"შუაშიზმის" აპოლოგეტიკა

მოგეხსენებათ, "პირველ არხს" არასოდეს ვწყალობდი; ყოველთვის მიმაჩნდა და ახლაც მიმაჩნია, რომ ვინმემ ძალიან ენერგიულად უნდა დახვეტოს ავგიას თავლები თბილისში, კოსტავას ნომერ 68-ში, იქ, სადაც ჯერ კიდევ ოცნებების ნამდვილი სასაფლაო და წკვარამ-ბნელ-უკუნეთის კვინტესენცია, "საზოგადოებრივ მაუწყებლად" წოდებული სასაცილო დაწესებულება მდებარეობს. მაგრამ ეს დაწესებულება ამ ბოლო დროს (ანუ, მას შემდეგ, რაც "პირველი არხის" გენერალური დირექტორობის სურვილი გამოვთქვი), საეჭვოდ აფუსფუსდა, შენივთდა ერთ სულად და ხორცად, და ხორკლიან, პატარა მუშტად ქცეული აღიმართა თავისა ჩუენისა ზემორედ. მაგალითად, ეკა კვესიტაძემ სასწრაფოდ მოიწვია გიორგი კეკელიძე, რომელმაც მუსრი გაგვავლო ქართველ მწერლებს და სულ მცონარები და უმაქნისები გვეძახა; "საქართველოში წელიწადში სულ 5 რომანი იწერებაო; ქართველი მწერლები არაფრად ვარგენანო; ციხის სკანდალზე რომანი არ დაწერილა იმიტომ, რომ ქართველი მწერლები მთხლეები არიანო; საქართველოში არ არსებობს სოციალურად ორიენტირებული პროზაო" (თუ რაღაც ამგვარი ან კიდევ უფრო უარესი (თითქოს კეკელიძე არ თანამშრომლობდა წლების მანძილზე პენიტენციალურ სისტემასთან, ლექციებს არ უკითხავდა პატიმრებს და წესით, ჩემზე უკეთესად არ უნდა სცოდნოდა, რა ხდებოდა ციხეებში ან თითქოს რომანის დაწერა ძალიან ადვილი იყოს, თვითონ კეკელიძეს რამდენი რომანი აქვს დაწერილი?)). მერე იყო და, გოგი გვახარიამ მოაყოლა ამას თავისი საავტორო გადაცემა, "წითელი ზონა" რომ ჰქვია (რას ერჩი, სწორად კი შეურჩია სახელი ამ გადაცემას ბ-ნმა გოგიმ, ეს გადაცემა ნამდვილად წითელი ზონაა, დიდი მადლობა ზიგმუნდ ფროიდს წამოცდენის თეორიისათვის!) და თათა ცოფურაშვილი მიიწვია სტუმრად. "სად არიან მემარცხენე, უკმაყოფილო, სკეპტიკოსი, ცინიკოსი ხელოვანები, სად არის ბომბი და როდემდე უნდა ველოდოთ პროტესტს კულტურაში?" ეს ფრაზა გამოტანილია "წითელი ზონის" ფეისბუკის გვერდზე. ალბათ გაინტერესებთ, თუ რატომ აღვიქვამ ასეთ ფრაზებს განსაკუთრებით მტკივნეულად. საქმე იმაშია, რომ ერთადერთი მემარცხენე, უკმაყოფილო, სკეპტიკოსი და ცინიკოსი ხელოვანი მე ვარ საქართველოში, მე ვარ, მე ვიყავი ერთადერთი მემარცხენე, უკმაყოფილო, სკეპტიკოსი და ცინიკოსი ხელოვანი წლების მანძილზე, ჯერ კიდევ მაშინ, როცა თათა ცოფურაშვილიც, გოგი გვახარიაც და გიორგი კეკელიძეც წყნარად და არხეინად იყვნენ მოკალათებულები, ყოველგვარ მორალურ თუ მატერიალურ მხარდაჭერას იღებდნენ ხელისუფლების მხრიდან და სწორედ ამიტომაა, რომ მსგავს ფრაზებს განსაკუთრებით მტკივნეულად აღვიქვამ. საკმარისია, პარლამენტში ან სადმე სხვაგან, ვინმემ თქვას, რომ სურვილი აქვს, "პირველ არხზე" მდგომარეობა შეცვალოს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და მისი აგენტურა მაშინვე გამაყრუებელ პროპაგანდას იწყებს, "ქართული ოცნება" ცდილობს, თავისუფალ სიტყვა შეზღუდოსო! სად არის თავისუფალი სიტყვა, "პირველ არხზე?!" ეს ხომ სასაცილოც კი არაა. ტელეწამყვანები მიუკერძოებელი ექსპერტების რანგში იწვევენ ნაციონალების აგენტურას, ნაციონალების ნომრიან აგენტებს უწოდებენ სამართლიან და დამოუკიდებელ ადამიანებს და ამ ყველაფერს იმ დონის უტიფრობით აკეთებენ, რომ ამაზე გასაოცარი უპატივცემულობა საზოგადოების მიმართ თითქმის წარმოუდგენელია; "პირველ არხზე" დაუსრულებლად გადის ისტერიული და აბსურდული ბრალდებები "ქართული ოცნების" და ბიძინა ივანიშვილის მისამართით; "ქართული ოცნების" წევრებს, როცა მათ რომელიმე გადაცემაში იწვევენ, ტელეწამყვანები არ ამთავრებინებენ სათქმელს, სიტყვაში ეჩრებიან, გაუთავებლად ედავებიან რაღაც აბსოლუტურად უმნიშვნელო და არაარსებითზე (ხანდახან პირდაპირ ემუქრებიან და ხშირად დასცინიან კიდეც), ამ არხზე გადის უმცირესობების მიმართ აბსოლუტურად შეურაცხმყოფელი და ძალიან დამამცირებელი შინაარსის მქონე ვიდეორგოლები და ფილმები, ისეთები, როგორებიცაა მაგალითად ფილმი "უღმერთოთა ღამე," სადაც ჩვენ, ანუ, ათეისტები, როგორც უკვე ფილმის სათაურიდანვე ჩანს, განხილულები ვართ უკიდურესად ნეგატიურ კონტექსტში, წარმოჩენილები ვართ მოხუცების მკვლელ არაადამიანებად (რაც სხვათა შორის პირდაპირ შეიცავს ღია მესიჯებს ჩვენი, როგორც რელიგიური უმცირესობის გასაქრობად და აღსაგველად პირისაგან მიწისა), და ამას სჩადის ის ხალხი, რომელიც "ქართულ ოცნებას" გამუდმებით უმცირესობათა უფლებების დარღვევაში სდებს ბრალს, ის ხალხი, რომლის პატრონებიც წლების მანძილზე სხვას არაფერს აკეთებდნენ უღარიბესი 80 წლის ქალების მრავალი წლით ციხეებში გამომწყვდევის გარდა! და თურმე ამის შემდეგ, ფილმ "უღმერთოთა ღამის" გასვლის შემდეგ თათა ცოფურაშვილს და გოგი გვახარიას რომ ჰკითხოთ, ქართველი ხელოვანები "უნდა ვიყოთ კიდევ უფრო დიდი სკეპტიკოსები, კიდევ უფრო დიდი ცინიკოსები, კიდევ უფრო მეტად უკმაყოფილოები და კიდევ უფრო დიდი მემარცხენეები, ვიდრე ახლა ვართ." თურმე არხი, რომელიც ფილმს ასეთი სათაურით (სწორედაც სათაურის მიმართ მაქვს პრეტენზია და არა ფილმის იდეის მიმართ, ფილმისა, რომელიც საკმაოდ უგემოვნოდ, უნიჭოდ და არადამაჯერებლად აღწერს ბოლშევიკი დამპყრობლების მიერ ჩადენილ მხეცობებს ავადმყოფი მოხუცი ადამიანების, კერძოდ კი ორთოდოქსი მღვდლების მიმართ) ეთერში უშვებს და შუაში აყოლებს "საქართველოს ბანკის" უმდარეს ფემინოფობიურ რეკლამას, სადაც ფორთოხლისფერ ფორმაში გამოწყობილი სანტა ხსნის საჩუქრის ყუთს, საიდანაც ხტება საახალწლო ფორმაში გამოწყობილი მსახიობი რ. მაყაშვილი, არხი, რომელზეც კარტონიზებული ფიგურებით გაკეთებულ სოციალურ სარეკლამო რგოლში სექსი და სექსუალური აქტი გაიგივებულია ნარკომანიასთან და თვითგანადგურებასთან, ასეთი არხი თურმე წუხს უმცირესობების ბედზე, თურმე ამ არხის წამყვანები ყოფილან ჰუმანისტები და მე მხოლოდ იმიტომ არ ვარ "საკმარისად მემარცხენე, სკეპტიკოსი, ცინიკოსი და უკმაყოფილო," რომ ბიძინა ივანიშვილს არ ვაგინებ წლების მანძილზე გაწეული განსაკუთრებული ქველმოქმედების შემდეგ პოლიტიკაში მოსვლის გამო. თითქოს მე სულელი ვარ და ვერ ვხვდები, რა არის ქველმოქმედება და რა ქველმოქმედების ბოროტი მიზნებით გამოყენება. ეტყობა, "პირველი არხის" სულისჩამდგმელებს სურთ, "ამაგდონ" და თვითონ რომ ფიქრობენ, რომ ჩემს "აგდებას" და გამოყენებას შეძლებენ, აი სწორედ ამიტომ მიმაჩნია მათი ეს საქციელი ჩემი ინტელექტის და ჩემი შესაძლებლობების მეტისმეტად დაბალ შეფასებად, რაც ამავე დროს ჩემი უკიდურესი დამცირების მცდელობაც არის.

სანამ ამ წერილს ვწერდი, მე დავუკავშირდი თათა ცოფურაშვილს. მაინტერესებდა, 28 სექტემბრის "წითელი ზონა" პირადად ჩემს წინააღმდეგ ხომ არ იყო მომართული. თათა ცოფურაშვილმა თქვა, რომ საერთოდ არ მიცნობს, რამაც ეჭვები კიდევ უფრო გამიძლიერა. მოგახსენებთ, რომ ჩემი ურთიერთობა თათა ცოფურაშვილთან ფეისბუკის მეშვეობით შედგა, მისგან პასუხი მივიღე ძალიან მალე, გარდა ამისა, თათა ცოფურაშვილის ფეისბუკის გვერდს ეტყობა სისტემატიური აქტივობების კვალი, რაც იმას ადასტურებს, რომ ის ძალიან ხშირად იყენებს ამ სოციალურ ქსელს და ჩემთვის წარმოუდგენელია, ფეისბუკის აქტიური მომხმარებელი და ისიც ახალგაზრდა ქალი არ მიცნობდეს; მე ძალიან ხანგრძლივად, თვეების მანძილზე სწორედაც იმ ასაკობრივ და გენდერულ კატეგორიას ვუმიზნებდი რეკლამას, რომელსაც თათა ცოფურაშვილი განეკუთვნება და პრაქტიკულად შეუძლებელია, ჩემი სარეკლამო ერთეულები პირადად მას სულ მცირე, რამდენიმე ასეულჯერ მაინც არ ჰქონდეს ნანახი. გარდა ამისა, საკუთრივ ჩემს ვებგვერდს მისი არსებობის 5 წლის მანძილზე უკვე ასეულათასობით ვიზიტორი ესტუმრა, ჩემი წიგნები არის კავკასიის უამრავ ბიბლიოთეკაში და წიგნის უამრავ მაღაზიაში, ჩემი სარეკლამო ბანერები წლების მანძილზე განთავსებული იყო და არის ქვეყნის უდიდეს ვებსაიტებზე, ისეთებზე, როგორებიცაა მაივიდეო.ჯი, ინტერეს.ჯი და უამრავი სხვა პორტალი თუ საძიებო სისტემა, ყოველდღიურად ათასობით და ათიათასობით ინტერნეტმომხმარებლით, მთელი ინტერნეტი პირდაპირ წალეკილია ინფორმაციებით ჩემს შესახებ და რას ნიშნავს გამოთქმა "არ გიცნობთ?" ჩემთვის გასაგებია, ამით იმის თქმა სურს თათა ცოფურაშვილს, რომ თუ ე. კვესიტაძე, გ. გვახარია ან დ. პაიჭაძე საკუთარ უბადრუკ გადაცემებში არ მიმიწვევენ, მწერალი არ მქვია. არადა, მე რისთვის უნდა მჭირდებოდეს ისეთ გადაცემებში მისვლა, რომლებსაც "ვოლზე" ერთი ლაიქიც არ გააჩნია და ერთადერთი კომენტარი უდევს, ისიც დედის გინება ყველანაირ ფორმაში, რასაც დაუყოვნებლივ შლიან?! მე წლების მანძილზე პრინციპულად არ მიმქონდა რეკლამა "საზოგადოებრივ მაუწყებელზე," "იმედზე" და "რუსთავი 2"-ზე, რადგან მიმაჩნდა, რომ ჩემის მხრივ ნაციონალების დაფინანსება და მათთან საქმიანი თუ სხვა ტიპის სერიოზული ურთიერთობის ქონა არაეთიკური საქციელი იქნებოდა. ინტერნეტი მირჩევნია, ინტერნეტის დემოკრატიული არსი ზუსტად შეესატყვისება ჩემს ხასიათს, ხოლო თუ ეს დანაშაულია, თუ ამის გამო უფლება არ მაქვს, ცნობილი მწერალი მერქვას, მაშინ მე არ ვიცი, სად ვცხოვრობ და როდის უნდა დასრულდეს ჩვენს სულებში ჩაძვრომის და ჩვენი დამცირების პოლიტიკა ტელევიზიების და ტელეწამყვანების მხრიდან. მე გაკვირვება გამოვთქვი თათა ცოფურაშვილის მისამართით, მის მიერ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერის გამო, ხოლო მისგან პასუხად მივიღე ახსნა იმისა, "თუ როგორი ძნელია "შუაშისტის" ბედი საქართველოში." რატომ მივაჩნივართ ამ ხალხს ყველა, ვინც "ენმ"-ს წევრი არ არის, ბნელებად და ჩამორჩენილებად? რატომ ფიქრობს ეს ხალხი დღემდე, რომ ჩვენ ყველაფერს "ვჭამთ," რომ ჩვენ, უკლებლივ ყველა, ვინც მათი გუნდის წევრი არ არის, ყველაფერს დავიჯერებთ, თვით ყველაზე დაუჯერებელ სიცრუესაც კი? მე თვალი გადავავლე თათა ცოფურაშვილის ფეისბუკის "ვოლს" და იქ არაფერი იყო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების ძალიან გადაჭარბებული და სრულიად უადგილო ქება-დიდების გარდა. არადა, სულაც არ ვარ წინააღმდეგი ვინმეს ქების, მაგრამ მიმაჩნია, რომ მან, ვისაც პრეტენზია აქვს, თავისუფალი და მიუკერძოებელი საზოგადოებრივი შემფასებელი ერქვას, ქება ძალიან ძუნწად უნდა გაიმეტოს თვით საუკეთესო პოლიტიკოსის მიმართაც კი, რომ აღარაფერი ვთქვათ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებზე და მათი მისამართით გამოთქმულ უშინაარსო ქებაზე. მე თათა ცოფურაშვილს ვუთხარი, რომ ძალიან აღმაშფოთებლად მიმაჩნია გ. გვახარიას და პირადად მისი საქციელი, იდეოლოგიის დონეზე კბილებით რომ იცავენ "ენმ"-ს პოზიციებს (და თვითონ რომ ფიქრობენ, თითქოს ჩვენ ამას ვერ ვხვდებით), მან კი მიპასუხა, რომ ეამაყება, "თუ ჩემს თვალში გ. გვახარია და თვითონ მიუკერძოებლობის და "შუაშისტობის" თვალსაზრისით ერთ სიბრტყეში განიხილებიან." გ. გვახარიას და თ. ცოფურაშვილს ნამდვილად ვერ დავწამებ, რომ ისინი ზოგიერთებივით აბსოლუტურად უწიგნურები არიან, ბევრისაგან განსხვავებით მათ, როგორც ეტყობა, კარგი წიგნები აქვთ წაკითხული და ეს უდავოდ დასაფასებელია, მაგრამ სწორედ ის არის განსაკუთრებით სამწუხარო, რომ ვიღაც, ვისაც სარტრის, კამიუს, ბიოლის და პონტოპიდანის სახელები გაუგონია, ვისაც წაკითხული აქვს ამ ავტორების წიგნები, საკუთარ ცოდნას ბოროტი მიზნებით იყენებს. ბოროტი მიზნებით ცოდნის გამოყენების და სხვათა ჩაგვრის გარდა რა ჰქვია იმას, რომ საკუთარი თავი ინტელექტუალ მემარცხენე-ლიბერალ ფემინისტად მიგაჩნდეს (არადა, სწორედ ინტელექტუალ მემარცხენე-ლიბერალ ფემინისტობაზე აცხადებს პრეტენზიას გ. გვახარია), უკიდურესად აგინებდე ქართველ მწერლებს იმის გამო, რომ ისინი "საკმარისად უკმაყოფილოები, საკმარისად მემარცხენეები, საკმარისად ცინიკურები და საკმარისად სკეპტიკურები" არ არიან და ამის პარალელურად საკუთარ გადაცემაში იწვევდე საეჭვო რეპუტაციის მქონე ორთოდოქს მღვდლებს და პიეტეტით ესაუბრებოდე მათ?! ეს ხომ სრული აღრევაა. რატომ უნდა მაგინოს ასეთმა ხალხმა მე, საიდან აქვს ამ ხალხს ჩემი გინების უფლება? ამ ხალხს მორალური უფლება არ გააჩნია, მე მაგინოს. როგორც ხელოვანი გ. გვახარიას და თ. ცოფურაშვილის მსგავსი ხალხისაგან კრიტიკას ვერ მივიღებ, ვერ მივიღებ კრიტიკას იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ თუ მე საკმარისად მემარცხენე, საკმარისად ცინიკური, საკმარისად უკმაყოფილო და საკმარისად სკეპტიკური არ ვარ, ამაში მნიშვნელოვანი წვლილი და დანაშაული თავადაც მიუძღვით. მე ყოველთვის ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს ვაკეთებდი, ახლა დედის გინებას ნამდვილად ვერ დავიწყებ! თ. ცოფურაშვილის და გ. გვახარიას მსგავსი კრიტიკოსები ავსტრიაშიც მრავლად არიან და მე მახსენდება მათ მიერ გამოთქმული მსგავსი გინება ავსტრიელი მწერლების მისამართით, რომელთა შორის ელფრიდე იელინეკიც არის. რა უნდა გაეკეთებინა იელინეკს, მეტს რას ითხოვენ ამ ადამიანისაგან გარდა იმისა, რასაც ის აკეთებს?! ფაქტი ერთია, რომ ჩვენ, -- მეც და იელინეკსაც მემარჯვენეები გვაგინებენ იმის გამო, რომ მეტისმეტად რადიკალურები ვართ, ხოლო მემარცხენეები იმის გამო, რომ საკმარისად შეუპოვრები არ ვართ, ხოლო როცა საქმე საქმეზე მიდგება, ჩვენ კი არ ვართ "შუაშისტები," არა, თურმე, თვითონ არიან და წარბშეუხრელი ულმობლობით გვაცამტვერებენ ტელესტუდიებში კომფორტულად და არხეინად მოკალათებულები. ხალხი ძალიან კარგად ხედავს, ვინ ვინ არის. ვინმეს უნახავს გ. გვახარია ან თ. ცოფურაშვილი რომელიმე მიტინგზე, რაც წლების მანძილზე იმართებოდა ე. შევარდნაძის და მ. სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმების წინააღმდეგ? ყველა მიტინგზე ნამყოფი ვარ და მე ისინი იქ არ შემხვედრია. რაში გამოიხატება მათი ნაქადაგარი "შუაშისტობა?" რაში და, ფრთხილ და ძალიან ბუნდოვნად ნათქვამ ორიოდე ფრაზაში მთელი ამ წლების მანძილზე. ჩემგან განსხვავებით არც ელფრიდე იელინეკი ყოფილა ავსტრიაში ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ რომელიმე საპროტესტო აქციაზე, მაგრამ ყოველთვის ძალიან ნათლად და გასაგებად წერდა ყველა იმ უსამართლობის და სიბნელის წინააღმდეგ, რაც ავსტრიაში ხდება, ხოლო როცა ცოგაიების ოჯახს ასახლებდნენ, სიტყვა ჩაწერა და დეპორტაციის საწინააღმდეგო მიტინგზე გაგზავნა. ჩემთვის აი ეს ადამიანია ნამდვილი "შუაშისტი," ჩემთვის ნამდვილი "შუაშისტია" ჰაინრიხ ბიოლი, მიუხედავად იმისა, რომ ის წლების მანძილზე უჭერდა მხარს და ეხმარებოდა "გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას" წინასაარჩევნო კამპანიების დროს (კარგ პარტიას სხვათა შორის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სრულ ანტიპოდს), ჩემთვის ნამდვილი "შუაშისტია" მიხეილ შოლოხოვი, მიუხედავად იმისა, რომ ის ათწლეულების მანძილზე იყო ჩართული საბჭოთა პროპაგანდაში, ხოლო ჩემთვის არც გ. გვახარია, არც ე. კვესიტაძე, არც დ. პაიჭაძე, არც თ. ცოფურაშვილი და არც ვინმე სხვა "პირველი არხის" ფავორიტთაგან არიან "შუაშისტები," და თქვენ მე მაიძულებთ, მწამდეს ის, რაც არ მწამს?! ან იქნებ გგონიათ, რომ მე ნობელის პრემიის ლაურეატებზე მაქვს "გართულება" და როცა ვინმე ნობელის პრემიას იღებს, ჩემს თვალში ავტომატურად "შუაშისტი" ხდება? თუ ეს ასეა, მაშინ, რატომ არ მომწონს გიუნტერ გრასი და რატომ არ ვაღიარებ მას "შუაშისტად?" გრასი ჩემს თვალში ძალიან უნიჭო მწერალია და ის სულაც არ არის ინტელექტუალი, მითუმეტეს კი "შუაშისტი," მიუხედავად იმისა, რომ ის სწორედაც ნობელის პრემიის ლაურეატია. მთავარი ის არის, რას ვგრძნობ, ხოლო მე ვერ ვგრძნობ, რომ საქართველოში უიშვიათესი ადამიანების გარდა ვინმეა "შუაშისტი," და ეს უიშვიათესი ადამიანებიც, რომლებიც "შუაშისტებად" მიმაჩნია, მაინც არ მიმაჩნია სათანადო "შუაშისტებად" ყველგან და ყოველთვის, როგორებიც მაგალითად, ჩემს მიერ ზემოთჩამოთვლილი ნამდვილი "შუაშისტები" არიან.

სინამდვილე არის ერთადერთი: "საზოგადოებრივი მაუწყებელი" საჭიროებს ძალიან ღრმა და შინაარსიან სტრუქტურულ რეორგანიზაციას, რეორგანიზაციას ყოველგვარი მიკერძოების გარეშე, საჭიროა, დაიშალოს ბორდი, გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს სამეურვეო საბჭოს ხელახალი დაკომპლექტება საზოგადოებისათვის ჭეშმარიტად სანდო და ნიჭიერი წევრებით და პარლამენტმა რაც შეიძლება მალე უნდა მიიღოს ზომები აღნიშნული ცვლილებების განსახორციელებლად.

მინდა დავამატო, ამ ყველაფერს მე იმიტომ არ ვწერ, რომ გ. გვახარიას ან თ. ცოფურაშვილს "ხაზი გადავუსვი," ისინი შეიძლება გახდნენ კიდეც ნამდვილი "შუაშისტები," თუ უფრო თვითკრიტიკულები იქნებიან და მე ძალიან მინდა, იმედი მქონდეს, რომ ისინი ისევე გაითვალისწინებენ ჩემს რჩევებს და რეკომენდაციებს და გაიზიარებენ ჩემს შეხედულებებს, როგორც ეს ბევრმა სხვა ადამიანმა გააკეთა, რადგან საზოგადოებას ნამდვილი "შუაშისტები" სჭირდება და არა გონების მოჩვენებითი თავისუფლება და აზრის ასევე მოჩვენებითი დამოუკიდებლობა.



ბოტიჩელი. ცილისწამება. შიშველი სიმართლე (ფრაგმენტი)

28.12.2012

 

 

 

მთავარი

ბიოგრაფია

ნაწარმოებები

დაკავშირება

 

 

შეიძინეთ რომანი "ჭენება" საქართველოს მაღაზიებში

 
 
Copyright © David Chutlashvili. Alle Rechte vorbehalten