველი ოქტომბრის და განსაკუთრებით 17 მაისის შემდეგ ჩემთან საუბარსაც კი გაურბიან, რადგან მე მათ თვალში "ლგბტ" ვარ, ხოლო მათ არ სურთ საპატრიარქოს გაღიზიანება. მსგავსი სუბიექტები, მსგავსი მხდალი და მონური სულის მატარებელი სუბიექტები ვერასოდეს შეძლებენ, არათუ ევროპა გააოცონ დემოკრატიით, არამედ ელემენტარულად დემოკრატიული სახელმწიფო მაინც ააშენონ. კოალიცია "ქართული ოცნების" წევრები ისეთივე ლაჩრები გამოდგნენ, როგორიც იყო და არის მიხეილ სააკაშვილი და ბევრი მათგანი მიხეილ სააკაშვილზე გაცილებით უარესიც კი გამოდგა, რადგან სააკაშვილი შინაგანად ჰომოფობი არასოდეს ყოფილა, მისი ჰომოფობიური განცხადებები ყოველთვის სიმხდალით იყო ნაკარნახევი, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები კი შინაგანად არამარტო მხდალები არიან, არამედ ჰომოფობებიც. ისინი ღიად თუ ფარულად ახორციელებენ დისკრიმინაციულ საკადრო პოლიტიკას, თანამდებობეზე ღია ჰომოფობებს და სექსისტებს აწინაურებენ, წესიერი და განათლებული ადამიანები არ სჭირდებათ და სწორედ ამით არის განპირობებული ის, რომ ქვეყანა ყოველდღიურად უფსკრულისკენ მიექანება. პოლიტიკური ძალა, რომელსაც არ შეუძლია, სათანადო დონეზე დააფასოს როგორც ჩემი, ასევე ჩემთან ერთად ბევრი სხვა ადამიანის წლების უპრეცედენტო ღვაწლი და თავგანწირვა დემოკრატიის მშენებლობის საქმეში, უეჭველად განწირულია დამარცხებისთვის. მაგრამ საკითხავი ისაა, ამ კოალიციას ვინ დაამარცხებს და პრობლემა იმაშია, რომ ის მასზე უარესმა და არადემოკრატიულმა პოლიტიკურმა ძალამ არ დაამარცხოს. სწორედ ამ მიზნით, განზრახული მაქვს, რომ მომავალში საკუთარი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებაზე ძალიან სერიოზულად ვიზრუნო. მე არასოდეს მსურდა, მეთვალთმაქცა საპატრიარქოს წინაშე და ვყოფილიყავი ილია მეორის მონა. კოალიციის წარმომადგენლები სწორედ ილია მეორის ყურმოჭრილი მონები არიან და მათ მე ზუსტად ასეთებად განვიხილავ. მე აღარ ვარ კოალიცია "ქართული ოცნების" მხარდამჭერი და ყველას მოგიწოდებთ, ნუ მისცემთ ამ პოლიტიკურ ძალას ხმას მომავალ არჩევნებში. თქვენი ხმები "ქართულ ოცნებას" არაფრით დაუმსახურებია. ეს ძალა "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა" და მის სატელიტებზე უკეთესი არაფრით არის. ფაქტია, რომ კოალიცია ვერ უზრუნველყოფს მოქალაქეთა ელემენტარული უფლებების და თავისუფლებების დაცვას, სოციალური, რელიგიური და სექსუალური ნიშნით მიმდინარეობს არამარტო ადამიანების უპრეცედენტო საკადრო დისკრიმინაცია (რასაც მიხეილ სააკაშვილის დროს ადგილი არ ჰქონია; მიხეილ სააკაშვილის დროს მხოლოდ ეიჯიზმი და პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია არსებობდა), არამედ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებს, განსხვავებული აღმსარებლობის მქონე ადამიანებს და ასევე მათ მხარდამჭერებს ბრბოს წარმომადგენლები ელემენტარულად, ქუჩებში ფიზიკურად უსწორდებიან, ხოცავენ, ატერორებენ მათ და ეს ყველაფერი ხდება "ხალხის," "ერის," "მართლმადიდებლობის," "სიმამაცის" და "ეროვნული სახელმწიფოებრიობის" მშენებლობის სახელით. გასაოცარი იმაში არაფერია, რომ ამ ფონზე ბოლო პერიოდში პრორუსული ძალები ასე გაძლიერდნენ. ეს ძალები მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, განსაკუთრებით კი პრესაში და ინტერნეტით ეწევიან წარმოუდგენელ ანტიდასავლურ პროპაგანდას, უშვერი სიტყვებით ლანძღავენ საქართველოში არსებულ პროდასავლურ, დემოკრატულ ძალებს (და ზოგადად, თავისუფალი სულის მქონე ადამიანებს), თესენ ნიჰილიზმს დასავლური სტრუქტურების მიმართ (მაგ. ნინო ბურჯანაძის უსაფუძვლო და სასაცილო განცხადება, რომ "ნატოში ჩვენ ვერასოდეს შევალთ"), ახორციელებენ გასაოცარ ჰომოფობიურ და ფაშისტურ აგიტაციას, ცდილობენ, რომ მათი პოზიცია ხალხის პოზიციად წარმოჩინდეს, უმრავლესობის პოზიციად, ისინი ყველაზე მდარე პრიმიტივიზმს, სექსიზმს, არქაიზმს, ჰომოფობიას და მსგავს უკიდურესად ნეგატიურ სოციალურ კლიშეებს "ნამდვილ ეროვნულ ფასეულობებად" ასაღებენ, ხოლო სიძულვილით შეპყრობილ, უვიც, უგემოვნო, ჩლუნგ, გაუნათლებელ და არაკომპეტენტურ ხალხს, ბრბოს ნამდვილ წარმომადგენლებს, რომლებიც რეალურად არაფერს წარმოადგენენ, რომლებიც ვერასოდეს შეძლებენ და არასოდეს მოისურვებენ, მოაგვარონ მოსახლეობის ელემენტარული საყოფაცხოვრებო პრობლემებიც კი და შეამსუბუქონ ხალხის უმძიმესი მატერიალური პირობები, დაძლიონ სიღარიბე და ბრძოლა გამოუცხადონ ადამიანის მიერ ადამიანის ჩაგვრას, "ნამდვილ ქართველებს," "ეროვნულებს" და "გენეტიკურ მართლმადიდებლებს" უწოდებენ. საქართველოში სიბნელე, უვიცობა, არაკომპეტენტურობა, სექსიზმი, ჩამორჩენილობა, ქალის დისკრიმინაცია, ღარიბთმოძულეობა, ჰომოფობია და მსგავსი უაღრესად ნეგატიური მოვლენები არათუ ძალიან სამარცხვინო არ არის, არამედ პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი კარიერის გაკეთების ერთადერთ შანსს წარმოადგენს დღესაც. განათლებულ და წესიერ ადამიანებს ქართველები არ ენდობიან, რუსეთის აგენტები არწმუნებენ ქართველ ხალხს, რომ განათლებული ადამიანები მოღალატეები და ზურგში დანის ჩამცემები არიან, ხოლო ქართველ ხალხს არა და არ სურს, გამოვიდეს ამ საუკუნოვანი თრობიდან, სხვა თვალით შეხედოს სამყაროს, გახდეს უფრო ემპათიური და ლმობიერი, რათა ერთად ავაშენოთ საზოგადოება, სადაც სულ უფრო მეტი და მეტი თანასწორობა იქნება. ფაქტია, რომ დღეს ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც უძრაობაა, სადაც ბავშვები შიმშილისგან იხოცებიან და სადაც ამ ბავშვების გვერდით არსებობენ პრემიერ ბიძინა ივანიშვილის მსგავსი სუბიექტები, რომლებსაც 10 მილიარდ ლარზე მეტი პირადი კაპიტალი აქვთ.

ზოგადად, ჩემთვის სრულიად წარმოუდგენელია, რამ უნდა აიძულოს ადამიანი, იყოს ყოვლადკეთილი და ყოვლადმოწყალე მაშინ, როცა ამ სიკეთის და მოწყალების უმთავრესი გამოხატულება, სექსი აკრძალული, ტაბუირებული და დემონიზებულია? რამ უნდა აიძულოს ადამიანი, სიყვარულით განიმსჭვალოს, როცა მას გამუდმებით ურტყამენ და აიძულებენ, უარი თქვას? და ამ ყველაფრის შემდეგ ზოგიერთებს კიდევ უკვირთ, თუ რატომაა დაგროვილი საქართველოში ამხელა მხეცური აგრესია. თანაც, იმდენად უბადრუკები ვართ, სიძულვილის და გაბოროტების ობიექტებიც კი ვერ შეგვირჩევია. 17 მაისს აგრესია ხომ სწორედ იმ ადამიანებს დაატყდა თავს, ვინც არა და არ უნდა ყოფილიყო ამ აგრესიის ობიექტი და არათუ არ უნდა ყოფილიყო, არამედ საყოველთაო სიყვარულის და აღფრთოვანების ობიექტიც უნდა ყოფილიყო. სწორედ ამიტომაა 17 მაისი ამდენად ტრაგიკული მოვლენა.

მე არასოდეს გამჩენია აგრესია ქალის მიმართ, როცა მას ჩემთან სექსზე უარი უთქვამს. ვიცი, რატომაც ხდება ეს, ამაში დამნაშავეა საზოგადოება (ან სულაც მე ვარ უფრო მეტად დამნაშავე, ან ბუნება, ან სოციალური წყობა და ა. შ.), მაგრამ ბევრს სამწუხაროდ არ ესმის ეს. ამიტომ მათი აგრესია ყოველთვის მიმართულია არა მათ წინააღმდეგ, ვინც მონაწილეობს სირცხვილის ამ ჯოჯოხეთურად სამარცხვინო და უკიდურესად დემონური სისტემის ჩამოყალიბებაში (ფაშისტი და ლაჩარი პოლიტიკოსები, ეკლესია, რუსეთისგან მართული, ფაშისტური პრესა და ა. შ.), არამედ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების: ქალების და გეების წინააღმდეგ. ფაქტია, რომ ქართველების აბსოლუტურ უმრავლესობას არ გააჩნია შინაგანი კულტურა და იდეალიზმი საიმისოდ, რათა უბრალოდ, კარგად იცხოვროს. არიან ადამიანები, რომლებიც ვიღაცას ბაძავენ. ბუნებრივები არ არიან. მათი გაგებაც შეიძლება: მოქმედებს შიშის მექანიზმი, სექსის მიმართ ქართული საზოგადოება უკიდურესად რეპრესიულადაა განწყობილი, თუმცა, ეს ზოგად უნუგეშო სურათს არ ცვლის.

რადგან მწერალი ვარ, ეს იმას ნიშნავს, რომ ცოტ-ცოტა ყველაფერი ვარ, მათ შორის, მკვლევარიც. აქტიურად ვიკვლევ საზოგადოებრივ პროცესებს, შეუნელებელი ინტენსივობით ვსწავლობ და ვაკვირდები მთელ მსოფლიოს. როცა მაგალითად, ჰოლანდიელ 17 წლის მილიონერ ტურისტ მზეთუნახავ გოგოს სრულიად თავისუფლად და დიდი სიხარულით შეუძლია ჰქონდეს სექსი მასზე ათი-თხუთმეტი წლით უფროს ტაილანდელ მასაჟისტთან, რომელსაც სახე ბავშვობაში გადატანილი წითურის გამო დაკენკილი აქვს და უზარმაზარი თავი ადგას მხრებზე, ხოლო ამის პარალელურად ქართველი ამავე ასაკის გოგონები მასობრივად უარს ეუბნებიან სექსზე მათსავე ასაკის, მათივე ეროვნების და მათზე გაცილებით უფრო მიმზიდველ გოგონებს თუ ბიჭებს, ეს სულაც არ მიუთითებს იმაზე, რომ ამ გოგონებიდან/ბიჭებიდან ყველა ცუდია, ეს მიუთითებს ძალიან ღრმა, უპრეცედენტო და ყოვლისმომცველ სოციალურ კატასტროფაზე, რომელიც სასწრაფოდ თუ არ გამოსწორდა, გააქრობს ჩვენს ერს და აღგვის ჩვენს ქვეყანას პირისაგან მიწისა. ამაზე თვალის დახუჭვა და გაჩუმება არ შეიძლება. ყოველ შემთხვევაში, თუ ვინმე მოელის ჩემგან, რომ გავჩუმდები იმის შიშით, რათა ვინმემ არ დამცინოს, "ტაბურეტკა" არ მითავაზოს ბეჭებში ან სულაც, სადმე, მაღალ თანამდებობაზე არ დამასაქმოს/არჩევნებში არ მომცეს ხმა, ძალიან ღრმად ცდება. მე არც მორცხვი ვარ და არც მშიშარა. სექსიზმი, რეპრესიები, ტაბუ სექსზე, სექსის დემონიზაცია, ჰომოფობია, გაუნათლებლობა, ძალადობა, სირცხვილის მარწუხები თუ შიშის სინდრომი ძალიან დიდ მონაწილეობას იღებს იმაში, რომ ჯინის კოეფიციენტი საქართველოში 0.40-ზე მაღალია (მაშინ როცა შვედეთში ის 0.25-ზე დაბალია, შვედეთში, სადაც ამავდროულად ათეისტები მოსახლეობის 70 %-ზე მეტს შეადგენენ, ხოლო ჰომოფობი მოსახლეობის სულ 4 %-ია მხოლოდ). ვერ გავჩუმდები, როცა ვხედავ, რომ მე საარსებო გარემოს ვკარგავ, ვერ გავჩუმდები, როცა საქართველოს ვკარგავ! საქართველოს მართმევს ეკლესია და ფაშიტური პრესა, რომელიც სავსეა რუსეთის აგენტურით; საქართველოს მართმევს რელიგია, რომელიც გააფთრებული ეწინააღმდეგება ყოველგვარ პროგრესს; საქართველოს მართმევს ჰომოფობია, რომელიც ანადგურებს საუკეთესო ინტელექტს და წინ ეღობება სექსუალურად თვითგამორკვეული და შესაბამისად, მაღალპროფესიული კადრების დანიშვნას მაღალ თანამდებობებზე; საარსებო გარემოს მე მართმევს ქალების სოციალური თუ სექსუალური დისკრიმინაცია, რაც ზუსტად ასევე, უკიდურესად ნეგატიურ ფაქტორს წარმოადგენს საზოგადოების გაერთიანების, გამთლიანების და წინსვლისთვის. ამიტომ მე ვერ გავჩუმდები. ამიტომ მე არ გავჩუმდები.

მინდა ისევ მივუბრუნდე ჰომოსექსუალობის თემას და განვმარტო ის, რაც მეტნაკლებად გაუგებარი იყო ამ ნაწარმოების დასაწყისში. ზიგმუნდ ფროიდი ამტკიცებს და მეც ვეთანხმები, რომ ყველა ადამიანი დაბადებით ბისექსუალია, ფროიდის გარდა ამ საკითხზე სხვა უამრავ თანამედროვე მეცნიერს აქვს კვლევები ჩატარებული და ამ სამეცნიერო კვლევების შინაარსი ჩემში ოდნავ ეჭვსაც კი არ იწვევს. ჩემი დაკვირვებების საფუძველზეც მინდა გითხრათ, რომ იგივე შვედეთსა და გერმანიაში მოსახლეობის მაქსიმალურ უმრავლესობას (განსაკუთრებით ეს ეხება ქალებს), ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჰქონია სექსი საკუთარი სქესის ადამიანთან ან სულ მცირე, ფიქრობს მაინც ამაზე. მაგრამ ის, რომ უმრავლესობა თანამედროვე თავისუფალი ტიპის და დემოკრატიულ საზოგადოებებში მეტნაკლებად ღია ბისექსუალია, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ბისექსუალი არის ყველა. ბისექსუალების გვერდით არსებობენ ლესბოსელებიც და გეებიც, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც მხოლოდ საკუთარი სქესის ადამიანებთან შეუძლიათ სექსი, ეს თანდაყოლილია და რაც მთავარია ეს პათოლოგია სულაც არ არის. უდიდესი ტრაგედიაა, რომ ეს ადამიანები იძულებულები არიან, იცხოვრონ სხვისი ცხოვრებით, რათა არ გახდნენ ძალადობის მსხვერპლნი, და სანამ ლგბტ ადამიანები (რომლებიც ფაქტიურად საზოგადოების უმრავლესობას წარმოადგენენ), არიან ყოველდღიური ძალადობის, დისკრიმინაციის და ტერორის ქვეშ, ჩვენ ვერ მოვაგვარებთ ელემენტარულ მატერიალურ პრობლემებსაც კი. პატრიარქატი და რელიგია მხოლოდ ქალებს და გეებს არ ჩაგრავს, პატრიარქატი და რელიგია, რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, უპირველეს ყოვლისა სწორედ მამაკაცებს და ჰეტეროსექსუალებს ჩაგრავს. ამიტომ ნურავის გაუკვირდება, თუ მე ლგბტ ადამიანების უფლებადამცველი და ფემინისტი ვარ. ამას მე მავალდებულებს ჩემი ელემენტარულზე ელემენტარული ადამიანური შეგნება, თორემ სამყაროში შეიძლება სულ რამდენიმე ათეულ ყველაზე "ჰეტეროსექსუალ" და ყველაზე მამაკაცურ ადამიანებს შორისაც კი ვიყო, იმდენად დაბალია ჩემში ბისექსუალური მისწრაფებები და ლტოლვა საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ის ხალხი, მე რომ მაგინებს და "ჰომოსექსუალს" მიწოდებს, თვითონ ჩემზე ათასჯერ ან სულაც მეტჯერ უფრო ჩამოყალიბებული ფარული ბისექსუალი ან გეია. გულწრფელი თუ ვიქნები, დღეს მე თითქმის მხოლოდ სოლიდარობის ნიშნად ვამბობ, რომ ბისექსუალი ვარ, თუმცა ეს ჩემი ბრალი სულაც არ არის.

მართალია, ბიძინა ივანიშვილმა არაერთხლ გამოაცხადა, რომ დაიცავდა უმცირესობების უფლებებს, მაგრამ მე როგორც უმცირესობის წარმომადგენელს, გულწრფელად თუ ვიტყვი, მისი სიტყვების ოდნავაც არ მჯერა. ბიძინა ივანიშვილი ფაშისტებს სასათბურე პირობებს უქმნის კარიერული წინსვლისა და განვითარებისთვის. სიბნელე, უმეცრება, არაპროფესიონალიზმი და ირაციონალური ქმედებები კოალიციის წევრების უმრავლესობის მხრიდან გამოცხადებულია "ქართველობად," კოალიციის წევრების უმრავლესობა ყველაზე მახინჯ, ბინძურ პრიმიტივიზმს და ჩამორჩენილობას ქართველობასთან აიგივებს. აი პირადად მე კი არ მესმის, რა ჯანდაბად მინდა ისეთი "ძალაუფლება," თუ რაღაც ელემენტარული ID ბარათების გაცემაც კი საპატრიარქოსთან რვათვიანი კონსულტაციების შემდეგ უნდა გავბედო?! რა ჯანდაბად მინდა ძალაუფლება, თუ ვერ მოვახდენ შსს-ს, განათლების, ჯანდაცვის, სოციალური, სასამართლო და სხვა სისტემების სრულფასოვან რეფორმირებას და ამ რეფორმირების პროცესში ეკლესია სამკვდრო-სასიცოცხლოდ დამიპირისპირდება?! ეკლესია მე ხომ ელემენტარულად, პროფესიონალი და ერუდირებული ადამიანების დასაქმების შესაძლებლობასაც კი მომისპობს! ხელისუფლებაში რომ ვიყო, ხალხი აუცილებლად მომთხოვს ეკონომიკურ წინსვლას, მე საიდან მოვიტანო კეთილდღეობა, რა გზებით, რა ჯანდაბიდან, თუ რეფორმების სრულფასოვნად განხორციელების შესაძლებლობას და პროფესიონალების დაწინაურების შესაძლებლობას მომისპობენ?! მე როგორ დავაფინანსო მედია, კულტურა, პროფკავშირები და არასამთავრობო სექტორი, თუ მღვდლები ჩემს ცოცხლად გატყავებას მოისურვებენ და ამაში მათ მხარს ხალხის დიდი ჯგუფებიც აუბამენ?! "ჭრელი პეპელა" უნდა ვიყო?! ამიტომ არ მინდა, რომ შავრაზმელებმა, ფაშისტებმა და ქალთმოძულეებმა ოდესმე მხარი დამიჭიროთ. მე არაფერში მჭირდება თქვენს მიერ ბოძებული პოპულარობა თუ ძალაუფლება. გავარტყი თქვენს ბინძურ მხარდაჭერას! სწორედ მათხოვრებზე მილიონჯერ უარესები არიან ის პოლიტიკოსები, თქვენს აზრს რომ ითვალისწინებენ. ქარის მოტანილს ყოველთვის ქარი წაიღებს. მე მინდა, ყველამ გასაგებად იცოდეს, რის გაკეთებას ვაპირებ, რათა ხალხმა მხარი ჩემს იდეოლოგიას დაუჭიროს და არა ჩემს ლამაზ თვალებს ან ჩემს მიერ წარსულში განხორციელებულ ქველმოქმედებას. დიახაც, ბრძოლას ვაგრძელებ და არასოდეს შევწყვეტ! მოსახლეობის 5 %-თან, 10 %-თან ან სულაც 3 %-თან ერთად ვიბრძოლებ საქართველოს გადასარჩენად, აი ასე!!! შეხვალთ ევრაზიულ კავშირში??? შედით, ჯანდაბამდე გზა გქონიათ, მოღალატეების მეტი რა ჰყოლია საქართველოს, მაგრამ თქვენ თუ ევრაზიულ კავშირში შეხვალთ, მე დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ახალ ეტაპს დავიწყებ.

ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილის გმირული ანტიჰომოფობიური განცხადებების მიღმა (რაც ყველაფრის მიუხედავად მაინც უდავოდ დასაფასებელია და რაც არასოდეს გაუკეთებია მის წინამორბედს, მიხეილ სააკაშვილს) რეალური აქტიური ნება არ იკვეთება. კარგად გახსოვთ, რასაც ვწერდი არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ამ პოლიტიკოსის შესახებ, მაშინაც როგორი დაეჭვებული ვიყავი, როგორ ვყოყმანობდი. მაშინ ბიძინა ივანიშვილი უმცირესობებს და უმცირესობათა უფლებების დამცველებს დაგვპირდა, რომ კოალიციის ის აბსოლუტურად უვიცი და არაკომპეტენტური წარმომადგენლები, მისი უშუალო თანამებრძოლები, რომლებიც შუასაუკუნეობრივი რიტორიკით და ტომობრივ-გვაროვნული მენტალიტეტით გამოირჩეოდნენ ყოველთვის, თავს შეიკავებდნენ ჰომოფობიური რიტორიკისაგან და მაქსიმალურად შეეცდებოდნენ, არ მიეღოთ მონაწილეობა ადამიანის ჩაგვრასა და დისკრიმინაციაში, რის გამოც ჩავთვალე, რომ სააკაშვილის ხელისუფლების არსებობის პირობებში მაინც ღირდა, მისთვის შანსი მიმეცა, მაგრამ ჩვენ სრულიად საპირისპირო სურათი დავინახეთ 17 მაისს, ასევე სრულიად საპირისპიროზე მიუთითებს კოალიციის საკადრო პოლიტიკა და თუნდაც ის, რომ შედარებით ზომიერ და ოდნავ ლიბერალურ რესპუბლიკელებს მთავრობაში მხოლოდ ერთი მინისტრი ჰყავთ, ხოლო ღია გეების, ლესბოსელების, მათი უფლებების დამცველების, ათეისტების და ფემინისტების თანამდებობებზე დანიშვნაზე ხომ საერთოდ, საუბარიც კი არ არის: უკლებლივ ყველა პოლიტიკოსი "ქართული ოცნებიდან" ცდილობს, მაქსიმალურად აამოს პატრიარქ ილია მეორეს და მაქსიმალურად უფრო "მართლმადიდებლურად" განწყობილი გამოჩნდეს. მაგრამ მსგავსი სიბინძურე, სიმხდალე და მონური სული მხოლოდ კოალიციის ბრალი არ არის, ხალხსაც არანაკლები ბრალი მიუძღვის ამაში, ხალხს, რომელსაც უბრალოდ, არ ესმის და არც სურს, გაიგოს, რომ მათ პრობლემებს მათსავე გასაოცრად გულთან ყველაზე ახლოს ყველაზე უფრო მეტად სწორედ გეები, ბისექსუალები, ათეისტები, ფემინისტები და ლესბოსელები მიიტანენ, რომ სამყაროში თითებზე ჩამოსათვლელიც კი არ არის იმ ჰეტეროსექსუალების რიცხვი, ვისაც ჭეშმარიტი თანაგრძნობის უნარი შესწევს, და რომ ადამიანი, ვინც ეგუება იმას, რომ მისი სხეული და მისი სექსუალობა ვინმემ გააკონტროლოს, ყოველთვის მზად იქნება, გაამართლოს უსაზარლესი ჩაგვრა და მხარი დაუჭიროს უსაზარლეს ტირანიას, ხოლო ქუჩაში სამათხოვროდ გასულ ბავშვებს, მოხუცებს, მშრომელ ქალებს და მამაკაცებს, რომლებსაც უსიხარულო ცხოვრების დაღი სახეებზე აწერიათ, ისე გულგრილად შეხედოს, როგორც სახლის სახურავიდან ქუჩაში შემთხვევით დაცემულ აგურებს. სანამ ამას არ გააცნობიერებთ, სანამ არ მიხვდებით ჩემი სიტყვების ზუსტ მნიშვნელობას, მანამდე არ გვეღირსება მონობისგან და საშინელი სიღატაკისგან თავის დაღწევა, მანამდე ვერ შევძლებთ უკეთესი ქვეყნის და უკეთესი საზოგადოების აშენებას. ასე რომ, საბოლოო ჯამში ბიძინა ივანიშვილმა მე იმედები გამიცრუა, ამიტომ, მიუხედვად იმისა, რომ ვაფასებ მის ძალისხმევას, სრულიად არავითარ მორალურ ვალდებულებას აღარ ვგრძნობ, მხარი დავუჭირო მას მომავალში.

P. S. დრო მოვა, თბილისშიც ჩატარდება მრავალათასიანი გეიაღლუმები, გვეყოლება ღია ლესბოსელი, ათეისტი, ბისექსუალი, პოლიამანტი და გეი პრემიერ-მინისტრებიც და პრეზიდენტებიც, მაგრამ როდის მოხდება ეს? საკითხავი მხოლოდ ეს არის. თქვენ, ყველას, შეგიძლიათ დააჩქაროთ ან შეანელოთ ეს პროცესი, რითაც, შესაბამისად, დააჩქარებთ ან შეანალებთ ქვეყნის და საზოგადოების განვითარებას, დააჩქარებთ ან შეანალებთ ქვეყანაში თანასწორობის და საყოველთაო კეთილდღეობის დამყარების პროცესს, მაგრამ პროცესს ვერ შეაჩერებთ, ამის ძალა არავის შესწევს. თქვენი გადასაწყვეტია, რა გსურთ. ან სამოქალაქო საზოგადოება, დემოკრატია, კეთილდღეობა და თანასწორობა, ან კიდევ, ის სიბნელე, უკუნეთი და სიღატაკე, დღეს რომ სუფევს. არჩევანი თქვენზეა.



სცენა ფილმიდან "ჭორფლის შვიდი ლაქა." აღმ. გერმანია. 1978 წელი

15.05.2013

 

 

 

მთავარი

ბიოგრაფია

ნაწარმოებები

დაკავშირება

 

 

შეიძინეთ რომანი "ჭენება" საქართველოს მაღაზიებში

 
 
Copyright © David Chutlashvili. Alle Rechte vorbehalten