ლიტერატურის მომავალი

სააკაშვილის რეჟიმი ღიად და დაუფარავად მტრობდა მეცნიერებას და ხელოვნებას, ხოლო რეჟიმის წარმომადგენლების დამოკიდებულება ხელოვანების და მეცნიერების მიმართ ცინიკური და ძალიან დამამცირებელი იყო. დღეს საქართველოს ახალი ხელისუფლება ჰყავს, რომლის აქტივისტიც პირადად ვარ, რომელსაც მე აბსოლუტურად უანგაროდ მოვუგროვე ხმები და რომლის წარმომადგენლების გასამარჯვებლად წლების მანძილზე უმძიმეს პირობებში თავდაუზოგავად ვიბრძოდი.

მე ამდენი იმიტომ არ მიბრძოლია, რომ ძველი სისტემები დარჩენილიყო და სხვათა სამართლიანი ინტერესების იგნორირების ხარჯზე პირადი კეთილდღეობა მომეწყო, მე უპირველეს ყოვლისა იმიტომ ვიბრძოდი, რომ სისტემა დემოკრატიული და ადამიანური გამხდარიყო, ძირითადად კი იმ დარგთან მიმართებით, რომელსაც მე წარმოვადგენ. სასიკეთო ცვლილებები უდავოდ ჩანს, ამიტომ იმედი მაქვს, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში მეცნიერების და ხელოვნების მიმართ დამოკიდებულებაც შეიცვლება.

ლევან რამიშვილის და კახაბერ ბენდუქიძისეული ცინიკური, აგდებული და დილეტანტური დამოკიდებულება ლიტერატურის მიმართ საქართველოში სამუდამოდ უნდა დამთავრდეს! სამუდამოდ უნდა დამთავრდეს ლიტერატურის ბედის ანაბარა მიგდების და ლიტერატურაში ფავორიტიზმის ერა, სასოწარკვეთილების, მაამაბლობის და მონობის ერა; დაუშვებელია, რომ თავმოყვარე საზოგადოებამ ლიტერატურის ბედი მხოლოდ ბაზარს მიანდოს, არ დაეხმაროს თანამედროვე მწერლობას, ხოლო ამ ყველაფრის პარალელურად ფარისევლურად იფშლუკუნოს წარსულში მცხოვრები დიდი მწერლების გასაჭირზე და ძეგლები უგოს მათ, ვისაც ზურგი შეაქცია მაშინ, როცა ისინი ჯერ კიდევ ცოცხლობდნენ. ნამდვილ ლიტერატურას, ღირსეულ მწერლობას, მწერლობას, რომელიც ცვლის აწმყოს და საფუძველს უყრის უკეთეს მომავალს, სახელმწიფოს და საზოგადოების მხრიდან ყოველთვის მაქსიმალური მხარდაჭერა სჭირდება.

მაქვს კონკრეტული ინიციატივა და პროექტი, რაც ქართული ლიტერატურის სამომავლო ბედს უკავშირდება და რაც მისი განხორციელების შემთხვევაში ააღორძინებდა ამ დარგს; აუცილებელია, რაც შეიძლება მალე შეიქმნას ლიტერატურის დახმარების და ხელშეწყობის სახელმწიფო ფონდი, რომელსაც ექნება ლიტერატურული გრანტების გაცემის უფლებამოსილება, მაგრამ როგორ უნდა შეიქმნას და მოეწყოს ეს ფონდი იმგვარად, რომ თავიდან ავიცილოთ შესაძლო სუბიექტური ხასიათის გართულებები? თუ ჩვენ შევქმნით ფონდს, რომელსაც ჟიური ეყოლება და მას ვანდობთ იმის გადაწყვეტას, თუ რომელ ავტორს უნდა მიეცეს გრანტი, ეს ჩვენ ვერ მოგვცემს იმის უეჭველ გარანტიებს, რომ ჟიურის შესაძლო წევრები დაზღვეულები იქნებიან სუბიექტივიზმის და პოლიტიკური ჩარევისაგან, ამიტომ საჭიროა, თავად საზოგადოებამ გადაწყვიტოს, თუ ვინ იმსახურებს გრანტს. საჭიროა, მწერალმა, რომლის მიმართ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი დადებითად არის განწყობილი, გრანტი ჟიურის არსებობის გარეშე მიიღოს. ყველაზე კარგი მსაჯული არის საზოგადოება, ამიტომ საზოგადოებას უნდა დავუტოვოთ უფლებამოსილება, თუ ვისი ნაწარმოებების წაკითხვა სურს მას. ამიტომ თუ საქართველოში არსებობს 10 000 ადამიანი მაინც, ვისაც ამა თუ იმ მწერლის შემოქმედება მოსწონს, ამ მწერალმა გრანტი უნდა მიიღოს, ხოლო იმის უზრუნველსაყოფად, რომ ლიტერატურა სოლიდურად დაფინანსდეს და არა რაღაც გროშებით და ლიტერატურის მხარდაჭერა საზოგადოების კეთილდღეობის საერთო დონის მატების კვალდაკვალ გაიზარდოს, საჭიროა, კანონმდებლობაში განისაზღვროს არა კონკრეტული თანხები, არამედ ლიტერატურის, როგორც ქვეყნის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული დარგის საგრანტო დაფინანსების ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობის მინიმუმ 0,01 %-ის ოდენობით, თანაც ისე, რომ მწერალმა, რომლის შემოქმედება 10 000 ადამიანს მაინც მოსწონს, რომელსაც გააჩნია ლიტერატურული მოღვაწეობის სულ მცირე 5-წლიანი სტაჟი და რომლის შემოქმედების შესახებ არსებობს დარგის ექსპერტების (ლიტერატურათმცოდნეები და ლიტერატურის კრიტიკოსები) სულ მცირე 10 ძირითადად პოზიტიური ხასიათის დასკვნა, ყოველწლიური გრანტის სახით მიიღოს მნიშვნელოვანი თანხა.

რასაკვირველია, იმ მწერლებმა, ვისი შემოქმედება უფრო მეტ ადამიანს მოსწონს, უფრო მეტი დაფინანსება უნდა მიიღონ, მაგრამ ფონდის მატერიალური სახსრები უნდა განიკარგოს იმგვარად, რომ ვერავინ შეძლოს სხვაზე 5-ჯერ მეტი დაფინანსების მიღება. ასე მაგალითად, თუ მწერალს 10 000 მკითხველი ჰყავს, ვისაც მისი შემოქმედება მოსწონს, ის გრანტის სახით მიიღებს მინიმალურ საბაზისო დაფინანსებას, რაც ერთ ავტორზე შეიძლება გაიცეს, ის, ვისაც 20 000 მკითხველი ჰყავს 2-მაგ ოდენობას და ასე 50 000 მკითხველამდე. მინიმუმის 5-მაგი ოდენობის თანხას მიიღებს როგორც ის, ვისაც 50 000 მკითხველი ჰყავს, ასევე ის, ვისაც 1 მილიონი მკითხველი ჰყავს.

ახლა რასაკვირველია, ისმის შეკითხვა, რა მოხდება მაშინ, თუ ფონდში განსაკუთრებით ბევრი განაცხადი შევიდა და მან ვერ უზრუნველყო თანხების იმგვარად განკარგვა, რომ ყველამ შესაბამისი გრანტი მიიღოს? ასეთ შემთხვევაში იმოქმედებს თანხების სამართლიანი განკარგვის ზოგადი პრინციპი და მთლიანი თანხა გადანაწილდება მწერლებზე მათი პოპულარობის მიხედვით, ოღონდ ისე, რომ ამ შემთხვევაშიაც ვერავინ შეძლოს ყველაზე სათითაოდ გასაცემი თანხის 5-მაგ ოდენობაზე მეტის მიღება. ასე მაგალითად, მწერალი, რომელსაც 10 000 მკითხველი ჰყავს, რომლებსაც მისი ნაწარმოებები მოსწონთ, მიიღებს იმის მეხუთედს, რასაც 50 000 და მეტი მკითხველისაგან შემდგარი ფანკლუბის მქონე მწერალი. ამასთან ერთად მწერალმა ფონდს თავად უნდა წარუდგინოს რაიმე ობიექტური სახით არსებული უტყუარი ცნობები და გადამოწმებადი მასალა იმ რაოდენობის მკითხველების არსებობის შესახებ, რაც საჭიროა ამა თუ იმ ოდენობის გრანტის მისაღებად, იქნება ეს სოციალურ ქსელებში გახსნილი ფანკლუბის გვერდის მისამართი თუ ხელმოწერები შესაბამისი სახელის და გვარის, საცხოვრებელი ადგილის და ტელეფონის ნომრის მითითებით, რათა ფონდის წარმომადგენლებმა ადვილად შეძლონ წარდგენილი მასალების სანდოობის გადამოწმება. ამასთან ერთად, ყალბი ცნობების წარმდგენ პირს ზედიზედ 2 საკონკურსო წლით უნდა აეკრძალოს ფონდში ხელახალი განაცხადის წარდგენა, ხოლო მეორეს მხრივ ავტორს უნდა შეეძლოს ფონდის გადაწყვეტილების გასაჩივრება სასამართლოში.

იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი განაცხადების საერთო რაოდენობა 2000-ს გადააჭარბებს, უპირატესობა მიენიჭებათ იმ კონკურსანტებს, რომლებიც სრულყოფილ განაცხადს უფრო მალე წარადგენენ ვიდრე დანაჩენები; აღნიშნული პრინციპის მიხედვით ფონდის ადმინისტრაცია კონკურსანტების წინასწარ საერთო რაოდენობას დაიყვანს 2000-მდე, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ დაუშვებელია, ფონდმა (ამ მიზნით გამოყოფილი მთლიანი შიდა პროდუქტის 0,01 %-ის ეკვივალენტი თანხით) დააფინანსოს 500 კონკურსანტზე მეტი, ამ შემთხვევაში უპირატესობა უკვე იმ კონკურსანტებს მიენიჭებათ, ვისაც უფრო მეტი გულშემატკივარი ჰყავს ვიდრე დანარჩენებს და ვისი შემოქმედებაც შესაბამისად უფრო მეტ მკითხველს მოსწონს. ამასთან ერთად, თუ სასამართლო გადაწყვეტს, რომ დაირღვა საკონკურსო პირობები ერთბაშად 250-ზე მეტი განმცხადებლის მიმართ, დაინიშნება ხელახალი კონკურსი, ხოლო მთელი წინა კონკურსის შედეგები ბათილად გახდება ცნობილი.

აქ მოცემულ პროექტში მე ჩამოყალიბებული მაქვს მინიმუმზე მინიმუმი, ის, რაც აუცილებელია იმისათვის, რათა ლიტერატურა, როგორც დარგი საქართველოში საბოლოოდ არ ჩაკვდეს, თორემ ის, რომ დარგის ხელშეწყობის და განვითარებისთვის შესაძლოა გამოიყოს არა მშპ-ს 0,01%-ის ეკვივალენტი თანხა, არამედ უფრო მეტი და დაფინანსდეს არა 500 მწერალი, არამედ კიდევ უფრო მეტი კიდევ უფრო მეტი თანხით, სულაც არ იწვევს ჩემში წინააღმდეგობას და ეს მთლიანად პარლამენტის და ფონდის ადმინისტრაციის გადასაწყვეტია.

მოკლედ, ეს არის ის ძირითადი, უცვლელი და ფუნდამენტური პრინციპები, რის საფუძველზეც უნდა მომზადდეს და ძალაში შევიდეს შესაბამისი კანონპროექტი, თუ ჩვენ გვსურს, რომ ქვეყანაში ლიტერატურა აღორძინდეს და ის ნამდვილად თავისუფალი და დამოუკიდებელი გახდეს. წინა ხელისუფლების დროს ჩვენში ლიტერატურას ისეთივე სტატუსი ჰქონდა, როგორიც მაგალითად, ნავთობპროდუქტების მრეწველობას (!!!), ხოლო როცა ჩვენ, მწერლები ამაზე ვწუხდით, "საბჭოთა წარსულის გადმონაშთებს" გვიწოდებდნენ (სხვათა შორის, ნაცბანდის წარმომადგენელი იგივე ხალხი, აქეთ-იქით უაზროდ რომ დაფრინავდა, ხშირად ჩადიოდა დასავლეთ ევროპაში, ევროპელებს აკრიტიკებდა და ქედმაღლურად მოძღვრავდა, "თქვენ კომუნისტები ხართ და ადამიანების გაზარმაცებას უწყობთ ხელს, ამდენი სოციალური პროგრამება და პროექტი რომ გაქვთო"), რომლებსაც "ლიბერალისტური ეკონომიკის პრინციპები არასათანადოდ ესმით." ლიტერატურა არასოდეს იქცევა იმდენად მომგებიან დარგად, რომ მას არ დასჭირდეს საზოგადოების მხარდაჭერა, ამიტომ მისი მიგდება საბაზრო ეკონომიკის ველური, შემთხვევითი და ირაციონალური წესების ამარა არის დანაშაული, ჩადენილი მთელი კაცობრიობის წინაშე. დღეს ჩვენ ყოველწლიურად 25 მილიონით ვაფინანსებთ "საზოგადოებრივ მაუწყებელს," დაახლოებით კიდევ ერთი ამდენით, ეკლესიას, რაც ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობის 0,2 %-ზე მეტს შეადგენს, ხოლო თუ ჩვენ ლიტერატურისათვის ამ უზარმაზარი თანხების მეოცედსაც კი არ გავიმეტებთ, ლიტერატურისათვის, რაც საზოგადოებისთვის გაცილებით უფრო საჭირო დარგია, ვიდრე ("საზოგადოებრივი მაუწყებლის" სახით გამოხატული) ჟურნალისტიკა და მითუმეტეს, რელიგია (რომელიც თუ მე მკითხავთ, სრულებით არაფერში გვჭირდება და რასაც თანამედროვე ადამიანისათვის იგივე ფუნქცია გააჩნია, რაც აპენდიციტს აქვს), მოვიმკით ძალიან სავალალო და უფრო მეტიც, განუსაზღვრელი და არაპროგნოზირებადი მასშტაბების კატასტროფულ შედეგებს როგორც ახლო, ასევე ძალიან შორეულ მომავალში, სამუდამოდ გვეყოლება რა სულიერად განუვითარებელი და მორალურ-ფსიქოლოგიურად ცარიელი ინდივიდები, ხოლო საზოგადოების გაჯანსაღება და რეალური განვითარება ისევ მარტოდ დარჩენილი ერთეულების გმირულ შრომასა და დაუფასებელ თავგანწირვაზე იქნება დამოკიდებული.



სალვადორ დალი. სიზმარი, გამოწვეული ფრენით

26.02.2013

 

 

 

მთავარი

ბიოგრაფია

ნაწარმოებები

დაკავშირება

 

 

შეიძინეთ რომანი "ჭენება" საქართველოს მაღაზიებში

 
 
Copyright © David Chutlashvili. Alle Rechte vorbehalten