სიყვარული არის სიყვარული

ამ რამდენიმე ხნის წინ ვნახე ინტერნეტში გავრცელებული ვიდეო, სადაც მიხეილ სააკაშვილი ტერორისტებს, მანიაკებს და ჰომოსექსუალებს ერთსადაიმავე კონტექსტში მოიხსენიებს. ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმის, რასაც მთელი ამ წლების მანძილზე ვამბობდი, რომ სააკაშვილის ხელისუფლება ულტრაკონსერვატორი შოვინისტების ხელისუფლება იყო, და რომ ამ ხელისუფლების მიერ დეკლარირებული ლიბერალიზმი და პროდასავლურობა ფარისევლობას და ცინიზმს წარმოადგენდა მხოლოდ. ამ ფონზე რამდენად ღირსეული და დიდებულია იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადება, რითაც მან ყველას, ვინც ჰომოსექსუალებს სდევნის და ავიწროვებს, ბარბაროსები უწოდა! მართლაც, სიყვარული ძალიან მრავალგვარია, სიყვარული ისეთივე აურაცხელი სახით ვლინდება, როგორც სიცოცხლე, სიყვარული თავად არის სიცოცხლე და ძნელი წარმოსადგენია იმაზე ველური ბარბაროსი, ვიდრე ის, ვინც ადამიანის პირად ცხოვრებაში ერევა და რაიმე, თუნდაც სულ ოდნავი ფორმით ადამიანების დაყოფას ახდენს სექსუალური ნიშნით. ეს ისევე დიდი დანაშაულია, როგორც რასიზმი და ამას გამართლება არ აქვს. ნებისმიერი სიყვარული, მითუმეტეს სიძულვილით სავსე ჩვენს ქვეყანაში, ძალიან საამაყოა და არა პირიქით, სამარცხვინო.

ცოტა ხნის წინ მე ვწერდი, რომ შეუძლებელია, გ. ფ.-ს პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოკადრების გადაღებას ან გავრცელებასთან ირაკლი ღარიბაშვილს რაიმე შეხება ჰქონოდა. ამის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციამ მალევე დააკავა მინისტრის პირველი მოადგილე, რომელიც ეჭვმიტანილია აღნიშნული კადრების გავრცელებაში. წარმომიდგენია, პიროვნული თვალსაზრისით თუ რა მძიმე იქნებოდა ირაკლი ღარიბაშვილისთვის საკუთარი ძველი თანამებრძოლის დაკავება. მსგავსი პრეცედენტი საქართველოს ისტორიას არ ახსოვს, რომ მინისტრს საკუთარი პირველი მოადგილე დაეკავებინოს. წინა ხელისუფლების პოლიციის მაღალჩინოსნები ხალხს ლამის ცოცხლად ატყავებდნენ და პასუხს მათ მაინც არავინ სთხოვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა ძალიან სწორი და გმირული გადაწყვეტილება მიიღო, რაც უაღრესად დასაფასებელია და მე ძალიან ვამაყობ, რომ საქართველოს ჰყავს ასეთი მაღალი დონის, ჰუმანური და პრინციპული შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები. მათი ბოლოდროინდელი ქმედებებით საქართველომ უდავოდ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა სამართლის უზენაესობის და საქართველოს სრულფასოვან ევროპულ ქვეყნად ჩამოყალიბების გზაზე. შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დაკავება იყო ძალიან მკაფიო გზავნილი ყველასთვის, რომ ჯერ ერთი, მინისტრი არ შეეგუება პირადი ცხოვრების საფუძველზე ვინმეს შანტაჟს და დაშინების მცდელობას და მეორეც, ის არ შეეგუება ვინმეს უსამართლო პრივილეგიებს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ როგორც ირკვევა, ეს კადრები გადაღებული იყო წინა ხელისუფლების პირობებში, "კუდ"-ის მიერ და აუცილებლად მიმაჩნია, გამოძიებულ იქნას და გამოვლინდეს, თუ ვინ შექმნა პირადი ცხოვრების საფუძველზე შანტაჟის და ძალადობის ეს ამაზრზენი სისტემა და სამართლის წინაშე უმკაცრესად დაისაჯოს ამ სისტემის ყველა ახალი თუ ძველი შემოქმედი და ხელშემწყობი.

17 მაისს, დღის პირველ საათზე პარლამენტის ძველ შენობასთან ლგბტ აქცია იმართება. სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებ ამ აქციას! პარალელურად ექსტრემისტულ-რელიგიური და ფაშისტოიდური დაჯგუფებები აპირებენ ამ აქციის დარბევას. მჯერა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რათა ეს დარბევა თავიდან იქნას აცილებული და ლგბტ ადამიანებს და მათი უფლებების დამცველებს, რომელთა შორის ბევრი უაღრესად დადებითი პიროვნება, საამაყო ქართველი და ჩემი ძალიან ახლო მეგობარიცაა, შეეძლებათ, მაქსიმალურად მშვიდ ვითარებაში ჩაატარონ საკუთარი აქცია-ფლეშმობი. თუ წინა ხელისუფლება აშკარად თუ ფარულად, სრულიად მიზანმიმართულად ეწეოდა ადამიანის უფლებების დარღვევის წახალისებას, რაც გამოიხატებოდა არამეინსტრიმული სექსუალური მრწამსის და იდენტობის მქონე ადამიანების აქციების დარბევების დროს პოლიციის დანაშაულებრივ უუნარობასა და "უფლებადამცველებად" შერაცხული ფაშისტოიდური დაჯგუფებების პირდაპირ ხელშეწყობაში, მსგავსი "პრაქტიკა" საქართველოში სამუდამოდ უნდა დამთავრდეს და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, მალე დამთავრდება კიდეც, რაც იყო კიდეც პირადად პრემიერ ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო დაპირების მნიშვნელოვანი ნაწილი, ბიძინა ივანიშვილისა, რომელმაც განაცხადა, რომ სახელმწიფო დაიცავდა ლგბტ ადამიანების უფლებებს.

მე 17 მაისის ლგბტ აქციის მიმდინარეობას დიდი ინტერესით დავაკვირდები და ამავე მასალაში ავსახავ მის შედეგებს. ყველა "ქართული ოცნების" მხარდამჭერს მინდა მოვუწოდო, ნუ გამოავლენთ პროტესტს ლგბტ აქციის მიმართ, როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს ზოგიერთი თქვენთაგანისთვის ის. იცოდეთ, რომ ყველა, ვინც ლგბტ აქციის დარბევაში მონაწილეობას მიიღებს, დაასხამს წყალს სააკაშვილის წისქვილზე და ხელს შეუწყობს იმას, რომ სააკაშვილმა მისთვის დამახასიათებელი უტიფარი ცინიზმით და მედიდური სახით კიდევ ერთხელ დაგვარიგოს ჭკუა. ამიტომ ყველას, ვინც ლგბტ აქციის დარბევას შეეცდება, პირადად მე სააკაშვილის დიდ ხელშემწყობად და როგორც ახალი ხელისუფლების მხარდამჭერი, "ქართული ოცნების" მტრად განვიხილავ.



ფოტო: Fotolia

13.05.2013

 

 

 

მთავარი

ბიოგრაფია

ნაწარმოებები

დაკავშირება

 

 

შეიძინეთ რომანი "ჭენება" საქართველოს მაღაზიებში

 
 
Copyright © David Chutlashvili. Alle Rechte vorbehalten