მოწყენილობა ან ომი

ცხოვრება საქართველოში განმაცვიფრებელია თავისი უსაზარლესი ერთფეროვნებითა და მოწყენილობით. მოწყენილობას ხშირად ფულით ვერ უმკურნალებ, ხშირად მას შეიძლება მხოლოდ სიყვარულით უმკურნალო, საქართველოში კი მოწყენილობას ომით "მკურნალობენ." ამიტომაა საქართველოში სავსე სტადიონები ფეხბურთის მატჩების დროს, ამიტომაა სავსე ტოტალიზატორები, ამიტომაა პოლიტიკა ასე პოპულარული თემა, ამიტომ გადავიტანეთ აურაცხელი სამოქალაქო დაპირისპირება და ამიტომ ჩხუბობენ ქართულ ოჯახებში ამდენს. ქართველი ხალხი ასე "ებრძვის" მოწყენილობას, მაგრამ საკმარისია, თქვა, რომ დაუშვებელია ეცადო, უმკურნალო მოწყენილობას დაპირისპირებებით, რომ თურმე შენ გსურს ხალხის სამართლიანი პროტესტის განეიტრალება! თურმე შენ "მიშისტი" ყოფილხარ და გსურს ხალხის სამართლიანი პროტესტის ჩახშობა! თურმე უკლებლივ ყველა, განურჩევლად მისი მრწამსისა თუ სექსუალური ორიენტაციისა უნდა გაერთიანდეს ხელისუფლების წინააღმდეგ, მოვიყვანოთ ვიღაც, ახალი დემაგოგი 97 %-ის ხმათა უმრავლესობით, ხოლო მეორე დღეს, ნაბახუსევზე, როცა თავები წამოგვტკივდება, უნდა აღმოვაჩინოთ, რომ ახალი პრეზიდენტი თურმე არაფრად ვარგა, რომ მისი გამოცვლაა საჭირო და უკვე ახალ დემაგოგებს უნდა დავუჭიროთ მხარი ისევ ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით, რათა მერე ისინიც ორ დღეში გამოვცვალოთ! აი, ასე ერთობიან ქართველები და ეს არის ქართული ერთობა, ეს არის ქართული გართობა, ომი ყველასი ყველას წინააღმდეგ (უპირველეს ყოვლისა, ყველაზე ძვირფასი და ახლობელი ადამიანების წინააღმდეგ), რასაც დასასრული არ გააჩნია.

2003 წელს, "ვარდების რევოლუციის" შედეგად მოსულმა ხელისუფლებამ ბევრი ცვლილება შეიტანა ხალხის მენტალიტეტსა და პირად ცხოვრებასთან დამოკიდებულებაში. ასე მაგალითად, თუ წინათ, ე. შევარდნაძის კრიმინალურ-კლანური რეჟიმის დროს მამაკაცი ირჩევდა ქალს, ხოლო მერე თავის ძმაკაცებთან ერთად იტაცებდა მას, ხოლო პოლიცია არ აღძრავდა სისხლის სამართლის საქმეს გამტაცებლებისა და მოძალადეების წინააღმდეგ, ახლა ჯერ ერთი, ძმაკაცობის ინსტიტუტს შეუდგა წყალი, მეორეც, წყალი შეუდგა ქალიშვილობის ინსტიტუტს და მოძალადის მსხვერპლი ქალი უკვე აღარ დარჩება არასასურველ მამაკაცთან იმის შიშით, ასე რომ არ მოვიქცე, მარტო დავრჩებიო მთელი ცხოვრება, და მესამეც, პოლიცია მკაცრ რეაგირებას ახდენს ქალთა გატაცების ფაქტებზე, მაგრამ საქმე ამაზე შორს არ წასულა; უცვლელი დარჩა სექსის მიმართ დამოკიდებულება, სექსი ახლაც ზუსტად ისევე, როგორც წინათ, გაიგივებულია სირცხვილის აქტსა და ძალადობასთან, ამიტომ საკმარისია, ქართველ ქალს უხსენო, რომ მასთან სექსი გინდა, რომ ის სრულ საომარ მზადყოფნას გამოგიცხადებს და მოსისხლე მტრად გადაგეკიდება. ამის პარალელურად ქართველი ქალისათვის სრულიად უცხოა ინიციატივის გამოჩენა სექსუალური ურთიერთობების დასაწყებად სასურველ ქალ(ებ)თან/მამაკაც(ებ)თან, მათთვის ეს არავის უსწავლებია. ასე მაგალითად, თუ გერმანელი ქალი ძალიან მორცხვად გეტყვით, რომ მას თქვენთან სექსი უნდა და თქვენ "მისი აზრით ძალიან მიმზიდველად გამოიყურებით," ქართველი ქალები კომპლიმენტებს საკუთარ ქმრებსაც კი არ ეუბნებიან, რომლებთან ერთადაც წლები ცხოვრობენ, ქართველი ქალები საკუთარ ქმრებსაც კი არ ეუბნებიან, სექსი მინდაო, მიუხედავად იმისა, რომ ცოლქმრული სექსი ნებადართულია "საზოგადოების" მიერ (ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით მაინც, ჯერჯერობით იმიტომ, რომ მე სულაც არ გამიკვირდება, "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა" და პატრიარქმა ხალხს ცოლქმრული ურთიერთობის დროს სექსისაგან თავის შეკავებისაკენ რომ მოუწოდონ, ხოლო მათ მიერ დაქირავებულმა და კონტროლირებადმა "ლიბერალებმა" ტაში დაუკრან ასეთ მარაზმს ქალთა "ძალადობისაგან" დაცვის მოტივით, რისი ნიშნებიც მრავლად არის, მითუმეტეს, რომ უკვე შესაძლებელია ბავშვის ჩასახვა სექსუალური კავშირის გარეშე). ქართველი ლიბერალების უდიდესი ნაწილი საქართველოში გამოკეტილია საკუთარ ნაჭუჭში, ისინი ეკლესიის მიერ ადამიანის ჩაგვრას დასავლეთევროპული მიდგომებითა და ხერხებით ებრძვიან, ისინი ვერ ხვდებიან, თუ რა საშინელ დღეშია მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა და რომ ადამიანზე რელიგიის ძალადობასთან დასავლური მეთოდებით ბრძოლა მოცემულ რეალობაში ხშირად, რბილად რომ ვთქვათ, არაეფექტურია. დიახ, საქართველოში ჩამოყალიბდა ლიბერალური კასტა, რომლის წევრებიც ცხოვრობენ სრულიად განსხვავებული ცხოვრების წესით იმისაგან, რა ცხოვრების წესითაც ჩაგრული უმრავლესობა ცხოვრობს, ამ კასტის წევრებს ერთმანეთთან იმდენად თავისუფალი სექსუალური ურთიერთობები აქვთ, რომ სიღატაკეში მცხოვრები უმრავლესობა, ის უმრავლესობა, რომელიც ეკლესიებსა და სალოცავებს ავსებს, ვერც კი წარმოიდგენს და არც დაფიქრდება ოდესმე, რომ ასეთი რაღაც საერთოდ შესაძლებელია. ლიბერალების კასტა-მეთქი, იმიტომ ვამბობ, რომ ეს მართლაც კასტაა, კასტისათვის დამახასიათებელი ყველა ნიშან-თვისებით და გოგი გვახარიას წერილი სექსის ინტიმურობის შესახებ, რომელიც გვახარიამ ქართულ მედიაში მომრავლებული "ექსჰიბიციონიზმის ფაქტების" წინააღმდეგ დაწერა, ნებით თუ უნებლიედ სწორედ ამ კასტურობის განმტკიცებას უწყობს ხელს. გვახარია ხშირად აგინებს დასავლეთ ევროპის ქვეყნებს, განსაკუთრებით კი გერმანიას იმის გამო, რომ გერმანულ ტელევიზიებსა თუ სოციალურ ქსელებში ადამიანები დაუფარავად საუბრობენ სექსის შესახებ და საკუთარ სექსუალურ გამოცდილებას უზიარებენ ერთმანეთს (რითაც გერმანული საზოგადოება კასტურობის და კასტრაციის წინააღმდეგ იბრძვის), გვახარიასათვის ეს მიუღებელია, გვახარია ინტიმურ კავშირებსა და სექსის ინტიმიზაციას ემხრობა, და ეს ხდება ქვეყანაში, სადაც ისედაც უკიდურესად მძლავრობს ინტიმიზმი, კასტურობა და კასტრაცია. მმართველ წრეებს საქართველოში იმდენად ეზიზღებათ ღარიბი ადამიანები, რომ ასეთი ზიზღი არ არსებულა თვით ძველი რომის მონათმფლობელურ იმპერიაშიაც კი. ძველ რომში მონათმფლობელებსა და მონებს შორის სექსი ჩვეულებრივი ამბავი იყო, ხოლო დღეს, "თავისუფალ და დამოუკიდებელ" საქართველოში მდიდრებსა და ღარიბებს, ათეისტებსა და ქრისტიანებს, ლიბერალებსა და განსხვავებულ ლიბერალებს, ქალებსა და მამაკაცებს და ა. შ. შორის სექსუალური ურთიერთობები უკვე თითქმის წარმოუდგენელია (ხომ არ მიანიშნებს ეს იმას, რომ ბევრ საკითხში ქართველ ღარიბებს მდიდრები იმაზე უარესად უყურებენ, ვიდრე ძველი რომის მონათმფლობელები უყურებდნენ მონებს და შესაბამისად, ქართველი ღარიბები ძველი რომის მონებზე უარესად ცხოვრობენ, ხოლო ღარიბთა რაღაც კონკრეტული თავისუფლებები მხოლოდ სხვა ანალოგიური თავისუფლებების დათრგუნვის ხარჯზე არსებობს? ანუ ხომ არ გვაქვს საქმე პოლიტიკურ მეცნიერებებში ცნობილ "ორთქლის გამოშვებასთან" და მხოლოდ "სიმძიმის ცენტრების ახლებურ გადანაწილებასთან?" ჩემი პასუხი ამ კითხვებზე დადებითია). ფაქტია, რომ ქართველების ცხოვრება ძალიან ჰგავს ფუტკრების ცხოვრებას (მხოლოდ იმ ერთადერთი სერიოზული განსხვავებით, რომ ფუტკრების "საზოგადოება" მატრიარქატულია, ხოლო ქართული "საზოგადოება" პატრიარქატული), რადგან აქაც ზუსტად ისევე, როგორც ფუტკრების "საზოგადოებაში" არსებობს ყოველგვარ სექსუალობასა და სექსუალურ სიამოვნებებს მოკლებული, საშუალო სქესის უდიდესი უმრავლესობა, რომლის ერთადერთი ფუნქცია მუშაობა და ომია, ხოლო ამ საშუალო სქესის არსებების გვერდით არსებობენ "ნაშები," რომლების წინააღმდეგაც (ზუსტად ისევე, როგორც მუშა ფუტკრები ზამთრის დადგომასთან ერთად სპობენ დომინანტი მდედრი ფუტკრის მამრ "ნაშებს") საზოგადოებრივი კრიზისების დროს ქართველ საშუალო სქესის არსებებს იერიში მიაქვთ, როგორც მტრის ხატის წინააღმდეგ. მაგრამ არსებობს მეორე, არაარსებითი განსხვავებაც ფუტკრებსა და ქართველებს შორის: საშუალო სქესის ქართველებს, მუშა ფუტკრებისაგან განსხვავებით შეუძლიათ საკუთარი შვილები ჰყავდეთ. ანუ, ერთი შეხედვით მათ საშუალო სქესის მუშა ფუტკრებისაგან განსხვავებით სექსის უფლება აქვთ. მაგრამ საკითხს თუ სიღრმისეულად შევისწავლით, ეს "უფლება" ფარისევლობა და ფიქციაა, უფრო სწორად, ეს უფლება კი არ არის, არამედ მოვალეობაა, მოვალეობა ვიღაცის თუ რაღაცის წინაშე; საქართველოში მონოგამია ბატონობს, ხოლო ადამიანების უდიდესი უმრავლესობა ამ და ასევე უამრავ სხვა მიზეზთა გამო სექსისაგან სიამოვნებას ან საერთოდ ვერ იღებს ან იღებს მხოლოდ ძალიან მდარე, დაბალი ხარისხის სიამოვნებას; ეს "უფლება" ისეთივე ფარისევლობაა, როგორც მაგალითად საცურაო კოსტუმში გამოწყობილი მონაზონი, რომელსაც მაშინაც კი, როცა მისივე ნებით ეხები, ეკლიანი ჯვრების ტყე აღიმართება თქვენს შორის. საქართველოში სხვა უამრავი ქვეყნისაგან განსხვავებით არ მიმართავენ ქალთა ფიზიკურ კასტრაციას და კლიტორებს არ აჭრიან ახლადდაბადებულ გოგონებს, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ ქართული "კულტურა" უფრო ჰუმანურია, არამედ სწორედ იმიტომ, რომ ფსიქოლოგიურ კასტრაციასა და ტერორს იმხელა მასშტაბები აქვს აქ შეძენილი, რომ ამის "საჭიროება" არ დგას. დღემდე სტალინიზმის სული ბატონობს საქართველოში. სტალინისათვის მნიშვნელობა არ ჰქონდა ქალსა და მამაკაცს, ის ყველას ერთნაირად ულმობლად უსწორდებოდა, ყველას ერთნაირად ხვრეტდა და ყველა, როგორც ქალი, ასევე მამაკაცი, სტალინის იმპერიაში დაახლოებით თანაბრად იყო კასტრირებული (ყოველ შემთხვევაში, იმაზე თანაბრად, ვიდრე ნიკოლოზ მეორის იმპერიაში, რომელიც შედარებით უფრო პატრიარქალური და ელიტური იყო), ხოლო საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არაეფექტურად ებრძვის როგორც სტალინიზმს, ასევე კასტურობას და სავალალოდ ხშირად სწორედ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები არათუ ასუსტებს, არამედ აძლიერებს ორივე მათგანს; საქართველოს ხელისუფლება და მისი იდეოლოგები თავიანთი მანევრულობით, თავიანთი უპრინციპო დამოკიდებულებით მთელი რიგი საკითხების და მთელი რიგი ფანატიკური რელიგიური ჯგუფების მიმართ (ისეთებისა, როგორებიცაა მაგ. "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი"), თავისი "ორი ნაბიჯი წინ, ერთი უკან" დოქტრინით ხშირად თვითონვე კიდევ უფრო განამტკიცებენ იმას, რასაც ებრძვიან, რადგან შეიძლება ორი ნაბიჯი გადადგა წინ, ერთი უკან და მაინც წინ წახვიდე, მაგრამ როცა ორი ნაბიჯის ტოლფარდ ნახტომს აკეთებ უფსკრულის თავზე, მერე ერთი ნაბიჯის უკან გადმოდგმა უფსკრულში ჩაჩეხვას უდრის, ხოლო საქართველოს მიერ გასავლელ გზაზე დამიჯერეთ, იმაზე მეტი უფსკრულები და მორევებია, ვიდრე ფონები.



სურათი: twoday.net

08.08.2012

 

 

 

მთავარი

ბიოგრაფია

ნაწარმოებები

დაკავშირება

 

 

შეიძინეთ რომანი "ჭენება" საქართველოს მაღაზიებში

 
 
Copyright © David Chutlashvili. Alle Rechte vorbehalten