არჩევანის თავისუფლება

არსებობს ქალისა და მამაკაცის სტერეოტიპები, მაგრამ ამ სტერეოტიპების გვერდით არსებობს ასევე ქალების და მამაკაცების სასურველი სახეები. ჩემთვის ჩემი დადებითი პერსონაჟი ქალები ისეთი ქალები არიან, როგორებიც მსურს, რომ ზოგადად იყვნენ ქალები. ჩემთვის სექსუალური თავისუფლება უპირველეს ყოვლისა არის არჩევანის შესაძლებლობა. დღეს მე არჩევანი არ მაქვს. დღეს მე არ შემიძლია მქონდეს ურთიერთობა სრულფასოვან ქალებთან. ასეთი ქალები დღეს არ არსებობენ. დღეს საქართველოში თვით ყველაზე უძლიერესი ქალებიც კი ძირითადად არასრულფასოვანი, ჩამოუყალიბებელი ადამიანები არიან, რომლებსაც არ შეუძლიათ, ღირსეული პარტნიორობა გაუწიონ სრულფასოვან მამაკაცს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზოგადად ქალია ბიოლოგიურად ჩამოუყალიბებელი და არასრულფასოვანი არსება და ევენტუალურად ყველა ქალი არის ასეთი. პატრიარქატმა აქცია ქალები ასეთებად. ოდესმე, როცა სოციალურ თავისუფლებას და თანასწორობას მოვიპოვებთ, აუცილებლად იარსებებენ მამაკაცის შესაძლებლობების მქონე ქალები, მაგრამ თუ უახლოეს მომავალში ქვეყანაში თავისუფლების და თანასწორობის მიმართულებით არაფერი შეიცვალა და ყველაფერი არსობრივად ძველებურად დარჩა, ეს იმდენად გვიან მოხდება, რომ ამ დროისათვის ძვალიც აღარ იქნება ჩემგან დარჩენილი. ქალების ძირითადი პრობლემა დღეს ის არის, რომ ისინი თავად აყენებენ საკუთარ თავებს მამაკაცების უკან. მათი შინაგანი თავისუფლების ხარისხი უკიდურესად დაბალია. დანარჩენ მსოფლიოშიც არ არის ბევრად უკეთესი მდგომარეობა. გადახედეთ ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატების სიას. ქალი ამ სიაში მხოლოდ რამდენიმე პროცენტია და ამ რამდენიმე პროცენტის ნაწარმოებების ხარისხიც ნობელიანტ მამაკაცებზე ხშირად გაცილებით უფრო დაბლა დგას. ბოლო ათწლეულში ქალი ნობელიანტების რიცხვმა ლიტერატურის დარგში საბედნიეროდ შედარებით მოიმატა, ამ დარგში 2002 წლიდან დღემდე 3 ნობელიანტი ქალი გვყავს, მაგრამ ლიტერატურის უმაღლესი მწვერვალები ჯერაც მამაკაცებს უპყრიათ -- სერვანტესს, ბუნინს, შოლოხოვს, ბეკეტს (ერთადერთი გამონაკლისი ელფრიდე იელინეკია)... თუ ქალები ჩვენ, მამაკაცებს კვარცხლბეკიდან კინწისკვრით მოგვისვრიან, ამის გამო მადლობის მეტს არაფერს ვიტყვი, მივალ რომელიმე მათგანთან, გავიცნობ და ყავაზე დავპატიჟებ. მე მინდა კარგი ცხოვრება, კარგი ურთიერთობები, კარგი სექსი, მე მახრჩობს ეს უგემოვნობა ჩემს გარშემო. ფული, ფული... მაინც რა ჯანდაბის ყიდვას შევძლებ ფულით, როცა გარემო ასე ცუდია? სიმდიდრე/ძალაუფლება არის ერთგვარი გამოცდა. ზოგი აბარებს ამ გამოცდას, ზოგი კი ვერა. მე გამიჭირდებოდა თქმა, როგორი ვიქნებოდი, რამდენიმე მილიარდი რომ მქონოდა. ალბათ ზუსტად ისეთივე, როგორიც დღეს ვარ; კარგი მეოჯახე არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ ადამიანებში ძირითადად სულიერებას ვაფასებ, ხოლო დღეს იმდენად მძიმე, უნდობლობით სავსე გარემოში ვცხოვრობთ და იმდენად ხანმოკლეა სიცოცხლე იმისათვის, რათა ასეთ გარემოში კარგად გაიცნო ორიოდე ადამიანიც კი, რომ მილიარდები ჩემს პირად ცხოვრებას დაღს ვერ დაასვამდა. ან უნდა განუდგე ყველაფერ ცუდს და მხოლოდ საკუთარი ცხოვრებით დაკავდე, ან ეცადო, აქციო ცხოვრება უკეთესად. განდგომა და გარიყულობა გამოსავალი არ არის, რადგან ადამიანი სოციალური არსებაა, ადამიანს საზოგადოება სჭირდება, ხოლო როცა არსებობს უზარმაზარი ინტელექტუალური, ზნეობრივი თუ მატერიალური უფსკრული შენსა და დანარჩენებს შორის, თავს ძალაუნებურად იმდენად ცუდად გრძნობ, იმდენ წვრილმან თუ დიდ უსიამოვნებას გიქმნის ყოველდღიური გარემო, რომ შეუძლებელია, ასეთ გარემოში ბედნიერად იგრძნო თავი მარტომ, თუ გონიერების ნასახი მაინც გაგაჩნია. ამიტომ გონიერი ადამიანი ყოველთვის ცდილობს, რაც შეიძლება შეამციროს უფსკრული მასსა და დანარჩენებს შორის, რათა სულ უფრო მეტი ინტელექტუალური და მდიდარი ადამიანი იყოს მის გარშემო. უბედურება ისაა, რომ ბევრი შეცდა მიხეილ სააკაშვილში (მე არ შევმცდარვარ, თავიდანვე არ მომწონდა ეს კაცი და არც არჩევნებში მიმიცია მისთვის ხმა); ბევრს სწამდა, რომ მას საკმაო განათლება ჰქონდა საიმისოდ, რათა ჩემს მიერ ზემოთქმულ ელემენტარულ ჭეშმარიტებებს მიმხვდარიყო. სააკაშვილი ჩემთვის ჯერ კიდევ გამოცანაა. მე არ მესმის, როგორ შეიძლება იყოს კოლუმბიის უნივერსიტეტში განათლებამიღებული კაცი, კაცი, რომელიც რამდენიმე ენაზე თავისუფლად საუბრობს, ამდენად გონებაშეზღუდული და სულიერად ღატაკი, ამდენად მტრულად განწყობილი სულიერების და სულიერი ფასეულობების მიმართ. ცხოვრებამ ძალიან მკაცრი გამოცდა მოგვიწყო სააკაშვილის სახით. პირადად მე მის ქცევებს უმეტესწილად ვერავითარ ახსნას ვერ ვუძებნი. ამიტომ პირველი, რაც უნდა მოხდეს მისი უბადრუკი მმართველობის დასრულების შემდეგ, აუცილებლად უნდა აღდგეს ნდობა და ურთიერთგაგება ადამიანებს შორის. პირადად მე ტრილიონ დოლარს ერთი კარგი ქალი მირჩევნია. ქალს იმდენი მაინც უნდა შეეძლოს, რომ მენდობოდეს. დღეს მე ელემენტარული სულიერი კომფორტი და წესრიგიც კი მაკლია. ქალი მეგობრები არ მყავს. მე მყავს მხოლოდ თაყვანისმცემელი ქალები, რომლებსაც რასაც ვეტყვი, იმას გააკეთებენ. ისინი ინიციატივას თავად არასოდეს იჩენენ. მე არ მჭირდება მონა ქალი და ქალი-დრაკონი, მე მჭირდება ქალი მეგობარი და პარტნიორი. რა ბევრს ვითხოვ, არა? მიმიფურთხებია ამ ცხოვრებისათვის. უკიდურესად ვარ გამწარებული. კარგი ლიდერი ქალები თითქმის არ არსებობენ. კარგი ლიდერი მამაკაცებიც ძალიან დიდი იშვიათობაა: იცხაკ რაბინი, ბარაკ ობამა და ერთი-ორი კიდევ სხვა. იცით, რატომ არის ობამა დიდი პიროვნება? იმიტომ, რომ მას ბოლომდე სჯერა ადამიანური იდეალების, თანამედროვე ქალს კი ადამიანური იდეალების ბოლომდე არასოდეს სწამს იმიტომ, რომ უნდობლობით არის მოწამლული ამ უბადრუკი წყობის მიერ. ობამამ შეიძლება ხელი ჩამოართვას ისეთებს, როგორებიც პუტინი და სააკაშვილი არიან, მაგრამ ობამა შინაგანად ყოველთვის მაინც ობამად დარჩება, ქალი კი, თუ პუტინს ხელს ჩამოართმევს, მისი სულის და სხეულის ნაწილი მიეწებება და თან გაჰყვება. არათუ ობამას, არამედ კინაღამ ყველაზე სუსტ და უსუსურ და ბოროტ მამაკაცსაც კი შეუდარებლად უფრო მეტი შინაგანი თავისუფლება და შესაბამისად, სიკეთე აქვს, ვიდრე ყველაზე ძლიერ ქალს. ეს არის ტრაგედია. მე მოვალე ვარ, სიმართლე ვწერო. იქნებ, რაღაც შეიცვალოს უკეთესობისაკენ, იქნებ ქალები მიხვდნენ, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, რომ ეს სრული კატასტროფაა. მე მინდა, ქალი ლიდერები გვყავდეს, მე მინდა, ქალი მწერლები გვყავდეს და არა ბოროტი, ვერაგი და ჭირვეული დესპოტები ქალების სახით, როგორც ეს დღესაა. მე კონსერვატორი ვარ, მაგრამ მე ნეოკონსერვატორი ვარ, ჩემი იდეალიზმი, ეს არის ნეოკონსერვატიული იდეალიზმი, და როგორც ჭეშმარიტი ნეოკონსერვატორი და სკეპტიკოსი ფემინისტი და ლგბტ-აქტივისტი, არ ვენდობი მემარცხენეების, ლიბერალების თუ ნეოლიბერალების გულუბრყვილო თუ ვერაგულ პათოსს. ამერიკას საუკუნეები და უდიდესი სოციალური ძვრები დასჭირდა, რათა ელ გორის, ჯონ სტეინბეკის და ბარაკ ობამას მსგავსი მამაკაცები წარმოეშვა. ლიდერ ქალებს ლამის სანთლითაც კი ვერ იპოვი სააკაშვილის მიერ უარესად დაჩიავებულ მთელ ამ უბადრუკ ქვეყანაში. მიჩვენეთ ერთი ძლიერი ლიდერი ქალი მაინც და მე მზად ვარ, პირველი დავუდგე მას მხარში. ასეთი ქალები არ არსებობენ. არსებობენ მხოლოდ მეტნაკლებად ძლიერი ლიდერი ქალები, ისიც მხოლოდ რამდენიმე და ისინიც საკმაოდ სუსტები არიან. სიცრუე, ამპარტავნება და მორჩილების სული ძვალსა და რბილში აქვთ გამჯდარი თანამედროვე ქართველ ქალებს, ისინი მამაკაცების მორჩილები არიან, ყველაზე ძლიერ ლიდერ ქართველ ქალებსაც კი აქ მამაკაცები მართავენ. ქალები ყოველთვის საკუთარი ნებასურვილის წინააღმდეგ მოქმედებდნენ და ისინი ჩემს ნებასურვილს გაუწევენ ანგარიშს?! მეორეს მხრივ, ქალები აქ საოცრად პრეტენზიულები, ჭირვეულები და დესპოტურები არიან მათ მიმართ, ვინც კარგად ექცევა მათ. სრული აღრევა გვაქვს. აი, ამ მდგომარეობამდე მიიყვანა ქვეყანა სააკაშვილის ნეოლიბერალისტურმა ექსპერიმენტებმა "ახალი ქართველის" გამოსაყვანად. ხოლო "ქართულ ოცნებას" რაც შეეხება, რეგრესული ჯგუფების გვერდით ამ კოალიციაში თავი მოიყარეს ძირითადად იმ ძალებმა, რომლებიც ხედავენ ამ საშინელებას და სურთ თავისუფალ და ადამიანურ გარემოში ცხოვრება. მე მჯერა, რომ ჩემს მიერ ბოლოს დასახელებული ამ ძალების წარმომადგენლები (და მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ), თუ დაინახავენ, რომ ქვეყანა ისევ არასწორი გზით მიდის, ისევ ყალბდება არჩევნები და ისევ მოსპობილია არჩევანის თავისუფლება, ისევ ოპოზიციაში დადგებიან და ისევ შეეცდებიან, კიდევ ერთხელ უშველონ ქვეყანას, მაგრამ მე ძალიან დიდი ეჭვი მეპარება, რომ ეს კიდევ საჭირო გახდეს ოდესმე. მთავარი არჩევანის თავისუფლებაა, სამართლიანი საარჩევნო გარემო და სამართლიანი, გაუყალბებელი არჩევნები. თუ ამას მივაღწევთ, ყველაფერი კარგად იქნება, მათ შორის ყველა ჩვენთაგანის პირად ცხოვრებაში, ხოლო თუ ისევ არჩევანი წაგვართვეს, ჩვენ ისევე არ გვქნება ცხოვრება, როგორც დღეს არ გვაქვს, განურჩევლად იმისა, რამდენი ფული გვაქვს და რა ფერის თვალები გვაქვს, თორემ სულაც არ არის აუცილებელი, რომ კოალიციის ყველა წევრის ყველა შეხედულება ემთხვეოდეს ჩემი, როგორც კოალიციის მხარდამჭერის ყველა შეხედულებას იმისათვის, რათა მთლიანად კოალიციამ მოიპოვოს ჩემი მხარდაჭერა. ასეთი რაღაც დამახასიათებელია ტოტალიტარული სისტემებისათვის, ტოტალიტარული "აზროვნების" სტილისათვის, რასაც სააკაშვილი ამკვიდრებს და რაც საქართველოში სამუდამოდ უნდა დამთავრდეს მისი რეჟიმის აღსასრულთან ერთად თუ მის გარეშე.



ფოტო: Fotolia

06.09.2012

 

 

 

მთავარი

ბიოგრაფია

ნაწარმოებები

დაკავშირება

 

 

შეიძინეთ რომანი "ჭენება" საქართველოს მაღაზიებში

 
 
Copyright © David Chutlashvili. Alle Rechte vorbehalten