ხის ჯვარი

მაშინ ოთხმოცდაათიანების დასაწყისი იყო და ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა გახლდით, სულ რაღაც ოცდასამი წლის. იმ დღეს სახლში პური გათავდა, ამიტომ შავი ქოლგა ავიღე და ქუჩაში გავედი. ცივი, წვიმიანი დღე იყო და ქარი უბერავდა. ტროტუარზე საცოდავად მოკუნტულიყო წითური, თეთრხალებიანი მაწანწალა ძაღლი. პეროვსკაიაზე, პურის დახლთან უზარმაზარი რიგი იდგა. მხედრიონელი უწვერულვაშო ახალგაზრდები ჯავშანმანქანასთან გამოჭიმულიყვნენ და "სამოქალაქო პირებს" საოცარი ქედმაღლობით და ზიზღით ათვალიერებდნენ. მათ მეთაურს თვალისმომჭრელი სტაფილოსფერი, კიდეებთან შეჭუჭყული საწვიმარი ლაბადა ეცვა, რომელიც ამდენ მუქი ფერის ტანსაცმელში გამოწყობილ ხალხში სასაცილო კონტრასტს აჩენდა. პურის რიგში ნაცნობი ვიპოვე და ვთხოვე, ჩემთვის რიგი შეენახა, ხოლო მე დაკეცილი შავი ქოლგა ისევ გავშალე და აწრიალებული კუჭით და არეული აზრებით გეზი რესპუბლიკის მოედნისკენ ავიღე. საქმე არაფერი მქონდა და ვიფიქრე, აქეთ-იქეთ ხეტიალში მოვკლავ-მეთქი დროს (საშინელი ნევროზი მქონდა და თოკებითაც რომ დაებათ ჩემი თავი, ერთ ადგილას ვერაფრით გავჩერდებოდი, უნდა მეხეტიალა). ამ ხეტიალ-ხეტიალში "ანდროპოვის ყურებს" მივადექი, სადაც ორი უცხოელი, დაახლოებით ჩემი ასაკის ახალგაზრდა დავინახე. დღესაც არ ვიცი, სადაურები იყვნენ, მაგრამ ფაქტია, რომ დასავლური სამყაროს წარმომადგენლებს ვუყურებდი. ბიჭს გრძელი შავი თმა ჰქონდა, ძალიან შეუხედავი იყო, გრძელცხვირა და თვალებგადმოკარკლული, მაგრამ სახის სათნო გამომეტყველებით, ხელზე ბენდენა დაეხვია და გოგო ზურგზე ჰყავდა შესმული. გოგო ძალიან ლამაზი იყო, ისიც შავგვრემანი, თვალისმომჭრელი სილამაზის წაბლისფერი თმით, შავი თვალებით, გრძელი ფეხებით, ულამაზესი, შავგვრემანი ხელებით, მოკლედ, მის ყურებას არაფერი სჯობდა. ეტყობა, რომელიმე უცხოური საინფორმაციო სააგენტოს კორესპონდენტები იყვნენ. გოგო ზურგზე ეჯდა ბიჭს და სიცილით "მიაჭენებდა" საკუთარ ბედაურს, ხოლო "ბედაური" საკუთარი "მხედრის" სხეულის სითბოს ქვეშ სიამოვნებისაგან გატრუნული რაღაც გაუგებარს ლუღლუღებდა.

ამ დროს მოედანზე უცებ შემოვარდა მხედრიონელებით სავსე ხაკისფერი, საბჭოთა წარმოების სამხედრო მანქანა. მხედრიონელებმა მანქანა მკვეთრად დაამუხრუჭეს და ავტომატმომარჯვებულებმა საოცრად მტრული და გაბოროტებული სახეებით დაუწყეს თვალიერება თავსხმა წვიმაში მოსეირნე-მორბენალ უცხოელ გოგოს და ბიჭს. მას, რომელიც აშკარად მეთაურს ჰგავდა, მკერდზე ხის შავი პატარა ჯვარი მოუჩანდა, ვერცხლის სქელი ყელსაბამით მიბმული კისერზე, უზარმაზარი წარბები ჰქონდა, დიდი ცხვირი და მჭექარე ხმა. მან უცხოელებისკენ ავტომატი გაიშვირა და გოგოს დამტვრეული რუსულით უბრძანა:

"ეი, შენ! ახლავე ჩამოდი ძირს!"

იმ გოგოს გაოგნებული სახე არასოდეს დამავიწყდება. უცებ შეწყვიტა სიცილი, სახე შეეშალა, თუმცა არ ვიცი, განცვიფრებით, შიშით თუ სიჯიუტით აღსავსე "დაბლა ჩასვლას" აშკარად არ აპირებდა. ამ დროს გაისმა საკეტის ჩხაკუნი – სავარაუდო მეთაურის გვერდით მჯდარმა თვრამეტიოდე წლის კაფანდარა მხედრიონელმა ბიჭმა ავტომატი გადატენა, იარაღი გოგოს მიუშვირა და დაუყვირა:

"არ გესმის რას გელაპარაკებიან შე ცხოველო? ახლავე ძირს ჩამოდი, თორემ დაგაწვენ ადგილზე!"

გოგო სასწრაფოდ ძირს ჩამოვიდა და საცოდავად მოიკუნტა. მას თმაზე წურწურით ეღვრებოდა თქეშად მომავალი წვიმის წყალი და შავი თმა აწითლებულ სახეზე ეგლისებოდა. მეთაურის გვერდით მჯდარმა ლაწირაკმა, რომელიც აშკარად ნარკოტიკული თრობის ბურანში იმყოფებოდა, მეთაურს ქართულად გადაულაპარაკა:

"რა ვქნა, მიხაილოვიჩ, დავბრიდო ესენი?"

"შენ სულ გააფრინე?" გაბრაზდა მეთაური, "რა სულ ვიღაცის მოკვლა გიდევს თავში. თანაც, ესენი ხომ უცხოელები არიან..."

"მაშინ ვცემ!" განაცხადა ლაწირაკმა და ისე რომ პასუხს არ დალოდებია, კარი გააღო, მანქანიდან ჩამოხტა და ბიჭს ეცა. დავინახე, როგორ ჩაარტყა ავტომატის კონდახი სახეში. ბიჭმა მუდარით აღსავსე გამომეტყველებით სახეზე ხელები აიფარა, მაგრამ ამან მხედრიონელები განსაკუთრებით გაამხეცა; უკვე ყველა ერთად მიესია გოგოს და ბიჭს; ისინი ურტყამდნენ და ქუჩაში ათრევდნენ ორივეს. ეს ყველაფერი სულ რამდენიმე წამში მოხდა. მივხვდი, რომ თუ არ მივეშველებოდი ამ ახალგაზრდებს, გამხეცებული მხედრიონელები ან მოკლავდნენ ან დაასახიჩრებდნენ მათ. ამიტომ ერთ-ერთ გამხეცებულ მხედრიონელს სახელოში ვეცი და მოვქაჩე. მან არეული თვალებით შემომხედა და ჩემსკენ საცემრად გამოიწია, მაგრამ მე მშვიდი სახით დავდექი და განვუცხადე:

"თითიც არ დამაკარო, თორემ ყოფას გიტირებ იცოდე! მე ჯაბას ახლობელი ვარ."

"ჰა? ჯაბა?" გამოფხიზლდა უცებ მხედრიონელი და განზე გადგა. მაშინვე ყველამ შეწყვიტა უცხოელების ცემა და ყველა როგორც ერთი მე მომაჩერდა.

"კი, ჯაბა დედაჩემის ალალი ბიძაშვილია. თუ ჩემი არ გჯერათ, ახლავე ჩავსხდეთ მანქანაში და მიმიყვანეთ მასთან. დაანებეთ თავი ამ უცხოელებს და მიხედეთ თქვენს საქმეს."

სავარაუდო მეთაურმა კისერი მოიფხანა. ცოტახანს მიყურა, მაგრამ როცა ვერც შიში შემატყო და ვერც ყოყმანი, ხელი ჩაიქნია, დანარჩენებთან ერთად მანქანაში ჩაჯდა და წავიდა. მე მივედი უცხოელებთან, რომლებიც საშინლად ნაცემები და შეშინებულები იყვნენ, მივეხმარე წამოდგომაში და ინგლისურად ვკითხე, შემეძლო თუ არა კიდევ რაიმეთი დავხმარებოდი მათ. გოგომ უარყოფის ნიშნად თავი გააქნია, ბიჭს მხარში ამოუდგა და ორივე საცოდავი კოჭლობით წავიდა საპირისპირო მხარეს, ტაქსების გაჩერებასთან, სადაც ერთადერთი ყავისფერი "ჟიგული" იდგა. გავიგონე არეული, ისტერიული ლაპარაკი და დავინახე, როგორ სწრაფად მოწყდა ტაქსი ადგილს, მე კი საშინლად დათრგუნული და არეული პურის რიგში დავბრუნდი.

იმ დღეს პური არ მოვიდა. დაგვირიგეს მხოლოდ სამიოდე ტალახივით შავი, ბლანტე გუნდა და როცა გუნდები ერთმანეთის მიყოლებით ცელოფნის პაკეტში ჩავაწყე, აშკარად ვიგრძენი შვრიის და მინდვრის ბალახების სურნელი. უკვე საღამო იყო, ნაცნობს მადლობა გადავუხადე რიგის შენახვისთვის და სახლისკენ გავუყევი გზას. მქონდა ცომი, რომელიც დედას ტაფაზე შეეძლო გამოეცხო, წვიმამ გადაიღო, ფანჯრებში ჩანდა შუქი, მე კეთილი საქმე გავაკეთე და ამ ყველაფრით ძალიან გახარებული ვიყავი.

...ფილარმონიასთან მისული არ ვიყავი, როცა სახალხოდ მცემეს მხედრიონელებმა. ჩემი ცემის მოგონება ბუნდოვნად ჩამრჩა მეხსიერებაში. დამამახსოვრდა მხოლოდ ქოშინი და ხის შავი ფერის ჯვარი მხედრიონელის მკერდზე. ხერხემალი დამიზიანდა და ორთვენახევარი არამიანცის საავადმყოფოში ვიწექი. სამუდამოდ ხეიბრის ეტლს მიჯაჭვული გამოვედი საავადმყოფოდან. მამა აფხაზეთის ომში დამეღუპა, გულრიფშთან ბრძოლის დროს. დედას როგორც შეეძლო, მივლიდა, სანამ 2010 წელს მკერდის სიმსივნით დაიღუპებოდა. დღეს უკვე და მივლის და სიძის ოჯახში ვცხოვრობ. მთვრალი სიძისაგან ხშირად ვიტან ათასგვარ დამცირებას და შეურაცხყოფას. სახლიდან იშვიათად გავდივარ.

ამასწინათ რუსთაველზე გავისეირნე ინვალიდის ეტლით. გაზაფხულის მშვენიერი ამინდი იყო, ჰაერში განახლებული სიცოცხლის სურნელი იდგა, მე კი ჩემს დაღუპულ სიცოცხლეზე ვფიქრობდი მხოლოდ. ოპერის საპირისპირო მხარეს დავინახე ასე, თექვსმეტიოდე წლის გოგო და ბიჭი. ბიჭს გოგო ზურგზე ჰყავდა შესმული და ასე დაატარებდა. ამ დროს მათთან მივიდა ულვაშიანი, შუახნის მამაკაცი და გოგოს უბრძანა:

"უწესობას ნუ სჩადი, ახლავე ჩამოდი ძირს!"

გოგომ გაოცებული სახით შეხედა შუახნის მამაკაცს, ხოლო ბიჭმა სულელურად გაიღიმა და უპასუხა:

"რას ამბობ, რა უწესობა ბიძაჩემო, ეს ჩემი დაიკოა."

მოზარდები მართლა ერთმანეთს წააგავდნენ. ამიტომ შუახნის მამაკაცი უსიტყვოდ ჩამოსცილდა მათ და საკუთარ სკამს დაუბრუნდა, მე კი გამახსენდა ერთი ქართველი მხატვარი ქალის სიტყვები, რომელმაც წლების წინ, სააკაშვილის მიერ კონტროლირებად ერთ-ერთ ტელეარხზე გასულ მოდურ გადაცემაში განაცხადა:

"ქართველ მამაკაცებს ძმებივით აღვიქვამ, ამიტომ რაიმე ცუდის გაფიქრება მათთან მიმართებით არანაირად არ შემიძლია."

მხატვრის ამ სიტყვებს განსაკუთრებით ხანგრძლივი ოვაციები მოჰყვა. ტელეკამერამ წინა რიგში დააფიქსირა მღვდელი ძვირფასი ანაფორით და მკერდზე დაკიდული უზარმაზარი ვერცხლის ჯვრით, რომელიც განსაკუთრებით აღფრთოვანებული და აღტაცებული უკრავდა ტაშს.

მე კარგად დავაკვირდი და არ გამჭირვებია, წვერსა და ანაფორაში ამომეცნო მხედრიონელი, ვერცხლის ყელსაბამზე ჩამოკიდული ხის ჯვრით, ოთხმოცდაათიანების დასაწყისის იმ წვიმიან დღეს, რესპუბლიკის მოედანზე...



ჰაინრიხ დანიოტი. რაინდები და შეყვარებულები

15.04.2013

 

 

 

მთავარი

ბიოგრაფია

ნაწარმოებები

დაკავშირება

 

 

შეიძინეთ რომანი "ჭენება" საქართველოს მაღაზიებში

 
 
Copyright © David Chutlashvili. Alle Rechte vorbehalten