ვისწავლოთ სიყვარული და პატივისცემა!

საქართველოში, ხალხის მნიშვნელოვან ნაწილში არ არსებობს განსხვავებული სექსუალური იდენტობების მქონე ადამიანების პატივისცემის ელემენტარული კულტურაც კი. ქართველებისათვის ზოგი განსხვავებული სექსუალური იდენტობის მქონე ადამიანი ონანისტია, ზოგი ქალების მუსუსი, ზოგი პედერასტი, ზოგი კახპა, ზოგი ექსჰიბიციონისტი და ა. შ. საქართველოში თვით ყველაზე განათლებული და პროგრესულად მოაზროვნე ადამიანებიც კი ნაკლებად აცნობიერებენ, რომ "ონანისტს" სოლოსექსუალი უნდა უწოდოს, "ქალების მუსუსს" თუ "კახპას" პოლიამანტი, "პედერასტს" ჰომოსექსუალი და ლგბტ-ადამიანი, ხოლო ექსჰიბიციონისტს ნუდისტი და რაც მთავარია, ყველა სექსუალური უმცირესობის მიმართ გამოხატოს მაქსიმალური პატივისცემა და სიყვარული. მე უამრავჯერ მისაუბრია სრულიად განსხვავებული მრწამსის და მსოფლშეგნების ადამიანებთან მსგავს საკითხებზე და ყოველთვის ირონიულ და არასერიოზულ დამოკიდებულებას ვაწყდებოდი მათგან. ხოლო თუ ირონიის ტახტრევანიდან ჩამოდიან და სერიოზულად ეკიდებიან ანალოგიურ საკითხებს, ქართველები როგორც წესი, საპირისპიროს გაიძახიან. გავრცელებული ფრაზებია: "თუ ძმა ხარ, რა დროს სექსია, იქცევა ქვეყანა." ან: "აი, ჯერ არჩევნებს მოვრჩეთ და მერე ვნახოთ." საქართველოში ყოველთვის არჩევნებია, ხელისუფლება ყოველთვის აყალბებს არჩევნებს და საუბედუროდ ყოველთვის ხდება მნიშვნელოვანი პრობლემებით არანაკლებ მნიშვნელოვანი პრობლემების გადაფარვა. რასაკვირველია, არავინ კამათობს, რომ არჩევნების, პენსიების ან სულაც, საავტომობილო გზების მოწესრიგების თუ სოციალურად დაუცველების, მედიის თავისუფლების და უმუშევრობის კომპენსირების საკითხები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხებია, მაგრამ ჩვენ არ უნდა დავუთმოთ მთელი დრო და ყურადღება მხოლოდ ერთ ან რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს. რასაკვირველია, ჩვენ ვცხოვრობთ ექსტრემალურ, არაადამიანურ გარემოში, გარემოში, სადაც ელემენტარული სამოქალაქო უფლებების და თავისუფლებებისთვის გამუდმებული ბრძოლა გვიწევს, მესმის, რომ ვერ მიაღწევ ოდნავ წარმატებასაც კი, თუ ასექსუალური საკითხებით მაქსიმალურად არ დაკავდი, მაგრამ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ პირადი, ექსკლუზიური გარემო და სექსუალური იდენტობა არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე მუდმივად გაყალბებული არჩევნები თუ ასევე არაადამიანური და ყოვლად სამარცხვინო შრომის კოდექსი. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ვინმეს დაცინვიდან მის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯია, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ არ უნდა დავცინოთ და შეურაცხყოფა არ უნდა მივაყენოთ განსხვავებული სექსუალური იდენტობების მქონე ადამიანებს. ამ სამყაროში ყველა ჩვენთაგანს განსხვავებული და ძალიან ინდივიდუალური სექსუალური იდენტობა გაგვაჩნია, ზოგს მოსწონს, როცა ვინმეს მის პარტნიორთან აქვს სექსი, ზოგს პირიქით, სექსი სხვის პარტნიორთან უნდა ან სულაც, მასტურბაცია მოსწონს და მარტოობა ურჩევნია, ხოლო თუ ჩვენ ყველა ერთმანეთს შევიძულებთ იმის გამო, რომ ერთმანეთისაგან განვსხვავდებით, ყველას ყველასთან ომი მოგვიწევს (და, ფაქტობრივად, ვომობთ კიდეც საუბედუროდ). ომები რომ თავიდან ავიცილოთ, დაუშვებელია ვინმეს დამცირება, დაცინვა ან ვინმეზე სხვა რაიმე სახის ძალადობა სექსუალური ნიშნით. მე უფრო მეტსაც გეტყვით: სექსუალურ უმცირესობებს აქვთ უფლება უმრავლესობის დაცინვის, მაგრამ უმრავლესობას ანალოგიური მორალური უფლება უმცირესობების მიმართ არ გააჩნია. ამის განხორციელება სახელმწიფოს რეპრესიული აპარატით კი არ უნდა იქნეს უზრუნველყოფილი, არამედ უპირველეს ყოვლისა ელემენტარული შინაგანი კულტურა და თვითშეგნება უნდა გვეყოს საამისოდ, დღეს კი ყველაფერი საუბედუროდ პირიქით ხდება, პირიქით, უმრავლესობა დასცინის უმცირესობებს. რას ნიშნავს უმრავლესობა? უმრავლესობა სინამდვილეში ფიქციაა, უმრავლესობის არსებობა არის მითი და ამ მითს რეალობასთან იმდენად მცირე საერთო აქვს, როგორც წვიმის წვეთებს ფანჯარაზე უმაღლეს მათემატიკასთან. სექსუალური უმრავლესობა არის მხოლოდ სოციალური კლიშე, ანუ, ვიღაც მონსტრი ოდესღაც დააჯდა სექსუალურ იდენტობათა სფეროს და თქვა, რომ "ყველა ადამიანს ესა და ეს მოსწონს!" რომ "ყველა ადამიანი უნდა იყოს ასეთი და ასეთი!" ხოლო განსხვავებული, ინდივიდუალური სექსუალური იდენტობის ქონა ამ მონსტრმა დანაშაულად და ცოდვად გამოაცხადა, რომელიც სულ მინიმუმ დაცინვასა და გაკილვას უნდა იმსახურებდეს. არაადამიანური, გულისამრევი, ბარბაროსული დამოკიდებულება! მე ამ საკითხებზე ხშირად მისაუბრია ლგბტ-აქტივისტებთან და მე შთაბეჭდილიება მრჩება, რომ უმრავლესობა მათგანი, ვინც განსხვავებული სექსუალური იდენტობების მქონე ადამიანების (მაგალითად ჰომოსექსუალები და ბისექსუალები) დასაცავად იბრძვის, ნათლად ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს ინდივიდუალური სექსუალური იდენტობების არსებობის მნიშვნელობას. უფრო სწორად რომ ვთქვათ, მათი დიდი ნაწილი, ვინც ჰომოსექსუალების უფლებებს იცავს, სრულიად შეუწყნარებელ და აულაგმავ დამოკიდებულებას ავლენს კონკრეტიზაციის მეტი საჭიროების მიმართ. ეს ადამიანები ხშირად როგორც წესი, მართალია, აღიარებენ ჰომოსექსუალ, ლესბოსელ თუ ბისექსუალ ადამიანებს, მაგრამ საუბედუროდ ასევე ხშირად თავად უწყობენ ხელს ამავე სექსუალური უმცირესობების შესახებ სტერეოტიპების გავრცელებას. მათთვის საზოგადოება სექსუალურ ინდივიდუმებად კი არ იყოფა, არამედ მკაცრად განსაზღვრულ რამდენიმე სექსუალურ კატეგორიად, რომლებიც ბერლინის კედლის მსგავსი კედლებით არიან გამიჯნულები ერთმანეთისაგან. მაგალითად მათ ავიწყდებათ, რომ ყველა ჰომოსექსუალი მონოგამი არ არის, არც ყველა ჰეტეროსექსუალს მოსწონს პოლიგამიური კავშირები და ა. შ. და რომ ბრძოლა უნდა წარმოებდეს მთლიანად ადამიანის გასანთავისუფლებლად სტერეოტიპების, დამცირების და კლიშეების მონობისაგან, ადამიანის გასანთავისუფლებლად კონკრეტულად მისი ინდივიდუალური სექსუალური იდენტობის ნიშნით მის მიმართ განხორციელებული უპატივცემულობის, და შეურაცხმყოფელი და სახიფათო დამოკიდებულებებისაგან! ბევრი ლგბტ-აქტივისტი დღეს საუბედუროდ თავად არის ახლებური ტიპის ირონიული და მამხილებელი დისკურსის ავტორი, დისკურსისა, რომელიც მიმართულია არა (ფსევდო)უმრავლესობის (რაც გასაგები და მისასალმებელი იქნებოდა), არამედ სხვა უმცირესობების მიმართ. ეს არის ახალი ტიპის კოლაბორაციონიზმი, კომპრომისული დამოკიდებულება იქ, სადაც წესით არავითარი კომპრომისი უნდა არსებობდეს (მე მტკიცედ ვემხრობი უინსტონ ჩერჩილის თეზას, რომ ფაშიზმთან ბრძოლაში კომპრომისები დაუშვებელია). მსგავსი დისკურსი არის მლიქვნელობა (ფსევდო)უმრავლესობის წინაშე, და თქმა იმისა, რომ "აი, მე წესიერი უმცირესობა ვარ, ამიტომ შემიბრალე და მოდი ახლა ავდგეთ და ერთად ჩავქოლოთ სხვა, "ცუდი" უმცირესობები ან ის უმცირესობები, რომლებიც უმცირესობათა შესახებ ჩვენს შორის შეთანხმებულ სტერეოტიპებს ამსხვრევენ და ეწინააღმდეგებიან." ეს არის ინდივიდუალიზმის წინააღმდეგ ჩამოყალიბებული კომპრომისი, რაც დაუშვებელი და აბსოლუტურად მიუღებელია. ადამიანის სექსუალური იდენტობის სირცხვილის მარწუხებისა და ყოველდღიური ძალადობისაგან სრულფასოვანი განთავისუფლება იმიტომ კი არ არის საჭირო, რომ უზნეობას და პიროვნების დეგრადაციას შევუწყოთ ხელი, არამედ იმისათვის, რათა სამართლიან და ადამიანურ საზოგადოებაში ვიცხოვროთ. ამისათვის კი უპირველეს ყოვლისა საჭიროა ვაღიაროთ, რომ სამყაროს შეცნობას განვაგრძობთ, რომ ვემხრობით სკეპტიციზმს და მეცნიერებას და არა ცრურწმენებს და რელიგიას. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ძალიან ცუდად ვიცნობთ საკუთარ სულს, რომ რელიგიური განმარტებები ადამიანის სულის და ცხოვრების წესის შესახებ უკიდურესად პრიმიტიული და აბსურდულია, რომ სამყარო და ადამიანის სული, შესაბამისად, ადამიანის ზოგადი სექსუალური იდენტობა ძალიან ცუდად არის შესწავლილი (ამ მხრივ მდგომარეობა საქართველოში უკიდურესად კატასტროფულია. თუ, მაგალითად, საქართველოში ჯერ კიდევ კამათობენ იმის შესახებ, რომ ადამიანი მაიმუნისაგან გაჩნდა, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი აღიარებს და ემორჩილება რელიგიურ ცხოვრების წესს და ადამიანის სექსუალობის მიმართ რელიგიურ და არა მეცნიერულ დამოკიდებულებას), ხოლო ის მცირედიც კი, რაც შესწავლილი და დადასტურებულია უტყუარი ემპირიული და ფილოსოფიურ-ლოგიკური მეთოდოლოგიის შედეგად ადამიანის სექსუალური ფსიქოლოგიის სფეროში, ის მცირედიც კი, პრაქტიკაში კვდება და მასების რელიგიურ და მდარე ცხოვრების წესსა და შეხედულებებში ითქვიფება და უფერულდება. შედეგად ამისა ჩვენ ვიღებთ საოცრად არაადამიანურ და უკეთურ გარემოს, სადაც ტერორი და სექსუალური ძალადობა ცხოვრების მისაბაძ და სამაგალითო წესად არის აღიარებული, სადაც ფაქტობრივი მოძალადე და ფაქტობრივი ტერორისტი კეთილ, პატიოსან და უმწიკვლო პიროვნებად არის გამოცხადებული, ხოლო ადამიანის მზადყოფნა სხვათა დასახმარებლად, "სხვის ცხოვრებაში ჩარევად" და "ძალადობად." ფიზიკაში ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ მაგალითად ფარდობითობის თეორიამ დაამსხვრია მანამდე არსებული რელიგიური წარმოსახვები სამყაროს შესახებ, მივაღწიეთ იმას, რომ მთელი კაცობრიობა და მათ შორის, საქართველოც დღეს პრაქტიკული თვალსაზრისით უშუალოდ იმკის გალილეო გალილეის, იოჰან კეპლერის, ისააკ ნიუტონის, ალბერტ აინშტაინის შრომის შედეგებს, რელიგია შედრკა და უკან დაიხია ამ ადამიანების გენიის წინაშე, მაგრამ მათგან განსხვავებით ის უზარმაზარი და არანაკლები შრომა, რასაც ჩვენ, ანუ, ფილოსოფოსები, მწერლები, მოაზროვნეები და ფსიქოლოგები სოციალურ და ყოფით საკითხებში ვეწევით, ფიზიკოსების შრომებისაგან განსხვავებით სრულიად უშედეგოდ რჩება. ფაქტია, რომ რელიგიას ჩვენი არ ეშინია, ფაქტია, რომ კაცობრიობის ტექნიკური პროგრესი სულ უფრო უსწრებს მისივე ზნეობრივ პროგრესს და მორალის საკითხებში ვერაფრით ვახერხებთ რელიგიური წარმოსახვების დამსხვრევას. ამ მხრივ ნორვეგიამ, ჰოლანდიამ, შვედეთმა, ისლანდიამ, ესტონეთმა, ლიტვამ, გერმანიამ, ზოგადად, განვითარებულმა ქვეყნებმა ბოლო ათწლეულებში მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწიეს, მაგრამ საქართველო ამ პროცესებისაგან სრულიად განყენებული დარჩა და უფრო მეტიც, კიდევ უფრო ჩაიძირა ადამიანის სექსუალობაზე პრიმიტიული წარმოსახვების ჭაობში. ხოლო მათ გასაგონად, ვისაც მეცნიერების სწამს, ვისაც ადამიანური ცხოვრება სურს და სურს, გაარკვიოს, რა ტიპის სექსუალური მორალის დამკვიდრებას ვცდილობ, რათა მომბაძოს და ექსკლუზიურ გარემოში ჩემი წესებით იცხოვროს, ვეტყვი, რომ წესები არ არსებობს! სექსში ყველაფერი დასაშვებია, რაც ეროტიკული თვვალსაზრისით სიამოვნებას გვანიჭებს და დაუშვებელია სექსში რეცეპტების და დოგმების არსებობა. მაგრამ იმის მიუხედავად, რომ გამუდმებით ამ სიტყვებს ვიმეორებ, მე მუდმივად მიკიჟინებენ, რომ თურმე ჩემი ნაწერებით ადამიანების პირად ცხოვრებაში ვერევი, რომ ვლახავ ადამიანების პირად არჩევანს და რომ ჩემი ნაწერებით პროპაგანდას ვუწევ უზნეობას, და ამას სწორედ ის ხალხი აკეთებს, ვინც პირდაპირ აუპატიურებს ქალებს და ყოველდღიურად ეწევა ყოვლად უზნეო და აღვირახსნილ სექსუალურ ძალადობას. თურმე მე, დავით ჩუთლაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ სიმართლე ჩემს მხარესაა და მეცნიერების და ხელოვნების პოზიციებს ვიცავ, უნდა გავჩუმდე. თურმე სექსზე ლაპარაკი და იმ უზარმაზარი პრობლემების გამომზეურება, რის წინაშეც დღეს ყველა ჩვენთაგანი დგას, სექსიზმი და გარყვნილება ყოფილა! ეს რომ სასაცილო იყოს, გამეცინებოდა, მაგრამ მე სულაც არ მეცინება. ეს სულაც არ არის დავით ჩუთლაშვილის ბრძოლა, ეს ყველა თქვენთაგანის ბრძოლა უნდა იყოს, ყველა თქვენთაგანი უნდა მიხვდეს, რომ იმას, რასაც მე ვაკეთებ, მარტო საკუთარი თავისთვის კი არა, საყოველთაო კეთილდღეობისათვის ვაკეთებ, ყველა უნდა მიხვდეს, რომ სექსი არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე მაგალითად, არჩევნები და ყველა უნდა მიხვდეს, რომ ძალადობისაგან უნდა დავიცვათ არამარტო ჩვენი ხმის უფლება, არამედ საკუთარი სექსუალური იდენტობაც და თავისუფლებაც. თქვენ შორიდან კი არ უნდა უყურებდეთ ჩემს ყოველდღიურ მარცხს პრიმიტიულ შეხედულებებთან ბრძოლაში, როგორც გარეშე პირები, ვისაც ეს არ ეხება, არამედ უნდა გააცნობიეროთ, რომ ჩემი ყველა მარცხი არის პირადად თქვენივე დამარცხება. თუ ოდნავზე ოდნავი სურვილი მაინც გაგაჩნიათ, გაიჩინეთ რამდენიც გსურთ, იმდენი საყვარელი, ისეირნეთ ღამით ქალაქის ქუჩებში, ტყეებში, ათენეთ ღამეები მდინარის პირას, ყველაზე მეტი ყურადღება იმ ადამიანებს დაუთმეთ, ვისთან ურთიერთობაც ყველაზე მეტად გსიამოვნებთ, ხოლო თუ გეშინიათ, რომ ჯოჯოხეთში მოხვდებით, ნუ გეშინიათ, რადგან ჯოჯოხეთი არ არსებობს; თუ ვინმე ოდნავ მაინც ზღუდავს თქვენს პირად თავისუფლებას, სულ ოდნავ დისკომფორტს მაინც თუ გიქმნით ვინმე იმის გამო, რომ თქვენ ისე ცხოვრება გადაწყვიტეთ, როგორც მხოლოდ თავად გსურთ, თავი დაანებეთ ასეთ არსებებს და მათკენ ნუღარასოდეს გაიხედავთ, სანამ ისინი სრულად არ გააცნობიერებენ თავიანთ დანაშაულს და შეცოდებას. მაგრამ თუ სულით მონები ხართ, თუ თავად არ გაქვთ გაცნობიერებული თავისუფლების მნიშვნელობა და შინაარსი, მაშინ მე ვერაფერში დაგეხმარებით და გეტყვით, რომ თქვენ ცხოვრობთ ზუსტად ისე, როგორც უნდა ცხოვრობდეთ და ნუღარ წუწუნებთ ჩემთან თქვენი პირადი თავისუფლების ხელყოფის გამო იმიტომ, რომ ადამიანი მხოლოდ მაშინ არის მონა, როცა სულით ხდება მონა, და თუ სულით მონები ხართ, მაშინ იმსახურებთ კიდეც ისეთ ცხოვრებას, როგორი ცხოვრებითაც ცხოვრობთ. ადამიანი, რომელიც სხვას შესაძლებლობას აძლევს, შეზღუდოს მისი სექსუალური თავისუფლება, არის საზოგადოებისათვის ძალიან საშიში ადამიანი, ასეთი ადამიანი აიტანს ყველაზე უსაზარლეს ტირანიასაც კი, ხოლო მისი პროტესტი ძალმომრეობის წინააღმდეგ არის არა თავისუფლების სასარგებლოდ გამოხატული პროტესტი, არამედ პროტესტის თვითმიზანი, პროტესტი იმისათვის, რათა ძველი ბატონი ახლით ჩაანაცვლოს და ამიტომ მე ყველაზე მეტად ასეთებს არ ვენდობი. ხოლო თუ ვინმე ფიქრობს, რომ ხელისუფლების შეცვლა პანაცეაა და ყველა მისი პრობლემა ამ ხელისუფლების წასვლით დამთავრდება, ძალიან ცდება, რადგან პოლიტიკოსებს სინამდვილეში არც თუ ისე დიდი ძალაუფლება აქვთ, როგორც ისინი ტრაბახობენ ხოლმე. ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ: ყველაზე ცუდ მწერალს ძალიან ბევრ საკითხში იმაზე გაცილებით უფრო დიდი ძალაუფლება აქვს, ვიდრე ყველაზე კარგ პოლიტიკოსს, ხოლო როცა ყველაზე კარგ და ნიჭიერ მწერალსაც კი არ შეუძლია, მისდამი კომპეტენტურ საკითხებში უკეთესობისაკენ ძალიან სწრაფად შეცვალოს რაღაც, რას უნდა მოველოდეთ ისეთი ცუდი და უნიჭო პოლიტიკოსებისაგან, როგორებიც ჩვენი პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი არიან?! თქვენ უბრალოდ, არ უნდა იფიქროთ, რომ თქვენი საარჩევნო ხმა თუ თქვენი ყოველდღიური ყოფითი საქციელი არაფერს შეცვლის, თქვენ არ უნდა იფიქროთ, რომ გავლენა და ძალაუფლება არ გაქვთ. თუ ადამიანურ ცხოვრებას თავად მოვისურვებთ, წინ ვერავინ და ვერაფერი დაგვიდგება.



ფოტო: Fotolia

15.09.2012

 

 

 

მთავარი

ბიოგრაფია

ნაწარმოებები

დაკავშირება

 

 

შეიძინეთ რომანი "ჭენება" საქართველოს მაღაზიებში

 
 
Copyright © David Chutlashvili. Alle Rechte vorbehalten