თათბირი

"წავაგებთ არჩევნებს," თქვა პრეზიდენტმა და დაამთქნარა.

კაბინეტი ახალი გარემონტებული იყო და ჯერ კიდევ საღებავების მძაფრი სუნი იდგა. შორს, ქუჩიდან ისმოდა მანქანების ხმაური და ბეღურების ჟღურტული.

პრეზიდენტი ადგა, პაკეტიდან ყავის ფხვნილი ჭიქაში ჩაყარა, მდუღარე წყალი ჩაისხა და მღვრიე სითხეს კოვზით მორევა დაუწყო. ის მანამდე ურევდა, სანამ ჭიქას ზედაპირზე მომცრო ზომის ბუშტუკები არ დააჩნდა.

"როგორ შეიძლება ასე მშვიდად იყო, როცა იცი, რომ არჩევნებს წააგებ?!" შუბლი შეჭმუხნა სქელკისერა კაცმა. კაცს მეტყველება ოდნავ უჭირდა და "ც"-ს კარგად ვერ გამოთქვამდა, "ყველა შეიშალეთ? გამოვაცხადოთ ომი, საგანგებო მდგომარეობა, თავზე დავიმხოთ ქვეყანა, რას ველოდებით?! იმას, ეს ხეპრეები ბოლოს როდის მოგვიღებენ? ციხის გისოსები მოგენატრათ? გინდათ, ჩვენს საყვარლებს სხვები დაასხდნენ? როდის აქეთ გახდით ასეთი გულგრილები? თქვენ მარტო თქვით, დამავალეთ! ახლავე წავალ. ნებისმიერ სიბინძურეს ჩავიდენ, ისტორიას რომ არ ახსოვს," კაცს ტირილი მოერია და ხმა ჩაეხრინწა. პრეზიდენტმა ცალი თვალით გადახედა მოტირალს და გაიცინა:

"ვანო, აუხსენი ერთი ამ სულელს, რას ნიშნავს წაგება."

"მე მაგის ნერვები არ მაქვს," გაიღიმა ვანომ, "გიგა აუხსნის, ლაპარაკი ჩემზე უკეთ ეხერხება. არა გიგა? აუხსენი ერთი ამას ყველაფერი."

"ასახსნელი არაფერია," თქვა გიგამ, "ან ხვდები, ან ვერა. ლექციების კითხვას აზრი არ აქვს. ეს უნდა იგრძნო. არა ყოველი გამოითქმის სიტყვით," გიგამ ამ სიტყვებით მოტირალს მხარზე ხელი დაარტყა,"ეჰ, გივი, გივი! როგორ შეუშინებიხარ ოპოებს! ამხელა კაცი ხარ, მთელი ცხოვრება პოლიტიკაში გაატარე და ჭკუა ჯერ კიდევ ვერ ისწავლე. როგორ ფიქრობ, განა რაღაც ბიულეტენებზე კალმით შემოხაზული ნაჯღაბნები დააკარგინებს ძალაუფლებას ჩვენნაირი მტაცებლების პარტიას, რომელიც მთელი ცხრა წლის მანძილზე საკუთარი ახირებების მიხედვით მართავდა ქვეყანას? როდის უნდა გახდე დიდი ბიჭი, როდის უნდა გაიზარდო? კარგი, ვთქვათ მართლა წავაგეთ არჩევნები, მერე რა! დიდი ამბავი, არჩევნებია, სხვა ხომ არაფერი..."

"როგორ თუ არჩევნებია და სხვა არაფერი? თქვენ სულ გაგიჟდით?" გივიმ თვალები გადაატრიალა, გაწითლდა, რითაც ტაფაზე დაგდებულ კიბორჩხალას დაემსგავსა და ამოიხრიალა, "არჩევნების წაგება სიკვდილს ნიშნავს!"

"აუ აუხსენი რამე ამ იდიოტს გიგა, თორემ ისეთი შეიშინებულია, შეიძლება ოპოზიცაში გადავიდეს," გაიცინა პრეზიდენტმა და გიგას თვალი ჩაუკრა, "ხომ იცი, ბევრს არ შესწევს სიღრმისეული განსჯის უნარი."

"ვანო, რამდენზე ვერ მოვახერხეთ კომპრომატების შეგროვება?" ჰკითხა პრეზიდენტმა გვერდით მჯდარ კაცს, რომელიც მოწყენილ სირაქლემას მოგაგონებდათ საკუთარი გარეგნობით.

ვანომ ცალი თვალი მოჭუტა, თითქოს რაღაცას უმიზნებსო და თქვა:

'ასე, ორმოცდაერთზე, ნუ, შეიძლება ორმოცდაორზეც," და გადაიხარხარა.

"გესმის გივი?" მოზეიმე სახით მიუბრუნდა პრეზიდენტი გივის, "შენ კიდევ, ნაღვლობ, არჩევნებს წავაგებთო. არჩევნების წაგება კი არა, ვირის ტოლმა. ან წავაგოთ არჩევნები, მერე რა! ეს საქართველოა, მეგობარო, დაწყნარდი, საქართველოა, გესმის? ჩვენ ვირთხები ვართ, ვირთხებს კი ბინძური, ბნელი და აქოთებული ადგილები მოსწონთ. საქართველო სწორედ ასეთი ადგილია. როგორ გგონია, როცა ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ, რამდენი ქართველი მამრი ურტყამს საკუთარ უმწეო, სიღატაკისგან მიმკვდარებულ ცოლს, ქალიშვილს, დედას ან ბებიას? ათასობით, შესაძლოა, ათიათასობითაც. ეს მხოლოდ ახლა, ამ წუთებში. და რა მოხდება ასეთმა ხალხმა რომ ინტერნეტის მეშვეობით ის ვიდეომასალები ნახოს, რაც ვანოს ულევად უწყვია საკუთარ სეიფში? დიდი სკანდალი მოხდება. აგერ, დილას იყო ვანოს აგენტი, ვახუშტი ჰქვია იმ აგენტს, არა ვანო?"

"კი, ვახო ჰქვია, ვახუშტი," თავი დაუქნია ვანომ და ჭიქაში გამაგრილებელი სასმელი დაისხა.

"ჰოდა, მივიდა ეს ვახუშტი დილას ერთ ოპოზიციონერთან. წინათ ის გოგო პოლიტკორექტულობით მაინცდამაინც არ გამოირჩეოდა და ვახუშტიმ შეასწავლა პოლიტკორექტულობა. 5-7 წუთში შეასწავლა საკითხი, ძალიან ნიჭიერი გამოდგა ის გოგო. ვახუშტიმ თქვა, გაოცებისაგან თვალები ყურებზე აუვიდა, როცა მოვუყევი, თუ როგორ ერთობოდა ამერიკაში სწავლის დროს სტუდენტების საერთო საცხოვრებელშიო. თვალები ყურებთან გაუერთიანდა თურმე საწყალს. მერე უტირია და ასე უთქვამს, "ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მეორედ დავკარგე ქალწულობაო." რა საყვარლობაა, არა ვანო?"

"კი, საყვარლობაა," ჩაიხითხითა ვანომ და კისერი საყელოში ჩარგო.

"მერე, როცა ვახუშტიმ ვიდეოფირი აჩვენა, რა ქნა იმ გოგომ?"

"ყველაფერი დაფქვა," თქვა ვანომ, "და ისეთი გახდა, როგორიც რძის ფლავია, როცა მას კატა დაადგება და სვლეპავს. თურმე გაუთავებლად ლუღლუღებდა: საიდან? როგორ? საიდან? როგორო?" ვახუშტი თურმე ლამის შეუყვარდა."

პრეზიდენტმა გადაიკისკისა და ყავა მოსვა.

"აი, რატომ გვყავს ასე ცოტა ქალი ქართულ პოლიტიკურ სივრცეში," თქვა პრეზიდენტმა, "ქალებს ჰყავთ ეჭვიანი მამები, ქმრები თუ ძმები. კაცი შედარებით რთული საჩალიჩოა, მაგრამ დღეს უკვე აღარ. ინტერნეტის ეპოქაა, ბევრს ეძალება "გაუკუღმართებული" ფანტაზიები, საქართველო კი ადგილიდან არ იძვრის. ჯიუტი ვირივით დგას და ერთ ადგილს ტკეპნის გიგას ფაშისტოიდური არასამთავრობო ორგანიზაციების და ჟურნალისტების წყალობით. სხვისი პირადი ცხოვრების მიმართ დამოკიდებულების და საკუთარი ღირებულებების გადაფასება არავის უნდა, ეს კი ჩვენთვის და ჩვენნაირებისთვის მისწრებაა. სანამ არსებობს ტაბუ სექსზე და სანამ სექსი უარყოფილია, მანამდე ყოველთვის იარსებებს ადგილი ჩვენთვის და ჩვენნაირებისთვის და ამას ვერავითარი საარჩევნო ბიულეტენი ვერ შეცვლის. გივი, ეს გასაგებია შენთვის?"

"დავიჯერო, ყველას პირადი ცხოვრება იცით და ყველაზე კომპრომატები გაქვთ?" პირი დააღო გივიმ გაოცებისაგან.

"ყველასი არა, ხომ გითხარი, 41 თუ 42 კაცი არის-მეთქი," ჩაიხითხითა ვანომ, "ან რა ვიცი, შეიძლება, ორმოცდასამიც. აბა შენ რა, გეგონა, ამ ცხრა წლის მანძილზე ბამბას ვპენტავდით? ვარჩევდით პერსპექტიულ ადამიანებს და ვუთვალთვალებდით. ხომ იცი, ეგ კი არადა, ჩვენ საერთაშორისო ჯგუფიც კი გვყავდა..."

"კი, ვიცოდი რომ გვყავდა, მაგრამ ამ დონის ჯგუფი თუ იყო, არ მეგონა," თქვა გამხიარულებულმა გივიმ, "ახლა მესმის, რატომაც ხართ კარგ ხასიათზე. წავაგებთ არჩევნებს, მაგრამ ჯერ კიდევ ჩვენი იქნება ძალიან ბევრი რაღაც ძალიან დიდი ხნის მანძილზე."

"უფ, როგორც იქნა, გაიგო," გაიცინა პრეზიდენტმა, "დავიდა ამის ჩლუნგ აზროვნებამდე. ხალხი... ხალხს ვინ რას ეკითხება! ხალხს როგორც ჩვენი ხოშია, ისე ვათამაშებთ, მარიონეტებივით. ისინი ვერც კი მიხვდებიან, რომ უხილავი ძაფები აქვთ ჩაბმული და ამ ძაფების სადავეები ჩვენ გვიპყრია ხელთ," ამ სიტყვებით პრეზიდენტმა ხელი აიქნია, "სანამ ხალხი გაუნათლებელია, სანამ მათ აზროვნებამდე არ დავა, რომ პროტესტი მხოლოდ მიტინგებზე დგომა და ღრიალი კი არ არის, არამედ სხვა რაღაცეებიც, მანამდე არაფერი ეშველებათ, მაგრამ ვინ აუხსნის და გააგებინებს მათ ამას? ვერავინ. მთელი მედიარესურსი ჩვენს ხელშია, დანარჩენი, ნაწილობრივ სრული უვიცების და დოყლაპიების, დანარჩენი კი ჩვენი აგენტების ხელში. რჩება მხოლოდ ძალიან მცირე და უმნიშვნელო პროცენტი. ჰოდა, სანამ ეს ასეა, სანამ არსებობს მკვლელობები ეჭვიანობის ნიადაგზე, სანამ არსებობს ქალიშვილობის ინსტიტუტი, სანამ არსებობს პირადი ცხოვრების გამო ვინმეს მარგინალიზაციის შესაძლებლობა და მსგავსი მშვენიერი ამბები, მანამდე ჩვენ არაფერი გვემუქრება. ადამიანი ქრთამის აღებას შეელევა, მაგრამ პირად ცხოვრებაზე უარის თქმა შეუძლებელია. ეს ყოველთვის იცოდნენ ბრძენმა წმინდა მამებმა. ამიტომ გაუმარჯოს ქალიშვილობის ინსტიტუტს! გაუმარჯოს ეკლესიას და მმკ-ს, რომელიც ამ ინსტიტუტს იცავენ! და გაგვიმარჯოს ჩვენ და ჩვენნაირებს, ვისაც გვაწყობს არადემოკრატიული პირადი ურთიერთობები! სხვათა შორის, ოპოზიციაში ჩვენნაირებიც მრავლად არიან, ხოლო გიგას ხალხის ნაწილი ყასიდად ვითომ უტევს ამ ყველაფერს და ესეც კარგია პიარის თვალსაზრისით. მთავარია, კონტროლი არ დავკარგოთ მაგ ხალხზე, ფემინისტები და ლგბტ თემი რომ ჰქვიათ. ეეჰ, გივი, გივი! სანამ ხალხი აზრზე მოვა, მანამდე თხუთმეტჯერ მოვახერხებთ ხელისუფლებაში დაბრუნებას. გაიმარჯვონ არჩევნებში, ერქვათ ხელისუფლება, მერე რა! ასე სანჩო პანსაც გახდა კუნძულ ბარატარიის გუბერნატორი. ერთის მხრივ ეს უკეთესიცაა, ზედმეტ ჭირს ავირიდებთ თავიდან. ხანდახან ძალაუფლება აუტანელი ხდება, ზუსტად ისევე, როგორც დიდი ხნის შეჩვეული საყვარელი," გადაიკისკისა პრეზიდენტმა, "ამ სულელებს ჰგონიათ, ამერიკა რყვნის ამათ. არადა, ამერიკაში რა, თავის დროზე არ იყვნენ ჩვენნაირები? რამდენიც გინდა, იმდენი იყო იქ ჩვენნაირი. მერე ამერიკელი ხალხი მიხვდა, რომ სექსზე ტაბუ მავნებელია დემოკრატიისათვის, და სექსუალური არჩევანის თავისუფლების გარეშე, ქალის და მამაკაცის თანასწორობის გარეშე, კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობის გარეშე ჩვენნაირი ტიპები ყოველთვის ისარგებლებენ შანტაჟით და ტერორით პირადი ცხოვრების ნიადაგზე. ქართველები ამას როდის მიხვდებიან?! ვერასოდეს. ასე რომ, შენ გული არ გაიტეხო, წავაგებთ ამ არჩევნებს, მაგრამ ჩვენი გავლენის სფეროები კიდევ დიდხანს დარჩება, იმდენხანს, რომ ვინ იცის, იქნებ, მოგვბეზრდეს კიდეც," პრეზიდენტმა ყავა დალია, ტუჩები მოიწმინდა და გივის თვალი ჩაუკრა.

ამის შემდეგ მათ პოლიტიკაზე აღარ ულაპარაკიათ. ილაპარაკეს ფეხბურთზე, ამინდზე, გაიხსენეს წარსული, "ერთად დგომა წვიმასა და ქარში," ერთმანეთის გაცნობის დღეები, ბავშვობის და სასწავლებლის ამბები. ყველა იცინოდა და ყველას მხიარული სახე ჰქონდა. ბოლოს ჩასხდნენ ჯიპებში და ქალაქგარეთ, რესტორანში გაემგზავრნენ.

ადრეული შემოდგომის ცხელი დღე იყო. უღრუბლო ცის ფონზე მოჩანდა დახუთული ქალაქის გამჭვირვალე რუხი ფერის მტვერში ჩაძირული თბილისის ისტორიული ნაწილი. ხეებს ოდნავ გაჰყვითლებოდათ შემჭკნარი ზურმუხტისფერი ფოთლები. ავლაბარში მიტინგი ეწყობოდა. ცუდად ჩაცმული, შიმშილისაგან გაფითრებული და ნირწამხდარი წვეროსანი ტიპები რელიგიური მოწოდებების შემცველი ტრანსპარანტებით ხელში იდგნენ და გაჰყვიროდნენ ათასგზის გაცვეთილ ლოზუნგებს. პრეზიდენტის თვალისმომჭრელი ცხოვრების ფონზე ისინი იმ ზღაპრულ აჩრდილებს ჰგავდნენ, წარსულის უფსკრულებიდან საცოდავად რომ ამოიმართებიან ხოლმე და ხანდახან სინანულის გაუმხელელ გრძნობას ბადებენ. მაგრამ პრეზიდენტი არაფერს ნანობდა. ის ფიქრობდა მისთვის კარგად ნაცნობი აურაცხელი ქალის თმასა და ფეხებზე და ერთმანეთს ადარებდა მათ.

დაცვამ მომიტინგეები განზე გასწია და კორტეჟს გზა გაუნთავისუფლა.

პრეზიდენტმა შეხედა ჯერ წვერგაბურძგნულ მომიტინგეებს, შემდეგ ვანოს და სიცილი აუტყდა. პრეზიდენტი ხალხს დასცინოდა.



სიმპსონები. საიდუმლო სერობა

09.04.2013

 

 

 

მთავარი

ბიოგრაფია

ნაწარმოებები

დაკავშირება

 

 

შეიძინეთ რომანი "ჭენება" საქართველოს მაღაზიებში

 
 
Copyright © David Chutlashvili. Alle Rechte vorbehalten