დემოკრატია და ტირანია

როგორც ყოველთვის, ჩვენს საზოგადოებას ძალიან დიდი პრობლემები აქვს. ეს ჩემი შეხედულებით ძირითადად იმის გამო ხდება, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სრულფასოვნად ვერ ფლობს რომელიმე ევროპულ ენას და ხელი არ მიუწვდება ხარისხიან განათლებაზე. მე არ უარვყოფ იმას, რომ საქართველოში არსებობენ საკუთარი დარგების უბრწყინვალესი სპეციალისტები, რომლებსაც დასავლეთში არ მიუღიათ განათლება, მაგრამ ასეთ ხალხს ძირითადად არ გააჩნია ზოგადი ცოდნა, მათი აზროვნების არეალი ძალიან არის შეზღუდული და საკუთარ სფეროს არ სცდება. არადა, პარადოქსია, მაგრამ ზუსტად იგივეს დღემდე ხშირად მოისმენთ ქართველებისაგან დასავლური განათლების სისტემის შესახებ. პრობლემა იმაშია, რომ განათლება საბჭოთა კავშირში უკიდურესად დოგმატიზებული და იდეოლოგიზებული იყო; ყველა სფერო უმცირეს დეტალებამდე უნდა ყოფილიყო შესატყვისი დიალექტიკურ მატერიალიზმსა და საბჭოთა იდეოლოგიასთან, რასაც ხშირად არაფერი ჰქონდა რეალობასთან საერთო. მოკლედ ეს იყო პროპაგანდა და არა განათლება; ასე თუ მაგ. გაზეთი "კომუნისტი" პროპაგანდის მდარე ხერხებს იყენებდა, უნივერსიტეტებში შესაძლებელი იყო მხოლოდდამხოლოდ მაღალი სტანდარტების, გასაოცრად დახვეწილი ნიმუშის პროპაგანდით თავის გაბრუება და არა ცოდნის მიღება; საბჭოთა უნივერსიტეტები წარმოადგენდნენ მხოლოდ პროპაგანდისტულ ხაფანგებს ცოდნასმოწყურებული ადამიანებისათვის -- იმ ადამიანებისათვის, ვისაც ცნობისმოყვარეობა სტანჯავდა და ვინც ცდილობდა მეტი ინფორმაციის მიღებას და რა სამწუხაროა, რომ ჩვენ ჯერაც ვერ გამოვედით ამ ფსევდოინტელექტუალური სივრციდან და ვერ ვეზიარეთ ჭეშმარიტებას, რომლის ყველა მარცვალი დღეს საუბედუროდ მხოლოდ უდიდესი წვალებითა და შრომით შეიძლება მოიპოვოს ადამიანმა, უამრავი სხვადასხვა წყაროს შეჯერებისა და შედარების შედეგად, რაც ძალიან ხანგრძლივი და მტკივნეული პროცესია!

ჩემის აზრით საბჭოთა კავშირი მასკულინური იმპერია კი არ იყო, არამედ თეოკრატიული იმპერია, რომელიც დაჟინებით ცდილობდა ათეიზმს ამოფარებულს შეენიღბა საკუთარი მატერიალისტური მისტიციზმი, უფრო სწორად: მისტიციზმამდე აყვანილი მატერიალიზმი. დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის რეფორმების შედეგად ადამიანებს ეთნიკური ტოლერანტიზმი საუკუნეობრივ ტრადიციად ექცათ, მაგრამ გენდერული შუღლი, რომელსაც ამ მეფეებმა არ ან ვერ მიაქციეს ყურადღება (ისევდაისევ იმიტომ, რომ არც მაშინდელი საქართველო იყო დემოკრატიული ქვეყანა), საზოგადოების დიდ პრობლემად დარჩა; ზოგადად, არადემოკრატიულ ქვეყნებისათვის მთავარი დამახასიათებელი ნიშანი სწორხაზოვნებაა; ძალიან ცდება ბევრი, ვინც ფიქრობს, რომ ტოტალიტარულ რეჟიმებს არ შეუძლიათ მიაღწიონ გასაოცარ წარმატებებს რომელიმე ერთ ან თუნდაც რამდენიმე კონკრეტულ დარგში (ასე მაგალითად სამხრეთ კორეამ "ეკონომიკური სასწაული" სწორედ სამხედრო გადატრიალების შედეგად მოსული დიქტატურის პირობებში მოახდინა), მაგრამ ამ დარგების წინ წამოწევა ხდება სხვა დარგების ხარჯზე და როგორი მდიდარი და "წარმატებულიც" არ უნდა იყოს არადემოკრატიული რეჟიმის პირობებში მცხოვრები ხალხი, მისი ცხოვრების ხარისხი საბოლოოდ მაინც ახლოსაც ვერ მოვა დემოკრატიულ ქვეყანაში მცხოვრები ხალხის ცხოვრების ხარისხთან და სწორედ ამაშია დემოკრატიის კოლოსალური უპირატესობა ტოტალიტარიზმთან შედარებით. სწორედ ერთ-ერთი ასეთი უმწვავესი პრობლემაა საქართველოში არსებული გენდერული შუღლი, რომლის სიმწარესაც სამწუხაროდ უკვე იმდენად შეეჩვივნენ ზოგიერთები, რომ ვეღარც კი გრძნობენ მას. ვისთვის არის სასარგებლო შუღლი და ქსენოფობია ზოგადად? არავისთვის, მაგრამ ის მაინც არსებობს, ამიტომ რადგან ის მაინც არსებობს მაშინ, როცა მას სარგებელი საბოლოო ჯამში არავისთვის მოაქვს, ე. ი. ეს "არავინ" არსებობს სინამდვილეში! ეს "არავინ" ღმერთია, -- ზეაღმატებული სქესის არსება, რომელმაც სქესობრივი პრივილეგიები მიანიჭა მამაკაცს (მე ერთგან უკვე ვთქვი, ზუსტად ისე, როგორც სანჩო პანსას "მიანიჭეს" კუნძულ ბარატარიის გუბერნატორობა-მეთქი ან ზუსტად ისე, როგორც ნაპოლეონი გასცემდა საპატიო ლეგიონის ორდენებს, ნაპოლეონი, რომელმაც კარგად იცოდა ადამიანების ფსიქოლოგია და მანიპულირებდა ადამიანების სუსტი მხარეებით, რათა ისინი საკუთარი "ღვთაებრივი" მიზნებისათვის გამოეყენებინა).

ასე რომ, ღმერთი არ არსებობს, -- ის არავის უნახავს ტელეკომპანია "იმედის" დილის თოქშოუში (ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით მაინც; ჯერჯერობით-მეთქი იმიტომ ვამბობ, რომ ეს ტელეკომპანია იქით მიექანება, თანაც ისე სწრაფად, მე სულაც არ გამიკვირდება, მის რომელიმე გადაცემაში ღმერთსაც თუ გვიჩვენებენ, რომელიც ბუტერბროდს ჭამს ან ყვავილებს რწყავს და დოდოშკასთან ხელიხელგადახვეული გვიყვება ანეკდოტს სვანების, რაჭველების, კახელების ან მეგრელების შესახებ...), მაგრამ ის ყველგან იგრძნობა, ყველა ვგრძნობთ, თუ როგორი "უნდა" იყოს ადამიანი -- სტერილური, ასექსუალური, ადამიანურ სისუსტეებს მოკლებული არსება, რის გამოც ის კიდევ უფრო მეტად გვიყვარს და რის გარეშეც ადამიანი ადამიანი კი აღარ არის, არამედ მხოლოდ მუშა ფუტკარი, რომელიც თაფლს აგროვებს საკუთარი მბრძანებლისათვის და განწირულია დასაღუპავად. ადამიანის პიროვნულ "სრულქმნას" დახარბებული ჩვენი "საზოგადოება" კი სააკაშვილის მსგავს დემაგოგებს ნიადაგს უქმნის, გაბედონ და "ნულოვანი ტოლერანტობა" გამოუცხადონ ერთი ტომარა ფქვილის მომპარავს და წლობით ციხეში გამოამწყვდიონ ის, ვისაც შიმშილმა აიძულა ამის გაკეთება; სწორედ ასეთ "სრულქმნას" დახარბებულ მამაკაცებს ეზიზღებათ და სძულთ ქალის ქალური სექსუალობა, სწორედ ასეთ "სრულქმნას" დახარბებულ ქალებს ასევე არანაკლებ სძულთ და ეზიზღებათ მამაკაცის მამაკაცური სექსუალობა და ერთმანეთი უპიროვნო და აბსტრაქტული სიძულვილის ერთ-ერთი სახით -- სქესობრივი ნიშნით იმიტომ, რომ წლობით ერთმანეთის გვერდით ყოფნის მიუხედავად საერთოდ არ იცნობენ ერთმანეთს. მაგ. გადაცემა "ქრონიკის" წამყვანი ლაშა ხარაზიშვილი გაცილებით უკეთესად იცნობს უცხოპლანეტელ ცივილიზაციებს, ვიდრე საკუთარ დედას და "იმედზე" დასაქმებულ წამყვან ქალებს, მან ხომ ამ რამდენიმე კვირის წინ უცხოპლანეტელთა ხომალდების მარშრუტი და მათი დედამიწაზე ჩამოსვლის დრო გასაოცარი სიზუსტით გვაუწყა იმის მიუხედავად, რომ ეს ცივილიზაციები არ არსებობენ და არც არსებობდნენ ოდესმე. ქართველი ახლოს არასოდეს მიგიშვებს, თუ ოდნავ მაინც განსხვავდები მისგან რაიმე ნიშნით, და რადგან ყველა ერთმანეთისაგან განსხვავდება, (თითქმის) ყველა საბოლოოდ დილეგის სიმარტოვეში ცხოვრობს, მოკლებული ი მ ე დ ს, რომ ოდესმე ვინმე გაუგებს და შეიყვარებს.



ფოტო: Getty Images

02.04.2012

 

 

 

მთავარი

ბიოგრაფია

ნაწარმოებები

დაკავშირება

 

 

შეიძინეთ რომანი "ჭენება" საქართველოს მაღაზიებში

 
 
Copyright © David Chutlashvili. Alle Rechte vorbehalten