კოსმოსური მანძილები

საქართველო დასავლეთ ევროპას კოსმოსური მანძილითაა დაშორებული; მე ძალიან მეეჭვება, არსებობდეს აქედან იმაზე უფრო შორეული გალაქტიკა, ვიდრე ეს არის დასავლეთი ევროპა; საქართველოში დღესაც ისევე, როგორც საბჭოთა პერიოდში, სრული საინფორმაციო ვაკუუმია, ევროპაზე წარმოდგენები აქ ჯერაც ბალზაკის რომანებით და რადიო "თავისუფლების" მსგავსი, სააკაშვილის აგენტურით გაძენძილი "მედიასაშუალებებით" იქმნება. როგორც საბჭოთა კავშირში, ახლაც ჟურნალები ბეჭდავენ გამოგონილ ინტერვიუებს ჰოლივუდის მსახიობებთან, სადაც ეს "მსახიობები" პროპაგანდას უწევენ მონოგამიას და ცხოვრების დახავსებულ წესს, იმ წესს, რომლის მიმდევარიც დღეს აღარავინ დარჩა დასავლეთში, ხოლო ტელევიზიები სპეციალურად უჩვენებენ მხოლოდ ძალიან ვიწრო წრისათვის განკუთვნილ ფილმებს და სერიალებს, რომლებსაც მოსაწყენი შინაარისის გამო იქ ასევე არავინ უყურებს. ამ ყველაფრის გამო იმ ქართველის წარმოსახვა დასავლეთის შესახებ, რომელმაც რომელიმე ევროპული ენა კარგად არ იცის, ძალიან არასწორია და იმდენად სცილდება რეალობის აღქმის საზღვრებს, რომ ხშირად სრულ კომიზმამდე დადის.

"ქართული ოცნების" გამარჯვებას შედეგად ქართველი ხალხისათვის მნიშვნელოვანი ჯერ არაფერი მოჰყოლია. ქართველმა ხალხმა ნანატრი თავისუფლება ჯერ კიდევ ვერ მოიპოვა. უბედურება იმაშია, რომ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი ჯერ კიდევ აკონტროლებს მნიშვნელოვან სახელმწიფო სტრუქტურებს, მათ შორის, სასამართლოს. ამასთან ერთად, პარლამენტში არსებობს უამრავი შემთხვევითი და ძალიან ოდიოზური ფიგურა. ეს შემთხვევითი ფიგურები არ ან ვერ წარმოადგენენ არსებითი განახლების მოტივატორებს და თუმცა უკვე იშვიათად, ვიდრე წინათ, მაგრამ მაინც ჯერ კიდევ აფრქვევენ ორჭოფულ ჰომოფობიურ ფრაზებს, რაც კიდევ უფრო გაურკვეველს ხდის საქართველოს ევროპულ მომავალს. ამ მხრივ არც კოალიციის ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი გამოიყურება მაინცდამაინც სოლიდურად და მისი დამოკიდებულება გენდერის საკითხების მიმართ ჯერ კიდევ ხშირად ვერ აკმაყოფილებს საშუალოზე დაბალი დონის კონსერვატორი ევროპელის ყველაზე მოკრძალებულ კრიტერიუმებსაც კი, მიუხედავად იმისა, რომ ის გულწრფელად, მთელი არსებით ცდილობს, საქართველო როგორმე განვითარების ცივილიზებულ, დასავლურ გზაზე დააყენოს. საქვეყნოდ არის ცნობილი ასევე მისი სიკეთე და მის მიერ უანგაროდ დახარჯული ის მილიარდობით ლარი, რაც უამრავ ადამიანს საქართველოში არსებობის სახსარს უქმნის. წინა ხელისუფლების მხარდამჭერთაგან ბევრს მიაჩნდა, რომ მან წლების წინ დაგეგმა ხელისუფლებაში მოსვლა და საკუთარ ფულს ქველმოქმედებისათვის ამიტომ ხარჯავდა, მაგრამ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების მსგავსი შეხედულებები ამ პიროვნების შესახებ სრული აბსურდი და ბინძური და ძალიან აღმაშფოთებელი ტყუილია, რასაც რეალობასთან არაფერი აქვს საერთო. მე სრული გულწრფელობით ქედს ვიხრი ამ პიროვნების საოცარი პიროვნული სიკეთის და უანგარობის წინაშე, აღფრთოვანებული ვარ მისით და ძალიან მრცხვენია კიდეც, რომ ოდესღაც ეჭვი მეპარებოდა მის კეთილ ზრახვებში. მოკლედ, მე ძალიან მიყვარს ეს პიროვნება და მთელი ცხოვრება ვეცდები, როგორმე რაიმე ფორმით გადავუხადო მას თუნდაც მხოლოდ ის უდიდესი სიკეთე, რომ ეს უსაზიზღრესი ძალა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სახით, ხელისუფლებას ჩამოაშორა.

კარგია, რომ ეს ძალა ხელისუფლებას ჩამოვაშორეთ, მაგრამ თავისუფლების მოსაპოვებლად მხოლოდ ციხის კარის გაღება და რაღაც უბადრუკი და ტყუილებზე ნაშენი პარტიის არჩევნებში დამარცხება არ კმარა; თავისუფლების მოპოვებისათვის საჭიროა, უპირველეს ყოვლისა, კარგად გავაცნობიეროთ, რომ ევროპელები ვართ. საჭიროა, რომ ივანიშვილმა შეწყვიტოს სექსუალურ თემატიკაზე ქილიკი, სექსუალური ნარატივების მქონე ანეკდოტების მოყოლა, ხოლო სოსო ჯაჭვლიანმა აღარ დაიქადნოს, რომ "ეცდება, საკუთარი საკანონმდებლო საქმიანობით ჰომოსექსუალებს მაქსიმალური სიამოვნება მიანიჭოს," რაც აღმაშფოთებელია და სულიერი სიღატაკის ტიპიურ მაგალითს წარმოადგენს. სექსუალურ თემაზე ქილიკი არ შეიძლება (ყოველ შემთხვევაში, იმ სახით მაინც, როგორც ამას ბიძინა ივანიშვილი და სოსო ჯაჭვლიანი სჩადიან), ხოლო თუ კონსერვატორი ხარ და არ შეგიძლია სექსუალურ თემატიკას ისე შეეხო, რომ სათანადო დონე შეინარჩუნო, საერთოდ არ უნდა შეეხო მას.

უბედურება იმაშია, რომ მნიშვნელოვანი უკეთესობა ახალგაზრდა ქართველი პოლიტიკოსებიდანაც არ ჩანს; ახალგაზრდა ქართველი პოლიტიკოსები არათუ გაურბიან ეკლესიასთან კავშირს (რაც ევროპელი ახალგაზრდა პოლიტიკოსებისათვის სულ მცირე ძალიან ცუდ ტონად ითვლება), არამედ პირიქით, ესწრაფვიან კიდეც ორთოდოქს პატრიარქ ილია მეორესთან მჭიდრო ურთიერთობას და სიამაყით ათავსებენ ინტერნეტში ამ კავშირის დამადასტურებელ ფოტოებს, სადაც ისინი პატრიარქთან ერთად ამაყად პოზირებენ ფოტოკამერების წინ. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში არ არსებობს სექსუალური იმიჯის მქონე თუნდაც ერთი პოლიტიკოსი მაინც. წინა ხელისუფლებიდან მიხეილ სააკაშვილმა სცადა, სექსუალური იმიჯი მოერგო, მაგრამ სექსუალური იმიჯი საქართველოში უაღრესად ფაქიზი ნეტარებაა, ამიტომ მისი ტარების უნარი მხოლოდ ერთეულებს აქვთ, სააკაშვილი კი ნამდვილად არ იმყოფებოდა ამ ერთეულებს შორის და მისი მცდელობა, მოერგო ეს იმიჯი, სრული ლოგიკური კრახით დასრულდა. პრობლემა ის იყო, რომ სააკაშვილის წარმოდგენები სექსის შესახებ ვერ გასცდა საბჭოთა ობივატელის საოცრად მდარე, რეპრესიულ-რეაქციულ შეხედულებებს და მისი მმართველობის დროს ეს ყველაფერში იგრძნობოდა (ცნობილია მისი ღიმილნარევი ტონი ბუჩქების შესახებ და მისი მცდელობა, კომიზმი დაენახა იქ, სადაც ის არ არსებობს). ამიტომ საქართველო სულ უფრო ხშირად მიექანება ნგრევის ცთუნებისაკენ, რადგან ტრადიციული ფასეულობები 90-იანებში დაიმსხვრა, ხოლო ახალი ფასეულობები ქართულმა საზოგადოებამ ვერაფრით გამოიმუშავა; ქართველი ახალგაზრდები ჯერაც უკიდურესად ასექსუალურები არიან, იმდენად ასექსუალურები, რომ მათი ასექსუალობა მიხვრამოხვრასა და მანერებშიც კი ვლინდება; ბევრი ქართველი ახალგაზრდა ცდილობს, წარსულის ღირებულებათა მითების ხარჯზე მოიწყოს ცხოვრება, საზოგადოებაში ტრადიციული ორთოდოქსი ქრისტიანი იყოს, ხოლო პირადი ცხოვრება ევროპული ჰქონდეს. ისინი იმდენად მოუხეშავნი და გულუბრყვილონი არიან, ვერ ხვდებიან, რომ ორივე ეს ერთად წარმოუდგენელია. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ისინი გაბრუებულები არიან პროპაგანდით, რასაც ქართული უხარისხო მედია და ეკლესია ერთობლივად ქმნიან. ამ მხრივ თითქოს ოდნავ უკეთესი მდგომარეობაა ქართულ ხელოვნებაში; ხელოვნების სფეროს ბევრი მუშაკი ერთი შეხედვით თითქოს უფრო სექსუალურია, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. მათი სექსუალობა ხშირად ანატომიზმამდე და სექსის მეშვეობით ლამის მხოლოდ გასტრონომიული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე დაიყვანება. საქართველოში თითქმის არ არსებობს ის უშუალო და ლაღი სექსუალობა, რაც არათუ კარგ ევროპელ ხელოვანებს, არამედ გამოუცდელ, საშუალო დონის ევროპელ თინეიჯერებსაც კი გააჩნიათ, ხოლო ბიძინა ივანიშვილის სიმპათიები უფრო მეტად კონსერვატორი და ასექსუალური "მოღვაწეებისკენ," როგორც "ნაღდი ქართველებისკენ" იხრება, და ამ ფონზე ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რის ხარჯზე აპირებს ის საქართველოს ევროპეიზაციას და დემოკრატიზაციას. უდავო ფაქტია, რომ ამ პიროვნებამ ქართველი საზოგადოებისათვის უმნიშვნელოვანეს ეტაპზე ძალიან პოზიტიური ფუნქცია შეასრულა, მაგრამ ისიც უდავო ფაქტია, რომ მას მომავალში სერიოზული დაფიქრება და საკუთარი შეცდომების სწორი გაანალიზება მართებს, რისი უნარიც სააკაშვილისაგან განსხვავებით მას ალბათ შესწევს. ყოველ შემთხვევაში, მე დიდი იმედი მაქვს, რომ ის ჩემს რჩევებს გაითვალისწინებს და ის მოქნილობა და პროგრესირების ის უნარი, რაც სააკაშვილის და მისი პოლიტიკური ძალისაგან განსხვავებით ახასიათებს როგორც ივანიშვილის პიროვნებას, ასევე ზოგადად კოალიცია "ქართულ ოცნებას," მომავალში კიდევ უფრო განვითარდება და ის კიდევ უფრო დახვეწილ და ადამიანურ სახეს მიიღებს.

სააკაშვილი ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა და ენერგიული პოლიტიკოსია, ამასთან, ძალიან საშიშიც იმის გამო, რომ მას უდავოდ შეუძლია ქვეყნის წარსულში დაბრუნება, თუ ის ხელახლა ხელისუფლებაში მოსვლას შეძლებს. ამიტომ საჭიროა, უსწრაფესად განეიტრალდეს ეს საფრთხე, ხოლო იმ დამნაშავე პირების მიმართ, ვისაც წინა ხელისუფლების დროს მაღალი თანამდებობები ეკავათ, დაიწყოს გამოძიება და ისინი წარსდგნენ სამართლიანი და მიუკერძოებელი, და არა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ მართული სასამართლოს წინაშე, რათა საქართველოში სამუდამოდ დამთავრდეს სააკაშვილის ერა და ქართულმა საზოგადოებამ შეძლოს რეალური პოლიტიკური პლურალიზმის ეტაპამდე მიღწევა, რაც ადრე თუ გვიან სრულიად ახალ პოლიტიკურ ძალებს გამოიყვანდა პოლიტიკურ ცხოვრებაში, იმ ძალებს, რომლებიც სოციალური კლიშეებით სავსე საზოგადოებრივი ბაზისის გამო ჯერ კიდევ ჩანასახოვან სტადიაში იმყოფებიან და რომლებსაც "ქართულ ოცნებასთან" ერთად ნამდვილად უნდა შესწევდეთ ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში შეყვანის უნარი. მე შთაბეჭდილება მრჩება, რომ "ქართული ოცნების" ბევრი ლიდერი სიღრმისეულად ჯერ ვერ აცნობიერებს, თუ რასთან აქვს საქმე და რა პრობლემებთან უწევს შეჯახება მის კოალიციას. 90-იანი წლების დასაწყისიდან ქვეყანა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ამ ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა სრულასაკოვანი ხალხია, ხოლო მათმა ძირითადმა ნაწილმა ქვეყანა დატოვა იმის გამო, რომ ისინი სხვადასხვა სექსუალურ უმცირესობებს განეკუთვნებოდნენ და წარსულ ტოტალიტარულ სისტემებში ვერ დაინახეს ღირსეული ცხოვრების ან სულაც, ელემენტარული პირადი უსაფრთხოების გარანტიები. მათ ჰქონდათ 2 არჩევანი: ან ეცხოვრათ ნიღბებით ან ღია კონფრონტაციაში შესულიყვნენ ქართველების აგრესიულ ჰომოფობიურ და ქალთმოძულეობრივ ნაწილთან (რომელი ნაწილიც აშკარად თუ ფარულად სახელმწიფო სპეცსამსახურების მიერ იმართებოდა), რასაც მათ გაცლა და ქვეყნის დატოვება ამჯობინეს. ისინი ძალიან დიდი ყურადღებით აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე პროცესებს, მაგრამ არსებით გაუმჯობესებას ვერ ხედავენ. ამიტომ უდავოა, რომ ისინი ქვეყანაში არ დაბრუნდებიან, ხოლო საქართველოში დარჩენილ ერთგვაროვან და ნაცრისფერ ასექსუალურ მასებს ქვეყნის რეალური სწრაფი განახლება არ შეუძლიათ. ერთადერთი გამოსავალი ამ უმძიმესი ვითარებიდან ის არის, რომ საქართველოში დარჩენილებმა მაქსიმალურად კრიტიკულად გადახედონ საკუთარ ქცევებს, რამაც 2 მილიონი ადამიანის ქვეყნიდან განდევნა განაპირობა, მაგრამ შესწევთ კი მათ ამის ძალა? ფაქტია, რომ სოსო ჯაჭვლიანმა ჰომოფობიურ რიტორიკას მოუკლო, მაგრამ ამით სოსო ჯაჭვლიანი თანამედროვე ევროპელ ლიდერად ჯერ კიდევ არ გადაქცეულა, ხოლო ბიძინა ივანიშვილის ღიმილნარევი დამოკიდებულება ჯაჭვლიანის ქცევების მიმართ კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ივანიშვილი ვერ ხვდება, თუ რასთან აქვს საქმე. ის ნამდვილად ვერ აცნობიერებს სათანადოდ, რომ ევროპა არ არის მხოლოდ ეკონომიკური წინსვლა და სავსე ჯიბე, რომ ევროპა ეს არის ადგილი, სადაც ყველა საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობს და სადაც მეძავს, რომელმაც თავისი ცხოვრების მანძილზე 6000 მამაკაცთან დაწვა ან თინეიჯერს, რომელიც მამაკაცებით სავსე აბაზანაზე ოცნებობს, სულ მცირე ზუსტად ისეთივე შეუბღალავი ღირსება და დაფასება აქვს საზოგადოების მხრიდან, როგორც მონაზონს, რომელსაც არავისთვის და არაფრისთვის უკოცნია ხატების გარდა და რომ სავსე ჯიბე და მატერიალური კეთილდღეობა შედეგია სწორედაც უმცირესობების მიმართ რეალურად ტოლერანტული დამოკიდებულების, ხოლო საზოგადოებას, სადაც განსხვავებული ცუდად გრძნობს თავს, მომავალი არ უწერია. სიძულვილით და ზიზღით სავსე გარემო არის უსასრულო კონფლიქტების წყარო, კონფლიქტები კი სპობენ ეკონომიკურ აქტივობას, რადგან ეკონომიკა არის ისეთივე ფაქიზი და მოწყვლადი გარემო, როგორც ადამიანის სექსუალობა. ამიტომ ქართველებს თუ გვსურს, კარგად ვიცხოვროთ, მაქსიმალური ყურადღებით უნდა მოვუსმინოთ ჩვენ ნამდვილ გულშემატკივრებს, ხოლო თუ ისევ არ მოვუსმენთ მათ და ისევ ძველებურად განვაგრძობთ ჰომოსექსუალებზე, მეძავებზე ან მამაკაცებით სავსე აბაზანებზე მეოცნებე გოგონების დაცინვას, მათზე ჭორაობას და მათ შეურაცხყოფას, ე. ი. აგრესიას მათ მიმართ, უნდა ვიცოდეთ კიდეც, რომ სამუდამოდ ისეთივე ღატაკები და მიუსაფრები დავრჩებით, როგორი ღატაკები და მიუსაფრებიც დღეს ვართ. ქართველებს თუ არ გსურთ და გამბედაობა არ გყოფნით, თქვენ თვითონაც იოცნებოთ მამაკაცებით და ქალებით სავსე აბაზანებზე, ამას არავინ გაიძულებთ, ამის უფლება არავის აქვს, მაგრამ გახსოვდეთ, რომ არც თქვენ გაქვთ სხვათა პირადი ცხოვრების განსჯის და განსხვავებული სექსუალური მრწამსის თუ ორიენტაციის ადამიანების გარიყვის უფლება. მესმის, უდავოდ დიდი შედეგია დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნები და ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება, რაც უდიდესწილად "ქართული ოცნების" აქტივის და პირადად ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, მაგრამ ევროკავშირში მხოლოდ ამის გამო ჩვენ არავინ მიგვიღებს; ევროკავშირში მიღების კრიტერიუმები არის ძალიან მკაცრი და რაც დრო გავა, ეს კრიტერიუმები კიდევ უფრო გამკაცრდება. მე 2003-2004 წლებში ვცხოვრობდი ევროპაში და რომ ვაკვირდები, ევროპული საზოგადოება ამ ბოლო 10 წლის მანძილზე საოცრად დემოკრატიული გახდა, შეუდარებლად უფრო დემოკრატიული, ვიდრე ის იყო 2003 წელს, ხოლო საქართველო არათუ თანამედროვე დანიურ საზოგადოებას, არამედ 2003 წლის ლიტვურ საზოგადოებასაც კი ჯერ კიდევ კოსმოსური მანძილით არის დაცილებული. აქ მე ლაპარაკი არ მაქვს იმაზე, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდეს ან ციხეებში პატიმრებს არ აწამებდნენ, სამართლიანი არჩევნები და ციხეებში პატიმრების მიმართ ადამიანური მოპყრობა ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ამავე დროს არა მთლად გადამწყვეტი ასპექტებია, აქ ამ ყველაფერთან ერთად უნდა მოხდეს მენტალობის გარდაქმნა, უნდა მოხდეს საზოგადოების შინაგანი, მენტალური დემოკრატიზაცია, რასაც მე საუბედუროდ ჯერ კიდევ ვერ ვხედავ საკმარისი ინტენსივობით. ეს არის ის, რაც ყველა ჩვენთაგანმა ყოველდღიურად უნდა გააკეთოს: ფიქრი, დაფიქრება წარსულზე, შეცდომების გაცნობიერება და სინანული. დიახ, ამ მხრივ აქ მთელი საზოგადოების დონეზე თითქმის არ ჩანს სულ მცირედი პოზიტიური ცვლილებებიც კი, და ეს მაშინ, როცა იგივე გერმანიის მაგალითზე თუნდაც სულ ბოლო 2 წლის მანძილზე მე გასაოცარ პროგრესს ვხედავ. დავინახავ ამ პროგრესს საქართველოში? ამაზე აუცილებლად დავწერ, ვერ დავინახავ და არ დავწერ და ვერც მაიძულებს ვინმე, დავწერო. ჩვენ თვითონ უნდა ავირჩიოთ, რა გვსურს და ვიცხოვროთ მხოლოდ ჩვენი საკუთარი არჩევანის მიხედვით. სააკაშვილის ერა იყო ოსტატური ტყუილების ერა, ეს ერა დასრულდა და დასრულდა სწორედ იმის გამო, რომ სააკაშვილმა, მსოფლიოში უბადლო თაღლითმა და მატყუარამ, ვერავინ მოატყუა. ტყუილს მოკლე ფეხები აქვს. მოჩვენებითი დემოკრატიზაცია და სიცრუე აღარ გაგივათ, ქართული საზოგადოება ან იქნება რეალურად დემოკრატიული და ტოლერანტული უმცირესობების მიმართ, ან სამუდამოდ დავრჩებით ისეთივე ღატაკები და მარტოსულები, როგორებიც ახლა ვართ და მერე ვეღარავინ გვიშველის. დანარჩენი ევროპა ჩვენ არ დაგვიცდის, არ დაპაუზდება და განვითარებას არ შეწყვეტს იმის მოლოდინში, იქნებ ქართველები ოდესმე მოუახლოვდნენო ჩემს დონეს, სამყარო მიდის წინ, ვითარდება და თანაც, რაც დრო გადის, სულ უფრო სწრაფი ტემპებით.

ვიცი, ახლა მე ბევრი შემომედავება: "განა თავისუფალი სექსუალური ცხოვრების წესით მცხოვრებ ქალებს ან ჰომოსექსუალებს დანიაში ან ჰოლანდიაში არ დასცინიან და შეურაცხყოფას არ აყენებენ?!" ზუსტად იგივე მასა ციხის ცნობილი სკანდალური კადრების გამოქვეყნებისას ამბობდა, "ასეთი რაღაც სხვა ქვეყნებშიაც ხდება, პატიმრებს დასავლეთშიაც აწამებენო." მსგავსი რაღაც იმხელა დემაგოგიაა და სიცრუის ისეთი კორიანტელი, რომ წარმოდგენა არ მაქვს, მსგავს დემაგოგიას და სიცრუეს პატიოსანმა ადამიანმა რა უნდა დაუპირისპიროს. ფაქტი არის ერთი, რომ საქართველოში დემაგოგიის, წამების, დამცირების და არაადამიანური მოპყრობის მთელი სისტემებია შექმნილი, სისტემები ფსიქოლოგიის უკიდურესად პერიფერიულ დონეზე, ხოლო ციხის კადრები იყო ამ უკიდურესად სამარცხვინო ჯალათური ფსიქოლოგიური სისტემების უბრალო განსხეულება და გამოხატულება მხოლოდ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საქართველოში ბევრი თითოეული ადამიანი წარმოადგენს ციხეს საკუთარი გაუგონარი არაჰუმანურობით და საკუთარი ქცევებით, რასაც ნამდვილად არ გააჩნია პრეცენდენტი დასავლეთში და ამაში ნურავინ შემომედავება, მე დასავლეთსაც ზედმიწევნით კარგად ვიცნობ და საქართველოსაც. პირველი შოკი, რაც მე ევროპაში გადავიტანე იყო სწორედ ის, რომ იქაურები გაცილებით უფრო კეთილები აღმოჩნდნენ, ვიდრე ქართველები. მანამდე ყოველთვის მესმოდა: "ჩვენ, ქართველები ყველაზე კეთილები ვართ მსოფლიოში." არ ვართ. შეიძლება თამამად ითქვას, რომ არათუ ყველაზე კეთილები ვართ მსოფლიოში, არამედ ყველაზე ბოროტებიც კი ვართ. ასეთი ბოროტები რომ არ ვყოფილიყავით არც იოსებ სტალინის და ლავრენტი ბერიას მსგავსი ჯალათები გვეყოლებოდა და არც ბაჩო ახალაიას და მეგის ქარდავას მსგავსი ჯალათები, თანაც ხელისუფლებაში, მაღალ თანამდებობებზე. ჩვენ ბევრი უნდა ვიფიქროთ, გავიაზროთ, გავაანალიზოთ საკუთარი წარსული ქცევები, ვიკითხოთ ბევრი წიგნი, დავუკვირდეთ და ჩავუღრმავდეთ ცხოვრებას. ოდესმე ყველას მხოლოდ საკუთარი ძალების ამარა მოგვიწევს ცხოვრების სირთულეების წინაშე დადგომა, მე კი მინდა, რომ ეს სირთულეები აღარ არსებობდეს და ვიქცეთ საზოგადოებად, სადაც ყველას ერთმანეთი გულწრფელად უყვარს და არა სიცრუის და გაუგონარი ფარისევლობის უბადრუკ და უმდაბლეს სტადიაზე. საქართველოში ადამიანები ძალიან მალე ბერდებიან. უძირო და გადაულახავი უფსკრული არსებობს სხვადასხვა სქესის, ასაკის, სოციალური წარმომავლობის, რასის, კანის ფერის თუ ორიენტაციის მქონე ადამიანებს შორის, რაც ყველაზე მწვავედ და მტკივნეულად სექსში, განსაკუთრებით კი სექსუალური ურთიერთობების საწყის სტადიაზე, ფლირტის სტადიაზე ვლინდება, და კიდევ ამ ყველაფრის შემდეგ არის საქართველო ადამიანური სიკეთის განსახიერება?! ვცდილობ, მაქსიმალურად ობიექტური ვიყო, მთელი ცხოვრება ვცდილობ, შევინარჩუნო კალმის ღირსება, მიუკერძოებლობა და ობიექტივიზმი და ამის გამო ხშირად მეტისმეტად მკაცრადაც კი ვაკრიტიკებ ჩემთვის ძვირფას ადამიანებს. რატომ უნდა ჰქონდეს "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ისტერიული რეაქცია იმაზე, რაც სინამდვილეს წარმოადგენს, შეულამაზებელ, ობიექტურ სინამდვილეს, თუ ეს პარტია დემოკრატიისთვის იბრძვის მაშინ, როცა "ქართულ ოცნებას" ჩემს კრიტიკაზე ოდნავი ნეგატიური რეაქციაც კი არ გააჩნია?! "ერთიან ნაციონალურ მოძრაობის" დემოკრატიულობა სიცრუეა, ეს პარტია ვერ იტანს სულ მცირედ კრიტიკულ აზროვნებასაც კი, ის მხოლოდ ზომბირებულ მასას იტანს, ყოველგვარი კრიტიკა, თუნდაც მსოფლიოში ყველაზე პატიოსანი, მიუკერძოებელი და ობიექტური, ავტომატურად "ოპოზიციურობად" და მტრულ ნაბიჯად ფასდებოდა, როცა ეს ძალა ხელისუფლებაში იყო, და მე კარგად მაქვს გამოცდილი, თუ რას ნიშნავდა და ნიშნავს რეალურად კრიტიკული დამოკიდებულება "ერთიან ნაციონალურ მოძრაობის" მიმართ (და არა ის "კრიტიკა," რასაც მაგალითად, რადიო "თავისუფლების" ბევრი ბლოგერი მიმართავს...). კარგად წაიკითხეთ, განა არსებობს ჩემი რომელიმე ნაწარმოები, სადაც არ ვეხები არაადამიანური მოპყრობის თემატიკას?! განა ოდესმე ყოფილა, რომ არ მებრძოლა იმ საშინელებების წინააღმდეგ, რაც ჩვენს უახლოეს წარსულში ხდებოდა და დღემდე ხდება, რომ არავინ მისმენდა და არავინ ითვალისწინებდა ჩემს შეგონებებს?! განა ციხის წამება ჩვეულებრივი ქართველის ყოველდღიური წამების, არაადამიანური ჩაგვრის, არსებობისა და ლუკმაპურისათვის მისი ბრძოლის და თვითგვემის ლოგიკურ გაგრძელებას და ბოლო აკორდს არ წარმოადგენს მხოლოდ?! რამ გადაგვაქცია ასეთებად, ასე რამ დაგვიკარგა ადამიანური სახე, ასე როგორ დავეცით, ვერ ხედავთ, ხალხო, სად ვცხოვრობთ, როგორ ქვეყანაში, როგორ "ადამიანებს" შორის ვცხოვრობთ?! მთავარი ჯალათები ჯერ კიდევ ციხის გარეთ დასეირნობენ არხეინად, ინტერვიუებს იძლევიან, უტიფრად და საოცარი ცინიზმით ლაპარაკობენ "მათ მიმართ განხორციელებული პოლიტიკური დევნის და ზეწოლის შესახებ," ჩ. თაქთაქიშვილის მსგავსი სუბიექტები ცდილობენ, წამებულის მანტია მოისხან, ბიძინა ივანიშვილს და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს ისტერიულად აგინებენ და უვრცელებენ ათასგვარ ბინძურ ჭორს და მონაჩმახს, ცდილობენ, ლაფში ამოსვარონ ყველა იმ ადამიანის სახელი, ვისაც ადამიანობა ვერ წაართვეს, ვინც ბოლომდე ვერ დაჩაგრეს, ვისაც ბოლომდე ვერ დაუკარგეს ადამიანური სახე. ისინი უსირცხვილოდ და საზარელი ცინიზმით საუბრობენ "საქართველოს პროდასავლური ვექტორის შესაძლო ცვლილების საფრთხეებზე," და ეს მაშინ, როცა 2012 წლის პირველ ოქტომბერს ქართველი ერი სწორედ საბჭოეთს და სწორედ რუსულ ოკუპაციას ებრძოდა, რადგან "სუკ"-ის მეთოდებით ქვეყნის მართვა, შანტაჟით, ძალადობით და ტერორით ქვეყნის მართვა სხვა არაფერი იყო, გარდა რუსული სცენარის განხორციელებისა, მტანჯველი რუსეთის დაბრუნებისა საქართველოში, რაზეც მე ამდენი მაქვს დაწერილი წარსულში.

P. S. ამ ესეს ვწერდი და ინფორმაცია მივიღე, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" დიდი ფუსფუსი და სამზადისი შეინიშნება; ცოცხების პარტია 19 აპრილისათვის ემზადება; თურმე 20-20 ლარს ურიგებენ მათ, ვინც 19 აპრილს დაგეგმილ აქციაზე წავა. სრულიად ლოგიკურია მოლოდინი იმის, რომ 19 აპრილისათვის დაანონსებულ აქციაზე იქნება პროვოკაციები "ქართული ოცნების" წინააღმდეგ, რაც სააკაშვილმა შესაძლოა, მთავრობის დათხოვნის საბაბად გამოიყენოს. ამიტომ "ქართული ოცნების" ყველა აქტივისტს მოვუწოდებ, ნუ წამოეგებით პროვოკაციას და მიეცით საშუალება ცოცხების პარტიას, მშვიდ გარემოში ჩაატაროს საკუთარი აქცია, რათა მთავრობის დათხოვნის შესაძლებლობა მოვუსპოთ სააკაშვილს, რადგან ამჟამინდელი მთავრობის დათხოვნა ჩვენი ქვეყნისათვის სრული კატასტროფა იქნება. გამორიცხული არაა, ნაციონალებმა ერთმანეთს თავპირი დაამტვრიონ, ერთმანეთი დაასისხლიანონ და შემდეგ ეს "ქართული ოცნების" თავდასხმად მონათლონ "სუსტი და ჩაგრული ოპოზიციის წინააღმდეგ," ამიტომ ყველას ძალიან კარგად უნდა ესმოდეს, რომ "ქართული ოცნების" მხარდამჭერები ამ აქციას ახლოსაც არ გაეკაროთ. როგორი სამართლიანად თუ უსამართლოდ კრიტიკული დამოკიდებულებაც არ უნდა გააჩნდეს ვინმეს "ქართული ოცნების" მთავრობის მიმართ, ნაციონალების რომელიმე მთავრობასთან ამ მთავრობის შედარებაც კი არ შეიძლება, "ქართული ოცნების" მთავრობა დღეს იმსახურებს ხელისუფლებაში ყოფნას; აქამდე ყოვლად კოშმარული და ამაზრზენი მთავრობა გვყავდა, ამიტომ ჩვენ აუცილებლად მხარი უნდა დავუჭიროთ ჩვენს ახალ მინისტრთა კაბინეტს და ხელი არ შევუშალოთ ნაციონალების მიერ დაგეგმილ აქციას.



მაქსიმილიან ერნსტი. ვისი გორისა ხარ, ჩიორა?

01.03.2013

 

 

 

მთავარი

ბიოგრაფია

ნაწარმოებები

დაკავშირება

 

 

შეიძინეთ რომანი "ჭენება" საქართველოს მაღაზიებში

 
 
Copyright © David Chutlashvili. Alle Rechte vorbehalten