შავი ცხენები

ბავშვები ჩვენთან შიმშილით იხოცებიან, ზოგგან კი მშივრებს მათ მაშინაც ურტყამენ, როცა ცნობილი ხდება, რომ თურმე მათ წლების მანძილზე აუპატიურებდნენ, როგორც ეს მალდივის კუნძულებზე მოხდა, სადაც შარიათის სასამართლომ 15 წლის გოგონას 100 როზგი მიუსაჯა "ქორწინების გარეთ სექსუალური კავშირის" გამო. საქართველოს და მითუმეტეს მალდივის მსგავს ჩამორჩენილ ქვეყნებში მსხვერპლი სულაც არ იმსახურებს თანაგრძნობას, მისთვის – და ისიც სამადლოდ – მხოლოდ ზიზღნარევ სიბრალულს და როზგებს თუ გაიმეტებენ ხოლმე (მითუმეტეს, თუ მსხვერპლი ქალი ან არამეინსტრიმული სექსუალური ორიენტაციის ადამიანია), დასჯადია ასევე ქორწინების გარეთ სექსუალური კავშირები (რასაც შედეგად საქართველოში მოსდევს "წრიდან" გარიყვა, მომავლის და ღირსების წართმევა, შიმშილით მოკვლა და ჩუმი გენოციდი, ხოლო მალიში – კიდევ როზგები ამ ყოველივესთან ერთად), ხოლო ირაკლი კ.-ს რომ ჰკითხოთ, აზიურ ქვეყნებში გაბატონებულ ანტიჰუმანიზმზე წერა ჩემის მხრივ რასიზმია, რამეთუ ამა სამყაროში არა სუფევდეს სიკეთე თვინიერ როზგისა თუ დემაგოგიისა. "ჩემო ბატონო დავით, ძალაუნებურათ სულ გეპარებათ პირდაპირი თუ ლატენტური რასიზმი. ჯერ იყო და რა მოხდა კამიუ იმ უსაქმურ არაბებს რომ არ თანაუგრძნობდაო, მერე ჩინეთი არ არის მაგალითიო. სოციალური დაცვის მხრივ, იქნებ არის კიდეც – ცხადია დიდი მოსახლეობა ჰყავს, მაგრამ ბევრი სოციალური პროგრამა აქვს. უნაკლო არც ერთი სისტემა არ არის, მაგრამ ასე ხელაღებით ხელის გადასმა არ შეიძლება არც ერთ ქვეყანაზე. მითუმეტეს, ჩინეთი ერთ-ერთი უდიდესი ძალაა დღევანდელ მსოფლიოში. მე მესმის, ჩემო კარგო კაცო რომ არ გინდა რომ რასისტი იყო – მაგრამ შენი კომენტარების უმრავლესობაში იპარება ეს რასიზმი – ან პირდაპირ ან ლატენტურად. იქნებ რასიული მგრძნობიარობის ანუ სენსიტიურობის კურსი მაინც აგეღო სადმე (მაგალითად ამერიკის ან საფრანგეთის საელჩო ან სულაც ჩინეთის საელჩო სიამოვნებით გასწავლიან მაგას) – ევროკავშირში ის ძალიან კარგად არის ჯერჯერობით დაცული. ასე რომ, ვიყოთ ცოტა უფრო მგრძნობიარენი "სხვის" მიმართ." – ეს კომენტარი მე მეხება, თურმე მე უნდა განვნათლდე ანტირასისტულ საკითხებში (!) და სინდისის ქეჯნამ გამტანჯოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა გამოთქმა "უსაქმური არაბები" არსად გამომიყენებია. კიდევ ერთხელ თვალი გადავავლე ვადიადჰარ ნაიპოლის ციტატას, რომ "მაჰმადიანური სამყაროს შესახებ მსჯელობა ყოველთვის რთულ მდგომარეობაში აქცევს ადამიანს. ზოგიერთი ინტელექტუალი აუცილებლად შეეცდება, სახელი გაგიტეხოთ – ამისთვის საგანგებო გასამრჯელოა დაწესებული – და არავის აინტერესებს თქვენს მიერ გამოთქმული შეხედულების ჭეშმარიტი არსი." ციტატამ კარგ ხასიათზე დამაყენა, რაც განსაკუთრებით რთულია ახლა, როცა ყოველდღიურად ამდენი მჯღაბნელი მესხმის თავს, და არამარტო ეს ამდენი მჯღაბნელი, არამედ ისეთი მაღალინტელექტუალი "მოკალმეებიც," როგორებიც მაგალითად ირაკლი კ. ან თამარ ჩ.-ა, რომლებიც ჩემს შემოქმედებასთან ისეთივე შეუსაბამოები არიან, როგორც სამკუთხედი მაკაკა, ვარდისფერი პანტერა ან ცეცხლოვანი ყინული. უკვე მივეჩვიე იმ აზრს, რომ რაც არ უნდა თქვა, ვინმე ნათქვამს აუცილებლად საპირისპიროდ გაიგებს, მე და ნაიპოლიმ როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამისთვის სპეციალური ჯილდოა დაწესებული, ამიტომ აღარ ვაქცევ ასეთ ხალხს ყურადღებას, მომბეზრდა! გიჟური სექსი მინდა! სიყვარული მინდა! ამიტომ გადავწყვიტე, ჩემი რომელიმე კარგი მეგობარი მომენახულებინა. მეგობრები მყავს, მყავს ძალიან კარგი მეგობრები, ისინი მაცოცხლებენ, ისინი მასუნთქებენ მომავლის ჟანგბადს, ისინი მიძღვნიან სიყვარულს; ჩემი მეგობრები ქალები არიან, მათთან ყოველთვის შეიძლება სექსით დაკავდე, საკმარისია მხოლოდ უთხრა და აუხსნა, რომ შენ ეს გინდა. ქუჩაში გავედი, ჰაერში გაზაფხულის სურნელი იდგა – გაზაფხულის მომავლის სუნთქვასავით ნაზი სურნელი, სურნელი ათასფერად დამსკდარი კვირტების, ალაოს, ძიძოს, ხმელი მშობლიური მიწის და ხის ფესვების, ჩასუნთქვის შემდეგ ღრმა წუხილის მოტკბო გემოს რომ ტოვებს პირში (ჩემი პესიმიზმიც ისევე სავსეა იმედებით, როგორც ჰანგები მიტოვებულ მეკობრეთა ნავში მჯდომი ტრისტანის ქნარისა, როცა ნავი უცნობი ნაპირებისაკენ მიაქანებდა მას, სადაც იგემა კიდეც დაცემაც და აღზევებაც სიყვარულის ზეციურ სამეფოში). ჰაერი კამკამა და გამჭვირვალე იყო, – მაგიური კრისტალივით ლურჯი ცა ნაყინისებური ტეხილი ღრუბლებით. მე დავადგინე, რომ ჩემი ლატენტური ბედნიერება სექსში სულაც არ სიამოვნებს მეორე ინტელექტუალს, გოგი გ.-ს, რომელიც ვერაფერს ამჩნევს საკუთარ ცხვირს მიღმა და რომელიც ფარისევლურად წუწუნებს "საპატრიარქოსთვის გადარიცხული ყოველწლიური მილიონების გამო მაშინ, როცა ბავშვები შიმშილით გვეხოცებიან (თითქოს მისი მთავრობა არ ურიცხავდა ეკლესიას ამ ფულს წლების მანძილზე. აიტაცეს ჩემს მიერ ნათქვამი ფრაზა და წალეკეს მთელი საინფორმაციო სივრცე)," უნისონში თამარ ჩ.-სა და სხვა არსებებთან პროკარიოტი ფსევდოათეისტების კლასიდან (გოგი გ.-ს და სხვა ინტელექტუალ პროკარიოტებს Vanilla მოსწონთ, ასე ამბობენ ყოველ შემთხვევაში, ასე წერენ საკუთარ Blog-ებზე, ბედნიერი და კმაყოფილი ქალი მათთვის სამყაროს აღსასრული და პლანეტათა ჯახია, ასე ცდილობენ ისინი წარსულს ცოტაოდენი მიწა მაინც მოაფხვნან და ზედ დაიყარონ), მე კი ამ ფიქრებში გართული უკვე ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობრის, ჩემი შეყვარებულის სახლთან ვარ და ვცდილობ, დავურეკო. ჩემი შეყვარებული 18 წლისაა, ნათია ჰქვია, ძალიან ლამაზი გოგოა სხვათა შორის, ნამდვილი ქართული სილამაზით, – თუ ასეთი საერთოდ არსებობს (თუ არსებობს ცნება "ნამდვილი ქართული სილამაზე"), – შავგვრემანი, ოდნავ კეხიანი ცხვირით და მუქი წაბლისფერი თმით. ზარზე არ მპასუხობს, ამიტომ იძულებული ვარ მობილური ჯიბეში ჩავიდო და ქუჩას ფეხით გავუყვე, შევდივარ რესტორანში, ჩვეულებისამებრ ნაცნობ ადგილას ვჯდები, ყავას ვსვამ, ვაყოლებ შოკოლადიან ნამცხვარს და ვაბოლებ სიგარეტს. ფანჯარაში უკვე აცხუნებს მზის ოქროსფერი დისკო, და მე ვფიქრობ ნათიას გარუჯულ კანზე, ასევე შავ ცხენებზე, ოდესღაც, ჩემს დიდ პაპას რომ დაჰყავდა ველად, იალაღებზე. მაშინ სხვა დრო იყო, მაშინ არ არსებობდა ნათია, ხოლო ნათიას მსგავსი გოგოები კრუნჩხვებში ვარდებოდნენ მათთვის სექსის აკრძალვის გამო, სექსზე არსებული უსასტიკესი ტაბუს გამო, თუმცა გოგი გ.-ს, თამარ ჩ.-ს და სხვა მსგავს ინტელექტუალებს ეს ხელს სულაც არ უშლიდა, აუღელვებლად, ამპარტავნულად და გულცივად ელაპარაკათ განყენებულ და სულელურ თემებზე, ისეთებზე, როგორიცაა მაგალითად მოწყენილი თოლია ან დამპალი მწვანე ძონძი ანდრეი ტარკოვსკის შემოქმედებაში. ბოლოს ისევ ნათიას გარუჯულ კანზე ფიქრს ვუბრუნდები, თითქოს ჩემს წინ ვგრძნობდე უძვირფასესი ოფლიანი სხეულის გემოს და სურნელს, გემოს ტუჩებისა და პირისა და იმ ნაცნობ განცდას, რომ ვერავინ წარმოიდგენს, რას ვაკეთებთ ხოლმე ჩვენ ერთად. თავდავიწყება და სექსი ისეთივე განცდებს აღძრავენ, როგორც საკუთარი სიკვდილი, ისინი შენ არასოდეს შეგეკითხებიან, რა უნდა ქნა, ამიტომ სჯობს, საკუთარ ნებაზე მიუშვა, როგორც იალაღზე მონავარდე ჩემი დიდი პაპის შავი ცხენები.

ფიქრებიდან მობილურის ვიბრაციამ გამომაფხიზლა. ტელეფონი ამოვიღე, ქოშინი გავიგონე და კიდევ, – საყვარელი მუდარა და უნაზესი სინანული იმის გამო, ჩემს ზარს რომ ვერ უპასუხა:

"ჩვენს რესტორანში ხარ?"

"კი."

და ოციოდე წუთში ის მოვიდა.



რობერტ ჰეფერანი. ჰიპერრეალიზმი

29.03.2012

 

 

 

მთავარი

ბიოგრაფია

ნაწარმოებები

დაკავშირება

 

 

შეიძინეთ რომანი "ჭენება" საქართველოს მაღაზიებში

 
 
Copyright © David Chutlashvili. Alle Rechte vorbehalten