არჩევანი

საქართველოში არჩევანი არ არსებობს. აქ "არჩევანი" შეიძლება გააკეთო მხოლოდ ძალიან ცუდსა და კიდევ უფრო უარესს შორის, რასაც სინამდვილეში არ ჰქვია არჩევანი. ეს ეხება უკლებლივ ყველა სფეროს, პირადი ცხოვრებიდან დაწყებული, პოლიტიკით დამთავრებული. მახსოვს, როცა პირველად ჩავედი ვილნიუსში. მაშინ 2003 წელი იყო. 20 წლის ვიყავი. მე პირველად ვილნიუსში ვიგრძენი, ვიგრძენი უშუალოდ, ყოფით დონეზე, თუ რას ნიშნავს, იყო თავისუფალი ადამიანი და გაგაჩნდეს არჩევანი, თუ რამხელა სიკეთეა მრავალფეროვნება და განსხვავებული აზრის არსებობა, თუ რამხელა სიკეთეა დემოკრატია და დემოკრატიული იდეალების მქონე საზოგადოება (მე რასაკვირველია როგორც ყოველთვის შორს ვარ იმ აზრისაგან, თითქოს თანამედროვე ევროკავშირის ქვეყნები იდეალური ადგილია. ჩემი კრიტიკოსების გასაგონად მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის ასეთი გულუბრყვილობის დაწამება უბრალოდ სისულელეა და კიდევ ერთხელ მათ უნიჭობასა და გონებაშეზღუდულობაზე მიუთითებს). 2003 წელს საქართველოში კატასტროფული ვითარება იყო, ბევრად უკეთესი არც ახლაა, დღესაც მოწამლულია ატმოსფერო ამ უბადრუკ, ჩემთვის სრულიად უცხოდ ქცეულ პლანეტაზე, რასაც საქართველო ჰქვია და დღემდე შეუძლებელია აქ სუნთქვა ჟანგბადის ბალონის გარეშე (ასეთი ჟანგბადის ბალონი ჩემთვის ინტერნეტია), ამიტომ როცა მე დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ 2003 წლის საქართველოსა და 2012 წლის საქართველოს შორის, ეს სულაც არ არის ჩემი ახირება. სამაგიეროდ მე ძალიან დიდ განსხვავებას ვხედავ ლიტვასა და საქართველოს შორის, ასეთი დიდი განსხვავება არ არის ლიტვასა და საფრანგეთს ან ლიტვასა და გერმანიას შორის. საქმე ის გახლავთ, რომ ლიტვაში შესაძლებელია სუნთქვა, შესაძლებელია ცხოვრება, იქ თუ შემოსავალი გაქვს, გაქცევა არსად მოგინდება ადამიანს, შეგიძლია იყო ბედნიერი და იცხოვრო მშვიდად უკეთესი მომავლის მოლოდინში. იქ კარგად გრძნობ, თუ რა სწრაფად იკვალავენ პროგრესული შეხედულებები გზას, იქ არ არსებობს ის კატასტროფული და დამღუპველი ეჭვიანობა და უნდობლობა ადამიანებს შორის, რაც საქართველოში ყველგან სუფევს, სადაც ამ მონსტრს -- სააკაშვილის "ნაცმოს," უკვე მეორე თავი ამოუვიდა "ქართული ოცნების" სახით.

დღეს ჩვენი უდიდესი პრობლემა არის რუსულ-ქსენოფობიური ნაშთების არსებობა საქართველოში; რასაკვირველია, იმპერიული რუსული იდეოლოგიის მემკვიდრეები დღეს იმდენს ვეღარ ბედავენ, რასაც მაშინ ბედავდნენ, როცა იგორ გიორგაძე იყო უშიშროების მინისტრი, მაგრამ ქართული პოლიტიკა, ბიზნესი, მასმედია, ორთოდოქსული ეკლესია და კულტურის სფერო გაჯერებულია რუსეთის მემკვიდრეებით და ისინი თავებს ჯერ კიდევ საკმაოდ ლაღად და თავისუფლად გრძნობენ აქ. ისინი აქ ჯერ კიდევ ძალიან ძლიერები არიან, ავრცელებენ საკუთარ შხამიან აზრებს და წამლავენ საქართველოს. იმის გამორკვევა, თუ ვინ არის იმპერიული რუსეთის ინტერესების გამტარებელი, ჩემთვის ძალიან ადვილია -- ყველა ის, ვინც ყბედობს "ქართული მამაპაპური ტრადიციების" (ანუ, ქსენოფობიური ადათების) დაცვაზე, აგინებს ქალებსა და სხვა სექსუალურ თუ რელიგიურ უმცირესობებს და ეჭვქვეშ აყენებს დემოკრატიულ ფასეულობებს, არის ჩემთვის რუსეთის მტრული ინტერესებს გამტარებელი და ამ ინტერესების გავლენის ქვეშ მყოფი პირი. დიახ, მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი ხალხი ან პირდაპირ იმართება რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ან მათი გავლენის ქვეშაა მოქცეული. მე უზომოდ ვწუხვარ ამის გამო, ვწუხვარ, რომ საქართველო ჯერ კიდევ ვერ განთავისუფლდა მათგან, ვერ განთავისუფლდა კრემლის ძალმომრეობისა და ტირანიისაგან, ვწუხვარ, რომ საქართველო ეს ის ქვეყანაა, სადაც თავებს უპირველეს ყოვლისა ყველაზე ცუდად ჩვენ, ქართველები ვგრძნობთ და სადაც გადამთიელები და კრემლის მიერ მართული ხალხი ყველაზე უზრუნველად და ბედნიერად ცხოვრობს. რუსეთმა ჩვენ სამშობლო წაგვართვა, ხოლო ახლა ის ცდილობს, წაგვართვას იმის უმცირესი იმედიც კი, რომ ოდესმე შევძლებთ ევროპულ ოჯახში დაბრუნებას, მაშასადამე საკუთარი სამშობლოს დაბრუნებას, და გააქტიურა კიდევ ერთი ახალი მონსტრი ბიძინა ივანიშვილის სახით, რომლის ერთ-ერთი თანაგუნდელი, "ექსპერტი" მამუკა არეშიძე ამბობს, რომ საქართველომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს (!!!). ბიძინა ივანიშვილის თანაგუნდელები საქართველოს ხელისუფლებას აგინებენ "მილიტარიზაციის" გამო, ისინი ამტკიცებენ, რომ საქართველოს ამდენი შეიარაღება არ სჭირდება, ნერგავენ ნიჰილიზმს, რომ თურმე რამდენი იარაღიც არ უნდა ვიყიდოთ და ვაწარმოოთ და როგორი კარგი არმიაც არ უნდა გვყავდეს, მაინც ვერ შევძლებთ რუსეთისათვის წინააღმდეგობის გაწევას და ამ ყველაფერს აზრი არ აქვს, ისინი მიზანმიმართულად ცდილობენ მოსახლეობაში შუღლის გაღვივებას, ცდილობენ, ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდონ ქართველი ქალი და ქართველი მამაკაცი, საქართველოს მცხოვრები ეროვნებით სომეხი და ქართველი, ჰომოსექსუალი და ჰეტეროსექსუალი, მდიდარი და ღარიბი, ბაპტისტი და მართლმადიდებელი, რათა დაყონ, გათიშონ, დაჩეხონ, დააცალკევონ საქართველო და ყველა ჩვენთაგანს მარტოებს მოგვიღონ ბოლო, რასაც ახერხებენ კიდეც საუბედუროდ. ორ საუკუნეზე მეტია, რაც რუსეთი გენოციდს ახორციელებს ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ ყველაფერ საუკეთესოს გვართმევენ და მხოლოდდამხოლოდ იმას გვიტოვებენ, რაც ფუჭი და უსარგებლოა, რასაც მხოლოდ ჩვენი განვითარების, რასაც მხოლოდ ჩვენი ურთიერთშორისა და დასავლურ სამყაროსთან -- ჩვენს საკუთარ სამყაროსთან ინტეგრაციის მოსპობა და შეფერხება შეუძლია და ამ ყველაფერს, მთელს ამ ნაგავს ისინი "საუკეთესო ქართულ ტრადიციებად" ნათლავენ. ივანიშვილის კონგლომერატში დღეს უამრავი განსხვავებული იდეოლოგიის ძალაა თავმოყრილი, უკიდურესი კონსერვატორებიდან და ლიბერალებიდან დაწყებული რადიკალი მემარცხენეებით დამთავრებული, და ამ ყველა ძალას ერთადერთი რამ, -- ქსენოფობია აერთიანებს. ივანიშვილმა, სავარაუდოდ აშკარად კრემლის სპეცსამსახურების უშუალო დავალებითა და მითითებით, თავი მოუყარა ან ყველაზე სულელებს ან იმ ხალხს, ვისაც შეგნებულად სურს ქვეყნის დანგრევა და ფულის ფასად, საკუთარი პირადი მატერიალური კეთილდღეობისა და გამორჩენის ფასად საქართველოს საბოლოო მიყიდვა რუსეთისათვის. მე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ის უამრავი ბოროტება, რაც საქართველოში გაკეთდა იმ წლების მანძილზე, როცა ივანიშვილი სააკაშვილს აფინანსებდა, დიდწილად ამ ჭორვილელი გაუნათლებელი მილიარდერის მიერ იყო ინსპირირებული. ივანიშვილი ხშირად პირდაპირ ატერორებდა საქართველოს ხელისუფლებას და კავშირი მხოლოდ მას შემდეგ გაწყვიტა სააკაშვილთან, როცა სააკაშვილს აღარ სურდა მისი ტირანიისა და უაზრო და გიჟური შენიშვნების ატანა, მიუხედავად იმისა, რომ არც თვითონ სააკაშვილი გამოირჩევა დალაგებული აზროვნებით. მე ვერ ვიტყვი, რომ სააკაშვილი კრემლის მიერ იმართება, მაგრამ მის აღზრდაში იყო და არის ბევრი ისეთი აზრი, რითაც სააკაშვილი ზომბირებული და მოწამლულია. ეს არ არის თანამედროვე ტიპის ადამიანის აზროვნება, ეს არ არის დემოკრატიული აზროვნება, სააკაშვილი წლების მანძილზე დასავლეთში ცხოვრებისა და სწავლის მიუხედავად საუბედუროდ ვერ გადაეწყო დასავლური აზროვნების ტიპზე, მასში საბჭოთა "აღზრდისა და განათლების" სისტემა მძლავრობს ჯერ კიდევ, რამაც მას აიძულა, საბედისწერო შეცდომები დაეშვა. კორუფცია, ქსენოფობია, ქვეყნის საბჭოთა მეთოდებით მართვისაკენ მისწრაფება ეს ის ნიშან-თვისებებია, რაც კრემლის დამპალი წისქვილის დოლაბზე ასხამს წყალს და რაშიაც სააკაშვილი არაერთხელ ყოფილა გარეული. სააკაშვილს, როგორც საბჭოთა ადამიანს, ვერც კი წარმოედგინა და ვერც წარმოუდგენია დღემდე, რომ შესაძლებელია, ერთდროულად ჭეშმარიტ ფასეულობებსაც ემსახურო და ფუფუნებასა და განცხრომაშიაც იცხოვრო, არჩევანი მისთვის არსებობდა ერთის მხრივ სიავესა და ფუფუნებას, მეორეს მხრივ კი სიკეთესა და სიღარიბეს შორის და მან უყოყმანოდ პირველი არჩია. ამიტომ დღეს საქართველო უმძიმესი განსაცდელის წინაშე დგას და ძირითადად ერთადერთი "არჩევანი" აქვს, როგორც ყოველთვის -- არჩევანი ძალიან ცუდსა და უარესს შორის, მაგრამ ესეც ისევდაისევ უპირველეს ყოვლისა, ქართველი ხალხის პრობლემაა. სანამ ქართველი ხალხი გონს არ მოეგება, აქ მანამდე იპარპაშებენ სულელები და რუსეთის აგენტები; საქართველოში ჩვენი ხალხის ყველა უბედურების წყაროს სათავე ხალხისავე სიბნელე, გაუნათლებლობა და ამ გაუნათლებლობის შედეგად წარმოშობილი ყოვლისმომცველი უნდობლობა, უგემოვნობა, უსიყვარულობა და უიმედობაა. ქართველებს გემოვნება ღალატობთ და ამიტომაა სწორედ, რომ საბჭოთა "სუკის" ყოფილ პოლკოვნიკს, ვიღაც შიოლაშვილს ამდენი მხარდამჭერი ჰყავს, მიუხედავად იმისა, რომ წამდაუწუმ რუსეთში დარბის "მოლაპარაკებებზე." ასეა, სიყვარულად მონათლულ სიმხდალეს დაეჩვივნენ ქართველები და ამიტომაც არიან მზად, მონებივით გამოხატონ აღფრთოვანება ვიღაცის მიმართ მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ვიღაცას ბევრი ფული აქვს. ჩვენი საუკეთესო წინაპრები ასე არ იქცეოდნენ, ჩვენი საუკეთესო წინაპრები მხდალები არასოდეს ყოფილან და ამიტომაა, რომ ქრისტიანული ეკლესია ვერასოდეს ბედავდა თამარის საქართველოში, ურწმუნოები, ჰომოსექსუალები, ქალები და სხვა უმცირესობები კოცონზე დაეწვა. ჩვენ მაშინ ტოლერანტიზმით ყველა სხვა ევროპულ ქვეყანას ვუსწრებდით, დღეს კი ყველა სხვა ევროპული ქვეყანა ჩვენ გვისწრებს საუბედუროდ, გვისწრებს თანაც იმდენად, რომ ძნელია, თავი კედელს არ ურტყა სასოწარკვეთილებისაგან, თავი კედელს არ ურტყა იმის გამო, რომ ტირანები და დამპყრობლები ჯერ კიდევ არსებობენ და ჯერ კიდევ ამდენს ბედავენ აქ და ხალხს წამლავენ ქსენოფობიისა და ურთიერთსიძულვილის გაღვივების შედეგად.



ფოტო: Lovepeaceandhapiness.de

23.06.2012

 

 

 

მთავარი

ბიოგრაფია

ნაწარმოებები

დაკავშირება

 

 

შეიძინეთ რომანი "ჭენება" საქართველოს მაღაზიებში

 
 
Copyright © David Chutlashvili. Alle Rechte vorbehalten