მოწოდებები

დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ელისო ჩაფიძემ განაცხადა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვაკანსიაზე გამოცხადებული კონკურსი ნაჩქარევია და კანონში ცვილილებებია შესატანი, რასაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრების და "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მხრიდან მწვავე შეფასებები მოჰყვა.

მე ვიზიარებ დეპუტატ ელისო ჩაფიძის პოზიციას, რომ ასეთ მცირე ვადებში მართლაც შეუძლებელია საზოგადოებამ სათანადოდ განიხილოს და შეაფასოს ის კანდიდატები, რომლებიც გამოცხადებულ კონკურსში იღებენ მონაწილეობას, ხოლო საზოგადოებრივი განხილვა და შეფასება ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს ტელევიზია არის საზოგადოებრივი მაუწყებელი და განსაკუთრებით ხაზგასმით უნდა ითვალისწინებდეს კიდეც საზოგადოების ინტერესებს. ჩემთვის საეჭვოა, რომ სამეურვეო საბჭომ ამ პირობებში სწორი გადაწყვეტილება მიიღოს, მაგრამ ნათქვამია, "ცდა ბედის მონახევრეაო" და აგერ, მეც ვიღებ მონაწილეობას ამ კომიკურ კონკურსში, თუმცა იმედი თითქმის სულ ოდნავიც არ გამაჩნია, რომ სამეურვეო საბჭო ახლა მაინც მიიღებს მომავალზე ორიენტირებულ და სამართლიან გადაწყვეტილებას. მინდა, შევქმნა ნამდვილი საზოგადოებრივი მაუწყებელი. ვიცი, რომ კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში უმძიმესი სამუშაოების ჩატარება მომიწევს, მაგრამ მე არასოდეს შემშინებია სირთულეების; მზად ვარ, ვებრძოლო ყველა სირთულეს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ არ ვიზიარებ იმ გაჟღერებულ პოზიციას, რომ თურმე "საზოგადოებრივი მაუწყებელი" უშუალოდ პრემიერ-მინისტრს უნდა დაექვემდებაროს. მსგავსი დაქვემდებარება, სულაც რომ ნამდვილად არ ჩაერიოს პრემიერ-მინისტრი ჟურნალისტების საქმიანობაში, მაინც თავისთავად იქნება საფრთხის შემცველი ამ ტელევიზიის თანამშრომელთა პიროვნული თავისუფლების და ჟურნალისტური საქმიანობის სწორად წარმართვის კუთხით. ასევე, მე წინააღმდეგი ვარ ერთ პიროვნებაზე მეტისმეტად ბევრი ფუნქციის დაკისრების. მსგავსი რაღაც ხდებოდა სააკაშვილის მმართველობის პირობებში, როცა პარლამენტმა საკუთარი ნებით შეიკვეცა უფლებამოსილებები და გადასცა ეს უფლებამოსილებები პრეზიდენტის ინსტიტუტს და რა სავალალო შედეგიც მოგვიტანა ამან, კარგად დავინახეთ. მტკიცედ ვიზიარებ აზრს, რომ ბიძინა ივანიშვილი უმნიშვნელოვანესწილად დადებითი პიროვნებაა, მაგრამ ჩვენ პიროვნებებს კი არ უნდა მოვარგოთ უფლებამოსილებები და დავაკისროთ ფუქციები, არამედ შევქმნათ ძალიან მყარი ინსტიტუტები, ხოლო "საზოგადოებრივი მაუწყებლის" უშუალოდ პრემიერ-მინისტრისათვის დაქვემდებარება პოზიტიურად ვერ წაადგება საზოგადოებრივი ინსტიტუტების შენების საკითხს. აქვე ისევდაისევ მინდა მოვუწოდო სამეურვეო საბჭოს, მიიღოს მომავალზე ორიენტირებული და სამართლიანი გადაწყვეტილება და მხარი დაუჭიროს ჩემს კანდიდატურას. "საზოგადოებრივი მაუწყებელი" უნდა იყოს საუკეთესო ტელევიზია, ობიექტური და სამართლიანი ფაქტების და მოვლენების გაშუქებისას. საჭიროა მეტ შემეცნებითობა, ჟურნალისტურ გამოძიებები, საზოგადოებრივი და პოლიტიკური თემატიკის უფრო აქტიური და მიუკერძოებელი განხილვა, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ყველა თანამშრომლისათვის; "საზოგადოებრივი მაუწყებელი" არ უნდა იყოს მეინსტრიმ-ტელევიზია, ის პოპულარიზაციას უნდა უწევდეს საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილ სახეებს, საინტერესო პიროვნებებს, ამ არხზე უნდა მუშაობდეს მეტი ინტელექტუალი, ეს არხი უნდა იყოს ძალიან საინტერესო და ამავე დროს ძალიან ინტელექტუალური. "საზოგადოებრივი მაუწყებელი" უნდა ცდილობდეს, მაქსიმალური ყურადღება მიაქციოს გენდერულ საკითხებს და გასწიოს აქტიური პროპაგანდა საქართველოში არსებული საზარელი გენდერული უთანასწორობის საბოლოოდ დასამარცხებლად, რათა დაიძლიოს დღეს არსებული ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა და ქალის და მამაკაცის სოციალური სტატუსი საბოლოოდ მყარად ერთგვაროვანი გახდეს საზოგადოებრივი თუ პირადი ცხოვრების აბსოლუტურად ყველა ასპექტში! "საზოგადოებრივი მაუწყებელი" არ უნდა გაურბოდეს სექსუალური უმცირესობების პრობლემატიკის განხილვას, უნდა იბრძოდეს სოციალური კლიშეების და უსამართლობის აღმოსაფხვრელად, სტერეოტიპების დასამსხვრევად და სხვადასხვა სოციალური ჯგუფების წარმომადგენლების ერთმანეთთან დასაახლოებლად.

აქვე მინდა გამოვეხმაურო იმ ფაქტს, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილს მანქანაში ჩაჯდომის შესაძლებლობა არ მისცეს, ქვები დაუშინეს მის ავტომანქანას და სცემეს პარლამენტის წევრები "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან." მე ვუერთდები პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის სიტყვას და პათოსს და მოვუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, მომავალში რაც შეიძლება ეფექტურად აღკვეთოს მსგავსი შემაშფოთებელი ფაქტები და გამოიძიოს ეს უმსგავსოება. მიუხედავად იმ საშინელი შეცდომებისა და საზარელი დანაშაულებებისა, რაც "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" მიუძღვის ქართველი ხალხის წინაშე, თავდასხმა პრეზიდენტის ესკორტზე და ფიზიკური ანგარიშსწორება თუ მსგავსი ანგარიშსწორების მცდელობა "ერთიან ნაციონალურ მოძრაობის" წევრების მიმართ პარლამენტში, ჩემს მიერ აღიქმება როგორც ზეწოლის მცდელობა პრეზიდენტის და პარლამენტის ინსტიტუტებზე ცალკეული მოზეიმე ჯგუფების მხრიდან და თავისთავად უკვე არის ძალიან შემაშფოთებელი ფაქტი. როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს ოპოზიციის წარმომადგენლების შეხედულებები (და მე შემიძლია ვთქვა, რომ პირადად ჩემთვის ძალიან ხშირად ძალიან აღმაშფოთებელია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრების უტიფრობა), ეს მაინც კატეგორიულად უნდა გამორიცხავდეს იმის დაშვებას, რომ გავამართლოთ ძალადობა. თუ არსებობს პრეტენზიები, ამ პრეტენზიებს უნდა ჰქონდეს კანონით მაქსიმალურად დაცული, დასაბუთებული და სამართლიანი ფორმა. ამასთან ერთად პრეზიდენტი არ არის მხოლოდ ფიზიკური პიროვნება, ეს არის ამავდროულად ინსტიტუტი და მე მიმაჩნია, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა ვისწავლოთ ინსტიტუტების პატივისცემა კანონის უზენაესობის და სამართლიანობის პრინციპების ფარგლებში. პირადად მე იმიტომ არ მიმიცია "ქართული ოცნებისათვის" ხმა და იმიტომ არ ვიბრძოდი დღედაღამ წლების მანძილზე თავდაუზოგავად ჯერ კიდევ მაშინ, როცა სხვები ყოველგვარი კრიტიკული დამოკიდებულების გარეშე გულმხურვალედ აქებდნენ და ადიდებდნენ სააკაშვილის რეჟიმს, რომ ვიღაცას უფრო ლამაზი თვალები ჰქონდა, ვიდრე სააკაშვილს ან პალიკო კუბლაშვილს და ვიღაც ჩემი ძმაა, გერლფრენდი ან სხვა ახლობელი. ძალიან მიყვარს ჩემი ნათესავებიც, თანამებრძოლებიც და მეგობრებიც, იმაზე გაცილებით უფრო მეტად, ვიდრე ეს ბევრ ვინმეს წარმოუდგენია, მაგრამ მთავარია სამართლიანობის პრინციპები და ჭეშმარიტება და ასევე საქართველოს ინტერესები. თუ ჩვენ ვუღალატებთ სამართლიანობას, ჰუმანიზმს და ჭეშმარიტებას, ვუღალატებთ საქართველოს და მოვუსპობთ მას ყოველგვარ მომავალს, ხოლო მე არ მინდა, რომ ვიღაცამ საკუთარ ფირმად ან ოფისად გადააქციოს ჩვენი სამშობლო, იქნება ეს სააკაშვილი თუ სხვა. საქართველო არის ევროპა და უნდა იყოს კიდეც სამაგალითოდ ლიბერალური და თავისუფალი საყოველთაო კეთილდღეობის ქვეყანა მთელ მსოფლიოში.



ეჟენ დელაკრუა. "ხალხი წარმართავს თავისუფლებას"

19.12.2012

 

 

 

მთავარი

ბიოგრაფია

ნაწარმოებები

დაკავშირება

 

 

შეიძინეთ რომანი "ჭენება" საქართველოს მაღაზიებში

 
 
Copyright © David Chutlashvili. Alle Rechte vorbehalten