დავამთავროთ ფაშისტური პრესა

რასაც ახლა ქვემოთ მოცემული ლინკით ნახავთ, არ მინდა, პრეზერვატივი გეგონოთ, მითუმეტეს, ბუსუსებიანი, ეს ე. წ. გაზეთ "ასავალ-დასავალის" ფეისბუკის გვერდია (იხ. ლინკი). ყველას მოგიწოდებთ, შედით მოცემული ლინკით და დაარეპორტეთ ის მარჯვენა ზედა კუთხეში არსებული ღილაკის მეშვეობით. ამ გვერდმა ფეისბუკზე არ უნდა იარსებოს! ამ ე. წ. გაზეთის არსებობა არის საქართველოს ნომერი პირველი სირცხვილი, ამიტომ ის ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაქრეს როგორც ფეისბუკიდან, ასევე პრესის ჯიხურებიდან. გთხოვთ, აუხსენით თქვენს მეგობრებს, ახლობლებს და ნაცნობებს, არ შეიძინონ ეს გაზეთი და რაც ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია, დაარეპორტონ ამ ძალიან საზიზღარი მაკულატურის ფეისბუკის გვერდი! მოცემულ მომენტში ჩვენ უნდა დავივიწყოთ ყოველგვარი პოლიტიკური განსხვავებები და მთელი ევროატლანტიკური საქართველო უნდა აღსდგეს ამ ბინძური მაკულატურის წინააღმდეგ. საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მომხრეებო, ყველამ გაიხსენეთ, რამდენჯერ უგინებია თქვენთვის ამ ე. წ. გაზეთს. გაიხსენეთ ის უთვალავი უსამართლობა (ფაქტების განზრახ დამახინჯება, უდანაშუალო ადამიანების რეპუტაციის შელახვა და ა. შ.), რაც წლების მანძილზე ამ ე. წ. გაზეთმა განახორციელა. გამოხატვის თავისუფლება ფუნდამენტური შინაარსის თავისუფლებაა და ძალიან სასიხარულოა, რომ საქართველოში ამ თავისუფლების დაცვის საკმაოდ მაღალი სტანდარტი არსებობს, მაგრამ ჩვენ ამის მიუხედავად ვერავინ გვაიძულებს, გაგვაჩნდეს საკუთარი ცალსახად ნეგატიური კერძო პოზიცია ქსენოფობიური შინაარსის მედიასაშუალებებთან მიმართებით.

ალბათ იცით, თუ რამხელა სამართლიანი აღშფოთება მოჰყვა რუსულ პანკჯგუფ Pussy Riot-ის წევრების დაპატიმრებას მსოფლიოს პროგრესული და ცივილიზებული ნაწილის მხრიდან. ეს სწორედ ის პანკჯგუფია, რომლის წევრებს "ასავალ-დასავალმა" ალქაჯები უწოდა. ეს სწორედ ის პანკჯგუფია, რომლის წევრებიდან ერთ-ერთს, ნადეჟდა ტოლოკონნიკოვას ჰყავდა მცირეწლოვანი ბავშვი, და ამ მცირეწლოვანი ბავშვის დედა სასჯელს იხდიდა სრულიად არაფრის გამო, უფრო სწორად, იმის გამო, რაც არის ყველა ჭეშმარიტი ადამიანის უპირველესი ვალი: იმღეროს, იცეკვოს, იყვიროს და ზოგადად ნებისმიერი, თუნდაც უკიდურესად პერვერსიული, შოკისმომგვრელი და გამაოგნებელი საშუალებით და მეთოდით დაიცვას ადამიანის უფლებები მითუმეტეს მაშინ, როცა ეს უფლებები სისტემატიურად ირღვევა, როგორც ეს ხდება პუტინის რუსეთში დღეს. "ასავალ-დასავალი" კი, ისევე, როგორც სხვა ე. წ. მედიასაშუალებები, ვის ფეისბუკის გვერდებსაც დაბლა დასარეპორტებლად შემოგთავაზებთ, სისტემატიურად ეწევიან უბინძურეს აგიტაციას Pussy Riot-ის გოგონების წინააღმდეგ, მათ წინააღმდეგ, ვისითაც ნებისმიერი ჯანსაღი საზოგადოება ძალიან უნდა ამაყობდეს. იქონიეთ ადამიანობა, გამოიჩინეთ სულ მცირეოდენი სიკეთე და ერთობლივი ძალებით, იქნება ეს ფეისბუკზე პოსტვა, მეგობრებთან აგიტაცია თუ სხვა რამ, ნულამდე დავიყვანოთ აღნიშნული ე. წ. გაზეთების ტირაჟები და გავაუქმებინოთ ფეისბუკს მათი გვერდები. ეს არის ნამდვილად ძალიან არსებითი და თქვენ ნუ იფიქრებთ, რომ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ძალიან სამარცხვინო და აღმაშფოთებელია, რომ მსგავსი გაზეთები საქართველოში არსებობს. იმ მედიარესურსების თანამშრომლების უდიდესი ნაწილი, რომლის ლინკებსაც დაბლა შემოგთავაზებთ, არის ძალიან სამართლიანი ეჭვი, რომ იმართებიან რუსეთის სპეცსამსახურების მიერ. ამ გაზეთების ჟურნალისტები გამუდმებით ცდილობენ, რომ კანონმდებლობაში ცვლილებები შევიდეს და ინდივიდის ისედაც უკიდურესად შეზღუდული თავისუფლება კიდევ უფრო შეიზღუდოს, რათა ქვეყანაში ასობით და ათასობით Pussy Riot-ი გვყავდეს, რომლებიც დაჯარიმდებიან და დაპატიმრდებიან საპატრიარქოს, ეკლესიის და ღმერთის, ამ სიბნელის, რუსეთის აგენტურის და ბოროტების ბუდეების კრიტიკის გამო. ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ! ძალიან უნდა გვრცხვენოდეს, რომ ვიღაც მსგავსი ზეწოლის მოხდენას ხელისუფლებაზე ცდილობს და რაც მთავარია, არსებობს "ასავალ-დასავალის" ტიპის წარმოუდგენლად საზიზღარი გაზეთები ჩვენს ქვეყანაში.

რუსეთის მიერ მართული ფაშისტური პრესა და ორთოდოქსული საპატრიარქო ცდილობენ, საქართველოს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება საკუთარ მარიონეტად გადააქციონ მანამ, სანამ თეოკრატიული ტირანია ბოლომდე დამყარდება და საქართველოს ულტრამემარჯვენე ნაციონალისტი მეფე ეყოლება პატრიარქის კურთხევით. სწორედ ეს არის ვლადიმერ პუტინის ოცნება, მაგრამ მე მინდა ვუთხრა მას, რომ მის ამ ოცნებას ახდენა არ უწერია.

როგორ ბედავს პატრიარქი, რომ მოსახლეობის მიერ თვითმმართველობის უფლების განხორციელებას სეპარატიზმს უწოდებს? მე მოგიწოდებთ მღვდლებს, ხელები დაიმოკლეთ და თქვენი ადგილი იცოდეთ. საქართველოს პარლამენტი თვითმმართველობის კოდექსსაც მიიღებს, ანტიდისკრიმინაციულ პაკეტსაც დაამტკიცებს და ლგბტ ადამიანების უფლებებიც ბოლომდე იქნება დაცული! მაგრამ ეს ყველაფერი რომ უფრო ეფექტურად განხორციელდეს, აუცილებელია, როგორც პუტინმა, ასევე საპატრიარქომ (რაც პირადად ჩემთვის რეალურად ერთი და იგივეა), იგრძნონ ძალა და მზაობა ქართველი ხალხისა, რომ ის არ შეეგუება თავსმოხვეულ ტირანიას. ხოლო ამ მიზნის მისაღწევად მაქსიმალური სამოქალაქო აქტივობა და ყოველდღიური მუშაობაა საჭირო.

ფაშისტური პრესის ფეისბუკ-გვერდების ლინკები (დააწექით წარწერას და გადამისამართდით):

ასავალ-დასავალი

საქართველო და მსოფლიო

საერთო გაზეთი

კვირის პალიტრა

ალია

შენიშვნა: გთხოვთ, როცა აღნიშნულ გვერდებს დაარეპორტებთ, მიუთითოთ, რომ დარეპორტების მიზეზი არის ჰეით სფიჩი და ჰომოფობიური პროპაგანდა. მნიშვნელოვანი რჩევაა, დაარეპორტოთ არამხოლოდ ზემოთჩამოთვლილი გვერდები, არამედ ის ცალკეული გაზიარებებიც ამ გვერდებზე (ფოტოსურათები, ვიდეოები და ა. შ.), სადაც განსაკუთრებით მკვეთრად არის გამოხატული სიძულვილის ენა (კიდევ უფრო სასურველია, ეს გაზიარებები უცხოენოვანიც თუ იქნება). ამით ეს გვერდები გაცილებით უფრო მალე დაიხურება და შედეგად არცთუ მცირე საფრთხეს ავიცილებთ თავიდან. გთხოვთ, გამოვიჩინოთ მაქსიმალური ორგანიზებულობა, რათა სიძულვილის შემცველი მედიარესურსები რაც შეიძლება მალე გავაქროთ სოციალური ქსელებიდან, რისთვისაც წინასწარ გიხდით ძალიან დიდ მადლობას. წინასწარ გიხდით ძალიან დიდ მადლობას ასევე სოლიდარობისთვის და მინდა იცოდეთ, რომ თქვენ გონიერი, ჰუმანური, სამართლიანი და პროგრესულად მოაზროვნე ადამიანი ბრძანდებით.



ნადეჟდა ტოლოკონნიკოვა. ფოტო: Theblazonedpress.it

04.12.2013

 

 

 

მთავარი

ბიოგრაფია

ნაწარმოებები

დაკავშირება

 

 

შეიძინეთ რომანი "ჭენება" საქართველოს მაღაზიებში

 
 
Copyright © David Chutlashvili. Alle Rechte vorbehalten