დავეხმაროთ ადამიანს!

მე უკვე რამდენიმე ხანია დიდი ინტერესით ვაკვირდები მსახიობ გიორგი ყორღანაშვილის დასახმარებლად გამიზნულ საქველმოქმედო აქციებს, სადაც ქართული საზოგადოების ბევრი საუკეთესო წარმომადგენელია ჩართული და მინდა ვთქვა, რომ მსგავსი აქტივობები აღფრთოვანებას იმსახურებს. რასაკვირველია, სახელმწიფო უნდა ეხმარებოდეს მსგავს ადამიანებს, მაგრამ მაშინ, როცა ჩვენში ჯერ კიდევ არ არსებობს შესაბამისი სოციალური პროგრამები, საქველმოქმედო აქციები ერთადერთი შესაძლებლობაა, გამოვტაცოთ გიორგი ყორღანაშვილი სიკვდილს. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ! ჩვენ ეს უნდა შევძლოთ, შევძლოთ ერთობლივი ძალებით!

ამიტომ მე გადავწყვიტე, აქტიურად შევუერთდე გიორგი ყორღანაშვილის დახმარების მსურველთა რიგებს და მოგიწოდოთ, გაიღოთ შემოწირულობები მის დასახმარებლად. ჩვენ არ უნდა დავუშვათ ამ ადამიანის სიკვდილი, ადამიანისა, რომელსაც ნახევარი მილიონი ამერიკული დოლარი ესაჭიროება სიცოცხლის გადასარჩენად. ძალიან ღარიბ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ბევრი ადამიანისთვის ყოველი თეთრი ძვირფასია, მაგრამ ეს მაინც არ გვაძლევს მორალურ უფლებას იმისა, რომ გულგრილები დავრჩეთ გიორგი ყორღანაშვილის უმწვავესი პრობლემის და მისი სიცოცხლის გადარჩენის უმნიშვნელოვანესი ამოცანის მიმართ.

მინდა გთხოვოთ, ჩემი ეს მოწოდება გაავრცელოთ სოციალური ქსელების მეშვეობით, რათა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა წაიკითხოს ის. გაუზიარეთ და მოიწონეთ ეს ცნობა Facebook-ის მეშვეობით და გადმორიცხეთ თანხა შესაბამისი მეთოდით:

მსახიობის სახელზე გახნილია ანგარიში. საბანკო რეკვიზიტებია- GE13BR0000010150958229 - GIORGI KORGANASHVILI (ბანკი რესპუბლიკა).

გარდა ამისა, სატელეფონო ხაზიც მოქმედებს და დარეკვის შემთხვევაში გიორგის ანგარიშზე 1 ლარი ჩაირიცხება.

სატელეფონო ნომერია: 09 01 800 804.

ყველას წინასწარ განსაკუთრებით დიდი მოწიწებით და სიყვარულით გიხდით მადლობას დახმარებისათვის და გეტყვით, რომ თქვენ ძალიან კარგი ადამიანები ხართ!

P. S. აქვე მინდა დავამატო, რომ აქციის მიმდინარეობის, ასევე მისი შედეგების შესახებ აუცილებლად გაცნობებთ იგივე ტექსტის მეშვეობით, რომელსაც თქვენ ახლა კითხულობთ.



ფოტო: Facebook

02.04.2013

 

 

 

მთავარი

ბიოგრაფია

ნაწარმოებები

დაკავშირება

 

 

შეიძინეთ რომანი "ჭენება" საქართველოს მაღაზიებში

 
 
Copyright © David Chutlashvili. Alle Rechte vorbehalten