სამზარეულოში

სამზარეულოში მარწყვისა და ფორთოხლის სურნელი იდგა. კარი ღია იყო და ფანჯრიდან წვიმიანი ზაფხულის დილის მქრქალი, მარგალიტისებური სინათლე იღვრებოდა. სამზარეულოს კარის წინ, საწოლში წამოწოლილმა გიომ თვალი გაახილა და მარი დაინახა, რომელიც ტორტისათვის ხის მოგრძო ფიცარზე სამზარეულოს დანით მარწყვს ანაწევრებდა. გიოს ძალიან უნდოდა საპირფარეშოში გასვლა და მოშარდვა, მაგრამ ახლაც ისევე, როგორც გაცნობის პირველ დღეს, მოჯადოებულივით მიაჩერდა თავის საყვარელს. ყოველთვის, როცა მარის უყურებდა, სურდა, ეტირა ბედნიერებისა და სასოწარკვეთილებისაგან, თვითონაც არ იცოდა, რატომ. მას ყოველთვის ძალიან მოსწონდა სამზარეულოში, დანით ხელში მდგარი საყვარლის ყურება. მარის შიშველი, მზეზე გარუჯული მკერდი მოუჩანდა (ისინი ოთხი დღის წინ დაბრუნდნენ სოხუმიდან). მარიმ შეამჩნია, გიო რომ უყურებდა, ალერსიანად გაუღიმა საყვარელს და უკეთ გამოაჩინა მკერდი. მარის უყვარდა გიო, უყვარდა იმიტომ, რომ ის ძალიან ქალური, -- ნაზი, ალერსიანი, სუფთა და უმანკო მამაკაცი იყო, უყვარდა სულის სიგიჟემდე მისულ, აუტანელ ტკივილამდე, ისინი ხომ ასე კარგად ეწყობოდნენ ერთმანეთს საწოლში, ორივეს საოცარი ორგაზმები ჰქონდა ერთმანეთთან კავშირის დროს, და მათი სინაზისა და სილამაზის შემხედვარე მხოლოდ ერთეულები თუ წარმოიდგენდნენ, თუ რა კარგი მეგობრები და გარყვნილი საყვარლები იყვნენ ისინი ერთმანეთისათვის, თუ როგორ ვნებიანად და როგორი აღფრთოვანებით უყვარდათ ერთმანეთი.

"გუშინ გვიან ღამით დავბრუნდი სახლში, როცა შენ უკვე გეძინა. ძალიან მაინტერესებს რა მოხდა მწერალთა კავშირის გეგმიურ ყრილობაზე," მარი გიოსთან მივიდა, საწოლის კიდეზე ჩამოჯდა და თმაზე ხელი გადაუსვა საყვარელს, "თანაც მე არც ის ვიცი, როდის ჩამოვა ბორია თბილისში. მე უკვე ვეღარ ვძლებ მის გარეშე. თუ ამ დღეებში არ ჩამოვა, ჩვენ თვითონ წავიდეთ მატარებლით პერედელკინოში. ამ დამყაყებულ ქალაქში უკვე შეუძლებელი გახდა სუნთქვა ბორიას გარეშე."

"დეპეშა მივიღე დღეს საღამოთი, როცა შენ ჯერ კიდევ პრემიერაზე იყავი," გიომ სკამზე გადაკიდული შარვლის ჯიბიდან დეპეშა ამოიღო და მარის მიაწოდა, "ის ზეგ ჩამოდის ჩვენთან. დაბრუნდება ისევ ძველი, ჯადოსნური დღეები, როცა შეგიძლია ვინმეს ელაპარაკო ისე, რომ მისი არ გეშინოდეს. ბორია საოცარი ადამიანია, მხოლოდ მას ესმის ჩვენი, მხოლოდ ის არის ჩვენი ნამდვილი მეგობარი," გიო საკუთარ თავს უფრო ესაუბრებოდა, ვიდრე მარის, "ხოლო მწერალთა კავშირის კრებას რაც შეეხება, ჩვეულებრივი, ბინძური კრება იყო, გამომსვლელები ადიდებდნენ სტალინს, ბერიას, ისტერიული ხმებით მოითხოვდნენ "ამხანაგი" კიროვის მკვლელების დასჯას. განსაკუთრებით გალაქტიონ ტაბიძე აქტიურობდა. მე ის შემეცოდა, მისი ცოლი ხომ კაცმა არ იცის, სად წაიყვანეს. ის იძულებულია, ბერიას გაუთავებლად უმტკიცოს საკუთარი ერთგულება პარტიის პრინციპების მიმართ. ერთმა გამომსვლელთაგანმა დამცინავი და ბინძური ლექსი წაიკითხა მამათმავლებისა და გარყვნილების შესახებ, და რადგან გარყვნილებაზე ჩამოვარდა სიტყვა, ყველამ ჩემსკენ გამოიშვირა თითი. გაიხსენეს, რომ მე მყავს ქალი, რომელთანაც ვცხოვრობ სამოქალაქო ქორწინების გარეშე და რომელიც, "როგორც სარწმუნო წყაროები იუწყებიან," ხანდახან სხვა მამაკაცებსა და ქალებსაც კი ხვდება, განსაკუთრებით კი "ერთ ცნობილ რუს პოეტს," რომლის სიმტკიცე პარტიული პრინციპების მიმართ "ერთობ საეჭვოა." გამომსვლელებმა დაგმეს ჩემი ახალი რომანი, რომელიც "მეტისმეტად თავისუფლად აღწერს ქალისა და მამაკაცის ურთიერთობას" და პარტიას ერთხმად სთხოვეს, "მეტი სიფხიზლე გამოიჩინოს სახელოვნებო ბოჰემის, როგორც მავნე კაპიტალისტური გადმონაშთის წინააღმდეგ ბრძოლაში." შემდეგ სცენაზე სიტყვით გამოვიდა ლავრენტი ბერია, რომელმაც ზოგადად დაგმო "ბურჟუაზიული ბოჰემა" და დაეთანხმა შეკრებილების მოსაზრებას, რომ "ახალ, დიად სოციალისტურ ეპოქას მკაცრი და მონუმენტური ტილოები სჭირდება, კლასობრივი ბრძოლისა და ამ ბრძოლაში პარტიული როლის და არა პირადი გრძნობების წინ წამოწევა." მან თქვა ისიც, რომ საბჭოთა ადამიანს არ სჭირდება გრძნობები, საბჭოთა ადამიანს სჭირდება იაფი ელექტროენერგია, განახლებული ქუჩები და სკვერები და რომ ხელოვნება და ლიტერატურა უნდა აღაფრთოვანებდეს საბჭოთა მშრომელებს გეგმიური სამუშაოების გადაჭარბებით შესასრულებლად. ის ლაპარაკობდა ამ ყველაფერს და პენსნეს მიღმიდან თვალს არ მაშორებდა. შემდეგ გამოიყვანეს ჩარხმშენებელი ქარხნის მუშა, -- სახეგაფითრებული და ნაყვავილარი კაცი, რომელმაც "ამხანაგ" მწერლებსა და პოეტებს "სთხოვა," ნუ ეცდებიან მათი ყურადღების მოდუნებას სასიყვარულო ისტორიებითა და ლამაზი ქალებით და ბიბლია გაიხსენა, სადაც ქალს ეშმაკის მოციქული ეწოდება და მოიგონა, თუ როგორ აცდუნა ევამ ადამი და დააშორა იგი ზნეობრივი სიწმინდის გზას. დამსწრეებს ჯერ ვერ გადაეწყვიტათ, დაეკრათ თუ არა ტაში გამომსვლელისათვის, რომელმაც ბიბლია გაიხსენა, მაგრამ როცა ბერიამ ტაში დაუკრა, ისეთმა აპლოდისმენტებმა იქუხა, მე შემეშინდა, ჭერი არ დაგვცემოდა თავზე. ასე რომ, ახლა მთელ საბჭოთა კავშირში უკვე ვეღარსად ნახავ სტამბას, რომელიც გაბედავს ჩემი "ბინდისფერი ბაღი" იმ სახით დაბეჭდოს, რა სახითაც ახლაა. არადა, ეს ის წიგნია, რომელსაც თავი შევაკალი და რომელიც უდავოდ ჩემი საუკეთესო ნაწარმოებია."

"გამოდის, რომ მალე დაგვაპატიმრებენ და შეიძლება დაგვხვრიტონ კიდეც," ჩუმად თქვა მარიმ, "აუცილებლად უნდა გავიქცეთ აქედან."

"არა, ხელსაც არ გვახლებენ," თქვა გიომ, "ყოველ შემთხვევაში, დღეს და ხვალ მაინც. ეს სიკვდილის მანქანა სხვაგვარად მუშაობს. ჩემზე არავის დაუწერია გაზეთ "პრავდაში," და არც მწერალთა გეგმიური ყრილობის დამსწრეების კრიტიკა ყოფილა გამანადგურებელი კრიტიკა. მხოლოდ მომთხოვეს, რომ წიგნიდან "საეჭვო" თავები ამოვიღო და "მასალა გავასუფთაო," როგორც ისინი ამას უწოდებენ. რა ვუყოთ, ასეთი რაღაც შოლოხოვსაც მოსთხოვეს, მასაც უმრავი "მასალა" ამოაღებინეს "წყნარი დონიდან," ასე რომ, სადარდებელი არაფერია. მაგრამ თუ მაინც დამიჭერენ და დამხვრეტენ, დიდად არც ამაზე ვიდარდებ. ჯერ ერთი, ასეთ ცხოვრებას ვინ იცის, იქნებ, სიკვდილი ათასჯერ სჯობდეს და მეორეც, ცხოვრება იმდენად ხანმოკლეა, რომ სადარდებლადაც კი არ ღირს. სულ სხვა იქნებოდა, უკვდავები რომ ვიყოთ, მაშინ მართლა ძალიან ვიდარდებდი შენთან განშორების გამო."

მარი ხმაამოუღებლად უყურებდა, მერე კი გაიცინა და წამოდგა. გიო ჯერ მოსაშარდად გავიდა საპირფარეშოში, მერე მარის დაეხმარა კვერცხის მოდღვებასა და ტორტისათვის საჭირო ცომის ამოყვანაში. ორივე ხმაამოუღებლად საქმიანობდა. მერე მარი გაზქურასთან მივიდა, გაზი გადაატრიალა და თავი გააქნია:

"გაზი არ არის, მასალის შენახვა მოგვიწევს."

"გუშინ, საღამოს ვნახე, მუშები დაფუსფუსებდნენ, გაზგაყვანილობის მილებს არემონტებდნენ. ეტყობა, მალე შეარემონტებენ," ის მივიდა საყვარელთან და კოცნა დაუწყო. უცებ იგრძნო, როგორ მოდუნდა, -- საფეთქლები დაუმძიმდა და თვლემა მოერია. ასე არასოდეს მონდომებია ძილი. ძლივს მივიდა საწოლთან, დაწვა და შეეცადა, მარისთვის დაეძახა, მაგრამ მხოლოდ სუსტი ხმა ამოუვიდა ყელიდან, როგორც კოშმარულ სიზმარში. უეცრად მოეჩვენა, რომ უზარმაზარი ღამურა დააჯდა ყელზე და კბილები ჩაასო. ისღა გაარჩია, რომ ღამურას პენსნე ეკეთა, მერე კი ყველაფერი წყვდიადმა შთანთქა.

დილით გაზის აუტანელი სუნით შეწუხებული მეზობლების დაჟინებული თხოვნით მისულმა მილიციის კაპიტანმა მალხაზ მენაბდემ გამრეკელის ქუჩა 198-ში მდებარე ბინის სამზარეულოში ახალგაზრდა ქალისა და მამაკაცის გვამები აღმოაჩინა. ქალი სანახევროდ შიშველი იყო. მენაბდეს ოქმის შესადგენად უფრო მეტი ხალხის გამოძახება უნდოდა, და რადგან იცოდა, რომ მამაკაცი ცნობილი მწერალი იყო, როგორც იქნა დაძლია ზიზღი მიცვალებულების მიმართ და ქალს სვიტერი და კოჭებამდე გრძელი კაბა ჩააცვა (მან ასეთი კაბა ქალის გარდერობში ვერ იპოვა და ამიტომ საკუთარ ცოლთან კაბის მოსატანად საკუთარი თანამშრომელი გაგზავნა). ასე გადაარჩინა მან ქართველი მწერლის ღირსება, რომელსაც სიკვდილის შემდეგ სამუდამო პატივი და დიდება მოელოდა აშკარად.



ფოტო: Ruero.com

23. 06. 2012

 

 

 

მთავარი

ბიოგრაფია

ნაწარმოებები

დაკავშირება

 

 

შეიძინეთ რომანი "ჭენება" საქართველოს მაღაზიებში

 
 
Copyright © David Chutlashvili. Alle Rechte vorbehalten