კოლაფსი

დღეს საქართველოში უამრავი პოლიტიკური პარტია და "საზოგადოებრივი" კავშირი არსებობს, რომლებიც, როგორც ერთი, ასევე თითქმის ყველა, გაუთავებლად ლაყბობენ "სოციალური პრობლემების" მოგვარების შესახებ, რაშიაც ისინი მოსახლეობის მატერიალური კეთილდღეობის დონის ამაღლებას გულისხმობენ. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა კოალიცია "ქართული ოცნების" ბელადი, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ხშირად "წუხს" მოსახლეობის "საშინელი" სიღატაკის შესახებ. მაგრამ არის კი მატერიალური კეთილდღეობა იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ადამიანმა მას ამხელა ყურადღება დაუთმოს?!

ჩემთვის ეს ყველაფერი გაუგებარი და ძალიან სამწუხაროა. სამწუხაროა, რომ ადამიანები საქართველოში ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებენ, თუ რაში მდგომარეობს მათი მთავარი პრობლემა. რასაკვირველია, მატერიალური კეთილდღეობა საკმაოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ არა იმდენად მნიშვნელოვანი, როგორც ამას საქართველოში ფიქრობენ. აქ ჯერ კიდევ გულუბრყვილოდ სწამთ და სჯერათ, რომ ფულით ყველაფრის ყიდვა და ყველა სასიცოცხლო პრობლემის მოგვარება შეიძლება. საქართველო ყოველთვის ამაზრზენი ქვეყანა იყო თავისი მატერიალიზმით, დღეს კი მატერიალიზზმა იმდენად კატასტროფული სახე შეიძინა, რომ ის ყველას უფსკრულში გადაგვჩეხავს, თუ ლაგამი არ ამოვდეთ. ბევრი გულუბრყვილოდ ფიქრობს, რომ მატერიალურ-ტექნიკური და სულიერი პროგრესი ურთიერთდამოკიდებული და ურთიერთგანმაპირობებელი ცნებებია და კეთილდღეობის დონის ამაღლებას ავტომატურად კულტურისა და სულიერების დონის ამაღლება მოჰყვება შედეგად, რაც გამოუსწორებელი შეცდომა და დანაშაულია. ამიტომ პირადად მე შეუდარებლად მირჩევნია გერმანიაში ცხოვრება საქართველოში ცხოვრებას; თუ გერმანია დღეს ჩვენ ათჯერ გვისწრებს მატერიალური კეთილდღეობის დონით, სულიერებისა და ჰუმანიზმის დონით ის კიდევ შეუდარებლად უფრო მაღლა დგას საქართველოზე. ამიტომ საქართველო უკვე არის რეალური ჯოჯოხეთი დედამიწაზე. კეთილდღეობა ხომ არ არის და არა, აქ ამასთან ერთად ელემენტარული სულიერების, სიყვარულის, თანაგრძნობისა და ადამიანური ურთიერთობების დეფიციტია. ბოლო 8 წელიწადში ქვეყანამ ნამდვილად განიცადა მცირედი მატერიალური პროგრესი, მაგრამ სიყვარულის, თანაგრძნობისა და ადამიანური ურთიერთობების დონე კიდევ უფრო დაეცა. ვიცი, გერმანიაში ამას ვერ გამიგებენ იმიტომ, რომ იქ მატერიალური და სულიერი პროგრესი დაახლოებით თანაბრად მიმდინარეობდა მთელ ომისშემდგომ პერიოდში და ასეა დღესაც, გერმანია დღესაც საოცარი ტემპებით ვითარდება ყველა მიმართულებით. საქართველოში მე უამრავ ადამიანთან მისაუბრია ამ საკითხზე და ყველა დაზეპირებულივით იმეორებს საზიზღარ მარქსისტულ თეზას, "მატერიალური კეთილდღეობა განაპირობებსო სულიერ კეთილდღეობას." დამიჯერეთ, ეს ასე არ არის! და დამიჯერეთ, ასე თუ გაგრძელდა, ჩვენ ოდესმე შეიძლება ვიცხოვროთ მსოფლიოს უმდიდრეს ქვეყანაში, რომელსაც 50 მილიონი ტურისტი სტუმრობს ყოველწლიურად, მაგრამ ხალხი მაინც თავქუდმოგლეჯილი გაურბოდეს ერთმანეთს და გარბოდეს ადამიანურ ქვეყნებში, როგორც ეს ამჟამად ხდება. თითქმის ყველა იმ პარტიას, პოლიტიკურ ჯგუფსა და ორგანიზაციას, რომელიც საქართველოშია, საკუთარი მხედველობის არის მიღმა რჩება ეს უმნიშვნელოვანესი საკითხი, -- სულიერება და კულტურა, და მხოლოდ იმიტომ, რომ თვითონ მათი ლიდერები არიან კუჭის პრობლემებზე მზრუნველი, გულუბრყვილო და პრიმიტიული ხალხი. მათ რეალურად წარმოდგენაც კი არ აქვთ, თუ რას ნიშნავს კულტურა, თუ რას ნიშნავს სულიერება და საკუთარი გაუკუღმართებული წარმოსახვებით ძალიან დიდ განსაცდელს უმზადებენ ხალხს.

მე კულტურის შემოქმედი ვარ, ხოლო კულტურა ჩემთვის თანაგრძნობა და სიყვარულია. საუბედუროდ საქართველოში მე არავის ვუყვარვარ. კი, რასაკვირველია, მყავს თაყვანისმცემლები (საქართველოში ბევრი ამ ყველაფერს პირიქით, მეტისმეტად გადაჭარბებულ თაყვანისცემასა და სიყვარულსაც კი დაარქმევდა), როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე ჩემი ლიტერატურის თაყვანისმცემლებიც, მაგრამ ის, რასაც რეალური, სიცოცხლით სავსე ურთიერთობები ჰქვია, აქ ეს შეუძლებელია. როცა გერმანელ ქალს უყვარხარ, ის აღფრთოვანებულია შენით, მისთვის შენი თითოეული სიტყვა წმინდათაწმინდაა, გერმანელი ქალი ჯოჯოხეთშიაც კი წამოგყვება, ყველაფერს გააკეთებს შენს გამო, ცრურწმენებით შეპყრობილი ქართველი ქალი კი ჭილყვავივით უმადურია. თუ ავტომანქანას უყიდი, ის ნაწყენი დაგრჩება, რომ თვითმფრინავი არ უყიდე, თუ თვითმფრინავს უყიდი, კოსმოსურ ხომალდს მოინდომებს შენგან და საბოლოოდ მაინც ნაწყენი დაგრჩება; რაც არ უნდა სიმართლე ელაპარაკო, ქართველი ქალი არაფერს დაგიჯერებს, ერთ სიტყვასაც კი არ დაიჯერებს შენგან ნათქვამს; აქ ძალიან ხშირად, სრულიად უმნიშვნელო საბაბით (მაგ. ერთიციცქნა ლაქა სახეზე ან შარვალზე), ან აბსოლუტურად უმიზეზოდ სიყვარული საშინელი სიძულვილით შეიძლება შეეცვალოს ქალს შენს მიმართ. საქართველოში შეყვარებულებს შორის სიძულვილი იწყება იმ წამიდან, როგორც კი ისინი გაშიშვლდებიან და ერთად დაწვებიან. ქართველ ქალს ეზიზღება მამაკაცის შიშველი სხეული, ამიტომ როგორც კი გაშიშვლდები და მასთან დაწვები, ამ წუთიდან შენ მისთვის უკვე მკვდარი ხარ. სულერთია, როგორი სხეული გაქვს (აქ იმაზე არ არის საუბარი, როცა ვინმე რაღაც ნაკლს მალავს, სიშიშვლე საქართველოში უკვე თავისთავად ნაკლია!). თუ გერმანელ ქალს თან ძალიან უყვარხარ და თან საოცარი ვნება ამოძრავებს შენს მიმართ, საქართველოში ვნების გაჩენა სიყვარულის სიკვდილს მოასწავებს. ხოლო რაც ქართველ ქალებზე ვილაპარაკე, ზუსტად იგივეს თქმა შეიძლება ქართველ მამაკაცებზე, ქართველი ქალები და მამაკაცები ზუსტად ერთნაირები არიან. ქართველ ქალსა და მამაკაცს შორის მეგობრული ურთიერთობები არ არსებობს, ქართველი ქალი და მამაკაცი მაშინაც კი არ მეგობრობენ ერთმანეთთან, როცა ძალიან დიდი ხნის, -- წლების ან ათწლეულების მანძილზე ცხოვრობენ ერთად. ისინი აბსოლუტურად არ იცნობენ ერთმანეთს, არაფერი იციან ერთმანეთის სურვილების, მისწრაფებების, გატაცებების, სექსუალური ფანტაზიების, ოცნებების შესახებ, მათი "ურთიერთობა" მხოლოდ ერთმანეთისათვის საკუთარი უპირატესობის დამტკიცების მცდელობა და კუნთების თამაშია. შეყვარებულ წყვილს ისე უყურებენ საქართველოში, როგორც ორ ადამიანს, რომლებმაც ომი გამოუცხადეს ერთმანეთს და დანარჩენ ხალხს. ამ ყველაფერთან ერთად შეყვარებულებს დანარჩენი სამყაროსაგან გარიყვის, მიტოვებულობისა და შეურაცხყოფის განცდა აქვთ, ისინი -- ორი საბრალო, მიტოვებული ადამიანი აბსოლუტურად მარტოდმარტო რჩებიან პირისპირ სამყაროსი, რომელსაც მათი ჩაყლაპვა განუზრახავს. "შეყვარებულები" არ ენდობიან ერთმანეთს, ეჭვიანობენ ერთმანეთზე. საქართველოში ძალიან ბევრი მამაკაცია, რომელსაც სხვის პარტნიორთან აქვს "ინტიმური" ურთიერთობა, მაგრამ აქვს არა იმის გამო, რომ ქალი უყვარს, არამედ იმის გამო, რომ გააუბედუროს მისი პარტნიორი მამაკაცი, დაამციროს, ღირსება შულახოს, დასცინოს ამ საქციელით. ქალი ამ შემთხვევაში აღქმულია როგორც ნივთი, საჯილდაო ქვა, ერთი მამაკაცის მეორე მამაკაცთან მიმართებით უპირატესობის დამამტკიცებელი ნივთი და არა ადამიანი, რომელსაც უნარი შესწევს, თავად გააკეთოს არჩევანი, თუ როგორ სურს სინამდვილეში ცხოვრება; ადამიანის თავისუფალ არჩევანს აქ პატივს არავინ სცემს, ყველაფერი აქ ზუსტად ისე უნდა იყოს, როგორც ვიღაცის მიერ ერთხელ და სამუდამოდ დადგენილია. დანარჩენებმა თუ გაიგეს, რომ ქალს რომელიმე მამაკაცთან ურთიერთობა აქვს, ქალისათვის ეს აღსასრულის ტოლფასია, ზუსტად ისევე, როგორც აღსასრულის ტოლფასია ეს მისი "პატრონისათვის," იქნება ეს "პატრონი" ქმარი, მამა თუ საყვარელი. ეს არის მისი თავისუფლების აღსასრულის დასაწყისი, ამის შემდეგ ქალს რჩება ან ამ მამაკაცის მონობა (რომელიც რაღაც პერიოდის გასვლის შემდეგ შეიძლება სრულიად სამართლიანად და საფუძვლიანად საერთოდ აღარ მოსწონდეს!) ან დანარჩენებისაგან გაუცხოვება და წუმპე "ამორალური" საქციელის გამო. თუ გერმანიასა და საფრანგეთში ადამიანები ამაყობენ იმით, რომ არ არსებობს (და საბედნიეროდ უკვე მართლაც აღარ არსებობს) ერთიანი სექსუალური მორალი და გამართლებულია მხოლოდ ის, რაც სექსსა და ურთიერთობებში კონკრეტულ ადამიანებს მოსწონთ, "ქართული ოცნების" ბელადი და მხარდამჭერები ამაყობენ იმით, რომ საქართველოს "განსაკუთრებული და წმინდათაწმინიდა" სექსუალური მორალი აქვს. მათთვის მათი ამ მორალის არსებობა საშინელი სირცხვილის მიზეზს კი არ წარმოადგენს, არამედ პირიქით -- "ეროვნული" სიამაყის წყაროსა და დანარჩენი "გახრწნილი და გათახსირებული" ევროპელების მიმართ საკუთარი "უპირატესობის" დამტკიცების მცდელობას, იმ ევროპისა, სადაც "მამათმავლები" და "მრუშები" მათდა გასაოცრად ისე ცხოვრობენ, რომ არავინ აპირებს მათ ჩაქოლვასა და ლინჩის წესით გასამართლებას, და ეს მაშინ, როცა ბ. ივანიშვილის ოჯახში რამდენიმე ქალი ცხოვრობს; კაცი, რომელსაც უზარმაზარი ფინანსები აქვს და ამ ფინანსების ნაწილის ეფექტურ პიარკამპანიაში ჩადებით უკვე დიდი ხნის წინათ შეეძლო, გაეთანაბრებინა ქალისა და მამაკაცის რეალური სტატუსი, რადიკალურად უკეთესობისაკენ შეეცვალა ქალის მდგომარეობა, წლების მანძილზე სააკაშვილთან ერთად ინახავდა და საკუთარი ჯიბიდან აფინანსებდა მუქთახორებს, ქალთმოძულეებს, საკუთარი შვილების სქესის მოძულეებსა და მტრებს, "კულტურის ღვაწლმოსილი მუშაკების დახმარების" საბაბით, რაც შემდეგში "ქველმოქმედებად" გაასაღა, "ქართული ოცნების" ბელადი წლების მანძილზე ეხმარებოდა ამ ხალხს, -- საკუთარი შვილების მტრებს. ჩანს, ასეთია მისი პატრონის, ვლადიმერ პუტინის დაკვეთა (რომელიც რამდენიმე ასეული მილიარდის პირადი ქონებით მსოფლიოს უმდიდრესი "ადამიანია") -- საქართველო არ უნდა განვითარდეს! მან რუსეთს არ უნდა აჯობოს! ხოლო თუ ამას სხვების (მათ შორის ბ. ივანიშვილის შვილების) სასიცოცხლო ინტერესები შეეწირება, მერე რა. ვის რაში ადარდებს ქალების ბედიღბალი.



ფოტო: Fotolia

01.06.2012

 

 

 

მთავარი

ბიოგრაფია

ნაწარმოებები

დაკავშირება

 

 

შეიძინეთ რომანი "ჭენება" საქართველოს მაღაზიებში

 
 
Copyright © David Chutlashvili. Alle Rechte vorbehalten