ცოცხთა პარტიის აღსასრული

ნაცები დამარცხდნენ! დამარცხდნენ წლების მანძილზე განხორციელებული ტერორის, შანტაჟის, მოსყიდვის, უზარმაზარი სარეკლამო მედიასაშუალებების მოხმარების და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მიუხედავად. ისინი დაამარცხა სრულიად უფულო ხალხმა, ისინი დაამარცხეს ადამიანებმა, რომლებსაც მინიმალური თანხებიც კი არ ჰქონდათ წინასაარჩევნო კამპანიის საწარმოებლად. ახლა, როცა ეს პარტია იმედი მაქვს, აწ უკვე სამარადისოდ წარსულში დარჩა (მე უკიდურესად მეეჭვება, რომ მან ხმების თუნდაც 0,00001 % მაინც აიღოს მომავალ არჩევნებზე), ორიოდე სიტყვით შევეცდები მიმოვიხილო, თუ რას ვებრძოდით და რასთან გვქონდა საქმე. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ჩვენ ვებრძოდით დრაკონს, რომელსაც მოჭრილი თავების ადგილას ახალი თავები ამოსდიოდა, ვებრძოდით განსაკუთრებულ სადიზმს, ძალადობას, ტირანიას, სიცრუეს, სიყალბეს, უსიყვარულობას, პატივმოყვარეობას, განდიდების მანიას, ამიტომ ყველა, ვინც "ქართულ ოცნებას" დაუჭირა მხარი, არის გმირი და ასეთი გმირი აღმოჩნდა მოსახლეობის უმრავლესობა და თანაც მისი ყველაზე განვითარებული ნაწილი, ყველაზე დიდი და განვითარებული დასახლებული პუნქტების მაცხოვრებლები, რომლებსაც ისე ვერ აშინებდნენ და ატყუებდნენ, როგორც პატარა და ღარიბი დასახლებული პუნქტების საბრალო მაცხოვრებლებს. რასაკვირველია, თვით იმ ხალხის დიდ ნაწილს, ვინც "ქართულ ოცნებას" დაუჭირა მხარი, ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ნაკლი აქვს, ძალიან ბევრი მათგანი ჯერ კიდევ ძალიან დამახინჯებულად აღიქვამს რეალობას, მაგრამ ის, რაც ამ ხალხმა გააკეთა, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე არის უდიდესი გმირობა. სააკაშვილი ვერ ხედავდა სხვაობას ცუდსა და კარგს შორის, ის ვერ ხედავდა განსხვავებას მოსყიდვასა და ქველმოქმედებას შორის, ძალადობასა და პროპორციული ძალის გამოყენებას შორის, გაუპატიურებასა და სექსს შორის, ამორალობასა და სირცხვილის მარწუხებისაგან განთავისუფლებას შორის, ის შავს თეთრად ასაღებდა, თეთრს კი შავად, ხალხი დაიბნა, ხალხი ვეღარაფერს აკეთებდა, ხალხმა აღარ იცოდა, რა მოქმედება იყო სწორი და რა არასწორი; არათუ არსებობდა სექსუალური თავისუფლება და პოსტინდუსტრიული სამოქალაქო საზოგადოების ფასეულობები, არამედ სააკაშვილის საქართველოში ქმარი შიშით თავისუფლად ცოლს ვეღარ ეუბნებოდა, "ჩემთან დაწექიო," რომ "სექსუალური ზეწოლის" და გაუპატიურების მუხლი არ წამიყენონო, და ეს მაშინ, როცა ათასობით ადამიანს სააკაშვილის ჯალათები ცოცხებით აუპატიურებდნენ და აწამებდნენ! ამ შემზარავი გაუპატიურებების მიუხედავად სააკაშვილი ცდილობდა, ყველა მოეტყუებინა, რომ ლგბტქ ადამიანების უფლებებს იცავდა, და ეს მაშინ, როცა ეს ათასობით გაუპატიურება სწორედაც პირდაპირ იყო მიმართული ადამიანების სექსუალური სირცხვილის მარწუხებში მოსაქცევად, ადამიანების სირცხვილის მონობაში მოსაქცევად მათი სექსუალური ორიენტაციის გამო. კაცობრიობას ჰიტლერის შემდეგ ალბათ არ მოეძებნება ისეთი ჰომოფობი, როგორიც მ. სააკაშვილი იყო და ამ პირობებში ის პირიქით, "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს უკიჟინებდა, "ჰომოფობები ხართო" მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცამ ოდესღაც გულუბრყვილოდ რაღაც უარყოფითი და შეურაცხმყოფელი თქვა ჰომოსექსუალების შესახებ. კი, მე მესმის, რომ სოსო ჯაჭვლიანის გამონათქვამები ჰომოსექსუალების შესახებ ძალიან დასაგმობია, მე არაერთხელ გამიკრიტიკებია სოსო ჯაჭვლიანი ამ დაუფიქრებელი და აზროვნების ყოველგვარ სიღრმეს მოკლებული გამონათქვამების გამო, მაგრამ ამას ვაკეთებდი მე, დავით ჩუთლაშვილი, მაგრამ იმ საზიზღარ ჟურნალისტებს თუ ბლოგერებს, რომელსაც ფულს წლების მანძილზე ჯალათები და ხალხის გამაუპატიურებლები უხდიდნენ, არავითარი მორალური უფლება არ გააჩნდათ, სოსო ჯაჭვლიანთან მიმართებით გამოთქმა "ჰომოფობი" გამოეყენებინათ, მითუმეტეს, რომ თავად კოალიციის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა ჰომოფობიური გამონათქვამები არაერთხელ საჯაროდ დაგმო. ზუსტად იგივეს თქმა შემიძლია გაზეთ "ასავალ-დასავალის" შესახებ. რასაკვირველია, კოალიცია "ქართული ოცნება" ნორვეგიაში რომ ყოფილიყო, ბიძინა ივანიშვილს სპეცალურად შეექმნა "ასავალ-დასავალი" იმ მიზნით, რომ მის ჟურნალისტებს ჰომოფობიური გამონათქვამები გამოეყენებინათ, ხოლო "ქართული ოცნების" მეტოქე ნორვეგიის მმართველი ძალა ყოფილიყო, რომელიც არ აუპატიურებს პატიმრებს იმ მიზნით, რომ შეურაცხყოს და დაამციროს ისინი სექსუალური ნიშნით, რასაკვირველია, ნორვეგიის მმართველი ძალის წარმომადგენელს ექნებოდა მორალური უფლება, სოსო ჯაჭვლიანისათვის ჰომოფობი ეწოდებინა, მაგრამ ჯერ ერთი, "ასავალ-დასავალი" ბიძინა ივანიშვილს არ დაუარსებია, მეორეც, მჯერა, ის ვერ და არ ჩაერევა და ვერ და არ გააკონტროლებს ცალკეული ჟურნალისტის ყველა ცალკეულ გამონათქვამს და მეორეც, ჩვენ ნორვეგიაში არ ვცხოვრობთ და ამიტომ "ქართული ოცნების" მხარდამჭერები ვუპირისპირდებოდით არა ნორვეგიის მმართველ ლიბერალურ ძალას, არამედ ფაშისტურ და უკიდურესად რეაქციულ ჰომოფობიურ ჯგუფს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სახით. აგერ, პირადად მე ლგბტქ აქტივისტი ვარ, მაგრამ ძირითადად მეც მიმაჩნია, რომ "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტები გმირები არიან, რომლებითაც საქართველომ და კაცობრიობამ ძალიან იამაყოს, ხოლო ჟურნალი "ტაბულა" არ მომწონს და მიმაჩნია, რომ ეს არის ცუდი ჟურნალი და ამ ჟურნალთან თანამშრომლობა დასაგმობი და სამარცხვინოა, და ეს მიუხედავად იმისა, რომ დეკლარაციის დონეზე ამ ჟურნალს ცივილიზებული იდეოლოგიური პლატფორმა აქვს. "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტები ჩემთვის დიახაც, გმირები არიან, მე მათ ვაკრიტიკებ და ყოველთვის გავაკრიტიკებ (რადგან გმირობა არ ნიშნავს, რომ გმირი უშეცდომოა, ხოლო გმირის ყველა საქციელი აუცილებლად მოსაწონი და საქებარი უნდა იყოს), მაგრამ მე "ასავალ-დასავალს" წლებია, რაც ვყიდულობ, ხოლო არჩევნებშიაც "ქართულ ოცნებას" მივეცი ხმა, მიუხედავად ჩემი კრიტიკული დამოკიდებულებისა სოსო ჯაჭვლიანის და "ქართული ოცნების" ბევრი სხვა წარმომადგენლის მიმართ. ისევდაისევ ვამბობ, რომ ერთია კრიტიკული დამოკიდებულება (ასე მე საქართველოსაც ვაკრიტიკებ, მაგრამ ეს ხომ იმას არ ნიშნავს, რომ სამშობლო მძულს. საქართველოს და ქართველ ხალხს ილია ჭავჭავაძეც აკრიტიკებდა, მაგრამ ამის მიუხედავად მის კეთილდღეობას შესწირა თავი), ხოლო მეორე მტრობა. მე "ნაცმოს" და "ტაბულას" კი არ ვაკრიტიკებდი, არამედ ვაგინებდი და ეს ორივე ძალა დღემდე საკუთარ მოსისხლე მტრებად მიმაჩნია, ხოლო "ასავალ-დასავალი" და სოსო ჯაჭვლიანი მოკეთეებად. რასაკვირველია, ნაცებისათვის ეს გაუგებარია (ისინი ხომ ილია ჭავჭავაძის შემოქმედებას არ კითხულობენ და მაინცდამაინც არც სააკაშვილი დაინტერესებულა ოდესმე, როგორი მენტალიტეტის ხალხი ვართ ყვარლელები, მიუხედავად იმისა, რომ სახლი იყიდა აქ და დღედაღამ დაშლიგინებს ჩემი მშობლიური ყვარლის ქუჩებში) და ამიტომ, როცა განვაცხადე, დღედაღამ ვმუშაობ, რათა "ქართულმა ოცნებამ" არჩევნებში გაიმარჯვოს-მეთქი და "ქართული ოცნების" ლურჯი მაისურით დამინახეს, ნაცები შოკში ჩაცვივდნენ. ამას ისინი არ მოელოდნენ. მათ ეგონათ, რომ ჩემზე ჭკვიანები იყვნენ და მომატყუებდნენ, მაგრამ კოვზი იმ ნაცარში ჩაუვარდათ, რომელ ნაცარსაც უკვე წლებია, "ტაბულას," "იმედის," "რუსთავი 2"-ის, "პირველი არხის," დიდწილად რადიო "თავისუფლების," "რეალტივის" და სხვა მედიასაშუალებების მეშვეობით აყრიან ხალხს თვალში. ნურას უკაცრავად! ვერ მოგართვით. მე შესანიშნავად ვარჩევ, ვინ ვინ არის და რა არის საჭირო და აუცილებელი მოცემულ ვითარებაში(საერთოდ, ფიქრშიაც როგორ გაივლეთ, რომ "ქართულ ოცნებას" ღიად არ დავუჭერდი მხარს?!). გარეგნობა, ზედაპირი ხშირად მაცდურია. პრიმიტიული აზროვნების ხალხს ჰგონია, რომ დამნაშავის ამოცნობა გარეგნობით არის შესაძლებელი. მსოფლიოში იმდენი სიმპათიური მკვლელი, მოძალადე და ნაძირალა დაიარება და ავაზაკური გარეგნობის იმდენი უპატიოსნესი ადამიანი, ლაჩრული გარეგნობის იმდენი გმირი და იმდენი ომახიანი ლაჩარი, ამდენი ვერც კი შეიძლება წარმოვიდგინოთ. მე სულ უფრო მიმყარდება რწმენა, რომ ბიძინა ივანიშვილის ერთადერთი მიზანი ქვეყნის წინსვლა, სამართლიანობის დამყარება, კეთილდღეობა და ადამიანური, სიყვარულზე დაფუძნებული საზოგადოების ჩამოყალიბებაა. თავდაპირველად მე ამაში დიდი ეჭვი მეპარებოდა, რადგან ამდენი წლის მანძილზე საქართველოში ამდენი საზიზღრობის და სიცრუის მომსწრე გავხდი, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი ეტყობა, მართლა ის ადამიანია, ვინც არ ცრუობს და ნამდვილად სურს ქვეყნის ბედნიერება. ის ერთ-ერთი უდიდეს ქართველ და მსოფლიო მასშტაბის სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეთაგანია. ის რომ არ გამოჩენილიყო, საქართველო დიდი ალბათობით მინიმუმ 20 წლით შეაფერხებდა განვითარებას, მაქსიმუმ კი: სამუდამოდ. იდგა ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი. რასაკვირველია, გასაკრიტიკებელია, რომ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლა დაიგვიანა, ეს ვერ არის სანაქებო საქციელი (და ეს ის საქციელი იყო, რის გამოც წინათ ძალიან ვიყავი გაბრაზებული მასზე), მაგრამ საკუთარი ყოყმანი მან ერთიათად აანაზღაურა ბოლო დროს გამოჩენილი გმირობით და დაამტკიცა, რომ ქართველი მამულიშვილი ყოფილა და ტყუილი სულაც არ არის ის, რასაც მის განუზომელ სიკეთეზე საუბრობენ. ხალხმა მხარი მის მილიარდებს კი არ დაუჭირა, როგორც ეს ცოცხთა 0,00001 %-იანი პარტიის წარმომადგენლებს სურთ წარმოაჩინონ, არამედ მის ადამიანობას და სიკეთეს, ანუ იმას, რასაც ნაცარხები და ნაცექსპერტები "სოციალურ კაპიტალს" უწოდებენ, თორემ ბადრი პატარკაციშვილს მასზე გაცილებით მეტი მატერიალური სახსრები გააჩნდა და არჩევნებში ხალხისაგან ამის მეათედი მხარდაჭერაც არ მიუღია, მიუხედავად იმისა, რომ არათუ პატარკაციშვილი, არამედ შარაგზის ნებისმიერი ლოთი იმსახურებდა იმას, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ გამართულ არჩევნებში ღირსეულად გაემარჯვა. თურმე ჩვენ, ვინც ამდენი წლის მანძილზე მ. სააკაშვილს ვებრძოდით, მიტინგებზე ვათენ-ვაღამებდით, არჩევნებში კენჭს ვიყრიდით, გიჟები ვყოფილვართ, თურმე ჩვენ ახირებული ხალხი ვიყავით და გვსიამოვნებდა წლების მანძილზე დახვრეტის, დაჭერის და წამების შიშის ქვეშ ცხოვრება! თურმე სააკაშვილი, რომელმაც მთელი ქვეყანა საკონცენტრაციო ბანაკად და მკაცრი რეჟიმის შრომა-გასწორებით კოლონიად გადააქცია, ღარიბების, ქალების და ჰომოსექსუალების უფლებების დამცველი ყოფილა, გული შესტკიოდა მათზე! ამაზე დიდი ცინიზმი და საზიზღარი სიყალბე ხომ ისტორიას ძნელად ახსოვს. სააკაშვილი, რომლის პოლიტიკა და მთელი სახელმწიფო მანქანა იქითკენ იყო მიმართული, რომ ათასობით გაუპატიურებულ ქართველს მის წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის გამო უპირველეს სასჯელად ხალხის მხარდაჭერა და თანაგრძნობა კი არ მიეღო, არამედ ზიზღნარევი სიბრალული და გარიყვა, თურმე ჰომოსექსუალების და ქალების სექსუალურ იდენტობას იცავდა და თურმე ცოცხების პარტია ის ძალა ყოფილა, რომელმაც "ქართული ოცნება" უნდა დააბალანსოს! თქვენი პარტია გაქრება! პირისაგან მიწისა აღიგვება თქვენი პარტიის სახსენებელი. მე "წინასაარჩევნო რიტორიკაში ჩარჩენილი" კი არ ვარ, არამედ მთელ ცხოვრებას მივუძღვნი, რათა ყველას ავუხსნა, თუ რა საშინელებასთან ჰქონდა საქმე ქართველ ხალხს თქვენი პარტიის სახით. საქართველო ჯერ კიდევ არ არის დასავლეთევროპული ტიპის სახელმწიფო. იქ, დასავლეთში სხვადასხვა პარტიები კი არ აგინებენ, არამედ წინასაარჩევნო პროგრამებს უპირისპირებენ ერთმანეთს; მაგალითად, ვიღაცას ჯანდაცვაში ჩადებული მეტი სახსრები სჭირდება, ვიდრე განათლებაში, ამიტომ ის ხმას აძლევს იმ პარტიას, რომელიც უკეთეს ჯანდაცვას ჰპირდება, ვიღაცას ინდუსტრიული ან სულაც, პოსტინდუსტრიული თუ მუშათა პარტიის პროგრამა მოსწონს, ხალხს კი თქვენს პროგრამაზე არც უფიქრია, ხალხს თქვენი დამარცხება კი არა, თავიდან თქვენი სამუდამოდ მოშორება უნდოდა. ამიტომ, აბა, მალე მოცოცხეთ პოლიტიკიდან და თავი დაგვანებეთ. ხოლო "ქართული ოცნების" ლიდერებს რაც შეეხება, დიდ ოპტიმიზმს და იმედს გამოვთქვამ, რომ საქართველოს მოსახლეობა არ შემცდარა, რომ არჩევნებში მათ მისცა ხმა.



ფოტო: ჩემი ქავერი

14.10.2012

 

 

 

მთავარი

ბიოგრაფია

ნაწარმოებები

დაკავშირება

 

 

შეიძინეთ რომანი "ჭენება" საქართველოს მაღაზიებში

 
 
Copyright © David Chutlashvili. Alle Rechte vorbehalten