სექსიზმი და ფემინიზმი

როცა პირველად ვთქვი, "ფემინისტი ვარ-მეთქი," არავინ დამიჯერა. მაშინ ეტყობა, ბევრისთვის იყო უჩვეულო, რომ მამაკაცი ქალებს უთანაგრძნობს. დღეს, როცა უკვე ამდენი ტექსტი მაქვს დაწერილი, საბედნიეროდ ბევრი ხვდება, რომ მე რეალურად ვწუხვარ მამაკაცისა და ქალის უთანასწორობის გამო და ვიბრძვი ქალთა უფლებებისათვის.

ამასწინათ საქართველოში მოხდა ერთი ასეთი ამბავი: ამერიკიდან მოწვეულმა პედაგოგმა ქალმა და ჯარისკაცმა გაიცნეს ერთმანეთი და გადაწყვიტეს, სექსი ჰქონოდათ. ისინი წავიდნენ მამაკაცის ბინაში და პედაგოგმა ქალმა მინეტი გაუკეთა ჯარისკაცს, მაგრამ როცა იგივე მოითხოვა მისგან, უარი მიიღო. გამწარებული მასწავლებელი წავიდა და მალევე პოლიციასთან ერთად დაბრუნდა, რის შემდეგაც ჯარისკაცს ბრალი დასდეს გაუპატიურებაში.

რეაქციონისტულ-კონსერვატიულმა ქართულმა პრესამ გამაყრუებელი ამბავი ატეხა: "ნახეთ, ქართველებს ამერიკელები როგორ ჩაგრავენ! ქართველი ჯარისკაცი ამერიკელი ქალისათვის სექსზე უარის თქმის გამო დაიჭირეს!" მე არ ვიცნობ ამ საქმის დეტალებს და არც ის ვიცი, წინასწარ რა შეთანხმება არსებობდა ამ ქალსა და მამაკაცს შორის, მაგრამ საქმის არსობრივი გარემოებებიდან გამომდინარე ეს მამაკაცი ნამდვილად დამნაშავეა. ქვეყნის პრესტიჟის გადასარჩენად (და სამწუხაროდ არა ამ ჯარისკაცის გამოსასწორებლად) სააკაშვილის მონა სასამართლო ალბათ მის გამამტყუნებელ განაჩენს მიიღებს და ამ ჯარისკაცს სამაგალითოდ მკაცრად დასჯის და ეს ჯარისკაცი ციხიდან ისე გამოვა, რომ არ ეცოდინება, თუ რის გამო დასაჯეს, მაგრამ მსგავსი გამამტყუნებელი განაჩენი საუბედუროდ არ დადგება ქალებზე მოძალადე და სექსისტი ათასობით მამაკაცის მიმართ, რომლებიც ქალებს მშვიდად აუპატიურებენ და თანაც ისე აუპატიურებენ, რომ მათზე განხორციელებული ძალადობის შესახებ ამ მამაკაცების პარტნიორმა ქალებმა არაფერი იციან. ის ქართველი ჟურნალისტები, რომლებმაც ჯარისკაცს თანაგრძნობა გამოუცხადეს, გაოცებულები არიან: "რატომ სჯიან ქართველ ჯარისკაცს? ეს ხომ ის არის, რასაც საქართველოში მამაკაცები ჩვეულებრივ აკეთებენ და რაზეც მათ პასუხს არავინ სთხოვს!" აი, ამდენად გაუთვითცნობიერებელია მასა საქართველოში საკუთარი უფლება-მოვალეობების შესახებ, ამიტომ აქ ძალიან რთულია, ფემინისტი გერქვას. ძალიან ხშირად სექსიზმისა და ფემინიზმის ურთიერთაღრევა ხდება, ძალიან ხშირად საქართველოში ფემინისტებს სექსისტის იარლიყს აკრავენ, ხოლო პირიქით -- პირწავარდნილი სექსისტები ქალებზე მზრუნველ და მოსიყვარულე არსებებად არიან შერაცხულები. თანაც საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ქალები ძალიან ხშირად ყველაზე დაუნდობელი სექსისტები არიან. დიახ, ეს ძალიან პარადოქსული და გამაოგნებელია, მაგრამ არავინაა საქართველოში იმაზე დიდი სექსისტი, ვიდრე ქართველი ქალი, ხოლო თუ ეს ქალი ამბობს, რომ ის ფემინისტია, კიდევ უფრო უარესი -- ის ძალიან ხშირად ამას აკეთებს ფემინისტურ საფარქვეშ თავისი რადიკალური სექსისტური იდეების გავრცელებისათვის. რატომ ხდება ეს? იმიტომ, რომ ქართველი ქალი ცდილობს, არ დაკარგოს პატივისცემა "საზოგადოების" მხრიდან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის ცდილობს, "რომის პაპზე უფრო კათოლიკე და მეფეზე უფრო როიალისტი იყოს." ეს იმიტომ, რომ საქართველოში სექსიზმი წახალისებულია. მას მხარდაჭერა აქვს ქართული, უკიდურესად პატრიარქალური და რეაქციონისტული წრეების მხრიდან. ამ წრეებს აქვთ ფული, ისინი ფლობენ მედიასაშუალებებს, მათ სურთ, რომ ქალი მხოლოდ სექსუალური ჟინის ობიექტი იყოს და არა სუბიექტი, ისინი მზად არიან, ფული გადაიხადონ იმაში, რომ ქალებმა მათი სექსუალური ჟინი დააკმაყოფილონ. ეს უკიდურესად რაფინირებული, მრავალსაუკუნეგამოვლილი დემონური სისტემაა, მასთან ბრძოლა არის უკიდურესად რთული და მე თვითონვე ძალიან გაოცებული ვარ, რომ ამ სისტემასთან გამკლავებას როგოღაც ვახერხებ. სექსისტებს სძულთ და ეზიზღებათ ქალები, მათ ისინი იმდენად სძულთ და ეზიზღებათ, რომ საკუთარი სხეულის ნაწილები -- საკუთარი გენიტალიებიც კი სძულთ და ეზიზღებათ იმიტომ, რომ ამ გენიტალიებით მათ ქალის სასქესო ორგანოებთან აქვთ კავშირი. თუ სექსისტები დასავლეთ ევროპაში ცდილობენ, პროპაგანდა გაუწიონ ცალმხრივ ორალურ კავშირს, -- კავშირის ისეთ სახეობას, როცა სექსუალური აქტის დროს მხოლოდ ქალს უდევს პირში მამაკაცის პენისი იმიტომ, რომ ამ სექსისტებისათვის ქალის პირის ღრუ ნაკლებად არის ზიზღისმომგვრელი, ქართველ სექსისტებს იმდენად ეზიზღებათ ქალები, რომ მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა ორგანოს მეშვეობით ექნებათ კავშირი ქალებთან, ხოლო ქალებს მამაკაცი მით უფრო მოსწონთ, რაც უფრო დაუნდობელი სექსისტი და ქალთმოძულეა ის. გავიხსენოთ თუნდაც ის ფაქტი, რომ ერთ-ერთი ყველაზე ქალთმოძულე მამაკაცი -- მ. სააკაშვილი 2004 წელს ქართველმა ქალებმა ხმათა უდიდესი უმრავლესობით აირჩიეს პრეზიდენტად; მეორე, არნაკლებ დიდი სექსისტი -- პატრიარქი ილია მეორე, დღემდე საკმაო პოპულარობით სარგებლობს და, უპირველეს ყოვლისა, ქალებს შორის. მათ ისე დემონურად მოაწყვეს სისტემა, -- სისტემა, რომელიც სექსუალურ თემატიკაზე ტაბუს აწესებს, რომ ყველა, ვინც არათუ სექსზე ლაპარაკობს, არამედ ვისაც სიტყვა "სექსი" უხსენებია ცხოვრებაში ერთხელ მაინც, მასის მხრიდან ავტომატურად აღიქმება როგორც სექსისტი და ხდება მისი მარგინალიზაცია. საკმარისია, ქართველმა ქალმა ჩათვალოს, რომ ნაზი, ალერსიანი, მოსიყვარულე და კეთილი მამაკაცი ხარ, რომ ინტერესს ჰკარგავს შენს მიმართ. მას ჰგონია, რომ ყველა ასეთი მამაკაცი სუსტი, უნებისყოფო, მხდალი და ლაჩარია და სექსში არაფრად ვარგა. ამასთან ერთად, საკმარისია, ქართველი ქალი ერთხელ მაინც იყოს დომინანტი სექსში, რომ მამაკაცს ზემოდან უყურებს და თავისზე ბევრად დაბლა მყოფ არსებად აღიქვამს, ამიტომ როცა ვამბობ, რომ ქართველი ქალები ქართველ მამაკაცებს ბევრით არაფრით სჯობიან და სექსისტები არიან-მეთქი, ეს სულაც არ არის ლიტონი სიტყვები. აქ რატომღაც დამკვიდრდა მოსაზრება, რომ ფემინისტი უნდა ებრძოლოს მამაკაცებს, ხოლო ქალებს დაყვავებითა და ენისმოჩლექით ესაუბროს (და ბევრი ფემინისტი საქართველოში სამწუხაროდ ასეც იქცევა). მე ფემინისტი იმიტომ ვარ და ქალთა უფლებებისათვის იმიტომ ვიბრძვი, რომ თანასწორობა მინდა და არა იმიტომ, რომ მამაკაცების ბატონობა ქალებზე მეორე, არანაკლებ ნეგატიური მოვლენით ჩანაცვლდეს და ახლა უკვე ქალები გაბატონდნენ მამაკაცებზე. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავივიწყოთ საზოგადოების დაყოფა ქალებად და მამაკაცებად, შავებად და თეთრებად, ჰომოსექსუალებად და ჰეტეროსექსუალებად. ყველა უნდა მიხვდეს, რომ ადამიანი (განურჩევლად იმისა, ქალია ის თუ მამაკაცი), რომელიც საჯაროდ ამბობს, რომ ორალური სექსი აქვს ვინმე ერთთან ან რამდენიმესთან ან/და სხვა ისეთი კავშირი მოსწონს, რომელიც ძირეულად განსხვავდება იმ კავშირებისაგან, რასაც რეპროდუქციული დანიშნულება აქვს, საზოგადოების ზუსტად ისეთივე სრულფასოვანი წევრია, როგორც ნებისმიერი სხვა, ვისაც სექსი არასოდეს ჰქონია ან ვინც სექსს მხოლოდ რეპროდუქციული მიზნებით იყენებს. ჩემი სუბიექტური აზრი თუ გაინტერესებთ, ასეთი ადამიანები შეუდარებლად უფრო მეტად იმსახურებენ პატივისცემას, ვიდრე ისინი, ვისაც უამრავი ღირსეული თაყვანისმცემელი ჰყავს, მაგრამ სექსს არცერთ მათგანთან "კადრულობს," მაგრამ ეს ჩემი სუბიექტური აზრია და ამ აზრს თავს არავის ვახვევ -- ვისაც სურს, იფიქროს ჩემნაირად ან არ იფიქროს ამ კონკრეტულ საკითხში, მაგრამ მე ვერასოდეს შევეგუები იმას, რომ ვინმემ ასეთებს მაღლიდან დაუწყოს ყურება და არ განიხილოს ისინი, როგორც მინიმუმ, ღირსეული ადამიანები და დანარჩენების თანასწორები აბსოლუტურად. ამასწინათ მე შევხვდი ერთ ლიბერალ ქართველ მამაკაცს, რომელმაც გამიმხილა, რომ მისი ცოლი გათხოვებისას არ იყო ქალიშვილი, მაგრამ მან ის მაინც ცოლად მოიყვანა. "რას ვიზამთ, შეცდომა მოუვიდა ადრეულ ასაკში," ამოიოხრა ამ მამაკაცმა. მე არ მითქვამს მისთვის: "არა, ეს სულაც არ იყო შეცდომა!" ასეთებთან კამათს არ ვაპირებ. უზენაეს იდეალებზე კამათი შეურაცხყოფს ამ იდეალების არსებით მნიშვნელობას. კამათი შეიძლება მხოლოდ ამ იდეალების მოქმედების არეალში, ანუ იმაზე, თუ როგორ განხორციელდეს ეს იდეალები მაქსიმალურად სიღრმისეულად, სწრაფად და ეფექტურად. მე წარმომიდგენია, ეს კაცი როგორ იფასებს თავს იმის გამო, რომ "სულგრძელობა გამოიჩინა" და "ნახმარ" ქალთან "სერიოზული" კავშირი საქვეყნოდ აღიარა (ქორწინება საქართველოში დღემდე კავშირის სერიოზულ სახეობად მიიჩნევა, სხვა დანარჩენი ყველაფერი კი -- არასერიოზულად და ისეთ ქალზე, რომელთანაც მამაკაცს სექსი აქვს და რომელთან ერთადაც ის თანაცხოვრობს, ყოველთვის შეუძლია თქვას, რომ ის მას მხოლოდ "ჟიმავდა" და ტრადიციული და გაბადრული საქართველო (ის ქართველები, რომლებიც ჯერ სააკაშვილს უჭერდნენ მხარს, ახლა ივანიშვილს უჭერენ მხარს და რომლებიც თუ მათ აზროვნებაში რაღაც ძირეულად არ შეიცვალა, მომავალშიაც რომელიმე უღირსს ამოთხრიან მიწიდან და ხელში აიტაცებენ) ერთხმად დაუკრავს ტაშს მის "მამაკაცურ ღირსებებს," ხოლო ქალის უბედურებას -- რომელიც ამდენ ხანს ასეთ უბადრუკ მამაკაცთან თანაცხოვრობდა, ისინი ნამდვილ და გულწრფელ თანაგრძნობას არასოდეს გამოუცხადებენ, ხოლო თუ გაკიცხავენ, არა ისე, როგორც ამას იელინეკი აკეთებს, რომელიც ცდილობს, ასეთ მამაკაცებს ქალები ჩამოაშოროს, არამედ გაკიცხავენ ისე, რომ რაც შეიძლება მალე დააფეხმძიმონ საბრალო ქალი რომელიმე უარესი ღორის ტილისაგან და სამუდამოდ დაუკავშირონ ამ ქალის ცხოვრება მისას). ეს მამაკაცი, ვისთანაც შესაძლებლობა მიეცემა, ყველასთან ტრაბახობს თავისი "პროგრესული და თანამედროვე შეხედულებებით," ხოლო მისი ცოლი, ვის მიმართაც "ამხელა მსხვერპლი გაიღეს" ზის სახლში, ფაქტიურად მარტოხელა ზრდის სოკოებივით მომრავლებულ ბავშვებს და ჩუმად სიმწრის ცრემლებს ყლაპავს დასამარებული ცხოვრებისა და დაკარგული თავისუფლების გამო, მას ხომ "მეორე შანსი" ასე "დიდსულოვნად" მისცეს! ეს კაცი დღეს მჯერა, ალბათ, "ქართული ოცნების" ლიბერალური ფრთის მხარდამჭერია. ასეთებისაგან იქმნება "ლიბერალური ბირთვი." ქართველი გოგოები მუშაობენ ბანკებში კრედიტ-ოფიცრებად და საშინელი სიდუხჭირის გამო მზად არიან, გროშებად ემსახურონ ხალხის გამყვლეფავ ბანკებს, მონოპოლიურ სახელისუფლებო კაპიტალს. ერთ დღესაც ბევრი ასეთი გოგო მიდის კრედიტორებთან, როცა მათ ვალის გადახდა არ შეუძლიათ და უზომოდ გაჭირვებული ადამიანების ცხოვრებიდან მიაქვს ტელევიზორი -- ერთადერთი ნივთი, რის მეშვეობითაც ოჯახის დიასახლისი ცდილობდა აუტანელი რეალობის დავიწყებას მდარე ლათინოამერიკული სერიალების ყურებით და რის მეშვეობითაც "დასავლური ცივილიზაცია და თავისუფლება" იჭრებოდა მის ცხოვრებაში, ხოლო სხვა ათასობით ქართველი ახალგაზრდა უბრალოდ ოცნებობს, რომ ბანკებში მუშაობა დაიწყოს. ბევრი მათგანი თვეობითა და წლობით ელოდება ზარს რომელიღაც საზიზღარი ქართული ბანკის კადრების განყოფილებიდან (ამასწინათ მე ერთ-ერთმა ქალმა ამიხსნა, რომ მის ქალიშვილს 1500 ლარი მოსთხოვეს, რათა ბანკში გასაუბრებაზე დაებარებინათ. ამ ბანკის თანამშრომლები ფულს უკვე იმაში კი აღარ იღებენ, რომ მუშაობა დააწყებინონ ადამიანს (რაც თავისთავად უკვე გამაოგნებელია), არამედ იმაში, რომ მხოლოდ გასაუბრებაზე დაიბარონ ის), ბანკი კი ყველაზე საუკეთესოებს არჩევს თავისთვის და ამიტომაა, რომ ქართული ბანკების თანამშრომლები მოდელებს უფრო ჰგვანან, ვიდრე ბანკის თანამშრომლებს -- მათი გარეგნობაც დამატებითი რეკლამაა ბანკებისათვის. ხოლო როცა მე ვამბობ, რომ პორნოსტუდიებში მუშაობა ან მეძავობა შეუდარებლად სჯობს ბანკში მუშაობას, ბანკის თანამშრომლები ბრაზდებიან და შეურაცხყოფილად გრძნობენ თავებს, ხოლო "ქართული ოცნების" მხარდამჭერები ფიქრობენ, რომ მე განზრახული მაქვს, საქართველოში ბორდელები გავხსნა და პროსტიტუციის რეკლამირებას ვახდენ. ერთნიც და მეორენიც საუბედუროდ საერთოდ არ მიცნობენ და არც სურვილი აქვთ ჩემი უკეთ გაცნობის. მათთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება ვინმემ არასოდეს შეიტანოს ეჭვი მეძავების პიროვნულ ღირსებაში, აღიქვას ისინი საზოგადოების აბსოლუტურად სრულფასოვან და ღირსეულ წევრებად, იბრძოდეს პროსტიტუციის ლეგალიზებისათვის, ხოლო მეორეს მხრივ იყოს პროსტიტუციის ინსტიტუტის დაუძინებელი მტერი და ცდილობდეს ამ ინსტიტუტის არსის დასამარებას, რის მცდელობასაც ეს წერილიც წარმოადგენს ჩემს სხვა უამრავ ტექსტთან ერთად. ეს ყველაფერი -- ზუსტად ისევე, როგორც ცნება კეთილისა და სექსუალურისა ერთად, მათთვის სრულიად გაუგებარი და წარმოუდგენელია, საამისოდ მათ ფანტაზია არ ჰყოფნით. ისინი იმ ძუნწ მდიდრებს ჰგვანან, რომელიც მთელ თავის ოქროს ერთადერთ ქისაში ათავსებს, ქურდი კი მიდის და ადვილად ითვისებს ამ ქისას. ისინი ვერ ხვდებიან, რომ ყველა სიტყვა, რომელიც ლგბტ-ებისა და ქალების სექსუალობას შეურაცხყოფს, ყველა ეს სიტყვა და გამონათქვამი სინამდვილეში უდიდესი უმრავლესობის მჩაგვრელ პატრიარქალურ რეჟიმსა და იმ ენითაუწერლად არაადამიანურ, ფაშისტურ წყობას ემსახურება, რომელიც საქართველოშია გამეფებული, და რადგან ისინი ამ ყველაფერს "ვერ ხვდებიან," ჩემთვის გასაგებია, თუ საითაც უმიზნებენ და როგორი "საოცნებო" წყობის დამყარებას აპირებენ თვითონ. მსოფლიოში არიან შეგნებული და გონიერი მდიდრები, რომლებიც კარგად ხვდებიან, რომ ადამიანი სიყვარულის გარეშე, -- სამართლიანი, ჰუმანური, კეთილი და თანაგრძნობაზე დამყარებული საზოგადოების აშენებისაკენ სწრაფვის გარეშე არარაობაა, ამიტომ თავიანთი ქონების უდიდეს ნაწილს ასეთი საზოგადოების აშენებას ახმარენ, მაგრამ ბევრ მათგანს ბავშვობიდან ჩანერგილი სიბილწე და შხამი სძლევს ხოლმე. კადაფი მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი იყო თავისი 200 მილიარდიანი ქონებით და როცა გამწარებული ლიბიელი ხალხი აღსდგა მის წინააღმდეგ, საკუთარმა მილიარდებმა ვერაფერში უშველა. მე მტერს არ ვუსურვებ, რა სიკვდილითაც ის დაიღუპა. მას ვერ უშველა მილიარდებმა და "მარადიული ქალიშვილებისაგან" დაკომპლექტებულმა პირადმა დაცვამ. მეგობრებო, ის ასე არ უნდა მოეკლათ, მე წინააღმდეგი ვარ როგორც სიკვდილით დასჯის, ასევე სამუდამო პატიმრობის, მიუხედავად იმისა, რომ მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და მიმაჩნია, რომ დაკმაყოფილებული შურისძიების გრძნობა ისეთივე ტკბილი გრძნობაა, როგორც სექსუალური ჟინის დაკმაყოფილება, და რომ შემძლებოდა, კადაფს ისეთივე დიდი სიამოვნებით ვაწამებდი მთელი ჩემი უსაზღვრო ფანტაზიით მოფიქრებული უსაზარლესი წამებით, როგორი სიამოვნებითაც სექსი მექნებოდა მსოფლიოს 5 ულამაზეს ქალთან ერთდროულად, მაგრამ ჩვენ ადამიანები ვართ, ამიტომ ყოველთვის უნდა ვიდგეთ საკუთარ ინსტიქტებზე მაღლა, გარდა სექსისა. სექსს რაც შეეხება, აქ ყველაფერი ნებადართულია და გამართლებული, რამაც შეიძლება სიამოვნება მოგვანიჭოს, მაგრამ შურისძიება და წამება არ არის გამართლებული და ზნეობრივი საქციელი, როგორი სამართლიანი და კეთილი ზრახვებიც არ უნდა გვამოძრავებდეს. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ კადაფის, ბრეივიკისა და სააკაშვილის მსგავსი არსებების წამება და მოსპობა არ ღირს. ლიბიელი ხალხის ბევრი წარმომადგენელი, ვინც კადაფს უპირისპირდებოდა, სექსისტია, ისინი იმიტომ დაუპირისპირდნენ კადაფს, რომ კეთილი და სამართლიანი საზოგადოება სურდათ, -- მე ოდნავაც არ მეპარება ეჭვი მათ გულწრფელ განზრახვაში, მაგრამ ისევე, როგორც ქართველების უდიდეს უმრავლესობას, ლიბიელებსაც ძალიან ბუნდოვანი, გულუბრყვილო და გაურკვეველი წარმოდგენა აქვთ, თუ როგორ უნდა აშენდეს ასეთი საზოგადოება. ლიბიელი ხალხის უდიდეს უმრავლესობასაც არ ჰყოფნის ფანტაზია და ინტელექტი და არ შეუძლია იფიქროს რამდენიმე საგანზე ერთდროულად; მათ არ ესმით, რომ საჭიროა არა მხოლოდ კადაფის, ბრეივიკისა და სააკაშვილის დამარცხება, არამედ ასევე მათი დამარცხება საკუთარ თავებში და მე თუ მკითხავთ, სწორედ ეს უკანასკნელია ყველაზე მთავარი ამოცანა. მაგრამ ისინი როგორც კი თვითკრიტიკულები ხდებიან, მაშინვე ივიწყებენ ფიქრს სხვათა განსჯაზე, -- მთლიანად თვითკრიტიკულები ხდებიან და თვითგვემას მიეცემიან ხოლმე; თუ ხელისუფლებას აკრიტიკებენ, -- მაშინვე მთლიანად ავიწყდებათ საკუთარი ნაკლოვანებები; თუ რეჟიმის შეცვლა უნდათ, -- მხეცურად სურთ აწამონ ან/და სამუდამოდ ციხეში გამოამწყვდიონ საკუთარი მტარვალები, მაგრამ ისეთები, რომლებიც თავებს გადადებენ, უშეღავათო და უკომპრომისო ბრძოლას გამოუცხადებენ არაადამიანურ და ბარბაროსულ რეჟიმს, იქნებიან როგორც კრიტიკულები, ასევე თვითკრიტიკულები და ამ ყველაფერთან ერთად საკუთარ მხეცურ მისწრაფებებსაც მოთოკავენ (რაც ყველა ჩვენთაგანშია ჩადებული) და ადამიანურ სახეებს შეინარჩუნებენ ბოლომდე, მათში ჯერ კიდევ ძალიან ცოტანი არიან. როცა ეგვიპტურმა სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა ჰოსნი მუბარაქს, ასიათასობით ეგვიპტელი ფეხზე დადგა, ქუჩაში გამოვიდა და მოითხოვა მისი სიკვდილით დასჯა. საქართველოში ქართულ სასამართლოს რომ სააკაშვილისათვის სამუდამო პატიმრობა მიესაჯა, დარწმუნებული ვარ, ქუჩაში არავინ გამოვიდოდა მისი სიკვდილით დასჯის მოთხოვნით (სიკვდილით დასჯა ხომ აქ ჯერ კიდევ 1995 წელს გაუქმდა), მაგრამ ეს რომ ნორვეგიაში მომხდარიყო და მათ ტირანი ჰყოლოდათ, იქაც ასიათასობით ადამიანი გამოვიდოდა ქუჩაში, მაგრამ აქ უკვე არა მისი სიკვდილით დასჯის, არამედ ტირანისათვის სამუდამო პატიმრობის 21-წლიანი სასჯელით შეცვლის მოთხოვნით იმიტომ, რომ ნორვეგიული საზოგადოება მორალურად და ადამიანური თვალსაზრისით ჩვენზე გაცილებით უფრო განვითარებული საზოგადოებაა. მე არ მსიამოვნებს, რომ ჩემს სამიათასწლოვან, ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი კულტურის მქონე ქვეყანას ნორვეგიელები სჯობნიან, მაგრამ ჩემი ამ უსიამოვნო შეგრძნების გამო სააკაშვილის მსგავსად ხელს ვერ მოგითათუნებთ მხარზე და სიცრუეს ვერ გეტყვით, რომ "ჩვენ უფრო მაგრები ვართ." გამოსწორება და კათარზისი კრიტიკითა და აღიარებით იწყება. ჩვენ უნდა გავითავისოთ, რომ კარგი ქვეყნისა და საზოგადოების ასაშენებლად მხოლოდ დემოკრატიული და ადამიანური ინსტიტუტების აშენება არ კმარა, საჭიროა ასევე ადამიანური და დემოკრატიული შეგნებისა და ღირებულებების გამომუშავება. ხოლო თუ ამას მოვახერხებთ, მერე აღარც ფემინიზმი აგვერევა სექსიზმში და აღარც წყალწაღებულ დემაგოგებსა და ფარისევლებს მივცემთ ხელისუფლებაში მოსვლისა და ძალაუფლებით ტკბობის შესაძლებლობას.



ფოტო: Fotolia

09.06.2012

 

 

 

მთავარი

ბიოგრაფია

ნაწარმოებები

დაკავშირება

 

 

შეიძინეთ რომანი "ჭენება" საქართველოს მაღაზიებში

 
 
Copyright © David Chutlashvili. Alle Rechte vorbehalten